საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარტოკაცი ჯოისუბნიდან - რა მაჩერებს? მეშინია, ეს სამოთხე, სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!

20:03 - 15 თებერვალი 2020 hits 27843

ჯოისუბნის წყაროზე რიგში დგომა აღარ უწევს. მარტოკაციღა მიდის. წყლის ჭურჭელს აავსებს და ერთგულ ძაღლუკასთან ერთად სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვება. არადა, ბავშვობაში წყაროსთან რიგი ახსოვს, სოფელში იმდენი ხალხი იყო. მეზობელ სოფელ შქმერში კი კაცმა-კაცი მოკლა „სათიბის გულისთვის“, სოფლად სულ დავა ჰქონდათ მიწისა და სათიბების გამო. ახლა მიწაც ბევრია, სათიბებიც გავერანდა, ხალხი არსად ჩანს.

ონის რაიონის სოფელ ჯოისუბანში, გელა ცეცაძე, მარტო, 1997 წლიდან, მშობლების გარდაცვალების მერე დარჩა. ხის ძველ სახლს ზამთარშიც არ ტოვებს, არც მაშინ, როცა თოვლის სიმაღლე მის მხრებამდე აღწევს. ბევრი ზამთარი ახსოვს, სოფელი რაიონულ ცენტრს რამდენიმე თვით რომ იყო მოწყვეტილი.

ჯოისუბანი - სოფლის სახელი აქვე მდებარე მეცხრე საუკუნის ჯვრისუბნის მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს. კომუნისტების დროს სოფელს შრომისუბანი დაარქვეს. ახლა ისევ ჯოისუბანს ეძახიან. ამ პატარა სოფლიდან მეორე მსოფლიო ომშიც ბევრი იბრძოდა.

„ცამეტი გვყავს შინმოუსვლელი, ომში დაკარგული. თორმეტი მეორე მსოფლიო ომის დროს და ერთი აფხაზეთის ომში - ბატალიონის უფროსი მაქსიმ ცეცაძე. ისინი რომ დაბრუნებულიყვნენ, წარმოიდგინეთ შექმნილი ოჯახები... ხომ ძლიერად იქნებოდა უფრო სოფლის საქმე“ - როცა გელა ცეცაძე სოფელში დაბრუნდა, მაშინ  არც გზა იყო და არც შუქი. მეზობლები მოხუცები იყვნენ, მათი გარდაცვალების შემდეგ სოფელში ახალგაზრდა აღარავინ დაბრუნებულა.

„სურვილი აქვთ, მაგრამ აქ რა უნდა აკეთონ? სკოლა ხომ უნდათ ახალგაზრდებს? ოჯახებს რომ შექმნიან, ბავშვებს განათლება ხომ უნდა მისცენ? აქ არც სკოლაა და არც ბაღი“.

რაიონულ ცენტრამდე ათი კილომეტრი აშორებს. გზას უმეტესად ფეხით გადის, ტაქსს მხოლოდ მძიმე ტვირთის დროს ქირაობს. პირუტყვს უვლის, დილას მათი გამოკვებით იწყებს და დღესაც მათი მოვლით ასრულებს. ასე გრძელდება მეორე დღესაც და ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს.

„რთულია სოფელში მარტოობა... სულ შრომაა, დილიდან დაწყებული საღამოთი სულ შრომობ და დიდი ნებისყოფა უნდა აქ გაძლებას, მაგრამ მე აქ ვარ გაზრდილი, შეჩვეული ვარ აქ ასეთ მდგომარეობას... ამიტომ ვუძლებ“

მუხიანის რადიო ქარხანაში მუშაობდა. თბილისში ბინაც აქვს, მაგრამ ქალაქისკენ გული არ მიუწევს. მშობლების სახლი ვერ მიუტოვებია. შემოსავლის ერთადერთი წყარო მესაქონლეობაა: „გავყიდი ერთ სულ საქონელს და მერე ვიზოგავ იმას. გლეხის შრომას ფასი არ აქვს“. 

„სოფლის ცხოვრების სირთულეებს ბევრი გაურბის, მიწაზე შრომა დიდ ენერგიას და ჯაფას მოითხოვს, ეს კი ყველას არ შეუძლია და ცხოვრების უკეთესი  პირობების გამო ქალაქში მიდიან.

იოლი გზით უნდა ხალხს ცხოვრება და იმიტომ არის დაცლილი სოფლები. აქ, რთულია ცხოვრება და ქალაქში უფრო იოლია. სოფელში ისე ვერ გაჩერდები, სულ საშრომია, სულ ფუსფუსია, მითუმეტეს როცა მარტო ხარ.“

გელა ცეცაძის ერთადერთი დამლაპარაკებელი მისი ძაღლუკაა. ერთგულია, სულ უკან დაჰყვება. როცა რაიონში მიდის, გზამდე მისდევს და მერე გადასახვევთან ელოდება, დაბრუნებამდე: „როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, იქ დგას და მელოდება. მე რომ სხვა გზით დავბრუნდე, ეს მაინც იქ იქნება და სანამ არ მივალ, ფეხს არ იცვლის. წევს თავისთვის და ელოდება ჩემს გამოჩენას“. ქალაქში დაბრუნებაზე უფიქრია, მაგრამ ძაღლუკას დატოვება არ ეთმობა - თბილისში ვერ იცხოვრებსო.

„ხანდახან მიფიქრია რომ წავალ... მივანებებ ყველაფერს, გავყიდი საქონელს მაგრამ... ძაღლს რა ვუყო მერე? ძაღლი სად წავიყვანო? ეს მაჩერებს. თბილისში ვერ გაძლებს. ერთგული მყავს ძაღლუკა, მიჭირს ამასთან განშორება და ეს მაჩერებს ბოლო დროს“.

ავადმყოფობის შიში აქვს. დიდთოვლობისას სოფლამდე მისასვლელი გზა ყოველთვის არ იწმინდება: „ავად რომ გავხდე, რა მეშველება ამ თოვლში? იმაზე ვფიქრობ, ისე მოვკვდე, რომ სხვისი ხელის შემჩერვალე არ ვიყო“, - გელა ცეცაძე მალე სამოცი წლის გახდება. ოცდამესამე წელი დაიწყო, რაც ჯოისუბანში, ზღვის დონიდან 960 მეტრზე, მეზობლების მიერ მიტოვებული სახლების ნანგრევების გარემოცვაში, თავის ძაღლუკასთან ერთად წყაროზე წყლის მოსატანად დადის.

ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში