საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯერ სტიქია, მერე ჰესები - რეპორტაჟი ორმაგად დაზარალებული წაბლანიდან

21:25 - 24 აპრილი 2021 hits 41495

წაბლანა, ხულოს რაიონი, 658 ამომრჩევლით - ერთადერთი სოფელი საქართველოში, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობა არცერთ ამომრჩეველს არ მიუღია. აქ მცხოვრებ 220-ვე ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი აქვს. 32 წლის წინ, სოფლის ერთ-ერთი ხეობა მეწყერმა მთლიანად დამარხა და 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2013 წლიდან, მეწყრულ, გეოლოგიურად საშიშ ზონაში, მთავრობის ნებართვით ჰესების მშენებლობა დაიწყო, 37 კილომეტრის სიგრძეზე გაითხარა გვირაბები. წაბლანა და მთიანი აჭარის კიდევ რამდენიმე სოფელი უწყლოდ დარჩა.

მეწყრით დაზარალებულ წაბლანელებს დაპირებული კომპენსაცია დღემდე არ მიუღიათ.  სოფელი მესაქონლეობით ირჩენდა თავს, სხალთის ხეობაში ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ კი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროც დაკარგეს. სოფლის კუთვნილი 18 ჰექტარი საძოვარი ჰესების მფლობელი კომპანიის საკუთრებაში მოექცა.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ წაბლანის მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. კომპანიისგან ხალხისთვის თანხის შეთავაზების შემდეგ, აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად ბათუმში მიწის ნაკვეთი გამოყო და პროექტიც მოამზადა. მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა, თუმცა ეკომინგრანტებმა იქ გადასვლაზე უარი თქვეს. ბინები დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. არჩევნებისთვის ბოიკოტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახდა.

„1989 წელს სტიქია რომ მოხდა აქ, წაბლანის სახელზე ანგარიში გაიხსნა. მილიონობით თანხა გადმოირიცხა. მაშინდელმა მთავრობამ ეს ფული გაანიავა. ბინები რომ მოვითხოვეთ, ეს სამართლიანი იყო“, - გვიყვება წაბლანის მკვიდრი ვაჟა შაინიძე.

წაბლანის კიდევ ერთი მცხოვრების, დავით შაინიძის თქმით, ითხოვენ, რომ კორპუსებში საცხოვრებლად ელემენტარული პირობები შეიქმნას, რადგან მათ აღარც სოფლად აქვთ ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა და არც ქალაქში.

წაბლანაში ადგილობრივები ბევრ ადგილს გაჩვენებენ, სადაც ადრე სასმელად ვარგისი წყაროები ამოდიოდა. ახლა სოფელში ერთადერთი წყაროა, რომელიც სრულად არ ჰყოფნით და წყლის მოსატანად კილომეტრებს გადიან. სასმელი წყლის მომარაგებას წვალებით ახერხებენ, თუმცა სარწყავის არქონის გამო ბოსტნეული ვეღარ მოჰყავთ.  

„აჭარისწყალი ჯორჯია“ თავის ერთ-ერთ დოკუმენტში მიუთითებს, რომ ჰესის მშენებლობის ეტაპზე წყაროს წყლის მონიტორინგს 366 წერტილში ახორციელებდა და რაიმე უარყოფითი ზეგავლენა არ გამოვლენილა. ამიტომ, კომპანიის განცხადებით, წყაროს წყლებზე დაკვირვება ჰესის ამუშავებიდან მალევე შეწყდა.

წაბლანაში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, 2019 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 240 ათასი ლარი დაიხარჯა. წყალი წაბლანელებს დღემდე არ მიეწოდებათ.

„მიმღები ნაგებობა გაკეთდა, ავზიდან წყალი მოსახლეობას თვითონ უნდა გაეყვანა, მაგრამ ვერ გაიყვანეს. ახლა 176 ათასი ლარია გამოყოფილი წყალი სახლებამდე რომ მივიდეს“, - ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნადიმ ვასაძის ამ ნათქვამს წაბლანის სასმელი წყლის ავზის მდგომარეობა ეჭვქვეშ აყენებს. ავზი ახლაც, წყალუხვობის დროსაც კი ცარიელია.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში