საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პეტიცია მთის სოფლებში ნარჩენების გატანის პრობლემის მოსაგვარებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:07 - 19 სექტემბერი 2016 hits 4126

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ შესაბამის საკრებულოებში 3 პეტიცია წარადგინა. პეტიციების მიზანი მაღალმთიან დასახლებებში ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვაა.

პეტიციით, ახმეტაში, პანკისის ხეობის სოფელ ქორეთის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვას, ასევე სოფლის საუბნო გზების შეკეთება-რეკონსტრუქციას მოითხოვს. პეტიციას ხელს აწერს ქორეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 330 ამომრჩეველი.

„ეს დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო. სოფელში ადგილი არ არის, სადაც ნაგავი არ ეყრება. ერთი ურნაც კი არ დგას. მდინარესთან ორმოები იყო ამოთხრილი, მაგრამ გაივსო“, – ამბობს სოფელ ქორეთის მკვიდრი ალი ქავთარაშვილი.

„შარშან იყვნენ მოსულები ხელისუფლებიდან და დაგვპირდნენ, მოვიტანთ ურნებს და დავდგამთო. დღემდე არაა“, – აღნიშნავს სოფელ ქორეთში მცხოვრები ნინო ბერიძე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის პეტიციაც ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მოწესრიგებას შეეხება. პეტიცია დუშეთის საკრებულოს 2016 წლის 11 ივლისს წარედგინა და ხელმოწერილია 319 ამომრჩევლის მიერ.

„ნარჩენები შატილისთვის დიდი პრობლემაა, მითუფრო ტურისტულად აქტიურ სეზონზე. შატილი დაცულ ტერიტორიაა და სისუფთავე მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე ეკოსისტემისთვის.

ჩვენ პეტიციისთვის 300–ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანანო ჭინჭარაული.

„უცხოელი ტურისტები იქნებიან თუ ქართველი ვიზიტორები, ნაგავს ვერსად ვერ ყრიან და მოსახლეობასთან უწევთ დატოვება. ადგილობრივებმა სად წაიღონ ეს ნაგავი, არ იციან, რადგან შატილში ნაგავსაყრელი არ არის, ნარჩენების გატანა კი არ ხდება“, – ამბობს ალექსანდრე ბურდული.

მაღამლთიანი თუშეთის მოსახლეობაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მოწესრიგებას, ასევე თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზის განაპირას, 4 სხვადასხვა ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობას ითხოვს. პეტიციას ხელი 314-მა მოქალაქემ მოაწერა.

„თუ სადმე ბილიკია, ყველა დანაგვიანებულია. ბევრმა ტურისტმა გამოთქვა უკმაყოფილება. ტურისტებს ნაგავი ხშირად აქ მოაქვთ, ჩვენთან, სადაც ღამეს ათევენ. რაც იწვება, ვწვავ, რაც არა აქედან მეუღლეს ვატან ხოლმე  ბარში როცა მიდის“, – აღნიშნავს თუშეთში, სოფელ ომალოში მდებარე ჰოსტელის მეპატრონე ეთერ მარხვაიძე.

სამივე პეტიციის მომზადება და მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლებისა და შერჩეული მოხალისეების - ისლამ გორგიშვილის, ანნა ჭინჭარაულისა და შალვა მოურავიძის უშუალო აქტივობით განხორციელდა.

„სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში