საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი უკვე ღიაა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:28 - 02 დეკემბერი 2016 hits 5473

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა ყველა ფორმალური პროცედურა დაასრულა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამინისტრომ მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.

ამჟამად საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 17 ტონა თაფლი (116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. 2014 წელს მეფუტკრეებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა (54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს.

ევროკავშირს თაფლის შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობა და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები.

2015 წლის 15 იანვარს ხელი მოეწერა ევროკავშირის დახმარების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში და საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში. ამ მიზნით საქართველომ ევროკავშირისგან მომდევნო 2019 წლამდე 44,5 მლნ ევრო უნდა მიიღოს (აქედან 25 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა).

თაფლთან ერთად ექსპორტზე შესაძლოა, ფუტკრის რძე, შხამი, ყვავილის მტვერი, დინდგელი, ცვილი და ჭეო გავიდეს.

უნიკალური თვისებების გამო ქართულ დედა ფუტკარზე მაღალი მოთხოვნაა. ამჟამად მისი ექსპორტი არ ხორციელდება. ამიტომ ის უცხოეთში ძირითადად კონტრაბანდული სახით გადაჰყავთ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ცალი დედა ფუტკარი 20-25 ლარი ღირს, უცხო ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში კი მისმა ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარსაც გადაააჭარბოს.

ქართული ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით არის ცნობილი. მისი ხორთუმის სიგრძე 7,2 მმ-ს აღწევს. ასეთი გრძელი ხორთუმი სხვა არცერთი ჯიშის ფუტკარს არ აქვს. გრძელი ხორთუმის გამო ქართული ფუტკარი ნექტარს ისეთი სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებიც სხვა ჯიშის ფუტკრებისთვის მიუწვდომელია. მშვიდ და სტაბილურ კლიმატურ პირობებში ქართული ფუტკრის ერთ ოჯახს 100 კგ-მდე თაფლის მოტანა შეუძლია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში