საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დარღვევები რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების 49 წლით გადაცემის საქმეზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:46 - 14 ივლისი 2022 hits 6143
ფოტოზე - „მწვანე ალტერნატივიდან“ ნინო გუჯარაიძე, ირაკლი მაჭარაშვილი
ახალი ამბები
ფოტოზე - „მწვანე ალტერნატივიდან“ ნინო გუჯარაიძე, ირაკლი მაჭარაშვილი

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს საქართველოს მთავრობის იმ განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა, რომ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები (104 712 ჰექტარი) აუქციონის გზით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, 49 წლით, დაინტერესებული პირისთვის, რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ დაკავშირებული დავით ხიდაშელისთვის გადაეცა.

ამავე ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

ეროვნული კანონმდებლობითა და კონვენციებით დადგენილი რომელი მოთხოვნები დაარღვია ხელისუფლებამ

  1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 29 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაეცა. მთავრობის განკარგულებას, რომლითაც სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობები დამტკიცდა, ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს. მთავრობის განკარგულებით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა იგეგმება კეთილშობილი ირემის (Cervus elaphus Linnaeus - კავკასიური ფორმა) და დომბას (Bison bonasus - ევროპული ბიზონი) მოსაშენებლად და შემდეგ მათზე სანადიროდ.

დომბა და კეთილშობილი ირემი არ შედის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 1-ელი სექტემბრის 175-ე ბრძანებით დამტკიცებულ ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების ჩამონათვალში. მეტიც, ირემი (Cervus elaphus Linnaeus) საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.  

  1. მთავრობის განკარგულებით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სალიცენზიო ფართობზე სახეობათა რეინტროდუქციისათვის სამონადირეო მეურნეობის საშენები მოაწყოს.

საქართველოს ტყის კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების თანახმად, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა ტყით სპეციალური სარგებლობის ცალკე ფორმაა, რომლით სარგებლობის უფლების მოპოვება განსხვავებული წესით ხდება და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის პირობა არ ანიჭებს პირს საშენის მოწყობის უფლებას. 

  1. მთავრობის განკარგულებით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისათვის წარადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიში. სამონადირეო მეურნეობის ფართობი ზურმუხტის ქსელებში შემავალ ტერიტორიებსაც მოიცავს. „ზურმუხტის დამტკიცებულ, კანდიდატ და შეთავაზებულ ტერიტორიებზე, „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივის (ბერნის კონვენცია) თანახმად, ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს მისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა ზურმუხტის ტერიტორია. იმ შემთხვევაში თუ ზურმუხტის ტერიტორიაზე დაგეგმილ საქმიანობას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს ტერიტორიის ეკოლოგიურ მახასიათებლებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების XXVI დანართის მიხედვით, ბუნების დაცვის თავის, „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ დირექტივის მეექვსე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაცემამდე საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია წარმოადგინოს ე.წ ზურმუხტის ქსელზე ზეგავლენის შეფასება“.

მოცემულ შემთხვევაში ეს ვალდებულება უგულებელყოფილ იქნა და ლიცენზიის მფლობელს პოსტფაქტუმ, საქმიანობის დაწყებამდე, დაევალა სამინისტროში შეთანხმებისთვის წარადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ზემოქმედების ანგარიში.

  1. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომელშიც მოხსენიებულია სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 თებერვლის N1/40 წერილი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ არ გადმოგვცა.

სამინისტროს წერილის შინაარსიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიცენზიის მაძიებლის მიერ შეთავაზებულ დამატებით სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო უთითებდა ლიცენზიის გაცემამდე კვლევების აუცილებლობაზე, მათ შორის, სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმისა და ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე საქმიანობის მიზანშეწონილობის შეფასების დოკუმენტის შემუშავების მიზნით.

  1. შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორმა კახა ამისულაშვილმა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 109 554 ჰექტარ ტერიტორიაზე, 49 წლიანი ვადით სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციისა და პირობების მომზადება. 3 თვის შემდეგ, 2020 წლის 29 იანვარს, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს წარუდგინა განცხადება, რომლითაც სთავაზობს დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. მსგავსი შინაარსის განცხადება შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორს წარდგენილი აქვს 2020 წლის 6 მაისსაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილია სატყეო სააგენტოსა და კომპანიის მიერ მომზადებული კორექტირებული Shp ფაილები. განცხადება არ შეიცავს რაიმე მოთხოვნას.

არცერთი განცხადება არ აკმაყოფილებს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ ფორმალურ სტანდარტებს: არ მოიცავს კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მოთხოვნას. ასევე, არცერთ განცხადებაში არ არის მითითებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 46.2 მუხლით სავალდებულო ინფორმაცია: ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ.

  1. 2020 წლის 29 იანვარს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ონის მუნიციპალიტეტის მერს გაუგზავნა კომპანიის მიერ წარდგენილი დაზუსტებული განცხადება და სთხოვა, ეცნობებინა „მოსაზრება/პოზიცია განცხადებით გათვალისწინებულ მოთხოვნასა და განმცხადებლის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განისაზღვროს დამატებით სალიცენზიო პირობებად“. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი საყვარელიძის წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „ონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის  საფუძველზე, მერია თანახმაა სამონადირეო  მეურნეობის  სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით გამოცხადდეს აუქციონი“.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

  1. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია წიაღის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 თებერვლის N22/1105 წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „გაცნობებთ, რომ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყლის) შესწავლა-მოპოვების მიზნით, 2018 წელს, 25 წლის ვადით შპს „ბი ჯი ინვესტმენტიზე“ გაცემული N1005499 ლიცენზია. გარდა ამისა, სააგენტოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილი ობიექტის ტერიტორიაზე ფიქსირდება მზიურის სპილენძის გამოვლინება, ქვაკაცის სტიბიუმის და ვოლფრამის გამოვლინება, პიპილეთის, ბორჯანის, სორტუანის, ონის, გომის, უწერის, საკაოს, შოვის, ლიხეთის, გობი შურის და ხვარგულას მინერალური წყლების საბადოები და ონის და ამბროლაურის მტკნარი წყლების გამოსავლები. გთხოვთ, სამონადირეო ტერიტორიიდან ამოჭრათ ზემოაღნიშნული ლიცენზია, საბადოები, გამოვლინებები და წარმოადგინოთ დაკორექტირებული რუკა და Shp-ფაილები, რის შემდეგაც გაცნობებთ სააგენტოს პოზიციას“.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი ან/და საკითხის სათანადოდ შესწავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

  1. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის წერილი, სადაც აღნიშნულია: „გაცნობებთ, მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო არ არის წინააღმდეგი გაიცეს წარმოდგენილ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, თუ იგი ხელს არ შეუშლის მიმდებარედ რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნას და მის შემდგომ ფუნქციონირებას“.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება სააგენტოსთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი და რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და ფუნქციონირებისათვის საფრთხის არ არსებობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

  1. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის წერილი, რომელშიც აღნიშნულია: „წარმოდგენილ ღონისძიებებში არ არის ასახული თუ როგორ მოხდება სალიცენზიო ფართობის ფიზიკური დაცვა. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული "ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ" დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ლიცენზიანტის ვალდებულებაა განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“-ს მიერ წარმოდგენილი იქნას დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება სალიცენზიო ობიექტის - 109 554 ჰა ფართობის ტერიტორიის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, რა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება, რამდენი რეინჯერი/ეგერი იქნება დასაქმებული, ამასთანავე ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

ადმინისტარციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება დეპარტამენტთან შემდგომი კომუნიკაციის ამსახველი და/ან საკითხის სათანადოდ შესწავლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

  1. 2022 წლის 10 თებერვალს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ყოველგვარი წინასწარი კვლევისა და პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო ტყის ფართობის 3,5 % ტერიტორიის (104 712ჰა) შემდეგი 49 წლის განმავლობაში განვითარების პერსპექტივის შესახებ და დაამტკიცა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემისათვის ელექტრონული აუქციონის ჩატარების გეგმა. 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს: ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი; მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე.

„გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) 1-ლი მუხლის თანახმად, „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ახლანდელი და მომავალი თაობების ყოველი ადამიანის უფლება იცხოვროს საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობისათვის შესაფერის გარემოში, ამ კონვენციის დებულების შესაბამისად, ყველა მხარე იძლევა საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უფლების გარანტიას“.

კონვენციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“; ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, „ყოველი მხარე უზრუნველყოფს, რომ ჯეროვანი ყურადღება მიექცეს საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს“.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო უზრუნველეყო „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების  მონაწილეობა.

საზოგადობამ, გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხოლოდ აუქციონის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გაიგო. სააგენტომ არ უზრუნველყო არათუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა, არამედ პროცესის შესახებ ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია დადგენილი წესით. მიღებული გადაწყვეტილება არ გამხდარა საზოგადოებისათვის ცნობილი. მეტიც, გადაწყვეტილებების მიღებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების მოპოვება მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის შედეგად შევძელით და გადმოცემული დოკუმენტების შინაარსიდან ნათელია, რომ სრულად დოკუმენტაცია კვლავაც არ გადმოგვცემია.

  1. საქართველოს ტყის კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. 

კანონის ეს მოთხოვნა არ ყოფილა შესრულებული.

  1. საქართველოს ტყის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად, ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებულ შესაბამის გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს: ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი); ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია; ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია; ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია; შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება. ამასთან, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

კანონის არცერთი ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული.

ამ თემაზე:

რაჭის ტყეების საქმეზე გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

ვიცავთ რაჭას - ეროვნული პარკი პუტინის მოკავშირეების ნაცვლად

სამინისტრო დავით ხიდაშელისთვის 104 712 ჰა ტყის გადაცემაზე დოკუმენტებს ასაიდუმლოებს

104 ათასი ჰექტარი ტყე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, 49 წლით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში