საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა - 16 წლის ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:54 - 05 აგვისტო 2019 hits 7128

ჯანდაცვის სამინისტრომ ამბროლაურში, სასწრაფო რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განათავსა. სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, წინასწარი ინფორმაციით, რეანიმობილის დაგვიანებისა და შემდეგ, პაციენტის გადაყვანისას სამედიცინო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გამო, 16 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მოზარდი ახლაც კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

სამინისტროს ცნობით, მომავალში ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება.

ამასთან, სამინისტროს განმარტებით, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმა შემუშავდება.

„სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო.

ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს.

მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით.

სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის.

ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

21 ივლისს, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანა. საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის რეანიმობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს ექიმის თქმით, რეანიმობილის მისვლამდე, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს.

რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან ორი საათის შემდეგ ჩავიდა. ამდენივე დრო დასჭირდა ბიჭის რეანიმობილში გადაყვანას და კლინიკის შეთანხმებას, სადაც მას მიიღებდნენ. ბავშვის გადაყვანისას, ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, რეანიმობილში სამედიცინო აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა.

პაციენტის მამიდა, რომელიც ექიმია და მოზარდს თან ახლდა, ამბობს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაუმართავი იყო, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება შეფერხდა. ბავშვს გაჩერებული გული ელექტროშოკით ტყიბულის საავადმყოფოში აუმუშავეს, რის შემდეგაც სხვა რეანიმობილით ქუთაისში გადაიყვანეს. მოზარდი ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

29 ივლისს ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. ხელმომწერები ითხოვდნენ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებისთვის რეანიმობილის გამოყოფას, რომელმაც დროული და ეფექტური მომსახურება უნდა უზრუნველყოს. პეტიციის ავტორის, ეთერ არსენაძის ინფორმაციით, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებს არ ჰყავთ კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც ადამიანის სიცოცხლეს პრობლემა არაერთხელ შექმნია. გარდა ამისა, ეთერ არსენაძე წერს, რომ საავადმყოფოებში არ არიან სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები და შეუძლებელია კვლევების ჩატარება. პეტიციას 2300-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

 

ამ თემაზე:

როცა გზაზე მშობიარობენ ან კვდებიან - ონის სამშობიაროს აღდგენაზე მთავრობა უარს ამბობს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში