საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში მყინვარების ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:48 - 20 მარტი 2017 hits 11432

„ძალიან ცოტა მყინვარია შემორჩენილი პლანეტაზე. ეს უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც გლობალური დათბობის ფონზე დიდი გამოწვევების წინაშე დგას: მყინვარები დნება და დნება სავალალოდ. საქართველო და კერძოდ, სვანეთი გამყინვარების ადგილებით ძალიან მდიდარია. ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელზეც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, ვასაბუთებთ, რომ მყინვარების ეროვნული პარკის შექმნა საქართვლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს „მთის ამბებთან“ საუბარში დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე.

მყინვარი დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასაა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 637 მყინვარია. თანამედროვე მყინვარები ძირითადად მდინარეების - ენგურის, რიონის, კოდორის და თერგის აუზებშია თავმოყრილი.

„კავკასიონის მყინვარების მესამედი საქართველოზე, საქართველოს მყინვარების 40-45% კი ენგურის ხეობაზე მოდის. ეს არის მტკნარი წყლის მარაგი და უნიკალური ლანდშაფტი, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ შემორჩა. ამ მხრივ საქართველო უნიკალური ადგილია. ბევრ ქვეყანას მყინვარი საერთოდ არ აქვს. საქართველოში დაკიდებული ტიპის მყინვარებია, რომლებიც დნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. მყინვარების დნობა ეკოლოგიური კატასტროფების რისკს ქმნის. ეს არის ადგილი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სახიფათოა და სამეცნიერო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამბობს გიორგი გოცირიძე, - „მყინვარების ეროვნული პარკის შექმნით ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ აქ ადამიანები ჩამოვიდნენ, შეისწავლონ ეს უნიკალური ფენომენი და გარკვეული ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, ამ გზით სვანეთი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება. მყინვარების ეროვნული პარკი სამეცნიერო-კვლევითი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებასაც მოგვცემს.“

მყინვარების ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივა პარლამენტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უნდა წარუდგინოს.

მყინვარები საქართველოში სხვადასხვა მდინარეთა აუზებს შორის არათანაბრად არის განაწილებული. წამყვანი ადგილი ამ მხრივ მდინარე ენგურის აუზს უკავია. მასზე მოდის საქართველოს მყინვარების საერთო რაოდენობის 42,22% და ფართობის 62,78%.

მყინვართა ფართობი საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. დევდორაკის მყინვარის დნობა ჯერ კიდევ 1777 წელს დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, 1990-2011 წლებში დევდორაკის მყინვარი 400 მეტრით დაპატარავდა, მთლიანად თერგის აუზში კი მყინვარების რაოდენობა და ფართობი 40%-ით შემცირდა. ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის იყო მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს: ყაზბეგის რაიონში, მესტიისგან და ცენტრალური კავკასიისგან განსხვავებით, მყინვარები განსაკუთრებული სისწრაფით დნება.

მყინვარის დნობის გამო ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესები ორჯერ განვითარდა: პირველად 2014 წლის 17 მაისს, ხოლო მეორედ 2016 წლის 20 აგვისტოს.

2014 წლის 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან გლაციალური (მყინვარული) ღვარცოფი მოვარდა. სტიქიამ  მაშინ 7 ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაგისტრალური გაზსადენები.

2016 წლის 20 აგვისტოს კი დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული ნაკადის  მოვარდნის გამო სამხედრო გზაზე 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. დაზიანდა ჩრდილოეთ–სამხრეთის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი და ლარსი ჰესი. დაიტბორა ლარსის საბაჟო–გამშვები პუნტი და „დარიალჰესის“ გვირაბი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში