საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქართული ალპინიზმის ცოცხალი ლეგენდა

21:39 - 28 იანვარი 2022 hits 8591

მთამსვლელთა გუნდი მაზერის ტრავერსს ადგას. მარჯვნივ ორთავა უშბაა. მარშრუტი რთულია. ახალბედა და გამოცდილი ალპინისტები კლდოვან ჟანდარმებს ებრძვიან. ეს მათ ენაზე „ცრუ მწვერვალებია“, ბუნებრივი დაბრკოლებები, რომლებიც ქედებსა და თხემებზე ეღობებათ. საღამოვდება, თუმცა მზე ჯერ კიდევ ანათებს და ჰაერიც უჩვეულოდ გამჭვირვალეა. 19 წლის შოთა ვერ ისვენებს. მაზერის დასავლეთ მწვერვალი ისე ახლოსაა, ჰგონია, ხელად გადაირბენს. დაგვაღამდება, ვერ მოვასწრებთო, უმტკიცებს მეთაური, მაგრამ ის მაინც ჯიუტობს. მარტოს ვერ გაუშვებენ, ამიტომ გუნდის ყველაზე უფროსი და გამოცდილი წევრი, ირაკლი ბაქრაძე მიჰყვება. დანარჩენები ქვემოთ, ბანაკისკენ ეშვებიან.

არც ისე ახლოს ყოფილა. ვიდრე მწვერვალზე ადიან, ტრადიციისამებრ წერილს წერენ და დაშვებას იწყებენ, მზეც ჩადის. ირაკლი შოთას სთავაზობს, თოვლის კულუარი სრიალით ჩაიარონ. გადაწყდა - შოთა დაცვაზე დადგება, 45-მეტრიანი თოკით დამაგრდება და წინ ირაკლის გაუშვებს. მერე ირაკლი დამაგრდება, შოთა დაწინაურდება და ასე, მორიგეობით ჩასრიალდებიან 3 900 მეტრის სიმაღლიდან.   

იქ, მთაში, ერთმანეთის ხშირად უსიტყვოდ ესმით. ასეა საჭირო. ირაკლი ანიშნებს, რომ საშიში არაფერია, კარგი თოვლია და დასტურად წერაყინს ორჯერ არჭობს ფეხქვეშ. შოთა ქვემოთ ეშვება, სიჩქარეს კრეფს, მაგრამ როგორც კი ირაკლის სცდება, გრძნობს, რომ ფეხქვეშ თოვლი თხელია და კლდის ზედაპირზე მისრიალებს. იცის, რომ უნდა გაჩერდეს, მაგრამ ვერ ჩერდება. ეცემა, წერაყინი ხელიდან სხლტება და ჰაერში იკარგება. მერე ყველაფერი წამებში ხდება - ირაკლი ცდილობს, საიმედოდ დამაგრდეს და შოთაც შეაჩეროს, მაგრამ თვითონაც ადგილიდან წყდება და ორივე, სადღაც, ბნელ უსასრულობაში მიფრინავს.

როდესაც გონს მოდის, ისევ დაბლა მიექანება, პირქვე, თოვლში სახეჩარგული. რამდენ ხანს იყო გათიშული? ახლა სადაა? ირაკლი როგორაა? როგორღაც ტრიალდება. ხედავს, კულუარი უზარმაზარ ლოდს ჩაუხერგავს და პირდაპირ მისკენ მოდის. მაგრამ არა, ლოდი როგორ მოდის მისკენ?! თვითონ მიდის ლოდისკენ!

ფეხები გაჭიმა, რაც მომივა, მომივაო, გაიფიქრა და თვალები დახუჭა.

ნახევარმთვარესავით მორკალულ და ყინვისგან გადაგლესილ ლოდს ჯერ ფეხებით დაეჯახა, მერე ზედ გადაევლო და თოვლის ნაზვავში ჩაერჭო. ირაკლიც, შორიახლოს, თოვლში იპოვა. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, გაჭირვებით მოიყვანა გონს. ნაზვავი რომ უკან მოიტოვეს და თავი სამშვიდობოს დაიგულეს, მერეღა მიხვდნენ - 2 500 მეტრი უფრენიათ გონდაკარგულებს.

1955 წელი იდგა. ეს ახალგაზრდა მთამსვლელი კი შოთა მირიანაშვილი იყო - დღეს უკვე ქართული ალპინიზმის ცოცხალი ლეგენდა და მემატიანე.

ამ შემთხვევიდან გავა კიდევ ორიოდე წელი, უნივერსიტეტის ალპური კლუბის ხელმძღვანელის სტატუსით სამაშველო ოპერაციაში ჩართული შოთა მირიანაშვილი იმავე მარშრუტს უკვე სხვების გადასარჩენად აივლის და თავის პირველ და ყველაზე სერიოზულ ხიფათსაც გაიხსენებს - როგორ მიფრინავდა სიკვდილთან შესახვედრად. სწამს, რომ ღმერთის უხილავი ხელი იფარავს მასაც და მის გვერდით მყოფებსაც, ამიტომაც გადარჩა და მას შემდეგ, მთაში ჩასაფრებულ ყველა ხიფათს უვნებელი უძვრება.

ალპური კლუბის მამა

2022 წელია. შოთა მირიანაშვილის ნომერს ვეძებ, რომ ინტერვიუზე შევუთანხმდე. ნაცნობ მოლაშქრეებსა და სამთო გამყოლებში ვრეკავ. „ჩვენი შოთას ნომერი გინდა? ალპური კლუბის მამის?“, - ყველა ასე მოიხსენიებს. უყოყმანოდ მთანხმდება და სამ დღეში შეხვედრას მითქვამს, ზუსტი დროის მითითებითა და ადგილის დეტალური აღწერით. ვერის ბაღში, სადაც ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეების, ქართული ალპინიზმის ფუძემდებლების საფლავებია, ჭადრაკის სასახლის ქვედა სართულზე, დერეფნის ბოლოში, მეკლდეურთა კლუბი, მთამსვლელთა ფედერაცია, უნივერსიტეტის ალპური კლუბი და თსუ-ს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერთ პატარა გაყინულ, მტვრიან, ძველისძველი ნივთებითა და ფოტოებით გამოტენილ ოთახშია შეხიზნული. რატომ აქ და რატომ არა უნივერსიტეტში, ამაზე მოგვიანებით.

დერეფანშივე მეგებება და ოთახისკენ მიმიძღვის. წელში მოხრილია. მარცხენა მხარი მარჯვენასთან შედარებით ოდნავ დაბლა უჭირავს. ინტერვიუ რამდენიმე საათს გვიგრძელდება. მასზე თბილად მაცვია, მაგრამ კბილს კბილზე მაცემინებს. თვითონ წარბსაც არ იხრის - ზღვის დონიდან ათასობით მეტრზე თოვლსა და ყინულში გამოწრთობილს ჭადრაკის სასახლის ცივი კედლები რას დააკლებს. მოხუცდა, მაგრამ ფიქრობს, რომ დასვენებისა და ფეხის ფეხზე გადადების დრო ჯერ არ დამდგარა.  

საბჭოთა კავშირის ჩემპიონია ტრავერსების კლასში, სამგზის მეორე და სამგზის მესამე პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. იმ პირველ ქართველთაგანია,  ალპების მწვერვალები რომ დალაშქრეს. კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის მთებში არაერთი პირველასვლის მონაწილეა. მასზე მეტ მწვერვალზე ქართველ მთამსვლელთაგან არავინ ასულა. 40-ზე მეტს თვითონ დაარქვა სახელი - დავით აღმაშენებელი, გურამ რჩეულიშვილი, გურამ თიკანაძე, თავისუფალი საქართველო, რომელზე ასვლაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მიუძღვნა. ერთ-ერთია იმ ხუთი ალპინისტიდან, რომლებიც საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდებას ატარებენ.

და მაინც, რამდენჯერაც არ უნდა ჰკითხო და საიდანაც არ უნდა მოუარო, დაჟინებით იმეორებს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა ის 15 000-ზე მეტი სტუდენტია, რომლებიც 130-ზე მეტი საუნივერსიტეტო ალპინიადის ფარგლებში, 1956 წლიდან მოყოლებული, მთაში წაუყვანია.

თავადაც ფიზიკის ფაკულტეტის პირველკურსელი იყო, მთაზე რომ პირველად შედგა ფეხი. ქართული ალპინიზმის ისტორია ამას მის ერთი წლით უფროს ბიძაშვილს უნდა უმადლოდეს, შოთამდე ერთი წლით ადრე რომ ჩააბარა უნივერსიტეტში და თავი ყაზბეგის საუნივერსიტეტო ალპინიადაზე ამოყო. თურმე, მას მერე მთაში აღარც წასულა, თუმცა პირველი გასვლიდან დაბრუნებულს ისე გამოუჭედავს უმცროსი ბიძაშვილისთვის ყურები, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე და მომავალ ალპინიადამდე შოთა უკვე დღეებს ითვლიდა. არადა, მანამდე კრივსაც მისდევდა და ქალაქის ნაკრების წევრიც იყო ქვეყნის ჩემპიონატში. სიგრძეზე ხტომა, გრძელ დისტანციაზე სირბილი, კალათბურთი, ყველგან მიღწევები ჰქონდა. 

მეტი თუ არა, არანაკლები ვნებით ლაპარაკობს ფიზიკაზე. ეს მისი მეორე მეა. სამეცნიერო საქმიანობისა და ალპინიზმის შეთავსება მისი თაობის მთამსვლელებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად იხსენებს ნიკო კეცხოველს, რომელიც უნივერსიტეტის რექტორობასთან ერთად, მთამსვლელთა ფედერაციის პირველი პრეზიდენტიც იყო. სწორედ ნიკო კეცხოველს უკავშირდება შოთა მირიანაშვილის პირველი ლაშქრობაც და მთაში პირველი ასვლაც. პატარა მეფისკალო ყოფილა პირველი მწვერვალი, რომელზეც ფეხი დადგა.

ფიზიკურად და ემოციურად ყველაზე მეტად სად გაგიჭირდათ-მეთქი, ვეკითხები. 1979 წელს იხსენებს, პამირის მთათა სისტემას და მოსკოვის პიკის დასავლეთ კედელს. საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, პირველ ადგილს უმიზნებდა, მაგრამ სამეულშიც ვერ მოხვდა. ახლაც დარწმუნებულია, რომ სულ მცირე სამეულში მოხვედრა მაინც ეკუთვნოდა. დღემდე გული სწყდება. ბორბალოს მთის ჯავრი არ ასვენებს კიდევ. რამდენჯერაც ალპინიადა მოაწყო ბორბალოსკენ, იმდენჯერ ისე გაფუჭდა ამინდი, რომ სტუდენტები მთაზე ვერ აიყვანა. „შური მაქვს საძიებელი“, - სიცილით კი ამბობს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ხუმრობდეს.

1961 - ქართველების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში

ბევრი აქვს მოსაგონარი, მაგრამ მაინც ერთ ამბავს უტრიალებს მუდმივად. ყველაზე მეტად მისი გახსენება უჭირს და ყველაზე მეტსაც მასზე ლაპარაკობს - გრძელი პაუზებით, თვალებდახრილი. უკვე სამოცი წელია, დაუსრულებლად, ჯიუტად აბრუნებს გონებაში მომხდარს და ყველა სხვა შესაძლო სცენარს - „იქნებ შემეძლო, იქნებ რამე შემეცვალა“.

1961 წლის სექტემბრის პირველი დღეების ერთ-ერთ დილას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიმავალმა, ავტობუსში შეიტყო, რომ ქართველების ექსპედიციას ტიან-შანის სისტემის უმაღლეს მწვერვალზე, პობედაზე, ტრაგედია შეემთხვა. სამი გამორჩეული ქართველი ალპინისტი დაიღუპა: ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. ექსპედიციას ოთარ გიგინეიშვილი მეთაურობდა, „გამოცდილი მთამსვლელი იყო, თუმცა ამ გასვლამდე რამდენი წელი გამოტოვებული ჰქონდა“.

„ბევრი რამე შეიცვალა ამასობაში. საქმის კურსში ბოლომდე არ იყო. აიღო და უბრალოდ ძლიერი მთამსვლელები მოგვკრიბა. სასიმაღლო მთამსვლელობას სხვა სპეციფიკა აქვს. ყველას არ შეუძლია. შეიძლება საოცრებები აკეთო კავკასიონზე, მაგრამ 6000-7000 მეტრზე ვერ იარო. განა ნაკლები მთამსვლელი ხარ ამით. არადა, ცოტა ხნით ადრე, 1959 წელს ვიყავით ტიან-შანზე, მაგ მარშრუტის გავლას ვაპირებდით ზუსტად - ვაჟა-ფშაველას პიკი, პობედა. ორი მესამედი გავლილი გვქონდა, როცა გვერდით სხვა ექსპედიციას უბედურება შეემთხვა. ჩვენს მარშრუტს შევეშვით და მათ საშველად წავედით. ეს ეპოპეა რომ დამთავრდა, რაიონი დაიხურა და იმ წელს ასვლა ვეღარ შევძელით. მე მიმაჩნდა, რომ მაშინდელი  ბირთვი უნდა ვყოფილიყავით მთავარი გუნდი ახლაც, ჩვენ ისედაც ყველაზე დიდი გამოცდილება გვქონდა. იმ მარშრუტსაც კარგად ვიცნობდით.“

ორი კვირა ცდილობდნენ გუნდების შემადგენლობები დაეკომპლექტებინათ. თავი ვერ დაადგეს. იხსენებს, რომ არ მოსწონდა, რაც ხდებოდა, არ ეთანხმებოდა გადანაწილებას, მაგრამ კამათს მოერიდა. გასვლამდე, ბოლო შეკრებაზე, უფროსი შვილის ავად ყოფნა მოიმიზეზა და ექსპედიციაში წასვლაზე უარი თქვა.

„შეკრებიდან რომ გამოვედით, კუხიანიძე დამემგზავრა. ჩემ მეზობლად მისი მამიდა ცხოვრობდა და ბარემ დავემშვიდობებიო. მამიდამისისგან რომ გამოვიდა, ჩემთან ამოიარა. ჩემი მირიანიც ნახა. მართლა ჰქონდა ბავშვს ანგინა. რომ ვაცილებდი და დავემშვიდობე, მომიბრუნდა და მითხრა, შოთა, არა აქვს მირიანს ისეთი მდგომარეობა, რომ მის გამო არ მოდიოდე, თუ სხვა მიზეზი გაქვს, მითხარი, მეც არ მიმიწევს გული და აწი მეც დავრჩები, ასპირანტურაში ჩასაბარებლად მოვემზადებიო. მოვატყუე. მთელი ექსპედიცია ერთად არ მიდიოდა. რამდენიმე დღეში მეორე ჯგუფი უნდა წასულიყო. იმათ გამოვყვები-მეთქი.“

მზერა ჩემ ზურგს უკან უშტერდება. საბჭოთადროინდელი რკინის სეიფის თავზე მყარ ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი პორტრეტი დევს. სიმპატიური ახალგაზრდა კაცი გვერდით იყურება, ყალიონს ეწევა და ძლივს შესამჩნევად იღიმის. ეს ჯუმბერ მეძმარიაშვილია, სამი დაღუპული ალპინისტიდან ერთ-ერთი.

27 აგვისტოს პირველი ილია გაბლიანი დაღუპულა. ორი მძიმე ღამის შემდეგ, დილით, კარავთან ჩამომჯდარა მოყინული და მზეს მიფიცხებია. იმავე პოზაში გარდაცვლილი დახვედრია კარვიდან გამოსულ ჯუმბერს.  ორი დღის მერე ჯერ კუხო, მერე კი ჯუმბერი, დასუსტებულები, ხელფეხდაზიანებულები, ყინულზე მოცურდებიან და უფსკრული შთანთქავთ, მაგრამ მანამდე ილიკოს ცხედარს ყინულში დამარხავენ, რომ მერე მის ჩამოსასვენებლად დაბრუნდნენ. ილია გაბლიანი დღემდე ტიან-შანზე, ყინულის სამარეში განისვენებს. 1961 წელს პიკზე ასული მოიერიშე გუნდის ოთხეულიდან მაშინ მხოლოდ ერთი, კირილ კუზმინი გადარჩა. ისაა ამ ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველიცა და აღმწერელიც.

„მე რომ ვყოფილიყავი იქ, გუნდები სულ სხვანაირად დალაგდებოდა. გვერდზე ვერ გამწევდნენ. თუ რამე მაინც მოხდებოდა, იქნებ მანდაც დავეფარე უფალს მეც და ჩემთან მყოფებიც. ვნანობ, რომ კუხიანიძე მოვატყუე, მეც წამოვალ-მეთქი. სიმართლე რომ მეთქვა, შეიძლება მაინც წასულიყო, მაგრამ იქნებ არ წასულიყო... თვითონაც გადარჩებოდა. გუნდი გადალაგდებოდა. კონფლიქტებს ვერიდებით ხოლმე, ვჩქმალავთ, ვაჩუმათებთ, არ გვინდა გახმაურდეს. მე რომ მაშინ ხმა ამომეღო გუნდების შემადგენლობაზე და კრიტიკული ვყოფილიყავი, მეთქვა, რომ არ შეიძლებოდა ისე, როგორც გეგმავდნენ... იქნებ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ამ ოთხეულთან ერთად, მოიერიშე გუნდში საბოლოოდ მოხვდა მეორე მიშა ხერგიანი, დიდი მიშას ბიძაშვილი. მან დაიჟინა, შეუძლიაო. არადა, პირველად იყო პატარა მიშა მაღალ მთაში. ცუდად გახდა, ვეღარ გაქაჩა, დანარჩენები შემადგენლობაში ყველაზე სუსტად თვლიდნენ და არავინ შეწინააღმდეგებია, როცა დიდი მიშა მის გასაცილებლად და საპატრონოდ ჩამოშორდათ. ამას სხვა შეცდომებიც მოჰყვა. ბევრი რამის თქმაზე ვიკავებდი თავს აქამდე, მაგრამ ცოცხალიც აღარავინაა. არ მინდა, ისე წავიდე, რომ ჩემი სათქმელი თან გავიყოლო. მომზადებული მაქვს ბევრი მასალა და გამოვაქვეყნებ, როცა იქნება“.

 ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი - შოთა მირიანაშვილის ფოტო

დღეს რომ 85 წლის შოთა მირიანაშვილს ერთი ზღაპრული შესაძლებლობა, დროში უკან დაბრუნება შესთავაზო, სადაც უნდა, როცა უნდა, 1961 წელში დაბრუნდება და ტიან-შანზე წავა. სჯერა, რომ მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს: ან მათთან ერთად დაიღუპება, ან ყველა ერთად გადარჩება. ორივე მისაღებია. ორივე უჯობს იმას, რაც სინამდვილეში მოხდა.

გულზე კიდევ რამდენიმე ტრაგედია აწევს. ვერაფრით ეგუება აზრს, რომ ამ შემთხვევებთან მხოლოდ ირიბი გადაკვეთა ჰქონდა. ყველა ჯერზე არ უგრძნობდა გული კარგს, ყველა ჯერზე წინააღმდეგი იყო, მოვლენები ისე განვითარებულიყო, როგორც ვითარდებოდა და რატომღაც ჰგონია, რომ ყველა ჯერზე საკმარისად არ ეცადა, საკმარისად არ იბრძოლა, რომ სხვებიც გადაერწმუნებინა.

ოჯახი, მეგობრები და მწარე სიმართლე მითიურ მთამსვლელებზე

ჩვენი ხანგრძლივი საუბრის განმავლობაში, მზერა რამდენჯერმე განსაკუთრებულად ენთება. ერთხელ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ლაპარაკისას, მეორედ,  როცა მისთვის სამაგალითო და მისაბაძ ადამიანს, ლეგენდარულ ალიოშა ჯაფარიძეს ახსენებს  და მესამედ, როცა მეუღლეზე ვეკითხები.

მომავალი ფიზიკოსი და ქიმიკოსი ერთმანეთს საერთო მეგობრებმა ლაბორატორიაში გააცნეს. ასე დაიწყო შოთასა და ნანის ამბავი.

„იშვიათად, რომ ნანი მთაში არ წამეყვანა. საბაზო ბანაკამდე თითქმის ყოველთვის ჩემთან იყო და იქ მელოდა. როგორც კი წამოიზარდნენ, ბავშვების ტარებაც დავიწყე. უმცროსი გიორგი სულ შვიდი წლისა იყო, ყუროზე რომ მყავდა. ერთადერთი, რასაც მეუღლე ჩემგან კატეგორიულად მოითხოვდა, ის იყო, რომ ვერტმფრენში ყველა ერთად არ უნდა ჩავმსხდარიყავით. მე და გიორგი ცალკე, ნანი და მირიანი ცალკე. უბედური შემთხვევები არ იყო იშვიათობა, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ორივე ვერტმფრენს ერთდროულად რამე ცუდი შეემთხვეოდა, ძალიან დაბალი იყო. მეგობარი მფრინავები გვყავდა დაღუპული. ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ეს პირობა უნდა დამეცვა აუცილებლად და ვიცავდი. ყველაფერში გვერდით მედგა.“

მოწიწებით იხსენებს მეგობრებს, მთასა თუ ბარში, ცხრა ფუთი მარილის ჭამაში რომ გამოუცდია - დიმიტრი დანგაძეს, ოთარ ხაზარაძეს, გიორგი (აგი) აბაშიძეს, შაქრო გაბისიანს, სერგო ბარლიანს, აკაკი ხერგიანს, - „სანამ ეს ჩემი ძირითადი ბირთვი შევიკვრებოდით, ბევრი რამ გამოვიარე და ბევრი ადამიანი გამომაცდევინა მთამ. ადამიანი რაც ბარშია, ისაა მთაშიც. მთა არ ცვლის, აშიშვლებს. აქ ისეთი ადამიანები გჭირდება გვერდში, ვისაც დაეყრდნობი. ვინც არ გიგანებს.“

როგორები არიან მთამსვლელები? - „საზოგადოებას უყვარს ზღაპრები. კონკურენცია, ქიშპობა და ფეხის დადება მთამსვლელებშიც ხდებოდა. ჩემზე დაწერილი „დანოსები“ რომ წაგაკითხათ და ხელმომწერებს გადაავლოთ თვალი, გადაირევით. ყოველ წელს ხდებოდა დაპირისპირება გუნდებს შორის, მაგრამ დამეფიცება, ჩემი მხრიდან ეს არასდროს მოდიოდა. მაგალითად, ზვიად გამსახურდია რომ ახალი მოსული იყო და დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული გვქონდა, ქართველებმა ჰიმალაებში ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტეს. პროექტი წარადგინეს. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აფინანსებდა. 100 000 დოლარი მაინც ჯდებოდა. ატყუებდნენ მთავრობას, პირველასვლააო. არადა არ იყო. ფრანგები იყვნენ ნამყოფები პირველად იმ მარშრუტზე და უკვე წიგნიც კი იყო დაწერილი მაგაზე. შედგა წერილი მავანთაგან და... თუ გინდათ ჰიმალაის ექსპედიციაში ჩაგრთოთ, მოაწერეთ ხელი, რომ შოთა მირიანაშვილი ჩამოსაშორებელია ალპინისტური საქმიანობიდანო. ისეთი ხალხი დაიბარეს, ვისზეც ბევრი ამაგი მქონდა. მოაწერეს.“

არ გასულა თურმე დიდი დრო და რამდენიმე ხელმომწერი მისულა, პატიება უთხოვია, - „ვაპატიე, რასაკვირველია. რა უნდა მეთქვა, რა უნდა მექნა სხვა. ასეა ცხოვრება და უნდა მიიღო, როგორიცაა. თავის დროზე, ასეთი „დანოსები“ ალბათ ალიოშა ჯაფარიძეზეც კი იწერებოდა და მე ვინღა ვარ“.

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „ასვლა“, შოთა მირიანაშვილი მირიანია. მოთხრობა 1956 წელს დაიწერა და ის ორი წლით ადრე, დონღუზ-ორუნის მწვერვალის დალაშქვრის ამბავს ჰყვება. რაზმი სამ ჯგუფად იყო გაყოფილი. გურამი ერთ-ერთის წევრი იყო, შოთა კი რაზმის საერთო ხელმძღვანელი. ექსპედიციის მხატვრული ვერსია და დოკუმენტური მოგონებები ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავდება, მაგრამ თან ერთმანეთს ავსებს.

მოთხრობაში არის ერთი ეპიზოდი, როდესაც ორ პერსონაჟს, ვაჟა ჯანდიერსა და ჯემალ სვანს ფათერაკიანი გზის ავლის შემდეგ, ღამის გათევა გამოღრუტნულ კლდეში უწევთ. მშივრები, სველები საძილე ტომრებში წვანან. ერთი გვერდი ყინულზე აქვთ მიბჯენილი, მეორე ერთმანეთზე.

„- მომეყინა რა გვერდი. - დაიწყო ჯემალმა.

- მიაფურთხე...

- მიმიფურთხებია!

- ბიჭო, ახლა ვინატრებდი ერთ კათხა ლუდს თავისი ცხელი ხინკლით.

- ჰო, ჰო, კარგია, არც ლაღიძის წყალია ნაკლები.

- შენ რაც გინდა თქვი და მე გაგრის საცურაო მირჩევნია, ახლა ხალხი მზეზე შავდება, ჩვენ კი სადა ვართ. არა, ძმაო, უჭკუობაა, დონკიხოტობაა ასე უმიზნოდ აქ ხეტიალი. სად მოდიხარ, რა გინდა, ვის რას უკეთებ, ეშმაკმა იცის. გიფასდებოდეს მაინც.

- აბა, კაცო!

- მაშ რაღას მოდიოდი? - ვაჟა გაცხარდა. არ მოეწონა არც ჯემალის დასტური, არც თავისი ნათქვამი.

- როგორ, რას? - იწყინა ჯემალმაც, - სპორტული აზარტია.

- ერთი მაგ აზარტსაც რა ვუთხარი! წადი და იცურავე, აზარტი არაა?“

რას დადიან, რა ექაჩებათ, რას ვერ ელევიან? - შოთა მირიანაშვილისთვის ამ კითხვაზე პასუხი ასეთია, - „მთამსვლელობა არაა მხოლოდ სადღაც აძრომა და ჩამოძრომა. ამაზე უკეთ ვერაფერი გაგაცნობს საკუთარ ქვეყანას. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი მთის ძირებშია დარჩენილი. მყინვარწვერის ფერდობზე, კლდეში ნაკვეთ ხელოვნურ გამოქვაბულში შუა საუკუნეების ნივთები და მონეტებია ნაპოვნი. მაგრამ განა მარტო მთების მიმართ ინტერესი გვითრევს იქ, ზემოთ. ეს ზოგადსაკაცობრიო ინტერესია, შეუცნობლის შეცნობის წყურვილი, რისი წყალობითაც განვითარდა ცივილიზაცია. მეც მანამდე გაუვალი მწვერვალების ინტერესი მამოძრავებდა. ჭეშმარიტმა ალპინისტმა რაღაც ისეთი კვალი უნდა დატოვო, რომელიც მანამდე არავის გაუვლია. ხომ გასაგებია?“

პოსტსკრიპტუმის მაგიერ

1923 წლის 28 აგვისტოს, 17-კაციან ჯგუფთან ერთად, მყინვარწვერზე ადის მათემატიკოსი, მეტალურგი, გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი გიორგი ნიკოლაძე. ჯგუფში 5 ქალია. ასე იბადება ქართული სპორტული ალპინიზმი. გიორგი ნიკოლაძე აფუძნებს და სიკვდილამდე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ალპინისტურ კლუბს, რომელიც საბჭოთა კავშირში პირველი ალპინისტური ორგანიზაცია იყო და რომლის ხელმძღვანელობაც 1956 წლიდან შოთა მირიანაშვილმა გადაიბარა.

შოთას და ალპკლუბს უნივერსიტეტი შარშან რემონტის მიზეზით დაატოვებინეს. მერე გაარკვია, რომ მათი უკან დაბრუნება უნივერსიტეტში ან ალტერნატიული კაბინეტის შეთავაზება არ იგეგმება.

ამონარიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძისთვის გასაგზავნად გამზადებული წერილიდან:

ბატონო რექტორო, რით ხვდება უნივერსიტეტი თავისი პირმშოს 100 წლისთავს? გიორგი ნიკოლაძის სახელობის თსუ-ს ალპკლუბის ლიკვიდაციით?!

კარგა ხანია, რაც თსუ-ს ბიუჯეტმა 90 მილიონს გადააჭარბა, მაგრამ მასობრივი სტუდენტური ალპინიადების დაფინანსება, ჯამში 16 000 ლარით ბევრი წელია, რატომღაც ვეღარ ხერხდება! და ეს მაშინ, როცა დამატებით ხელფასებისა და დაუმსახურებელი პრემიების გაცემაზე, ისევე, როგორც გაბერილ ადმინისტრაციაზე (იხილეთ ბოლონიის კომისიის აქტი) ფრიად სოლიდური თანხები (მილიონები) იხარჯება! ამის მიუხედავად, კლუბს ახალგაზრდების მთაში გაყვანა არ შეუწყვეტია.

ბატონო რექტორო, გ. ნიკოლაძის ალპკლუბის მრავალრიცხოვანი წევრების სახელით მოგმართავთ თხოვნით, პირადად თქვენ განკარგოთ თსუ-ს ალპკლუბის მომავალი და თუ საჭიროდ მიიჩნევთ მის არსებობას, დაუბრუნეთ კლუბს შესაბამისი ფართი (მინიმუმ 40 კვ.მ) აღადგინეთ მასობრივი სტუდენტური ალპინიადების ჩატარების 86 წლიანი ტრადიცია.

პატივისცემით,

თსუ-ს ალპკლუბისა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი, იმავდროულად თსუ-ს ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი,

შ. მირიანაშვილი

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში