საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა უნდოდა ჰესებს მყინვარის ძირში - გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის აღიარება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:28 - 27 ნოემბერი 2020 hits 27070
სტიქია დარიალის ხეობაში, 2014 წელი
გარემოს დაცვა
სტიქია დარიალის ხეობაში, 2014 წელი

„ლარსი ჰესთან დაკავშირებით, მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა. მანდ დიდი კვლევები არც იყო საჭირო. 2014 წლის 17 მაისს, სტიქია რომ მოხდა, მფლობელმა იქ პირველივე დღეს ამიყვანა. ვკითხე, რამ აგაშენებინათ მეთქი აქ ჰესი. რა ვქნა, ფულია ჩემი, მე ჰიდროლოგი და გეოლოგი არ ვარო“, - ამ სიტყვების ავტორი მერაბ გაფრინდაშვილია, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი - სახელმწიფო უწყების, რომელიც ქვეყანაში პასუხისმგებელია სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასებაზე, საშიშროების რისკების განსაზღვრაზე, გართულებებისას ოპერატიულ რეაგირებაზე. სწორედ ამ დეპარტამენტს ევალება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე საექსპერტო დასკვნების მომზადება, რომლის გარეშეც ან უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა ვერ გაიცემა.

დევდორაკის მყინვარი, რომლის ძირშიც ლარსიჰესი და დარიალიჰესი აშენდა, ცნობილია მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით. ქართველ მეცნიერებს დარიალის ხეობაში სტიქიის შემთხვევები მე-18 საუკუნიდან აქვთ აღრიცხული. ყველაზე მასშტაბური კატასტროფა 1832 წელს მოხდა, როცა დევდორაკის მყინვარიდან უდიდესი სიჩქარით დაძრულმა ყინულმა და ქვაღორღმა მდინარე თერგი 8 საათით გადაკეტა, შემდეგ მდინარემ ჩახერგილი გაარღვია და ქალაქი ვლადიკავკაზი დატბორა. სტიქიას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

დევდორაკიდან მძლავრი ჩამოზვავება მანამდეც და მას შემდეგაც არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის 2007 წელსაც. ამის მიუხედავად, გეოლოგიის დეპარტამენტს და მერაბ გაფრინდაშვილს, რომელიც 2006 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობს, 2014 წლიდან კი ამ დეპარტამენტის უფროსია, საჯაროდ არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ დევდორაკის მყინვარის ძირში ჰესების მშენებლობა არ შეიძლებოდა. არათუ ხმა არ ამოუღიათ, არამედ 2011 წელს, „დარიალი ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საექსპერტო დასკვნაში, გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზურაბ დოლიძე წერს, რომ შენიშვნები საერთოდ არ აქვთ!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ოთარ დუდაური, სხვა გეოლოგების მსგავსად, ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობა, ბუნებრივი კატასტროფების რისკებს კიდევ უფრო გაზრდიდა.

გეოლოგიის დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს არც მას შემდეგ უთქვამთ რამე, როცა 2014 წელს, ახალაშენებული ლარსიჰესი და მშენებარე დარიალიჰესი დევდორაკიდან მოწყვეტილმა გლაციალურმა ღვარცოფმა ზედიზედ ორჯერ დაანგრია.

17 მაისს ღვარცოფმა რამდენიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილიც დამარხა, 6 ადამიანი კი იმსხვერპლა.

20 აგვისტოს, ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტი შეცვალა, დაანგრია საქართველო – რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, დააზიანა მაგისტრალური გაზსადენი, დაიტბორა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი და „დარიალი ჰესის“ გვირაბი. დაიღუპა ჰესის სადერივაციო გვირაბში მყოფი 2 მუშა, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებდნენ.

მყინვარის ძირში რომ ჰესების მშენებლობა დაუშვებელი იყო, გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა მხოლოდ 2020 წელს აღიარა.

ონლაინდისკუსია „მაღლივი კახშლები, სეისმური საფრთხე და ბუნებრივი კატასტროფების მოდელირება“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. დისკუსიაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ძირითადი განსახილველი საკითხი ნამოხვანის ჰესების კასკადი იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებები მაღალი სეისმური რისკების შესახებ და 2020 წლის 28 თებერვალს, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება გასცა. 22 აპრილს კი ინვესტორმა კომპანიამ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან, მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვაც მიიღო.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მგვტ-ია. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს, ქვედა ნამოხვანის ჰესის კაშხლის სიმაღლე 105 მეტრია. ჯამში დაიტბორება 1500 ჰექტარზე მეტი.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგების შეფასებით, ნამოხვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, მაშინ, როცა რაჭაში 1991 წელს 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

„ქუთაისთან მიმართებაში დაახლოებით 20 წუთია რეაგირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ქვედა ნამოხვანის კაშხალი დაზიანდა ან დაინგრა.

მოდელირების მიხედვით, ფოთის სანაპიროსთან მიდის 2-2.5 მეტრის ტალღა“, - ამბობს ლაშა სუხიშვილი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დარიალიჰესის და ნამოხვანის ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ არის მომზადებული. იგივე კომპანიაა აჭარაში შუახევიჰესის გზშ-ს ავტორი. შუახევიჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და საზეიმოდ, 2017 წელს გაიხსნა. გახსნიდან ორ თვეში 37 კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. კომპანიას 2 წელი დასჭირდა გვირაბის შესაკეთებლად, თუმცა მოსახლეობა დღემდე ჩივის მრავალი პრობლემის გამო. 52 მეტრიანი კაშხალი, საიდანაც გვირაბით, შუახევიჰესი წყლით მარაგდება, დაზიანებულია და რამდენიმე ადგილას წყალი გასდის. შუახევი ჰესის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიაა „ქლინ ენერჯი“ - ამჟამინდელი სახელწოდებით შპს „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც მიღებული აქვს ნებართვა მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი: სეისმური უსაფრთხოება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია არამხოლოდ ჰესებისა და მაღალი კაშხლების მშენებლობისათვის, არამედ ზოგადად მშენებლობისათვის. საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, სამწუხაროდ, სულ სამი სამშენებლო ნორმა და წესი გვაქვს მიღებული. ეს არის სამშენებლო კლიმატოლოგია, შენობა ნაგებობის ფუძე-საძირკვლები, რომელიც პირდაპირ გეტყვით ხარვეზიანია და 2009 წელს მიღებულ იქნა სეისმომედეგი მშენებლობა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში უნდა განახლდეს და რა თქმა უნდა ძირეულად არის შესაცვლელი. უპირობოდ აუცილებელია ყოველი მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტის სამშენებლო მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდეს დეტალური სეისმური კვლევები. იცით, ალბათ, ჩვენი სამინისტროს სტრუქტურა. ჩვენს გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები 20-25 დამოუკიდებელ ექსპერტთან იგზავნება და ყველა ექსპერტი თავისას გამოხატავს, შემდეგ მიიღება საერთო გადაწყვეტილება.

ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი: ბატონო მერაბ, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ 20-25 ექსპერტი ყოფილიყო. სამზე მეტი არსად ყოფილა.

მერაბ გაფრინდაშვილი: არა, მე ვამბობ რომ ჰყავთ. შეიძლება ერთ რომელიმე გზშ-ზე მართლაც სამი და ოთხი ჰყავდეთ, მაგრამ ზოგადად სიაში ამდენი ჰყავთ. საბედნიეროდ, ბოლო 8-10 წელია, ქვეყანა მიხვდა, რომ გეოლოგია საჭიროა. შეიძლება ყველა გზშ-ში ჩვენ ვერ ჩავერთოთ იმიტომ, რომ ვიყავით 80-ნი და სხვადასხვა მიზეზების გამო დავრჩით 35 თანამშრომელი.

ნამოხვანის ჰესებთან მიმართებაში მთავარი და პრობლემური საკითხი გონის მასივია, რომლის ქვეშაც კაშხლის კუდი არ უნდა შევიდეს. დონეების რყევამ იქ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.

ჩვენმა სამინისტრომ, გონის მასივზე კომპანია დაავალდებულა მონიტორინგის სისტემები დააყენოს, ვალდებულები არიან შეასრულონ. ეს მასივი ყველაზე რთულია ნამოხვანში. 

თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი: 105 მეტრის სიმაღლის ნამოხვანის კაშხლის მშენებლობა ყოველგვარი კვლევისა და კალკულაციის გარეშე იგეგმება. კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კვლევა ჩაატარეს, რომელიც ექსპერტებმა შეამოწმეს საფრანგეთიდან. სინამდვილეში, მათ გამოიყენეს ჩვენი რუკები და გაანგარიშებები, რომელიც შემუშავებული იყო ჩვენი სეისმოლოგის, ზურაბ ჯავახიშვილის მიერ. მათ გამოიყენეს ეს ციფრები, რომელიც ძალიან ძველია და აბსოლუტურად გამოუსადეგარი.

ზურა ჯავახიშვილი, სეისმოლოგი: არ შეიძლება დარაიონების რუკა, რომელიც მოქმედია ან მომავალში რომ მივიღებთ, გამოვიყენოთ ისეთი დიდი კონსტრუქციებისთვის, როგორიც არის კაშხლები, როგორიც არის კილომეტრიანი გვირაბები.

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“ ხელმძღვანელი: როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპანიას აძლევს ძალიან ბევრ პირობას, ეს ნიშნავს, რომ კვლევა არ არის ჩატარებული. კვლევა თუ არის ჩატარებული, ამდენი პირობები არ იქნება. ეს გააკეთე, ის მოიტანე, ის გაიტანე, ეს ნიშნავს, რომ კვლევა არ არის ჩატარებული.

ირაკლი მაჭარაშვილი: ეს პრაქტიკა თუ არ მოხსნა ერთი მხრივ გარემოს დაცვის სამინისტრომ და მეორ მხრივ იმ უწყებამ, რომელიც მშენებლობის ნებართვას გასცემს, ყოველთვის გაგრძელდება უხარისხოდ. ჩემი აზრით, დანაშაულია როდესაც ნებართვა პირობით გაიცემა. მავნებლობაა წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვის მიცემა. მერე თუ აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი ამ დროსა და ამ სივრცეში, პარამეტრებში არ გამოდის, მაშინ ის წინასწარი სამუშაოები რისთვის უნდა გაკეთდეს? ნებართვის გამცემ სამინისტროებს აქვთ კაპიტულანტური დამოკიდებულება, მთავარია აშენდეს, იქ ხე წაიქცევა, თევზი გაჩანაგდება, 5 კაცი თუ 5 სოფელი იქნება გასასახლებელი, ეგ მერე გადაწყდება. რაც მშენებლობის დაწყებამდე და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესშია გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს თავის დროზე და არა პოსტ ფაქტუმ.

როდესაც მინისტრი ხელს აწერს ბრძანებას და აქვს 20-30 პირობა, რომელიც შემდეგ უნდა დაკმაყოფილდეს - კვლევა ჩატარებული არ არის. მინისტრი ამბობს, რომ კვლევა ჩატარებულია და ნებართვა ისე გავეციო, სრულყოფილად არისო ჩატარებული, დავითაშვილი იძახის, ე.ი. თვითონ წაკითხულიც არ აქვს, ხელი რაზე მოაწერა.

შეუტანეს და უთხრეს, რომ დარეკილია და ხელი უნდა მოაწერო, ამას სხვა რა ახსნა აქვს?

დავით გიგინეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი: მე მოვაწერე ხელი პირობიან ნებართვას ნამოხვანის ჰესების პროექტთან დაკავშირებით. შევისწავლეთ დოკუმენტები და დავადგინეთ, რომ წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციაში არ იყო შესაბამისი კვლევები ჩატარებული, არ იყო პროექტი, რომელიც საშუალებას იძლეოდა სრულფასოვანი ნებართვის გასაცემად. ამიტომაც, ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებით, 2020 წლის 22 აპრილს გაცემულია პირობიანი ნებართვა.

პირობა არის შემდეგი: სამშენებლო სამუშაოები არ უნდა განხორციელდეს, გარდა მოსამზადებელი რიგის მიწის სამუშაოებისა. ეს არის დაკვალვა, ძირითადი ღერძების დაფიქსირება და მოსამზადებელი სამუშაოები.

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ნამოხვანს ჩვენ ნებართვა არ მივეცით. მივეცით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ნებართვა, რომ შეძლონ შესაბამისი გეოლოგიური კვლევების ჩატარება.

სხვადასხვა ტიპის კვლევაა ჩასატარებელი, მათ შორის გეოფიზიკური, სამშენებლო უბანზე, რომლის საფუძველზეც უნდა შედგეს სამშენებლო დოკუმენტი, რომელიც ცალსახად უნდა იქნას დაპროექტებული ტექნიკური რეგლამენტებისა და მათ შორის გაიდლაინების გათვალისწინებით, რომელსაც ისევ წარადგენენ სააგენტოში, განიხილავს სააგენტო და თუ პირობა არ იქნება შესრულებული, არ მისცემს სრულყოფილ ნებართვას.

ნამოხვანჰესის შეცვლილი პროექტი, რბილად რომ ვთქვათ, არასრულყოფილია. ანუ, სამშენებლო დოკუმენტაცია არ არსებობს. ჩვენი კანონმდებლობით ამის მოთხოვნა სავალდებულოა.

რაც შეეხება ონის ჰესების კასკადს, იცით, რომ ონის ჰესებზე მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით საერთოდ არ არის გაცემული და შესაბამისი კვლევებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, სააგენტო გასცემს ან არ გასცემს, ან დაახარვეზებს. მე გეტყვით, რომ ონი ჰესების კასკადი დახარვეზებული იყო სამჯერ, სხვადასხვა მიზეზების გამო.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მთლიანად ჩვენი სამშენებლო კანონმდებლობა ძალიან ლიბერალური და ინვესტორებზე მორგებულია, დაწყებული პატარა სახლით, დამთავრებული დიდი კაშხლებით. პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რაც უპირველესად უნდა დაიწყოს მომატებული საფრთხის შემცველი ობიექტებით და ეს არ არის მხოლოდ კაშხლები, ასეთია გვირაბები, ხიდები და ა.შ.

მე მქონდა შეხვედრები UNDP-თან (გაეროს განვითარების პროგრამა) და ვთხოვდით, დაგვხმარებოდნენ ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებისთვის“.

ნამოხვანის ჰესების პროექტზე პირობიანი ნებართვის გაცემიდან მალევე დავით გიგინეიშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობდა დატოვა. ის სამუშაოდ კერძო კომპანიაში გადავიდა.

ნინო ჩხობაძის თქმით, ევროკავშირის კანონმდებლობით, თუ ნებართვა გაიცა, პირობიანი იქნება ეს თუ უპირობო, გართულების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნებართვის გამცემს ეკისრება: „ჩვენი კანონმდებლობა ამას ასე არ ითვალისწინებს. დევდორაკთან დაკავშირებით მშენებელს უნდა ეჩივლა სახელმწიფოსთვის, თუ არ შეიძლებოდა იქ ჰესების აშენება, რატომ მისცეს ნებართვა, ასე დავობენ ევროპაში. ამ შემთხვევაში უწყება იწყებს ფიქრს, თუ ასეა, მაშინ მე არ გავცემ ნებართვას მარტივად. სვანეთში, რაც დაინგრა მესტიაჭალაზე, ვაფრთხილებდით, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში ზარალი მიიღო სახელმწიფომ იმიტომ, რომ 50 მეგავატის ნაცვლად ვიღებთ 0 მეგავატს“.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 34-ე დღეა რიონის ხეობაში აქციას მართავენ. სოფლების ტვიშის, მექვენას და ნამოხვანის მცხოვრებლებს სადღეღამისო მორიგეობა ჯერ ნამოხვანში ჰქონდათ დაწესებული, იქ, სადაც ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი. 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. სასულიერო პირებმა ჯვარი იმავე დღეს აკურთხეს.

აქციის მონაწილეების უწყვეტი პროტესტის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სოფელ ჟონეთში, კომპანიის მეორე ბაზასთან გადაინაცვლეს და ახლაც იქ არიან.

14 ნოემბერს გამართული აქცია იმერეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ, 7 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

19 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და პროექტი უსაფრთხოების კუთხით კარგად არის გათვლილი. მინისტრის თქმით, წუხილი გადაჭარბებულია და პროტესტი განიმუხტება.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში