საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არდოტს ბოლო მცხოვრები, ნიკო არდოტელიც ტოვებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:01 - 09 აპრილი 2017 hits 56978

ნიკო არდოტელი 15 წელზე მეტია, რაც პირიქითა ხევსურეთში, მუცოს სექტორზე საქართველოს საზღვარს იცავს. ის არდოტში ცხოვრობს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია. ერთ თვეში არდოტს ნიკოც დატოვებს, რადგან „ზღვრული ასაკის მიღწევის“ გამო სამსახურიდან უნდა წამოვიდეს.  

მეგობრები და ნაცნობები მას მურღვა არდოტელის სახელითაც იცნობენ. მურღვა ნიკოს წინაპრებისთვის ფშავლებს შეურქმევიათ. მურღვა მღვრიეს, გაჯავრებულს ნიშნავს - ისეთ ადამიანს, სამშობლოს გულისთვის რომ არავის დაინდობს. ნიკო არდოტელიც ასეთია.

ნიკო არდოტში დაიბადა და გაიზარდა. ბარისახოს სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, უნივერსიტეტიდან კი ისევ მშობლიურ ხევსურეთში დაბრუნდა: ჯერ შატილის სკოლა-ინტერნატში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ კი მშობლიურ სოფელში, არდოტში დააარსა სკოლა და მისი გამგე-მასწავლებელი იყო. სკოლა მალევე დაიხურა, რადგან 90-იან წლებში სოფელში მცხოვრები 15 ოჯახიდან 11 აიყარა და ბარში გადასახლდა.

არდოტის მიტოვების მთავარი მიზეზი უგზოობა იყო. ოქტომბრის ბოლოს დათვიჯვრის უღელტეხილი რომ იკეტება, პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროს რამდენიმე თვით წყდება. სკოლაც მხოლოდ შატილშია, არდოტიდან შატილამდე კი 20 კილომეტრია.

ბოლოს არდოტში ოთხი ოჯახიღა დარჩა. აქედან სამი სოფელში მარტო ზაფხულში ადიოდა. ნიკო თავის სამ შვილს - გიორგის, თაიას და ლევანს მეხუთე კლასამდე ყველა საგანს თვითონ ასწავლიდა. დიდხანს ფიქრობდა, ბავშვები შატილის სკოლაში მიეყვანათ თუ ბარში წასულიყვნენ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრიდან აპრილამდე გზაზე დიდი თოვლია და მანქანებიც არ დადიან, მაინც შატილი გადაწყვიტეს: ხევსურეთიდან ბავშვს რომ გაუშვებ, ის აქ აღარ დაბრუნდება და აქაურობა დაიცლებაო. მაგრამ, შატილის სკოლაში ინგლისური ენის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლები არ ჰყავდათ. არაერთხელ მიწერეს განათლების სამინისტროს, სთხოვეს, ხეობიდან ხალხი რომ არ აიყაროს, დახმარება გაგვიწიეთო, მაგრამ უშედეგოდ.

2010 წლის სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყების წინ, შატილი-თბილისის სამარშრუტო ტაქსს სოფელ გამარჯვებისკენ ნიკოს ოჯახიც გამოჰყვა. „ცოლ-შვილს ჩავიყვან და მე ისევ დავბრუნდები. აქ გამოვიზამთრებ. თუ შატილის სკოლაში მასწავლებლები გამოგზავნეს, ოჯახსაც დავაბრუნებო“, - ამბობდა ნიკო.

შატილის სკოლაში ყველა საგნის მასწავლებელი ვერ გაგზავნეს და ნიკოს ოჯახიც გამარჯვებაში დარჩა, თვითონ კი ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. არდოტს დღემდე არ ტოვებს. ამბობს, რომ სანამ სოფელში ერთი კაცი მაინც ცხოვრობს, მას ნასოფლარი არ დაერქმევა. ზოგჯერ თვეები ისე გადის, რომ ოჯახის წევრების ხმას ვერ იგებს: რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროს, გამარჯვებაში დარეკვა რომ შეძლოს, რაც ზამთარში შეუძლებელია. ასეთ დროს ლექსი შველის: „ლექსის წერის დროს თითქოს ტკივილი მეხსნება, სხეულიდან მოწყენის სიმძიმე მშორდება. ლექსი, როგორც კარგი იარაღი, ისეთია. როცა გაგიჭირდება, იარაღის იმედი გაქვს. ლექსი მშველის“.

თვალში მძინარე ცრემლი ვარ,

მამულზე ჩამოსატირი.

ანატორ ჟამთა დენა ვარ,

პირღრუბლიანი შატილი.

მიცუს თორღვაის ციხე ვარ,

შავს ქარაფს გამოშატილი.

არდოტში - მურღვათ სიმაგრე,

უკლო ქარებს რომ შავტირი.

ხახაბოს ხახით ხირიმი,

აწუნთის ქედზე მქუხარი.

ზენ, გორზე - თალაის ციხე,

მტრისაგან ნასულწუხარი.

ხმალი ვარ დავითფერული,

ყორნების სისხლში მდუღარი,

აიეხ სახლ-კრის ჩამოშლა,

აჭინჭრებული ბუხარი.

სიჩუმე სასაფლაოთა

და დანიუხე მძინარი.

ერთ დღეს სულთ ამოდენა ვარ,

ცა - მზეთ გამყოლი ვინ არი?!

შენ თეთრი მთების თრთოლვა ხარ,

ცა-ვარსკვლავების მანდილი,

გული ხარ, საჯიხვეებში

მკერდიდან ამოვარდნილი.

მზისპირნაბანი წვიმა ხარ,

ქარის - ბალახთად ქადილი,

ჩავლა ხარ, ჩამოღამება,

ვერ გამხელილი წადილი.

ნარ-ეკლიანი საწუთროს

ხან სათავე ხარ, ხან - ძირი.

შენ ის ხარ, ვინაც ამოკლა

ჩემი საწუთროს მანძილი

„არდოტში არანაირი პირობები არ არის. თუ ხელისუფლებას უნდა, რომ მთა შეინარჩუნოს, მაშინ ადგილობრივებს ხელი უნდა შეუწყოს - მთის გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ. მთაში მომავალი თაობა აღარ არის, დაცლილია სოფელი. არდოტი ლამაზია, დასასვენებლად კარგია, მაგრამ საცხოვრებლად ძნელი. თუ ნიკო სამსახურიდან წამოვა, სოფელი ჩვენც უნდა დავტოვოთ: სამი შვილი გვყავს და მათ მომავალზე უნდა ვიფიქროთ,“ - გვეუბნება ნიკო არდოტელის მეუღლე, მარინა დაიაური.

ხევსურეთში დასაქმების ერთადერთი საშუალება სასაზღვრო პოლიციაა. მაისში ნიკო არდოტელი 55 წლის გახდება. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურესთვის ეს ის ასაკია, როცა სამსახურიდან უნდა წამოვიდეს და არდოტს, სავარაუდოდ, ბოლო მცხოვრებიც დატოვებს.

ხელოვნებათმცოდნე და ეთნოგრაფი გიორგი გიგაური ამბობს, რომ ნიკო არდოტელი მთის ბუნებრივი მესაზღვრეა, ასეთ ხალხს კი ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეს: „10 წელია ვიცნობ ნიკოს. არდოტის  კარგი მასპინძელი და პირიქითა ხევსურეთის, მიღმახევის წარსულის უბადლო მცოდნეა. მაგ ოჯახს დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება. მთის ბუნებრივი მესაზღვრე ხევსურები დღეს ძალიან მოსაფრთხილებლები არიან - ამ ხალხმა იცის საზღვრის და მიწის ნამდვილი ფასი.“

გვანცა დადალაური

Mtisambebi.ge–ს მოქალაქე–რეპორტიორი. აშუქებს ფშავის ამბებს. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ფსიქოლოგია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში