საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნამახვანის ჰესების კასკადი 3 სოფელს წყლით ფარავს, 14 ეკლესიას კი საფრთხე ემუქრება

14:26 - 14 მარტი 2018 hits 13605

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით იფარება.

ნამახვანის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, ჰესების კასკადის მშენებლობამ ნეგატიური ზეგავლენა შესაძლოა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებზეც იქონიოს, მათ შორის არის დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. ასევე, იგივე პერიოდის ზარათის წმინდა გიორგის ეკლესია. საფიხათო არეალში ექცევა სოფელ ორხვში მდებარე მე-10 საუკუნის გონის წმინდა გიორგის ეკლესია. 

დოკუმენტის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს, ანუ წყლის ქვეშ ექცევა 14 არქეოლოგიური ობიექტი, მათ შორის: ხუმლარა - ამ ადგილას ზედაპირულად იკრიფება ხელით ნაძერწი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხებიდა ჩანს ფლეთილი ქვით ნაგები კედლების ნაშთები. სავარაუდოდ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდეV-IV ათასწლეულს განეკუთვნება; ბოსელა - მდებარეობს ნამახვანის ჯებირის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ზედაპირიდან 5-10 მ სიმაღლეზე მდინარეულ ტერესაზე. ჩანს მშრალად ნაგები შენობის ნაშთები; ლეხიდარის „ნაციხვარის ნამოსახლარი“ მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღვეზილარის მთაზე. აქ რამდენიმე ადგილას კარგად ჩანს რიყის ქვით ნაწყობი შენობების თუ ტერასის კედლის ნაშთები. ზედაპირულად იკრიფება თიხის ჭურჭლის ნატეხები და წნულის ანაბეჭდიანი გამომწვარი ბათქაშები. ძეგლი დაახლოებით 2 ჰექტარია და შეიცავს ელინისტურ, ანტიკურ და შუა საუკუნეების მასალას; ადგილი დაცულა - მდებარეობს ნაციხვარის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ლეხიდარის მარჯვენა ნაპირზე. ნაპოვნია კაჟისანატკეცი იარაღები, რომლებიც ენეოლითის ხანას უნდა განეკუთვნებოდეს (V- IV ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე) და ა.შ.

წყალსაცავების წყლით დასაფარი ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულია რამდენიმე სოფლის სასაფლაო (მოლეკურა, ქვედა ონჭეიში, საძმო საფლავი სოფელ ლახეფას შესახვევთან). გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალსაცავების წყლით შევსების პროცესის დაწყებამდე, შესაბამისი წესების დაცვით უნდა მოხდეს გვამების გადასვენება და სასაფლაოს ნაგებობების დემონტაჟი.

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „ნამახვანს“ მდინარე რიონზე 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობა აქვს დაგეგმილი. პროექტი ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის ტვიში ჰესი და დერივაციული ტიპის ნამახვანი-ჟონეთი ჰესი. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ტვიშსა და სოფელ ალპანას შორის მოქცეულ მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია 57 მეტრი სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით100 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა კი განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნამახვანის აღმა მიმართულებით. პროექტი მოიცავს 111.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის აშენებას და დაახლოებით 500 ჰექტარი ფართობის წყალსაცავის მოწყობას. დასატბორი ტერიტორია მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს - 48 ჰექტარს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს - 157 ჰექტარს და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა). პროექტს დამატებით 4 სოფელზე (ზემო ონჭეიში, ვანი, დერჩი და მექვენა) ექნება არაპირდაპირი ზემოქმედება - ნაწილი დაექვემდებარება ფიზიკურ, ნაწილი კი ეკონომიკურ განსახლებას.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ მონაცემებით, სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაგეგმილია ტვიში ჰესის და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ძაბვის 15 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა. პროექტის მთლიანი ღირებულება 738 მილიონი აშშ დოლარია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნამახვანის ჰესები წლიურ 1,514 გგვტ.სთ ელექტროენერგიას წარმოქმნის, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში