საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ადიშის ახალი სიცოცხლე - სვანეთის დაცლილ სოფელში 15 ოჯახი დაბრუნდა

21:12 - 23 ივლისი 2019 hits 17425

5 წლის იყო, სტიქიის გამო ოჯახი სვანეთიდან რომ აიყარა და გარდაბანში გადასახლდა. მას მერე ადიში პირველად 13 წლისამ ნახა. „თითქმის დანგრეულ სახლში ბალახი და ეკალ-ბარდი ამოსულიყო. მე და ჩემმა ბიძაშვილმა მაშინვე ვთქვით, როდისმე ეს უნდა ავაშენოთო“, - გონელი ავალიანი ახლა 33 წლისაა, მშობლიურ სოფელში ოჯახთან ერთად დაბრუნდა, სახლიც აღადგინა და ბიზნესიც დაიწყო.

გასული საუკუნის ბოლოს, ზვავისგან დაზარალებული ადიში თითქმის მთლიანად დაიცალა. ოჯახების უმრავლესობა გარდაბანში, სხვადასხვა სოფელში ჩასახლდა. ადიშში მაშინ სამი ოჯახი დარჩა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ადიშელებმა ნახევრადდანგრეულ სახლებში დაბრუნება დაიწყეს, ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელში ახლა უკვე 18 ოჯახი ცხოვრობს.

„ადიშელები ადიშში დაგვაბრუნა იქ უმუშევრობამ, მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა. რაც არ უნდა გვეხნა და გვეთესა, მოსავალი ვეღარ მოგვყავდა. იქ გვალვაა და სარწყავი სისტემაც არ იყო. აქ ბუნებრივი პირობები ისეთია, საქონელს დილით ვუშვებთ, საღამოს მოდის და დამატებით საკვები იშვიათად თუ რაღაც დასჭირდება, დანარჩენი ბუნებრივ კვებაზე გვყავს. მიწებსაც ვამუშავებთ“,  - გვიყვება ნინო ხვისტანი, რომელიც ადიშში მზიანეთიდან დაბრუნდა.

ბაღისა და სკოლის გარეშე

ნინოსა და გონელის ბავშვობაში, ადიშს საკუთარი სკოლა ჰქონდა. დღეს აქ არც სკოლაა და არც ბაღი, არადა დაბრუნებულ ოჯახებში უკვე ბევრი ბავშვია.

„საბაღე ბავშვებიც გვყავს. 12 მოსწავლე კი სკოლაში, იფარში დადის და ხომ იცით, ზამთარი ჩვენთან რთულია. აქაც რომ გაკეთდეს სკოლა, სოფელი რომ შევინარჩუნოთ, გრძელვადიანი პერსპექტივა იყოს, არ დაინგრეს აქაურობა და არ დაიცალოს. ახალგაზრდებით არის ცხოვრება
. სკოლა და ბაღი უპირველესია, მომავალი რომ ჰქონდეს ამ სოფელს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა - ადამიანისთვის სწავლა-განთლებაა“, - გვეუბნება გონელი ავალიანი და იხსენებს, რომ პირველი, რაც მშობლებმა ასწავლეს, ეს ადიშის სიყვარულია.

სკოლა და ბაღი რომ სოფელს გააძლიერებს, სჯერა ნინო ხვისტანსაც, - „აქ არასრული სკოლა იყო, 8 წლიანი. ახლა აღარ არის, მესტიაში ან იფარში უნდა იარონ ბავშვებმა. სახელმწიფო აფინანსებს მანქანას. ძნელია ყველანაირად - ან ზვავი და მეწყერი ჩამოწვება, ან თოვლი ჩამოვა და ელოდებიან ეს ბავშვები და მანქანაც“.

ნინო ვარაუდობს, რომ ადიშში მალე ბაღის ასაკის 20-მდე ბავშვი მაინც იქნება, - „აქ ფეხმძიმე ქალებიც არიან. ყველანაირად ველით, რომ ბაღი გაიხსნება. თვითონ გამგეობისგანაც, სამინისტროსგანაც. პროექტი არსებობს ბაგა-ბაღის, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ვიცით, რომ მშენებლობა 2020 წელს იწყება, მაგრამ მანამდე გვაქვს სურვილი, რომ თუნდაც, ამ სასწავლო წელს ჩვეულებრივ გაიხსნას ჯგუფი“.

საბავშვო ბაღისა და სკოლის არარსებობის გამო გიორგი ქალდანის შვილებიც დაფანტულები არიან - მესამეკლასელი შვილი ბარში ბებია-ბაბუას დაუტოვეს, 2 წლის პატარა კი ადიშში წამოიყვანეს.  

ძალიან ვწვალობთ. რატომ ვერ მყავს აქ და სკოლა არ არის და როგორ წამოვიყვანო?  ტრანსპორტი კი ემსახურებათ, მაგრამ შორი გზაა. თქვენ ხომ გამოიარეთ ეს გზა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პატარები არიან და იღლებიან, სწავლის თავიც არ აქვთ შორ გზაზე რომ მიდიან და მოდიან - ერთი გზა არის 9 კილომეტრი, ანუ ორივე გზა 18 კილომეტრი გამოდის“, - ამბობს გიორგი ქალდანი.

ამ სახიფათო გზის გასავლელად ადიშელებს ტრანსპორტიც უჭირთ. მესტიიდან სოფლამდე არაფერი დადის. 

„მისვლა-მოსვლა ძალიან რთულია. დღეს მოდის ჩემი შვილი, მამამისი ჩავიდა, რომ მანქანით დახვდეს მესტიაში. სხვა ტრანსპორტი არ არის, რომ იქედან ამოვიდეს.  გამოივლიდით ამ გზას და ნახავდით, რა დღეშია“, - გვეუბნება ნინო ხვისტანი.

„ჩვენი ყველაფერი ეს არის“...

ადიშელებს დახმარება მთავარი სიმდიდრის შენარჩუნებაშიც სჭირდებათ. გონელი ავალიანმა სახლი კი ააშენა, მაგრამ სახლის გვერდით მდგარი საგვარეულო კოშკის აღდგენა ვერ შეძლო.

„სოფელში ორი კოშკი გაკეთდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. იმედია, მოგვაქცევენ ყურადღებას. წელს უნდა დაწყებულიყო ზედა კოშკი, სოფლის ზემოთ, თავში დგას, მაგრამ ჯერ არაფერია...“, - ამბობს გონელი.

უძველესი კოშკების მდგომარეობაზე და მათი აღდგენის აუცილებლობაზე გვესაუბრება გიორგი ქალდანიც.

„ხედავთ, კოშკები სახურავის გარეშეა დარჩენილი, დაბზარებულებია და ძალიან სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. ესაა ჩვენი ისტორია, ჩვენი ყველაფერი ეს არის, სვანური ადათ-წესები. მე-14-15 საუკუნის კოშკებია. წარმოიდგინეთ, სახურავის გარეშე აქამდე გაძლეს ამ კოშკებმა. ეს მაცხოვრის ეკლესია ჩვენი წინაპრების მიერ არის აშენებული მე-9 საუკუნეში და დღემდე ვინახავთ. ხატები, სიწმინდეები ამ ეკლესიაშია, შენახული გვაქვს“, - ამბობს  გიორგი ქალდანი.

გიორგის ისტორიული სოფლისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნების მნიშვნელობა კარგად ესმის, თუმცა ამბობს, რომ ადიშელებს საარსებო შემოსავლის გამო, ზოგჯერ ამ პრინციპის დარღვევა უწევთ:

„ეს უძველესი სოფელია. ახალი ნაგებობების შენება ბლოკით არ შეიძლება, სიძველე იკარგება. რაც უფრო ძველი ელფერი ექნება და ძველი სილამაზე ექნება შენარჩუნებული, მით უკეთესი. ჩვენ ვაცნობიერებთ, მაგრამ იძულებული ვართ, ასე გავაკეთოთ, ორი კაპიკი რომ ვიშოვოთ.

ზოგი ხით აკეთებს და ზოგი კიდევ ბლოკით, სწრაფი რაც არის. ქვით რომ გააკეთო, ფინანსებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული.  ვისაც ეხება ძველი, ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, უნდა მიიტანოს ყურამდე. ყურადღება რომ იქნება და სოფელს პროექტში ჩასვამენ, ხელოსნებიც არიან და  გაკეთდება ეს, როგორც საჭიროა. ძეგლის სტატუსი მინიჭებულიც აქვს, მაგრამ მარტო ეს არ შველის. ამას საქმის დაწყება უნდა“. 

ტურისტული ადიში

ადიშში ტურისტებიც მისი ბუნებისა და სიძველეების სანახავად დადიან. ტურიზმი დაბრუნებულებისთვისაც შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა.

„ტურისტული შემოსავალიც დაგვემატა, ფინანსურად გაგვაძლიერა, წინსვლა მოგვცა. მე სამ შვილს ვერანაირად ვერ ვასწავლიდი, ვერც სწავლის საფასურს გადავუხდიდი, ვერც კვებას, ვერც ჩაცმა-დახურვას, რომ არა ტურიზმი. სეზონი მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ოქტომბერშიც არიან ტურისტები, მაგრამ მეტ-ნაკლებად“, - გვეუბნება ნინო ხვისტანი.

ტურიზმის იმედი აქვს გონელი ავალიანსაც: „ ტურისტი რომ წამოვიდა, მხოლოდ აქ კი არა, მთელი სვანეთი გამოაცოცხლა და მომრავლდა ხალხი. 4 ოჯახი ვიყავით და 18 ოჯახი ვართ ახლა. ცენტრალური გზა კეთდება ჯერ-ჯერობით, უშგულისკენ და ალბათ, ჩვენთანაც გააკეთებენ, იმიტომ რომ 18 ოჯახი აღარაა უკვე პატარა სოფელი.“

დაბუნებულებს სჯერათ, რომ მათ სოფლამდე მალე არამხოლოდ გზა მიაღწევს, არამედ ისევ ისეთ ადიშად იქცევა, მათ მახსოვრობას რომ შემორჩა - სოფელი სკოლით, ამბულატორიით, კლუბით, ბიბლიოთეკით, ხალხმრავალი ქორწილებითა და ძველებური დიდებით.   

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში