საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სიკვდილის გზა

18:14 - 29 ივლისი 2019 hits 40990

26 წლის ზაურ გიგოიძე, 48 წლის თამაზ ზურაბაშვილი, 69 წლის ნათელა ალდამიძე, 35 წლის შოთა მჭედლიშვილი, 50 წლის შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი - 13 წლის გარსევან შაბალაიძე და 18 წლის ლევან შაბალაიძე - 27 ივლისს, თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 18 წლის ბიჭის ცხედარს მაშველები მდინარე სტორის ხეობაში ამ დრომდე ეძებენ.

ათნიგენობის აღსანიშნავად გიგოიძეების გვარ-ბიძაშვილები ქვემო ალვანიდან თუშეთში, სოფელ ბეღელაში „კამაზით“ მიდიოდნენ. ზაურ გიგოიძე შულტა (მნათე) იყო. წელს მას უნდა ემასპინძლა სოფლის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

ბეღელაში ათნიგენობა გამორჩეულად უნდა აღენიშნათ. „ხევსურთ მოე“ - ასე ეძახიან თუშები სამოცდაათი წლის წინათ შეწყვეტილ სარწმუნოებრივ ტრადიციას. ხევსური მომლოცველების ცხენოსანი ჯგუფი, ე.წ. „ჯვარიონნი“, ხახმატის ხატის დროშის წინამძღოლობით, 29 ივლისს ბეღელას კი ეწვია, მაგრამ თუშეთში გლოვა დახვდათ.

„კამაზი“, რომლითაც 27 ივლისს, 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 23-ე კილომეტრზე, პირველ ჩანჩქერთან ახლოს, გზიდან ხევში გადავარდა. 2-მა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, 7 ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 13:00 საათისთვის მოხდა. „მანქანა ჩაქრა. მძღოლმა დაქოქვა სცადა, მაგრამ ამ დროს უკან დაუგორდა. ერთ-ერთი თვალი ჰაერში დაეკიდა. მანქანა დაქოქა, მაგრამ წინ ვეღარ წავიდა და ხევში გადავარდა“, - უამბო ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა „მთის ამბებს“.

სატვირთო მანქანის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ ავარიის შედეგად გადარჩენილებიც საუბრობენ. მათი თქმით, მანქანას გზაში პრობლემები რამდენჯერმე შეექმნა.

„ორჯერ გასჩერებიათ მანქანა. ჩემს შვილს დეტალებს ვერ ვეკითხები, არ მახსოვსო, თან ექიმებმა მირჩიეს, ტრავმა რომ არ მივაყენო, ჯერ არაფერი ვკითხოთ. განერვიულებული და დათრგუნულია. ისიც კი არ ახსოვს, როგორ გადმოხტა“, - ამბობს ბიძინა თორღვაიძე, ავარიისას ერთ-ერთი დაშავებულის მამა.

მძღოლს, ზაურ გიგოიძეს თუშეთის გზაზე მოძრაობისა და მანქანის მართვის გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ სატვირთო მანქანას ასეთ რთულ გზაზე პირველად მართავდა. „კამაზი“ ცოტა ხნის წინ შეუძენია. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, ის თუშეთში მიმავალ ტურისტებს „ტოიოტას“ მარკის ჯიპით ემსახურებოდა.

გამოცდილი მძღოლები, რომლებიც სატვირთო მანქანებით თუშეთის გზაზე 10 წელზე მეტია მოძრაობენ, ავარიის გამომწვევ მიზეზებად, მანქანის შესაძლო ტექნიკურ გაუმართაობასთან ერთად, გზის სირთულეს და მძღოლის არასაკმარის გამოცდილებას ასახელებენ:„თუშეთის გზა რომ რთულია, ყველამ ვიცით. დატვირთული „კამაზის“ მართვა, მითუფრო. სატვირთო ახალი ნაყიდი ჰქონდა. სულ მცირე 2 წელი მაინც, ვიდრე გამოცდილებას არ დაიგროვებდა, თუშეთის გზაზე არ უნდა ასულიყო. როგორც ჩანს, რთულ სიტუაციაში დაიბნა და ეს ტრაგედია მოხდა“.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა, რომლის სიგრძეც 72 კილომეტრია და გავლას 4 საათი სჭირდება, ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. ბევრ ადგილას ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, 2017 წლიდან აქტიური მეწყრული პროცესებია განვითარებული. მთის დიდი ნაწილი მოწყვეტილია. კლდოვანი მასა ყოველ წელს ჩამოდის, მდინარეს ხერგავს და გზას მთლიანად წყალი ფარავს. მოწყვეტილი მთიდან გზაზე პერიოდულად ლოდები და ქვები ცვივა.

ბოლო რამდენიმე წელია, უყურადღებობის გამო, თუშეთის გზა ღია ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა, მაქსიმუმ 5 თვე. წლის დარჩენილ პერიოდში გზა ჩაკეტილია დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო.

ტელეკომპანია BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევები თუშეთის გზაზე ყოველ წელს ხდება და უმეტესად, მსხვერპლით სრულდება. ავარიების გამომწვევი მიზეზები ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, მანევრირების წესების დარღვევა და მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაა. თუშეთის გზებზე ყველაზე მეტი ავარია ათნიგენობების დროს ხდება.

2019 წლის 14 ივნისს, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, ე.წ. აბანოს ხიდთან „პიკაპის“ მარკის ავტომობილი დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. მანქანაში მჯდომი მგზავრი 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი 40 წლის ალექსანდრე ბიძინაშვილი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, „პიკაპი“ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2018 წლის 29 ივლისს, თუშეთში, წოვათის ხეობაში ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. იმ დღეს სოფელ ინდურთაში დღეობა (დადალობა) ჰქონდათ. არსებული ინფორმაციით, მანქანას ნასვამი მძღოლი მართავდა. მანქანაში მსხდომი ახალგაზრდებიდან, 22 წლის დიტო ლაგაზიძე დაიღუპა, 18, 23 და 25 წლის ბიჭები კი დაშავდნენ. გამოძიება ამ საქმეზეც 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. პოლიციას პასუხისგებაში არავინ მიუცია.

2018 წლის 27 მაისს, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, სადაც მეწყერის გამო მდინარე ალაზანია დაგუბებული, 56 წლის ტარიელ სახოკია სატვირთო მანქანით წყალში გადავარდა და დაიხრჩო. სახოკია თუშეთის გზის აღდგენით სამუშაოებზე იყო დასაქმებული. შემთხვევის დროს მას სატვირთო მანქანით ხრეში შეჰქონდა მდინარეში ხელოვნური მიწაყრილის გასაკეთებლად, რა დროსაც მიწაყრილი ჩაინგრა და სატვირთო წყალში გადავარდა. მანქანა დაახლოებით 10 მეტრამდე სიღრმის ტბაში მთლიანად ჩაიძირა.

2017 წლის 10 აგვისტოს, თუშეთიდან მომავალ ავტომობილს, რომლითაც რუსი ტურისტები მგზავრობდნენ, 56-ე კილომეტრზე მთიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სერიოზულად დაზიანდა, თუმცა მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

2017 წლის 24 ივლისს, სოფელ ბოჭორნასთან „ტოიოტას“ მარკის ჯიპი გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხევში გადავარდა. 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე ადგილზე დაიღუპა. მძღოლი ავტომობილს ნასვამი მართავდა. ის ათნიგენობიდან, რომელსაც გომეწრის ხეობაში აღნიშნავდნენ, შენაქოში, სახლში ბრუნდებოდა.

2017 წლის 14 მაისს, თუშეთის გზის 43-ე კილომეტრზე, აბანოს უღელტეხილთან ახლოს, ზვავი ჩამოწვა და 52 წლის პაატა ბუჟაიძე ქვეშ მოიყოლა. ბუჟაიძე სოფელ ლალისყურში ცხოვრობდა, კომპანია „გერალის“ თანამშრომელი იყო და გზის გაწმენდითი სამუშაოებისთვის ტექნიკას საწვავით ამარაგებდა. ზვავის ჩამოწოლის დროს ის და კიდევ ერთი პირი გზაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. ზვავის ნაწილები მეორე პირსაც მოხვდა, მაგრამ გადარჩა.

2016 წლის 10 ოქტომბერს, თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი გზიდან დაახლოებით 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა. მანქანით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, დაშავდნენ მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები, რომლებიც გადარჩნენ.

2016 წლის 12 სექტემბერს, თუშეთში, პირიქითის ხეობაში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა.

2016 წლის 9 მაისს, თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილთან ახლოს ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტერტერაშვილი ადგილზე დაიღუპა, მეორე მამაკაცი დაშავდა.

2014 წლის 26 სექტემბერს, თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყალთან „ტოიოტას“ მარკის მანქანა ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხივე ადამიანი: 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე. მძღოლი ნასვამი იყო.

ეს არ არის 2014 წლიდან დღემდე თუშეთის გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სრული სტატისტიკა.

„მთის ამბებმა“ ჯერ კიდევ 2016 წელს მოამზადა რეპორტაჟი - თუშეთის გზაზე დაღუპული ახალგაზრდები და პატრულირების მოთხოვნა. „ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენდით. რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება და თუშეთში პატრულირება დაიწყოს. არავისზე ნაკლებად არ მიყვარს მე მთა და მთის წესები, მაგრამ განსაკუთრებით ათნიგენობებისთვის თითქმის ყველა მთვრალი მოძრაობს, ზოგჯერ უზომოდ მთვრალიც“, - აცხადებდა სოფელ ქვემო ალვანში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი გიორგი გოგოთიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ თუშეთის ტერიტორიაზე მუდმივად, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის პერიოდში იმყოფებიან ახმეტის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ.

„პატრულირების განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზე ამოწმებენ. თუშეთამდე მისასვლელი გზა კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოს ნაფარეულის განყოფილების სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც მართლწესრიგსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას აღნიშნული განყოფილების თანამშრომლები აკონტროლებენ“, - განაცხადეს შსს-ში. 

სინამდვილეში, არც ფშაველი-აბანო-ომალოს და არც თუშეთის შიდა გზებზე, სადაც სეზონურად ხალხმრავლობაა და ტრანსპორტის მოძრაობაც ხშირია, პოლიციელები არ პატრულირებენ.

„ახლა სოფელ ომალოში აშენებენ პოლიციის შენობას და იმედი მაქვს, რამეს მოიტანს ეგ. რამდენი შემთხვევაც მოხდა, ძირითადად სიმთვრალით არის გამოწვეული, ან გამოუცდელობითა და დიდი სისწრაფით. ვინც ტურისტების გადაყვანაზე მუშაობს, ისინი ცდილობენ რომ გზაში ალკოჰოლი არ მიიღონ, მაგრამ ვინც ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ამოდიან თუშეთში, ხშირად მე თვითონ მინახავს, რომ გზაზე, სადაც ტრაგიკულად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ნიშნები დგას, აჩერებენ და შესანდობარს სვამენ.

აუცილებელია, რომ თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა პოლიციამ გააკოტროლოს. კიდევ რამდენი მსხვერპლი უნდა იყოს, ამას რომ მივაღწიოთ? სიმთვრალე სიფხიზლეზე მაინც შეამოწმონ.

ცოტა მაინც მოერიდებიან მძღოლები გზაში დალევას, ცოტა მაინც გაფრთხილდებიან“, - აღნიშნავს ნუგზარ იდოიძე, სასტუმრო „თუშური კოშკის“ მეპატრონე.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და კონსულტაციებს უწევს თუშეთის გზების უსაფრთხო მშენებლობის კუთხით.

ხელისუფლება რამდენიმე წელია აცხადებს, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი, უსაფრთხო გზის მშენებლობას აპირებს, რომელიც პანკისისა და ხადორის ხეობებზე გაივლის და თუშეთის გომეწრის ხეობაში შევა. ახალი გზის პროექტი ჯერ არ არსებობდა, როცა ეს მარშრუტი თუშებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. თუშების ნაწილი წინააღმდეგია, რომ ახალი გზა პანკისის ხეობის გავლით გაიჭრას, ნაწილი კი მომხრეა. 2019 წლის თებერვალში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა. აპრილში, ქისტ უხუცესებთან გამართულ შეხვედრაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ხორვატიულ კომპანიას, რომელიც პანკის-თუშეთის გზას აპროექტებს, რთული მონაკვეთის საინჟინრო გადაწყვეტისთვის ვადა ივლისის ბოლომდე მისცეს.

 

ამ თემაზე:

რატომ ითხოვენ პანკისი - თუშეთის გზის მშენებლობას

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში