საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ არ ვანიჭებთ პრიორიტეტს ქართულის მცოდნე ახალგაზრდებს ჯავახეთსა და ქვემო ქართლში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:39 - 18 დეკემბერი 2021 hits 9193
ფოტოზე - ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი
საზოგადოება
ფოტოზე - ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და დეპუტატი სუმბატ კიურეღიანი

ტიგრანს, არეკნაზს, რემიკს, ნაშირს და შუქრის - ახალგაზრდებს ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან ის აერთიანებთ, რომ ყველა მათგანი 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, თითოეულმა 2250 ლარი გადაიხადა და სახელმწიფო ენა, ქართული ისწავლა. თბილისის უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლებაც მიიღეს, ზოგიერთმა მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა და მუშაობის დასაწყებად თავის რეგიონებში დაბრუნდნენ. მონაწილეობა მიიღეს კონკურსებში, მაგრამ საჯარო სამსახურში ვერცერთი ვერ დასაქმდა. სამაგიეროდ, ახალქალაქის და ნინოწმინდის მერიებსა და საკრებულოებში სახელმწიფო ენაზე, რომლის ცოდნაც საჯარო სამსახურში მუშაობისთვის კანონით არის აუცილებელი,100-დან სულ მცირე 90 ვერ ლაპარაკობს. მეტიც, „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მათგან ვინც სომხური არ ვიცით, კომუნიკაციას ოკუპანტის ენაზე, რუსულად ითხოვს.

27 წლის ტიგრან თარზიანი ნინოწმინდის სოფელ უჩმანაში ცხოვრობს. 18 წლის ასაკში ქართულად მხოლოდ მისალმება იცოდა. რომ არა 2010 წელს დაწყებული 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, ტიგრანი ვერც ქართულ ენას ისწავლიდა და ვერც თბილისში მიიღებდა უმაღლეს განათლებას.

პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოში უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღების საშუალებას აძლევს. აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე აბარებენ. ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების კურსს გადიან, რაც ფასიანია და 2250 ლარი ღირს. შემდეგ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. პროგრამის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 2010 წელს პროგრამით მხოლოდ 247-მა სტუდენტმა ისარგებლა, 2018-ში 1231 სტუდენტი ჩაირიცხა, 2019 წელს 1334. 2020 წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება 1191-მა პირმა მოიპოვა, მათ შორის, აზერბაიჯანულ ენაზე 935-მა, სომხურ ენაზე 252-მა, ოსურ ენაზე 4-მა. 2021 წელს 1332 აპლიკანტი ჩაირიცხა. აქედან, ოსურ ენაზე 7, აზერბაიჯანულ ენაზე - 1033, სომხურ ენაზე - 292.

ტიგრანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე ისწავლა. მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 1+4 პროგრამის მონაწილეებს, საჯარო სამსახურში სტაჟირება შესთავაზა. პროგრამის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. სამთვიანი სტაჟირება ტიგრანმა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში გაიარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტიგრანი ჯავახეთში დაბრუნდა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში იმ იმედით მიიღო მონაწილეობა, რომ დაასაქმებდნენ. მისი მოლოდინი არ გამართლდა: „ყველა ეტაპი გავიარე, გასაუბრებაზეც გავედი. მითხრეს, რომ კარგი კადრი ვარ, მაგრამ წერილი ერთი-ორი თვის შემდეგ მომწერეს - მადლობას მიხდიდნენ კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგრამ მე არ შემარჩიეს. ვაკანსიას მხოლოდ ფორმალურად აცხადებენ, კანდიდატი წინასწარ ჰყავთ შერჩეული. ბევრი შემთხვევაა, რომ ჩემმა თანატოლებმა ისწავლეს თბილისში, ჯავახეთში დაბრუნების შემდეგ ვერ იპოვეს სამსახური და იძულებული გახდნენ, საქართველოდან წასულიყვნენ. ჯავახეთიდან ხმა რომ არ ისმის, ამის ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდების გადინებაა.

ვინც უმაღლესი განათლება თბილისის საუკეთესო უნივერსიტეტებში მივიღეთ და აქ დავბრუნდით, ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენთან არცერთი შეხვედრა არ ჰქონია. არც დაინტერესებულან რა ინიციატივები გვაქვს, რისი გაკეთება შეგგვიძლია“.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი ადგენს, რომ მოხელედ არ შეიძლება იქნეს მიღებული პირი, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის. ნინოწმინდის და ახალქალაქის მერიებსა და საკრებულოებში, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ სხვა სამსახურებში ბევრი ისეთი მოხელეა, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობენ.

Нельзя - გვიპასუხა ნინოწმინდის მერის ანივარდ მოსოიანის მდივანმა ქალმა, რომელსაც ჩვენი სომეხი რეპორტიორის დახმარებით ავუხსენით, რა საკითხზე გვსურდა მერთან შეხვედრა. გვინდოდა, გაგვეგო, რატომ არ ასრულებს მერი კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საჯარო სამსახურში ვაკანტური პოზიციების არსებობისას მაინც, რატომ არ ანიჭებს უპირატესობას სახელმწიფო ენის მცოდნე, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.

ანივარდ მოსოიანი „ქართული ოცნებიდან“ უკვე მეორედ აირჩიეს ნინოწმინდის მერად. მუნიციპალიტეტს ის 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. კითხვაზე, 1+4 პროგრამის რამდენი მონაწილე ჰყავს დასაქმებული ბოლო 4 წელში, გვპასუხობს, რომ 4 - „სპეციალისტებად, ერთი იურიდიული სამსახურის უფროსად“.

ნინოწმინდის მერს სამუშაო ოთახში ერთ მხარეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო აქვს გაკრული, გვერდით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნაირი ირიციანი, რამდენიმე დღის წინ, ამ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე ის 2017 წლიდანაა. მანამდე თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2002-2006 წლებში ახალქალაქის მერი. ქართული ენა არ იცის. 1+4 პროგრამასთან დაკავშირებით გასაუბრება რუსულად მოგვთხოვა. სახელმწიფო ენის არცოდნას „ქართული ოცნებისთვის“ ხელი არ შეუშლია, რომ ირიციანისთვის საკრებულო ჩაებარებინა.

პარტიული კუთვნილება და ერთგულება რომ უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სახელმწიფო ენის ცოდნა, განათლება და პროფესიული უნარები, ამის მაგალითია არეკნაზ პეტროსიანის გამოცდილებაც. არეკნაზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული და ილიას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. სამთვიანი სტაჟირების პროგრამა ეროვნულ არქივში გაიარა, მერე ისიც ჯავახეთში დაბრუნდა. ახალქალაქის მერიაში მუშაობის დაწყება სურდა, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე სხვა დანიშნეს. ახლა არეკნაზი სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე მასწავლებელია: „1+4 პროგრამა ვინც დაამთავრა, ძირითადად სკოლებში და ადგილობრივ მედია ორგანიზაციებში მუშაობენ. ალბათ, უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება, სახელმწიფო უწყებებში რაღაც რომ შეიცვალოს და ჩვენც მოგვცენ ნება ვიმუშაოთ მერიაში თუ მის სამსახურებში“.

„პროგრამის კურსდამთავრებულების სახით, დღეს, ქვეყანას უკვე ჰყავს კარგად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებიც მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ სახელმწიფო ენას, აქვთ ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები და აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“ - ეს ამონარიდია სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიიდან, რომელიც მთავრობამ 2021 წლის ივლისში დაამტკიცა.

„1+4 პროგრამა რომ არა, მე არ ვიცი სად ვიქნებოდი დღეს და შევძლებდი თუ არა ქართულად საუბარს. ჩვენს სოფელს 25-30 წლის განმავლობაში სტუდენტი არ ჰყოლია.

2014 წელს ორმა აბიტურიენტმა ამ პროგრამით პირველად ჩააბარა, 2016 წელს მე ჩავირიცხე და ჩემს მერე კიდევ 4 ახალგაზრდა“, - სოფელი დარბაზი, სადაც 24 წლის ნაშირ ორდუხანოვი ცხოვრობს, ბოლნისიდან 23 კილომეტრშია.

ნაშირი ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტია. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია: „კორონავირუსის პანდემიამდე, ვიდრე ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდით, თბილისში ქირით ვცხოვრობდი. ქირის თანხასთან ერთად სხვა გადასახადების გადახდაც მიწევდა. დედა მემხმარებოდა სოფლიდან, მაგრამ თუ სადმე ანაზღაურებად პოზიციაზე რა ვიმუშავებდი, ვერ შევძლებდი აუცილებელი ხარჯების დაფარვას. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში ვიყავი ჩართული. თანხასაც მიხდიდნენ და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც დამიგროვდა.

მყავს ნაცნობები, რომლებიც მარნეულში ან სხვაგან, სახელმწიფო დაწესებულებებში იყვნენ სტაჟირების პროგრამით. დამთავრდა სტაჟირება, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ დასაქმდა სახელმწიფო ორგანოში. ეს სფერო ჩვენთვის, ვისაც გავლენიანი ნათესავები არ გვყავს ან პარტიის აქტივისტები არ ვართ, დახურულია“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც 1+4 სტაჟირების პროგრამას ახორციელებს, არ აქვს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სტაჟირების დასრულების შემდეგ, რამდენმა მონაწილემ შეძლო დასაქმება. მინისტრის აპარატი არ აღწერს, რა ცვლილება მოუტანა სტაჟირებაში მონაწილე პირებს ამ პროექტმა.

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელისო ლომიძე ირწმუნება, პროგრამის მონაწილეებთან პირადი კომუნიკაციიდან იციან, რომ 400-დან 100 მაინც დასაქმდა სხვადასხვა სამსახურში, ძირითადად, საგანამანათლებლო დაწსებულებებში: „დავინახეთ არასაკმარისი ჩართულობა და ამიტომაც, 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში გამჭოლ პრიორიტეტად დავისახეთ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების წარმომადგენლების გაძლიერება. თუმცა, წინა წლებს თუ შევადარებთ, რა სურათიც 10 წლის წინ გვქონდა, დღეს გვყავს განათლებული, აქტიური, სამოქალაქო სექტორში ჩართული ახალგაზრდები და ისინი ძალას იკრებენ“.

პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც 2014-2016 წლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურში 1+4 პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმებას, კლანური მმართველობა და უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები აფერხებს: „უსაფრთხოების სამსახურებს ურჩევნიათ კლანებთან თანამშრომლობა, მათით უფრო იოლია მართო სიტუაცია, ვიდრე განათლებული ახალგაზრდებით, რომლებსაც თავისი ხედვები, ინტერესები და პოზიციები გააჩნიათ. უსაფრთხოების სამსახურებს სულაც არ უნდათ, რომ რეგიონებში, იქნება ეს ჯავახეთი, ქვემო ქართლი თუ სხვა, ისეთივე სამოქალაქო ღირებულების ადამიანები იყვნენ, როგორც, მაგალითად, თბილისში არიან და ნერვებს უშლიან“.

ჰარუთ მალხასიან

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება და GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა. აშუქებს ეთნიკური უმცირესობების, პოლიტიკურ და სოციალურ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში