საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ ყრიან მატყლს თუში მეცხვარეები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:18 - 28 ივნისი 2016 hits 7491

დამწვარ და დიდი რაოდენობით გადაყრილ მატყლს თუშეთში ბევრგან ნახავთ, მათ შორის საავტომობილო გზის პირას. თუშური ჯიშის ცხვრის მატყლს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და წლების წინ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული იყო, მეცხვარეები ყოველწლიურად ტონობით ყრიან, რადგან რეალიზაციას ვერ ახერხებენ. ერთი კილოგრამი მატყლის გასაყიდი ფასი 50 თეთრია.

52 წლის ფრიდონ გაფრინდაული მეცხვარეობას ბავშვობიდან მისდევს. მისი თქმით, ვიდრე თუშეთი მოსახლეობისგან დაიცლებოდა, მატყლის მიმღები და დასამუშავებელი პუნქტები თუშეთშივე იყო და მეცხვარე ცხვრისა და ყველის გარდა, შემოსავალს მატყლის რეალიზაციიდანაც იღებდა.

„მატყლს აქვე ვაბარებდით და კარგი ფასიც ჰქონდა. დღევანდელი ანგარიშით,12-დან 15 ლარამდე ღირდა. ეს იყო 80-იან წლებში. მოთხოვნა და ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთში აღარ გადის. თუშური მატყლი უხეშია და ძირითადად იქ გადიოდა, ჯარისკაცებისთვის იყენებდნენ. ევროპას უხეში მატყლი არ უნდა, ამიტომ მოთხოვნა აღარ არის. ცხვარს იმიტომ ვპარსავთ, რომ აწუხებს, თორემ საერთოდ არ გავპარსავდით. მატყლის დიდ ნაწილს ვყრით, ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს“, - უთხრა ფრიდონ გაფრინდაულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

მისივე თქმით, ბოლო წლებში ცხვრის რაოდენობა შეამცირა.

„1000 სული ცხვარი მყავს. შევამცირე, რადგან აღარ არის იმდენი შემოსავალი, აღარც მწყემსია, აღარც მატყლს აქვს ფასი.

მე ცხვარი სოფელ ვაკისძირში მყავს. აქამდე სამანქანო გზა არ მოდის. მატყლი ცხენს უნდა ავკიდო, სამანქანო გზამდე ჩავიტანო, მერე სატვირთო მანქანა ვიქირაო, 1000-1200 ლარს იღებს, გააჩნია როგორ მორიგდები. ბარში ჩატანილ მატყლში აზერბაიჯანელები 50 თეთრს იხდიან. სუფთა მატყლი 70 თეთრადაც იყიდება. აბა რა აზრი აქვს?

ამიტომ მთაშივე იყრება და აქვე რჩება მატყლი“, - ამბობს მეცხვარე.

გოგი ბექურაიძე ყოველწლიურად დაახლოებით 4-5 ტონა მატყლს ყრის. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია მატყლი აღარ გაუყიდია, რადგან თუშეთიდან ბარში ტრანსპორტირება არ უღირს.

„მპარსავს კილოგრამის გაპარსვაში უნდა მივცე მინიმუმ 50 თეთრი. კილოგრამის ტრანსპორტირებაც 50 თეთრი მიჯდება. გაპარსვა და ტრანსპორტირება თუ ლარი გიჯდება, 50 თეთრად რომ გაყიდო რა აზრი აქვს? 5 – 6 ლარი მაინც უნდა ღირდეს კილოგრამი მატყლი. კომუნისტების დროს 13-14 მანეთი ღირდა. ისინი რომ წავიდნენ, მაქსიმალური ფასი ერთი ლარი იყო, ეხლა ლარსაც აღარ იხდიან. მაშინ რუსეთიდან იყო მოთხოვნა, იქ გადიოდა და ძირითადად სამხედრო ტანსაცმელს და შინელებს ამზადებდნენ. თუშურ მატყლს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, 30 დაავადებას კურნავს. სხვა არცერთ მატყლს ასეთი თვისება არ გააჩნია“, - ამბობს გოგი ბექურაიძე.

1600 სული ცხვარი ჰყავს ჯიჯური ჯიჯურიძეს სოფელ შენაქოში. წლის განმავლობაში დაახლოებით 3-4 ტონა მატყლს იღებს. გასულ წლებში მისგან მატყლს აზერბაიჯანელები ყიდულობდნენ, თუმცა წელს თუშეთიდან მატყლის ბარში ჩატანას აღარ აპირებს.

„ბოლოს რომ გავყიდე, 2 ტონა მივეცი კილოგრამი 50 თეთრად. კაბალიდან, იორმუღანლოდან მოდიან, რეცხავენ და 3 დოლარად აბარებენ თურქეთში.

წელს აღარ ვაპირებ გაყიდვას, აღარ ჩამოვიტან, დავყრი იქ სოფელში და ვისაც უნდა აიღოს. პარსვის და ტრანსპორტირების ხარჯებს ვერ ანაზაღაურებს“, - აღნიშნავს მეცხვარე.

2014 წელს, ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, რომლის დაფინანსებითაც თუშეთში სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება, მეცხვარეებისთვის ცხვრის საპარსი აპარატები შეიძინა. ტექნიკა ქვემო ალვანში ინახება და საკრებულოს მიერ დაფუძნებული ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ბალანსზეა. მეცხვარეებს მისი ქირაობა შეუძლიათ, თუმცა გოგი ბექურაიძის თქმით, ქირის გადასახადის გამო ელექტრონულ საპარსებს ბევრი მეცხვარე ვერ იყენებს.

„აგრეგატი რომ ვიქირაო, ერთ სულ ცხვარზე 30 თეთრი უნდა გადავიხადო. კომპლექტში 12 მანქანაა და ძრავზე მუშაობს. დროზე რომ გავპარსო ცხვარი, მპარსავებს ვქირაობ, მასაც 50 თეთრი უნდა გადავუხადო. ანუ ერთი ცხვრის გაპარსვა 80 თეთრი მიჯდება, უფრო ძვირი, ვიდრე ხელით პარსვა. 30 თეთრი ბევრს არ აწყობს. ვისაც 300-400 სული ჰყავს, ხელით პარსავს“, - ამბობს ბექურაიძე.

მეცხვარეები ითხოვენ, რომ ხელისუფლება მათ მატყლის გასაღების ბაზრის მოძიებაში დაეხმაროს.

„რომ ამბობენ, ამდენ პროგრამას ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისო, სახელმწიფოს შეუძლია საბიუჯეტო მხარდაჭერით საწარმო გაკეთდეს და საქართველოს მასშტაბით რაც მატყლი გვაქვს, იქ ჩაბარდეს. სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. გვქონდა ამაზე საუბარი მთავრობასთან. გვითხრეს, რომ მაგალითად პლედების შესაძენად სხვადასხვა უწყებები ტენდერს ატარებენ, ვინც გაიმარჯვებს იმან უნდა მოამარაგოს და თურქეთიდან შემოაქვთ, იაფი  უჯდებათ. გადაყრილზე იაფი როგორღა უჯდებათ, ჩვენ ხომ ვყრით მატყლს. ამისთანა სასარგებლო მატყლს ასე აფუჭებენ. პატრონი არ გვყავს, ფულს არავინ დებს ამ საქმეში“, - აღნიშნავს ფრიდონ გაფრინდაული.

მეცხვარეებს მატყლის გარდა ცხვრის რეალიზაციის პრობლემაც აწუხებთ. გოგი ბექურაიძის თქმით, ბოლო წლებში თოხლის ფასი საგრძნობლად დაეცა. „არაბები 100 დოლარს იხდიდნენ, მაგრამ 2-3 წელია 50 დოლარად ვეღარ იყიდება. ყველა მეცხვარე ბანკზეა მიბმული, რადგან სამწუხაროდ, ხარჯი უფრო მეტია უკვე, ვიდრე შემოსავალი. ვალს ბოლოს დაფარვა ხომ უნდა და ცხვრის გაყიდვა მოგვიწევს“, - ამბობს გოგი ბექურაიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, საქართველოდან ცხვრისა და მატყლის ექსპორტი მზარდია. სოხაძის თქმით, საწარმოების შექმნასა და ბაზრის მოძიებაზე თავად ფერმერებმა და ბიზნესმა უნდა იაქტიუროს.

„სახელმწიფოს ევალება ისეთი სიტუაცია შექმნას ჯანმრთელობის კუთხით, რომ მატყლის ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს.

მატყლის თემა საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან მხოლოდ აზის ქვეყნებში - ინდოეთსა და პაკისტანში გადიოდა. წელს მატყლი  უკრაინაშიც გავიდა. ასევე, წელს ევროპამ ჩვენი ორი საწარმო აღიარა, ახლა ჯერი ბიზნესზეა.

უნდა მოიძიოს პარტნიორები, რომლებიც შეისყიდიან პროდუქტს საქართველოში და ტრანსპორტირებას გაუკეთებენ. მატყლის ექსპორტი მზარდია. ჯერჯერობით ვერ შეედრება იმას, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სახელმწიფოს რაც ევალება აკეთებს, ვერ გეტყვით რომ 100%-ით, მაგრამ ვცდილობთ მეცხვარეებს დავეხმაროთ.

მატყლი ზოგიერთ ადგილზე 50 თეთრიც არ არის, 35 თეთრი ღირს, ძალიან დაბალი ფასია. ამიტომ, აუცილებელია ადგილობრივი საწარმო, რომელიც ოდნავ უფრო მაღალ ფასში ჩაიბარებს და მეცხვარეები ტრანსპორტირების თანხას აღარ გადაიხდიან. მეცხვარეების ინტერესშიც შედის თუ მოახერხებენ კოოპერატივის შექმნას, სახელმწიფოს აქვს უამრავი პროგრამა. მთავარია მონდომება“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მიხეილ სოხაძემ.

საქართველოში არსებული ცხვრის 80-85% თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია, ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობის მოთელილი ნაწარმის დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70 - 75 კგ-ია. მატყლის ნაპარსი კი 3,5 - 4 კგ-ს შეადგენს.

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა. 2010 წელს - 178 000, 2011 წელს 155 000, 2012 წელს- 170 000, 2013 წელს კი - 160 000 სული ცხვარი.

მიმდინარე წელს ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 ქართული კომპანია - შპს „ჯორჯიან ვულ“ და შპს „ქართული მატყლის კომპანია“ აღიარა. ევროკავშირის ქვეყნებში  დაუმუშავებელი ( გაურეცხავი) მატყლის გატანა საქართველოდან მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში