საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სისხლი ისტორიული სამშობლოსთვის - როგორ ცხოვრობენ ქართველი უკრაინელები აწყურში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:26 - 09 მარტი 2022 hits 27645
კონსტანტინ მარტინენკო
საზოგადოება
კონსტანტინ მარტინენკო

უკრაინის დატოვება მათ წინაპრებს, 170 წლის წინ, რუსეთის იმპერიამ აიძულა. დღეს კი, როდესაც იგივე მტერი მათ ისტორიულ სამშობლოს უტევს, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლს აბარებენ - ასე იბრძვიან შორიდან და სიმბოლურად ბრუნდებიან კიდეც. მეფის რუსეთმა ისინი, თავის დროზე, ბორჯომის ხეობის გარუსების  მიზნით ჩამოასახლა, თუმცა უკრაინელმა ხალხმა რუსეთს იმედი მაშინაც გაუცრუა. გვარები შეინარჩუნეს, საქართველოში კი მეორე სამშობლო იპოვეს. პოლტაველებისა და ჩერნიგორელების შთამომავლები დღეს სამცხე-ჯავახეთის ათამდე დასახლებაში ცხოვრობენ. მათ შორის ყველაზე მეტი - ბაკურიანსა და აწყურში.

აწყურში ახლა მარტინენკოების 70-მდე ოჯახია, თუმცა ვიდრე ამ სოფელში დაფუძნდებოდნენ, აყრა და იძულებით გადასახლება ოთხჯერ მოუწიათ. პირველად 1853 წელს, როდესაც უკრაინიდან საქართველოში 400 ოჯახი ჩამოიყვანეს, მათ შორის მარტინენკოებიც. მარტინენკოებმა ნახევარი საუკუნე გაატარეს დაბა წაღვერში, იმ დრომდე, ვიდრე უკვე მეორედ გადაასახლებდნენ - ამჯერად წაღვერიდან სლესაში.

ახალციხისკენ მიმავალ გზაზე, აწყურიდან ხუთ კილომეტრში, მდინარე მტკვრის ნაპირებს ნანგრევებად ქცეული ციხე გადმოჰყურებს. აქ ოდესღაც ისტორიული სოფელი სლესა იყო, ადგილობრივები მას მოქცევს უწოდებენ. სწორედ აქ დაიწყეს მარტინენკოებმა ახალი ცხოვრება მე-20 საუკუნის პირველ წლებში.

მათი შთამომავალი, კონსტანტინ მარტინენკო, სოფელში მეგზურობას გვიწევს, -  „გადმოცემებით ვიცი და ისტორიულ წყაროებშიც ასეა, რომ ჩემს წინაპრებს უკრაინაში მეფის რუსეთი დევნიდა. ამ დევნის ნაწილი იყო მათი ამ რეგიონში დასახლებაც. წაღვერიდან გადმოსახლებული 30 კომლი ცხოვრობდა ამ სოფელში, მხოლოდ მარტინენკოების გვარი. აქ როცა მოვდივარ, ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს.”

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქცევი ნასოფლარად იქცა. ნანგრევები ახლა თოვლითაა დაფარული. არცერთი სახლი სრულად არ შემორჩენილა, თითო-ოროლა კედელიღა დგას. დროისთვის გაუძლია ძველი ეკლესიის საკურთხეველსაც, რომელზე მიმწვარი სანთლებიც ნიშნავს, რომ მოქცეველებს აქაურობა არ დავიწყებიათ. წელიწადში ორჯერ, გიორგობას მარტინენკოები ძველ სალოცავში ხვდებიან.

მარტინენკოები მესამედ უკვე საბჭოთა ხელისუფლებამ გადაასახლა. კონსტანტინმა ამის მიზეზი დანამდვილებით არ იცის, იცის მხოლოდ ის ორი ვერსია, რომელიც აწყურში პაპა-ბებიისგან მოუსმენია. ერთის თანახმად, სოფელი მეწყრული იყო და საბჭოთა მთავრობამ მოსახლეობა სტიქიურ უბედურებას გაარიდა, მეორეს მიხედვით კი, რეჟიმი უკრაინელების დევნას განაგრძობდა.

კონსტანტინ მარტინენკოს წინაპრები, საოჯახო ფოტოალბომი. ფოტო ©️ ნინო ბაიდაური​ / Mtisambebi.ge

კონსტანტინის პაპა, ნიკო მარტინენკო, ფრონტზე მოქცევიდან წასულა, თუმცა ომიდან დაბრუნებულს აღარც სოფელი დახვედრია და აღარც სახლ-კარი. ამასობაში მისი ოჯახი გადაუყვანიათ სოფელ სხვილისში, საიდანაც მარტინენკოები უკვე მეოთხედ აყრილან და აწყურში დაფუძნებულან. ომიდან დაბრუნებული ნიკო აქვე დაოჯახებულა და იმ სახლის მშენებლობა დაუწყია, რომელშიც ახლა კონსტანტინი ცხოვრობს.

„მშრომელი ხალხი იყვნენ, კარგად იცოდნენ ხე-ტყის დამუშავება, მათი საქმე შთამომავლებმაც გააგრძელეს. წინაპრების აშენებული ხის სახლები დღესაცაა შემორჩენილი. ისე აშენებდნენ, რომ გადასახლების შემთხვევაში დაეშალათ და თან წაეღოთ”, - გვიყვება კონსტანტინი და გვაჩვენებს ხის პატარა სახლს, რომელიც მარტინენკოებს მოქცევიდან წამოუღიათ და ახლა ეზოში მათი გვარის ისტორიის მოწმედ დგას.

„ჩვენ ვიცით, რომ ვართ უკრაინელები, მაგრამ ვართ უკვე ქართველები უკრაინული გვარით. დღემდე გვაქვს სიამაყის გრძნობა იმის გამო, რომ ჩვენმა წინაპრებმა არ გაატარეს რუსეთის ინტერესები სამცხე-ჯავახეთში”.

კონსტანტინ მარტინენკო აწყურის სკოლაში ისტორიას ასწავლის და ამაყობს იმითაც, რომ დღეს უკრაინელები, რუსულ აგრესიას ასე მედგრად ხვდებიან.

აწყურის ამბულატორიაში ხალხმრავლობაა. კონსტანტინი თანასოფლელებთან ერთად სისხლს აბარებს უკრაინაში გასაგზავნად, - “ერთი ბედი გაიზიარა ჩემმა ორივე სამშობლომ და ვფიქრობ, რომ მის დასაცავად ჩვენი წილი სისხლი ყველამ უნდა გავიღოთ”.

სისხლის გაცემის მსურველი ბევრია, მათ შორისაა სკოლის პედაგოგი ეკა გელაძე, - „ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია ის, რაც უკრაინაში ხდება. მე თვითონ სამი შვილი გავზარდე, სამი  მარტინენკო, უკრაინელების შთამომავალი. ბიძა მყავს უკრაინაში, რომელსაც ვერ ვუკავშირდები. ახლა რაც შემიძლია გავაკეთო, ეს მცირედია, სისხლის ჩაბარება.”

ამბულატორიის ეზოში სხვა მარტინენკოებსაც ვხვდებით. მათი უმრავლესობა უკრაინაში არასოდეს ყოფილა. იქ აღარც ნათესავები დარჩათ, ვისთანაც თუნდაც საუკუნის მერე ჩააკითხავდნენ. 71 წლის რამინ მარტინენკო გვიყვება, რომ წლების წინ, ახალგაზრდობაში, სცადა უკრაინაში საკუთარი ფესვები ეპოვა. 

„სტუდენტობის დროს რამდენჯერმე მოვხვდი უკრაინაში და იქ დავიწყე ჩვენი წარმომავლობის კვლევა. სამწუხაროდ, მაშინ ვერაფერს მივაკვლიე, ისტორიული წყაროებითაც არ ვიყავით განებივრებული, ამიტომ რთული იყო. მერე 80-იან წლებში, საქართველოში როცა ჩამოვედი, ორი ახალგაზრდა გავიცანი კიევიდან. მათ ვთხოვე, იქნებ მოეძიებინათ ჩვენი გვარის წარმოშობის ისტორია. გაარკვიეს, რომ ჩერნიგორის ოლქში ყოფილა  სოფელი მარტინიუკი, სადაც ჩვენი გვარი სახლობდა. ახლა ის სოფელი თითქმის დაცლილია. ადგილობრივებს უთქვამთ, რომ ამ გვარიდან ერთი შტო წამოსული ყოფილა კავკასიაში და შესაძლოა, ისინი არიან ჩვენი წინაპრები.”

პოლტაველი კაზაკები ბორჯომში. ფოტო ბორის სინიუკის წიგნიდან. 

სისხლის დონაციის აქცია უკრაინული სათვისტომოს საქველმოქმედო კავშირმა, „დნეპრმა” მოაწყო. ამ ფონდის პრეზიდენტი უკრაინულ-ქართული ურთიერთობების მკვლევარი, მეცნიერებათა დოქტორი, ბორის სინიუკია, რომელმაც უკრაინელთა საქართველოში ჩამოსახლების ისტორია წიგნად გამოსცა. ბორისმა დაამუშავა წლების განმავლობაში სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია, შეისწავლა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ჩანაწერები და თავად უკრაინელთა მოგონებებიც.

ბორისიც დარწმუნებულია, რომ ბორჯომში უკრაინელთა ჩამოსახლებით მეფის რუსეთს ხეობის გარუსება სურდა.

იმპერიის მთავარი ინტერესი იმ პერიოდში თურქეთთან საზღვრის გამაგრება იყო. რეგიონიდან თურქეთის განდევნის შემდეგ, 1829 წლიდან, სამცხე-ჯავახეთი მთლიანად რუსეთის იმპერიის კონტროლქვეშ მოექცა. ამ პერიოდში რუსებმა დაიწყეს ბორჯომის მინერალური წყლის ათვისებაც. რუსეთის იმპერიისთვის ხეობა ნელ-ნელა ხდებოდა საკურორტო ტერიტორია. ბორჯომით განსაკუთრებული დაინტერესება მეფისნაცვალმა ვორონცოვმა გამოხატა და ის თავის საზაფხულო რეზიდენციადაც აქცია.

1852 წელს იმპერიამ ბორჯომის სახაზინო მამული დააარსა და მუშახელის ჩამოყვანა უკრაინიდან გადაწყვიტა. მაშინ უკრაინელებს რუსეთი დამამცირებელი სახელით „მალოროსებით” (მცირე რუსები) მოიხსენიებდა და ყოველგვარ ეროვნულ მოძრაობას ახშობდა.

„ამ დღეებში ბორჯომის ხეობაში უნდა ჩამოვიდნენ მალოროსები. მათ ამიერკავკასიაში დამკვიდრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა…"

"ბორჯომის მამულის იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია გადმოსახლებულებისთვის, თქვენ კვლავაც ნახავთ ლაზაშვილთა და შაბურთა ოჯახებს, რომლებიც ეკუთვნიან თავად ავალოვებს და რომლებიც ადგილობრივი პოლიციის და გ. ვოდნინსკის ხელშეწყობით თქვენ უნდა გადაასახლოთ ბორჯომის მამულიდან. გარდა ამისა გადმოსახლებულთათვის გამოყოფილ ადგილებში ცხოვრობს კიდევ 8 ოსური ოჯახი, სახაზინო გლეხები, საჭიროა მათი ცალკე დასახლება ან მალოროსთა სოფელში ჩასახლება”, - სწერდა მეფისნაცვალი ვორონცოვი თბილისის გუბერნიის პროკურატურას 1853 წლის 25 ივლისს.

გზა უკრაინიდან საქართველომდე რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. ჯვრის უღელტეხილის გავლით, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად, ხან ფეხით, ხან ცხენებით და ხარებით იარეს. დანიშნულების ადგილას, სადაც იძულებით გადმოსახლებულებს მეფის რუსეთი კარგ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს ჰპირდებოდა, ჩამოსულებს რადიკალურად განსხვავებული სურათი დახვდათ. ბევრმა მათგანმა გზას ვერ გაუძლო, ბევრმა კი - უცხო მიწაზე ცხოვრებას.

„გადმოსახლებულთა მდგომარეობა არის სავალალო, მრავალი მათგანი ცხოვრობს დროებით მიწურში. 150 კაცზე მეტი არის ავად, უმრავლესობა ცუდი კვების გამო. 100 ჯანმრთელი მოსახლე თბილისის სამხედრო გუბერნატორის თავად ანდრონიკოვთან შეთანხმებით გაგზავნილია თბილისსა და გორში სამუშაოს საშოვნელად”, - სწერს ბორჯომის მამულის სახაზინო მმართველი პოდპორუჩიკი სახელმწიფო ქონების მმართველს 1953 წლის 17 ნოემბრის პატაკში და სთხოვს, იარაღი გამოუყოს ახალმოსახლეებს ყაჩაღებისა და მხეცებისგან თავის დასაცავად.

ქართველ უკრაინელებს უკავშირდება რეგიონში ხე-ტყის დამუშავების ახალი ცოდნის შემოტანა. მათ მიაწერენ მეკარტოფილეობის განვითარებასაც. დღეისთვის სამცხე-ჯავახეთში ათამდე უკრაინული გვარი ცხოვრობს: შევჩენკო, პაშჩენკო, რიბაკონი, ჩუბკო, დუგაროვი, ნაგოგა, ხაზილოვი, უსტიმენკო, მარტინენკო, გავა, ბანდური.

„უკრაინულად მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცით. არც იმის პირობები გვქონია, რომ გვესწავლა. ვსწავლობდით ქართულს, საქართველოში და ჩვენი ენა, ეროვნებაც ქართულია ახლა”, - გვეუბნებიან აწყურელი უკრაინელები. ბევრი რამ დაკარგეს, თუმცა გვარები შეინარჩუნეს და ამით ამაყობენ. ამაყობენ საკუთარი წარმომავლობითაც და იმ უკრაინელებითაც, რომლებიც დღეს საკუთარი მიწის დასაცავად იბრძვიან. სჯერათ, რომ ისტორია არ უნდა დაივიწყონ, რადგან დღევანდელობაც ამას ჰკარნახობს - დღეს მათი ისტორიული სამშობლო იმავე ისტორიულ მტერს ებრძვის, რომელმაც, თავის დროზე, მათ უკრაინა დააკარგვინა.

ავტორი - რობი ზარიძე

                                                                                                                                                                                                              

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში