„ჩამოვედი ახლა, უნდა ვნახო ჩემი დანგრეული სახლი“ - ტარიელ ნეფარიძე დაჟანგულ, დაბრეცილ ჭიშკარს მიაწვა და რის ვაი-ვაგლახით შეაღო, - „რას ჰგავს ეს?! საშიშია უკვე აქ შემოსვლა“ - პირველი სართულის კარს მიუახლოვდა და ბოქლომი მოხსნა. კარის გაღება ხან ცალი მხრით და ხან ორივე ხელის ჯაჯგურის გარეშე არ გამოვიდა - „ყოველწლიურად უფრო და უფრო ძნელია აქ შესვლა. თუ დავკეტე კარი, ვეღარ ვაღებ, თუ გავაღე, ვეღარ ვკეტავ. ბოლოს საერთოდ შალაშინი და გარანდვაც კი დამჭირდა. ბურბუშელა ახლაც ყრია“ - კარი ბოლო ძლიერ მიწოლაზე გაიღო და ინერციამ ტარიელიც ოთახში შეაგდო. შუქი არ აინთო და გაახსენდა, რომ მეორე სართულზე, მთავარი მცველიდან ჰქონდა გამორთული. მეორე სართულზე ასვლა კი ეკიპირების გარეშე კიდევ უფრო საშიშია. ჩანთიდან სამშენებლო ჩაფხუტი ამოიღო, თავზე დაიხურა და მეორე სართულის კიბეებს რომ შეუდგა, სახლის ამბის მოყოლაც დაიწყო.
2017 წელს, როდესაც მის მამას დაავადება დაუდგინდა და თბილისში სამკურნალოდ წაიყვანა, არა უშავდა, ჩვეულებრივი სახლი იყო, იცხოვრებოდა. მაშინ „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფლის ქვეშ მდებარე მაღაროებში შედარებით ახალი შესული იყო. წლინახევრის შემდეგ რომ დაბრუნდა, უკვე მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული. დიდი ბზარები გაჩენილიყო. შემდეგ წლებში კი ნგრევის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა.
„რაღა მაღაროში შესულხარ და რაღა ჩემს სახლში, „კასკა“ მახურავს. ასეთი არაფერი მინახავს, ოთხივე კედელი ოთხ სხვადასხვა მხარეს მიდის. ყველგან დაქანებაა. ცხონებულმა მამაჩემმა ეს სახლი 1991 წელს ააშენა. იმდენად მყარი იყო, დიდი მიწისძვრა რომ მოხდა, იმასაც გაუძლო. კატეგორია არ მოგვცეს. 4 სარტყელი აქვს ამ სახლს გაკეთებული და მიუხედავად ამისა, ბოლო 9 წელიწადში, რაც „ჯორჯიან მანგანეზი“ შემოვიდა, ყველა კედელი გაიბზარა“, - გვიამბობს ტარიელი.
მეორე სართულის კედლებიდან ბლომად აგურებია ჩამოცვენილი. იქაურობა საცხოვრებლად მართლაც აღარ გამოდგება. ტარიელს გაუმართლა. შუქი აინთო და პირველი სართულისკენ დაეშვა. 6 წელია, აქ რომ ჩამოდის, ღამეს მეზობლებთან, ნათესავებთან ათევს. მანამდეც არ იყო ადვილი.
სასტუმრო ოთახში შესული გვაჩვენებს, როგორ იძინებდა იქამდე. გასაშლელი საწოლის თავი ხის ძველი მრგვალი მაგიდის ქვეშ შედგა, ღამით ჭერი რომ ჩამონგრეულიყო, თავში რომ არ დასცემოდა. საწოლს გარშემო სკამები შემოუწყო - ცოტა ესეც შეამცირებდა დარტყმებს.
„ეს გამოიწვია მიწისქვეშა სამუშაოებმა, რომელმაც მეწყრული პროცესები გაააქტიურა. ორი მხრიდან მუშაობენ. ფაქტობრივად, სოფელს ორივე მხრიდან ძირი აქვს გამოცლილი“.
სამას კომლიან შუქრუთში რამდენიმე ათეული სახლი ისეა დანგრეული, რომ აღარ იცხოვრება. ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება განაახლა. სოფლის ქვეშ 2 მაღაროა. თავდაპირველად კომპანია კატეგორიულად უარყოფდა, რომ დასახლების ქვეშ მიწიდან მადანი გამოჰქონდა, მაგრამ როდესაც ნგრევა მასობრივი გახდა, კომპენსაციების გადახდა დაიწყო, რითაც საკუთარი ბრალეულობა ირიბად აღიარა. ტარიელს სრული განსახლება ეკუთვნის, სახლი პირველი კატეგორიის ავარიულობისაა. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაქირავებულმა აუდიტორულმა კომპანია „ინტელექტ პლუსმა“ მისი ქონება, 2 სართულიანი ნაგებობა, 257 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და კარ-მიდამო 68 ათას ლარად, 26 ათას დოლარად შეუფასა, მაგრამ ჯერ თეთრიც არ მიუღია:
„არიან ადამიანები, რომლებსაც 5 000 და 9 000 ლარი მისცეს, წარმოგიდგენიათ? ამას ეძახიან, გავისტუმრეთო. 17-18 ოჯახია, ვისაც ერთი თეთრი არ მიუღია. მცირედის მოკლებაც არ უნდათ.
ეს ხომ მათთვის კატასტროფული ხარჯები არ არის. „რუსთავი 2“ დაუფინანსებიათ 123 მილიონი ლარით 2023-2024 წლებში, ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემს თანასოფლელებს აქციები და საპროტესტო გამოსვლები ჰქონდათ. მამაცხონებულებს, ეს თანხა რომ ჩემი თანასოფლელებისთვის მოეხმარათ, არცერთი ადამიანი საპროტესტოდ არ გამოვიდოდა. იმ ზიანის 80% იქნებოდა დაკმაყოფილებული, რაც ამ სოფელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიაყენა“.
„ჯორჯიან მანგანეზში“ 2024 წელს თქვეს, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდათ დახარჯული, მაგრამ ამას ვალდებულებად არ მიიჩნევდნენ, ჰუმანიტარული მისიით განმარტავდნენ.
„მთის ამბებმა“ კომპანიის საქმიანობაზე ვრცელი საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა. კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ დანგრეული სახლების ქვეშ მოპოვებითი სამუშაოები ბოლოს წლებშიც მიმდინარეობდა:
- „შუქრუთის მაღაროს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ სოფელ ითხვისში და სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქვეშ ვაწარმოებთ მანგანუმის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით. 2007 წელი“;
- „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კომისიამ ადგილზე დაადგინა, რომ შუქრუთის მაღარო მიწისქვეშა სამთო სამუშაოებს აწარმოებს ბუჭუ მეგრელიშვილის ნაკვეთის ქვეშ. 2008 წელი“;
- „თქვენს საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ქვემოთ მიმდინარეობს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პატარიძის (ითხვისის) მაღაროს მიერ მიწისქვეშა სამთო სამუშაოები. 2010 წელი“;
- „შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ შუქრუთის მაღაროს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ სოფელ ითხვისში მცხოვრები თეიმურაზ მეგრელიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ქვეშ ვაწარმოებთ მანგანუმის მადნის მოპოვებას მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით. 2013 წელი“;
მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ 9 წელია სახელმწიფო მმართველი დაუნიშნეს, რიგითი მოქალაქეების კანონიერი უფლებების შელახვა მთელი ეს წლები გრძელდება. შუქრუთისა და ითხვისის ნგრევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამაც ბიზნესის სასარგებლოდ იმუშავა. ითხვისის ნგრევაც, რომლის არეალმა 40 ჰექტარი მოიცვა, 20 სახლი სრულად გაანადგურა, 86 ოჯახი კი რისკის ზონაში დატოვა, სახელმწიფო კომისიამ გასული საუკუნის 70-80-იანი წლების წარმოებას მიაწერა და „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ამ უსამართლობამ ადგილობრივები არაერთხელ გამოიყვანა ქუჩაში. საპროტესტო აქციები მაღაროების ბლოკირებით, პირის ამოკერვით, შიმშილობით სხვადასხვა წლებში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგი მაინც არ ჩანდა და პერიოდულად პროტესტი თბილისში, პარლამენტთან ინაცვლებდა. ჩვენი რეპორტაჟის გმირიც ამ აქციებს თბილისში უერთდებოდა. ტარიელი გადარჩა, მისი თანასოფლელი, გიორგი ნეფარიძე კი სამ ჭიათურელ მაღაროელთან ერთად დააპატიმრეს. ასე გაანეიტრალა ხელისუფლებამ „ჯორჯიან მანაგანეზის“ წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო ტალღა.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს - ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას ედავებოდნენ. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა მიუსაჯა: ორს - 6 წლითა და 3 თვით, ორს - 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სახლის დათვალიერების შემდეგ ტარიელი გიორგი ნეფარიძის მშობლების მოსაკითხად მივიდა.
„გაძლებაზე ვარ. მინდა ჩემს შვილს რომ დავხვდე. იქიდან გვირეკავს და გვამხნევებს. ისე, მე აღარც სიცოცხლე მინდა, აღარც არაფერი, იმდენი უსამართლობა ტრიალებს ჩვენს თავს“, - „ეჰ, მთელი ქვეყნის თავს ტრიალებს ასეთი უსამართლობა“, - ტარიელმა სიტყვა ჩამოართვა გიორგი ნეფარიძის დედას, ლია ნეფარიძეს, რომელმაც თავის გასაჭირი განაგრძო - „დაცლილია სოფელი. ზოგი საზღვარგარეთ არის წასული. ვინ საით გადავარდეს და გადაიხვეწოს, აღარ იცის. ამ მოხუც და ავადმყოფ მშობლებს რომ რამე გაგვიჭირდეს და დავიძახოთ, ვეღარავის გავაგონებთ, რა გვიჭირს. იქით კალე გახდა ცუდად და ისეთი ცუდი გზა არის, სასწრაფო ვერ შემოვიდა, კაცი ხელით გამოსაყვანი გახდა. დაცლილია უბანი. ბავშვი აღარ არის. ახალგაზრდები, ვინც უნდა დაოჯახებულიყო და გამრავლებულიყო, ციხეში გაუშვეს და ბავშვი საიდან იქნება“.
ტარიელმა მეზობლებს გამძლეობა უსურვა და უკან დაბრუნდა. გზად კიდევ ერთი მეზობელი შემოხვდა. ნარგიზ კაპანაძეს მაისურზე ეწერა „ქართულ ოცნებას ვჭირდებით“. ჩვენს დანახვაზე გვთხოვა, მისი დანგრეული სახლიც გადაგვეღო, იქნებ, რამე მეშველოსო. კიდევ მაქვს იმედიო, აღიარა. რომ დავაზუსტებინეთ, რამდენი ხანია, იმ იმედით ცხოვრობს, რომ ხელისუფლება სამართლის მიღწევაში დაეხმარება, თითებზე დაითვალა და გვიპასუხა - იქნება უკვე 15 წელი.
„ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს უმსხვილესი მადანმომპოვებელია, უმდიდრესი კომპანია ასობით მილიონიანი ბრუნვით და წლიურად 96 მილიონიანი მოგებით. რეგიონი კი, სადაც ის ოპერირებს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. ამ სევდიან სურათს და გამოუვალობის ფორმულას შარშან საეჭვო ბრალით, უსამართლოდ დაპატიმრებული 4 მაღაროელიც დაემატა.