საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სამი აფეთქების მერე ისევ ჩავიდა შახტში, სხვა გზა არ იყო - რას ჰყვებიან დაშავებულ მეშახტეებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:06 - 01 თებერვალი 2022 hits 9472

კლინიკის შესასვლელთან დაშავებული მეშახტეების ოჯახის წევრები და ახლობლები ირევიან. რეანიმაციაში მყოფთაგან ერთ-ერთი გია არაბიძეა. მინდელის შახტში მომხდარი აფეთქებისას ყველაზე მძიმედ ის დაშავდა. სხეულის ზედაპირის 60% დამწვარი აქვს.

ახლობლები ჰყვებიან, რომ მეშახტეებს თავი სამშვიდობოს რომ ეგონათ, მაშინ მოხდა ყველაზე უარესი და გიას მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა მისი ძმა მიხო, რომელიც ცოტა ხნით ადრე შესასვენებლად გამოსულა და ძმას ყველაზე სწრაფად დაეხმარა, სანამ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება მივიდოდა.

გია 36 წლისაა. „სულ ახალგაზრდა, აღარ დავინახო ეგ შახტში ჩასული“, - ამბობს გიას ნათესავი.

„ახლა აქედან ცოცხალი გამაყვანინა... მეთექვსმეტე წელია იქ მუშაობს. 21 წლისა იყო, რომ ჩავიდა, როცა შევუღლდით. მიეჩვია კიდეც“, - პასუხობს ნათესავს გიას მეუღლე, დონარა ბარბაქაძე. დონარა კლინიკის კართან დგას და მოუთმენლად ელის გუგა ქაშიბაძესთან მორიგ საუბარს, რომ ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზუსტოს. დაშავებულები ახლა უკვე თავადაც ახერხებენ ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გამოსვლას, მაგრამ მათ დამამშვიდებელ საუბარს ექიმთან გადამოწმების გარეშე ბოლომდე არ ენდობიან.

ყველაზე მძიმე ორშაბათი უკვე უკან არის. როცა დაშავებულებისგან არაფერი ისმოდა, ინფორმაციის ერთადერთი წყარო საინფორმაციო გამოშვებები იყო და ამ ინფორმაციით დაზაფრულ პატარა შვილებს ვერაფრით ამშვიდებდნენ და აჯერებდნენ, რომ მათი მამები ცოცხლები იყვნენ და კარგად გახდებოდნენ.

აქვეა ირაკლი კირკიტაძის მეუღლე ნატალია ასათიანი. ირაკლი, როგორც ჩანს, ყველაზე კონტაქტურია და სიცილით აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტს მისგან იგებენ დაშავებულების შესახებ.

ეს უკვე მეოთხე აფეთქებაა ირაკლისთვის. მესამე, იმ საბედისწერო 2018 წელს იყო, როცა ბოლო წლების განმავლობაში ტყიბულის შახტმა ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა - 12 ადამიანი. მათ შორის, ერთ-ერთი ირაკლის ბიძა იყო. ირაკლის დაშავებულები და გარდაცვლილები შახტიდან გამოჰყავდა. მაშინ მტკიცედ უთქვამს, რომ შახტში მისი ფეხი აღარ იქნებოდა.

„ეს აფეთქება, იმასთან შედარებით, კიდევ არაფერია. იმის მერე როგორღა ჩავიდა შახტში, ჩემთვის ესეც გაუგებარია. მაგრამ წასასვლელი რომ არსად არის?!“ - გვეუბნება მისი მეუღლე, ნატალია.

ახალგაზრდა მეშახტეების მეუღლეებთან საუბარს მათი ახლობლები, თავადაც ყოფილი, ვეტერანი მეშახტეები უერთდებიან, ბესო და კობა. ბესომ 18 წელი იმუშავა შახტში, მერე ერთი წელი სამაშველო სამსახურში გაატარა, - „იქაც ვეღარ გავძელი. გულმა არ გამიძლო. ამდენი დაშავებული, ამდენი გარდაცვლილი. წამოვედი და დასუფთავების სამსახურში ვარ ახლა.“

კობამ შახტში მუშაობა 2011 წელს მიატოვა, როცა იანვარში აფეთქებას მისი მეგობარი მერაბ კალანდაძე ემსხვერპლა, - „37 წლის იყო. ის გამოვიყვანე. წამოვედი და წამოვედი. ფეხი აღარ ჩამიდგამს.“

დაშავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ტყიბული ამ „მომაკვდინებელი შახტებით“ არსებობს. სამუშაო ადგილები შახტის გარდა ფიზიკურად არ არის. კობას არც კი სჯერა, რომ ალტერნატივა ტყიბულში ოდესმე იარსებებს, რადგან სხვა შემთხვევაში შახტში ჩამსვლელი აღარავინ იქნება, ან მხოლოდ ძალიან მაღალი ანაზღაურების ფასად. მანამდე კი ყველაზე სახიფათო ზონაში მომუშავე, ე.წ. მესანგრე მეშახტეებისთვის სიცოცხლის რისკის ყოველთვიური საზღაური 1700 ლარია. ეს ის კატეგორიაა - ბრიგადაში სულ სამიოდე კაცი - ვინც ყველაზე დიდ სიღრმეზე ჩადის და ტერიტორიას ასაფეთქებლად ამზადებს.

„ყოველდღე ნერვიულობაა. რამდენჯერაც მიდის, არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. 5 წუთი რომ დააგვიანდეს, იმაზე ვფიქრობ, რომ რაღაც შეემთხვა“, - გვეუბნება მესანგრე გია არაბიძის მეუღლე, დონარა.

ყოფილა დრო, დაშავების შემთხვევაში კომპენსაციასაც ადეკვატური ოდენობით იღებდნენ. „აფეთქება მოხდა, სამი კაცი დაიღუპა, მამაჩემი გადარჩა. 48 საათი ნანგრევებში იყო მოყოლილი. ჟანგბადი ჰქონდათ და გამოიყვანეს. ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. მთელი ცხოვრება ავადმყოფობის პენსიას იღებდა, დედაჩემიც იღებდა დახმარებას, როგორც მისი მომვლელი“, - იხსენებს კობა. „იმ დროისთვის კარგი თანხა იყო ეს. დღეს 3 თვე გიმკურნალებენ და მერე კარგად იყავი. ზედმეტი თუ ილაპარაკე, ადექი და წადი. ასეთი სიხშირით უბედური შემთხვევები ადრე არ ხდებოდა. წელი ისე არ გავა, ვინმე არ დაიღუპოს. რაღაცაშია ესე იგი საქმე, ხომ?!“

ნატალიას და ირაკლის, დონარასა და გიას მსგავსად, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ახლომდებარე სოფლებიდან ტყიბულშიც თავის სარჩენად არიან გადასულები. „ბევრი კი არაფერი გვინდა, გლეხს პარლამენტში ჯდომა სულ არ უნდა. სადმე რომ წახვიდე, თან ბავშვებით, სტაბილურობის იმედი ხომ უნდა გქონდეს?! - ამბობს ნატალია, - 6 საათის მერე ქალაქი მკვდარია. ნაომარი გეგონება. ძაღლი რომ ძაღლია, ისიც აღარ დაჰყეფს. მეზობელი შეიძლება ვერ ნახო, რამე რომ დაგჭირდეს“.

სულ ორიოდე წუთით მეოთხე სართულის ფანჯარაში ერთ-ერთი დაშავებული ჩნდება. გულშემატკივრები იმის აძახებას ასწრებენ, რამე ხომ არ გჭირდება, როგორ ხარო, მაგრამ უარობს. აშკარად მხნედაა, როგორ ვარო და ხელით სახვევზე ანიშნებს. წავედი ახლა, - გადმოგვძახა და ფანჯარა დახურა.

დაშავებული 8 მეშახტე მესამე დღეა კლინიკაშია. ექიმებს დღეს უკვე შეუძლიათ თქმა, რომ არცერთის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ორ მათგანს, ამირან კორტისა და ზვიად დიასამიძეს ოპერაციას გაუკეთებენ.

„სამი პაციენტის მდგომარეობა რეანიმაციაში უფრო რთულია, სამიდან ერთ-ერთი შედარებით მძიმეა, თუმცა სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ორთან ხვალ ქირურგიული ჩარევა იგეგმება, კანის გადანერგვა დასჭირდებათ. მესამეს შემთხვევაში ჯერჯერობით დავიცდით, დავაკვირდებით და შესაბამისად დავგეგმავთ“ - უთხრა „მთის ამბებს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქება 30 იანვარს, დაახლოებით 22.00 საათზე მოხდა. 9 დაშავებულიდან, ერთი, 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ტყიბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 8 მეშახტე იმავე ღამით, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შრომის ინსპექციის სამსახურის პირველადი შეფასებით, მინდელის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციით, აკრძალულია ბურღვა და აფეთქებები მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში. საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებით, ის უბანი, სადაც აფეთქება მოხდა, დაიხურა. შახტი სამი დღით გააჩერა კომპანია „საქნახშირმა“, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზებს სპეციალური კომისია იკვლევს. 

„მთის ამბების“ მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2010-2022 წლებში ტყიბულის შახტებსა და კარიერებზე 38 მეშახტე დაიღუპა.

ტყიბულში ქვანახშირს შპს „საქნახშირი“ მოიპოვებს. 2010-2019 წლებში კომპანიას „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი ფლობდა, რომლის ხელმძღვანელიც პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი იყო. 2019 წლიდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი-ა“, რომლის 100 % წილსაც გიორგი ჭელიძე ფლობს.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში