საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვერმიღწეული თანასწორობა - რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობები უნივერსიტეტებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:14 - 27 იანვარი 2022 hits 3363

ისტორია, ქართული, ფიზიკა, ქიმია და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები, 1+4 პროგრამის მონაწილე სტუდენტების დიდ ნაწილს ამ სპეციალობებზე უფასოდ სწავლა არ შეუძლია. საბაკალავრო პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბიუჯეტი აფინანსებს, უფასოდ ჩარიცხვას მათ განათლების მინისტრის ბრძანება უკრძალავს. სტუდენტებიც, ლექტორებიც და უფლებადამცველებიც შეზღუდვას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტია.

1+4 ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა და ის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღების საშუალებას 2010 წლიდან აძლევს. აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე აბარებენ, რის შემდეგაც თითოეული ეთნიკური თემიდან ყველაზე მაღალქულიან 100-100 სტუდენტს სახელმწიფო ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან კურსს და სწავლის გაგრძელებას უფინანსებს. მათთვის, ვინც პროგრამის დასაწყის ეტაპზე გრანტს იღებს, სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატში მოხვედრაც შესაძლებელია. რთულ მდგომარეობაში არიან ის სტუდენტები, რომლებიც მაღალქულიანებისთვის განკუთვნილი კვოტის მიღმა რჩებიან.  

უგრანტოდ დარჩენილები იძულებულნი არიან 1+4-ის პირველივე წელს, ქართული ენის სწავლაში 2 250 ლარი გადაიხადონ. ენის კურსის დასრულების შემდეგ, მათთვის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამაც ფასიანია. სახელმწიფო ამბობს, რომ უფასო ფაკულტეტებზე გრანტს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ სხვა აბიტურიენტების მსგავსად, ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. განათლების მინისტრის ბრძანებით, „დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“. მსგავსი შეზღუდვა 2013 წლიდან მოქმედებს და ბრძანებიდან ბრძანებაში ყოველ წელს უცვლელად გადადის.

სწორედ მის შეცვლას, გაუქმებას, დამატებითი კვოტირების შემოღებას, ან რაიმე სხვა გზით გამოსავლის მოძებნას სთხოვენ ხელისუფლებას სტუდენტები და უფლებადამცველები. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება დისკრიმინაციულია, თანასწორობის პრინციპს არღვევს და ამავე დროს, ბევრ სხვა პრობლემასაც ქმნის: 1+4-ის მონაწილეთა დიდი ნაწილი პროგრამას სწორედ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ ამთავრებს; ნაწილი ვერ ახერხებს არათუ მთლიანად ბაკალავრიატის, არამედ ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ხარჯების დაფარვას; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობაა და ზოგან ერთ მასწავლებელს ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი რამდენი საგნის სწავლება უწევს.

21 წლის ფერი ისმაილოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზეა. ერთხელ, როდესაც სწავლის საფასური ვერ გადაიხადა და საგნების არჩევა ვერ შეძლო, შეიტყო, რომ თურმე მისი თანაკურსელები სწავლის გადასახადს საერთოდ არ იხდიდნენ, რადგან პროგრამას სახელმწიფო აფინანსებდა. 

„ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს თანაბარი უფლებები“.

„მე 1+4 პროგრამის გარეშე ვერ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში, რადგან ჩვენს სოფელში ქართულის სწავლის დონე ძალიან დაბალია“, - ფერი ლაგოდეხში, სოფელ უზუნთალაში ცხოვრობს და იქაურ ბავშვებს ქართულში ამზადებს.

ფერის პატარა ბიზნესი აქვს, აქსესუარებს ქსოვს და ყიდის. ხელსაქმე და ბავშვების მომზადებაში მიღებული საფასური მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. სწავლის ფულსაც ამით იხდის. პანდემიამდე, როცა თბილისში ცხოვრობდა, ლექციების პარალელურად მაღაზიაშიც მუშაობდა. ფერის დედა საპენსიო ასაკისაა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და პენსიასაც ვერ იღებს.

„ახლა დისტანციურად ვსწავლობთ და ვფიქრობ, ტყუილად ვიხდი ფულს. უნივერსიტეტში ერთი სემესტრი ვისწავლე და კარგი ქულები მქონდა. მერე, რაც დისტანციურზე გადავედით, ძალიან დიდი სირთულეები იყო, ტელეფონით ვერთვებოდი, კომპიუტერი არ მქონდა. ახლახან, კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და კომპიუტერი მივიღე პრიზად. ეს ცოტა დამეხმარა. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია სტატუსის შეჩერებაზე, მაგრამ არ მინდა წელი დავკარგო“.

23 წლის დიანა გალოიანმა 1 წლის წინ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამა. პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა დიანა, 5 წლის განმავლობაში, ყოველ წელს 2250 ლარს იხდიდა.  

„ჩვენ თავიდან გვითხრეს, რომ ფაკულტეტი უფასო იქნებოდა, მაგრამ მაინც გადავიხადეთ. მეორე კურსზე გავიგეთ, რომ უფასო იყო მათთვის, ვინც ამ ფაკულტეტზე 1+4-ის გარეშე ხვდებოდა“, - დიანამ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პედაგოგის გამოცდა ჩააბარა და ახლა მათემატიკის ორენოვან მასწავლებელად მუშაობს სოფელ განძანის სკოლაში,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში - „უნივერსიტეტში დიდი ფინანსური პრობლემები მქონდა. ზოგადად ჩვენი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რთული იყო სწავლის საფასურის გადახდა. რამდენჯერმე ვცადე გრანტის აღება, მაგრამ არ გამოვიდა. მეორე მხრივ, ამან მოტივაცია მომცა, რომ უფრო კარგად მესწავლა და სტიპენდია მომეპოვებინა. ბოლო ორ სემესტრში სტიპენდიაც კი ავიღე. შარშან პეტიციაც შევქმენით, ხელი მოვაწერეთ, მაგრამ შედეგი არ მოგვცა. მომავალში ეს ფაკულტეტები აუცილებლად ყველასთვის უფასო უნდა გახდეს.“

პეტიცია, რომელსაც დიანამ და კიდევ 505-მა ადამიანმა მოაწერა ხელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, კახა გაბუნიამ შექმნა. პეტიცია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებდა და სთხოვდა, შეზღუდვა სრულად თუ არ მოიხსნებოდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო ფაკულტეტებზე კვოტირება მაინც დაწესებულიყო.    

„როცა აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფილოლოგიაზე ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის პროგრამაზე აბარებს, მთლიანად გათავისუფლებულია სწავლის  გადასახადისგან. ეს წესი არ შეეხება 1+4 პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებს.

სტუდენტი, რომელიც დაამთავრებს ამ ერთწლიან პროგრამას და შემდგომ აირჩევს სასურველ ფაკულტეტს სასწავლებლად, თუ მას ინდივიდუალური გრანტი არ აქვს, გინდა ე.წ. უფასო ფაკულტეტზე აბარებდეს, გინდა ფასიანზე, ის მაინც ნებისმიერ შემთხვევაში იხდის გადასახადს. ეს აშკარად არის უსამართლო მიდგომა“, - კახა გაბუნია ფიქრობს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ყურადღება მხოლოდ 1+4 პროგრამის პირველ წელს ექცევათ, შემდეგ კი ეს ისინი სახელმწიფოსგან მიტოვებულები რჩებიან.

1+4 პროგრამის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2010-2021 წლებში, 1+4 პროგრამით ბაკალავრიატში 8 855 სტუდენტი სწავლობდა.

სტატისტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი 1+4 პროგრამის სტუდენტების მხოლოდ ნახევარზე ცოტა მეტმა დაამთავრა. მაგალითად, თუ 2015 წელს უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 638 აბიტურიენტი, 2019 წელს სწავლა დაამთავრა 360-მა სტუდენტმა. 2017 წელს ჩარიცხული 800 სტუდენტიდან დიპლომი 2021 წელს 425-მა მიიღო.

პეტიციის ავტორიც და მხარდამჭერებიც დარწმუნებულები არიან, რომ ბევრი სტუდენტი სწავლას სწორედ უსახსრობის გამო ვერ ამთავრებს, ნაწილს კი ამაში ხელს ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა უშლის.

„2014 წლიდან ამ საკითხს ვაყენებ და ვაყენებ, მაგრამ პასუხი ვერ გამცეს. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი სწავლობდეს მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე, ან ფილოლოგის პროგრამაზე, მისი არცერთი თანაკურსელი არ იხდიდეს თანხას და მხოლოდ ის იხდიდეს სწავლის გადასახადს. მათ, 12 წლის განმავლობაში, სკოლა უნდა აძლევდეს ქართულის ცოდნას სათანადო დონეზე.

ისე უნდა ფლობდნენ სახელმწიფო ენას, რომ კონკურენცია გაუწიონ ქართულენოვან თანატოლებს.

ის არ არის დამნაშავე, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მისთვის სათანადო ენობრივი კომპეტენციის მიცემა. ერთადერთი განსხვავება, რომელიც შეიძლება იყოს არაქართულენოვან და ქართულენოვან სტუდენტს შორის, არის ეს ერთი წელიწადი, რომელსაც არაქართულენოვანი სტუდენტი კარგავს“.

კახა გაბუნიასთვის მიუღებელია, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს ქართული ენის სწავლაში ფულის გადახდა უწევთ. ფიქრობს, რომ 1+4-ის პირველი წელიც ყველასთვის უფასო უნდა იყოს, - „მულტილინგვურ პროგრამაზე მზადდება ორენოვანი კადრები. აქედან გამოსული პედაგოგი დაწყებითში შედის და ორ ენაზე შეუძლია ასწავლოს საგანი, მაგრამ სამინისტრო ამას ვერ იყენებს, ვერ საქმდებიან, ან თუ საქმდებიან ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე. ყოველწლიურად, ამ პროგრამაზე აბარებს 15-20 სტუდენტი, მაგრამ როცა ამხელა პრობლემაა ქვეყანაში, 20 კაცი არაფერია. ეს რომ უფასო იყოს, აქ ჩააბარებდა 100 და მეტიც, იმიტომ რომ მასწავლებლობა თანდათან პრესტიჟული ხდება. ასეთ პროგრამებს სამინისტრო სხვადასხვა ფორმით უნდა უჭერდეს მხარს“.

ცაულინა მალაზონია 12 წელია, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამით, კონსულტანტ მასწავლებლად მუშაობს ახალქალაქის სოფელ ზაქვში. ამ წლების განმავლობაში, კარგად ხედავს, როგორც იცლება ჯავახეთის სკოლები ძველი კადრებისგან, მათი ადგილები კი ცარიელი რჩება.

„არის სიტუაცია, როცა ერთი სკოლის მასწავლებელი ასწავლის რამდენიმე სკოლაში. ხშირად, არ არის მასწავლებელი სპეციალისტი, მაგრამ რაღაც კურსი გაიარა და ასწავლის საგანს. ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნებში. ეს საგნები კარგად ვერ ისწავლება, რაც იწვევს კიდევ სხვა ჯაჭვურ რეაქციებს - აღარ გვყავს ამ სპეციალობებზე ჩამბარებელი აბიტურიენტები, რომლებიც მიიღებენ ცოდნას და რაღაცა დროის შემდეგ ამ დეფიციტს ამოავსებენ“.

ცაულინას აზრით, ვითარება რომ გამოსწორდეს, სახელმწიფო აქტიურად და საფუძვლიანად უნდა ჩაერიოს, თორემ

„რამდენიმე წელიწადში, არაქართულენოვან სკოლებში შეიძლება კატასტროფის წინაშე დავდგეთ - სკოლას აღარ ჰყავდეს მასწავლებელი“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უფლებადამცველები პრობლემას კიდევ უფრო ღრმად და ფართოდ მიიჩნევენ და მას ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში განიხილავენ. ხელისუფლება ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობის შესახებ სტრატეგიას ამ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციით უნდა ქმნიდეს - ასე ფიქრობს ცირა მესხიშვილი, სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე.

„1+4-ის პროგრამები უნდა გადაიხედოს. 2009 წლის პროგრამები დღევანდელ სიტუაციაში უკვე ძველია. განათლება უნდა იყოს ქვეყნის პირველი პრიორიტეტი - გაუნათლებელი ადამიანები კარგ სახელმწიფოს ვერ აშენებენ, კარგ სახელმწიფოს განათლებული ადამიანები აშენებენ. ამავდრულად, ეს განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ეთნიკური კუთვნილების გარეშე. მგონია, რომ ამ ბრძანებაში სერიოზული შეცდომაა დაშვებული და მაგის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება“.

„მთის ამბების“ კითხვებზე განათლების სამინისტროს მიერ მოწერილი პასუხებიდან ირკვევა, რომ „სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომლის შემუშავებისას სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იქნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. შესაბამისად, პროგრამის სამომავლო განვითარების, კვოტირების და სხვა საკითხები განხილული იქნება ერთიან კონტექსტში“.

ჩვენს კითხვაზე, რით იყო განპირობებული მინისტრის ბრძანება, რომელიც 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის შეზღუდვას აწესებს, სამინისტრომ გვიპასუხა, რომ „სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტებში ირიცხებიან 1+4 პროგრამის საფუძველზე, სარგებლობენ საშეღავათო პოლიტიკით, შესაბამისად ე. წ. პრიორიტეტულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო აღნიშნული გარემოება“.

პეტიციის შექმნიდან ერთი წელი გავიდა. მის ავტორებსა და ხელმომწერებს პასუხი არ მიუღიათ, თუმცა „მთის ამბებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „2022-2023 სასწავლო წლისთვის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების წესის შემუშავებისას, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მომართვას განიხილავს და ამ საკითხზე იმსჯელებს“.

ჰარუთ მალხასიან

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა. აშუქებს ეთნიკური უმცირესობების, პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში