საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ტაბაწყური - სოფელი, სადაც კორონაპანდემიას ერთი ექთანი მართავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:42 - 21 ივლისი 2021 hits 21581

ბაკურიანიდან ცხრაწყაროს უღელტეხილის გავლით, ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე, ბორჯომის რაიონის ერთ-ერთი ბოლო სოფელი - ტაბაწყურია.

ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფელს, ზამთარში თოვლი ბაკურიანის მხრიდან გარესამყაროს წყვეტს. დეკემბრიდან მარტამდე ტაბაწყურში მოხვედრა, უფრო ხშირად კი გადაუდებელი საჭიროებისთვის იქიდან გამოღწევა, მხოლოდ მეორე გზით არის შესაძლებელი, ახალქალაქის მხარეს. ზოგჯერ ესეც შეუძლებელია.

ტაბაწყურელებს როცა ექიმი სჭირდებათ, ათასამდე ადამიანის ერთადერთი იმედი 64 წლის ექთანი, სუსანა აკოფიანია. ოფიციალურად ტაბაწყურს ოჯახის ექიმიც ჰყავს, მაგრამ იქ არ ცხოვრობს და სოფელში წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ადის. ტაბაწყურში ამბულატორიის ძველი შენობაც გამოუსადეგარი იყო, ცოტა ხნის წინ შეაკეთეს, თუმცა სუსანას თანასოფლელებზე ზრუნვა მაინც ცარიელი ხელებით და საკუთარ სახლში უწევს. პირველადი დახმარებისათვის აუცილებელ მედიკამენტებსაც თვითონ ყიდულობს, თავისი ფულით.

40 წელზე მეტია ტაბაწყურში და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ორსულებსაც სუსანა შველის. ზაფხულში მთაში მყოფი მეცხვარეების ცოლებსაც ის ეხმარება. უარი არავისთვის უთქვამს.

„ტაბაწყურიდან ბორჯომამდე 2 საათის გზაა, ახალქალაქამდე ერთი საათი ან ცოტა მეტი. ტკივილებით რომ მოდიან, ხომ ვერ ვერტყვი, ეგ მე არ მეხება და ვერ დაგეხმარები მეთქი.

სასწრაფოც გამოგვიძახებია, მაგრამ ვიდრე წამოვლენ, ჯერ მირეკავენ, სუსანა, ვინ არის ავად, როგორაა, საჭირო ვართ თუ არა. უკვე მიჩვეულები ვართ. 800-ზე მეტ ქალს მაინც დავეხმარე მშობიარობაში“, - ოთხი ათეული წლის განმავლობაში არცერთი გართულება არ ჰქონია. ყველაზე მეტად გასული წლის შემოდგომაზე გაუჭირდა, როცა საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა: „ორჯერ იყო ოჯახის ექიმი ამოსული. ჩაიცვა თავისი სპეცფორმა. ერთად რომ შევედით ოთახში, შორიდან დაინახა და ეს ნამდვილად კოვიდიაო, მე ახლოს არ მივდივარო. წნევაც არ გაუზომა, არც სიცხე. ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. რთული იყო, პაციენტები ძალიან მძიმედ იყვნენ. სიცხე 39, 40-მდე ჰქონდათ. რა უნდა მექნა? მე თვითონ გავაკეთე გადასხმებიდან დაწყებული ყველაფერი. რომელიც ფეხზე იდგა, მოდიოდნენ ჩემთან სახლში და იქ ვაკეთებდი გადასხმებს. კედლებზე, ყველგან ლურსმნები მქონდა დაჭედებული. ადგილიც აღარ მქონდა, ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იყო, 3-4 კაცი რომ მოდის გადასხმაზე. ამას, ყველაფერს, დღემდე სახლში ვაკეთებ“.

სოფელი ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილითაა გარშემორტყმული. ლურჯი ტბა, ხელუხლებელი ბუნება, გაშლილი სივრცეები და მთები საოცარ სანახაობას ქმნის. ტბა დეკემბრის ბოლოდან მარტის ჩათვლით გაყინულია. წყლის მოცულობით უდიდესია და ყველაზე ღრმა ტბაა საქართველოში.

ამ სილამაზის მიღმა ღარიბულ სახლებში 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის 99 % ეთნიკური სომეხია. უმრავლესობა ქართულად კარგად საუბრობს. ადგილობრივებს შემოსავლის რამდენიმე წყარო აქვთ: მეთევზეობა; მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოება; ბევრი ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი სამუშაოდ რუსეთშია წასული და თანხას იქიდან გზავნიან - მხოლოდ კოვიდპანდემიის დროს სოფლიდან 105 ახალგაზრდა წავიდა.

ტაბაწყურის ტბა თევზით მდიდარი იყო, თუმცა ბოლო წლებში მეთევზეები თევზის ნაკლებობას უჩივიან და ამას ტბის ახალი მმართველის მიერ წყალში კიბორჩხალების გაშვებას უკავშირებენ. ტაბაწყურის ტბაზე თევზაობის 20 წლიანი ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 2010 წლის 3 სექტემბერს გაყიდა. მასში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა - შპს „ტბები“ აუქციონამდე 4 დღით ადრე, 2010 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული. კომპანიის 90 % წილის მფლობელი იმ დროისათვის სომხეთის პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ვარდან აივაზიანი იყო. აივაზიანი წარმოშობით ტაბაწყურიდანაა. მეთევზეებს ტბაში თევზის დაჭერა რომ აუკრძალეს, სოფელში აუქციონის გამართვის შესახებ მაშინ გაიგეს. 2017 წლის მაისიდან შპს „ტბების“ დირექტორად ნათელა გოგოლაძე დაინიშნა, რომელიც 2008 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ჩათვლით. საბოლოოდ, ინვესტორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ლიცენზია ისევ მოქმედია, მაგრამ, ტბაზე თევზაობას ტაბაწყურელებს აღარ უშლიან.

თევზის რეალიზაცია არ უჭირდათ, ისევე როგორც რძის პროდუქტებსა და ბოსტნეულსაც ადვილად ყიდდნენ. სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის, მაგრამ ბოლო წლებში ტაბაწყურს ზაფხულობით ბევრი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სოფელში მცხოვრებ ერთადერთ და ყველაზე პატარა გიდს არცერთი სტუმარი აღარ ჰყოლია.

ირინა მარტიროსიანი 14 წლისაა. ხუთი ენა იცის - ქართული, სომხური, რუსული, ინგლისური და არაბული. სომხური ოჯახში ისწავლა, ქართული და ინგლისური სკოლაში, რუსული მოსკოვში სტუმრად ყოფნისას, არაბული კი სატელევიზიო გადაცემებიდან.

ტურისტების მომსახურებით მიღებული თანხით ინტერნეტის გადასახადს იხდიდა და უცხო ენების ცოდნას იღრმავებდა. Მცირე დანაზოგით, მძიმედ დაავადებყლ დედას აუცილებელი მედიკამენტების შეძენაშიც ეხმარებოდა. წელიწადზე მეტია ირინას შემოსავალი აღარ აქვს.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში