საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ვერ ვითარდება მეცხვარეობა - უტა წიკლაური პრობლემებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:38 - 21 იანვარი 2020 hits 33731

როდესაც 23 წლის სპორტსმენი ბანკებს ბიზნესიდეის დაფინანსებას სთხოვდა და უხსნიდა, რისთვის სჭირდებოდა ფული, ყველგან გაოცებულ სახეებს აწყდებოდა. „ვერავის წარმოედგინა, რომ 23 წლის ბიჭს სესხის აღება ცხვრის საყიდლად მინდოდა. წიკლაური ვარ გვარად და ალბათ, მთის და ამ დარგის სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო, მაგრამ რაღაცას რომ დავისახავ მიზნად, აუცილებლად უნდა მივაღწიო“, - ბიზნესიდეა არ დაუფინანსეს, თუმცა 25 ათასი ლარი, სამომხმარებლო სესხი მაინც აიღო და 100 სული ცხვარი იყიდა. ყოფილი ფეხბურთელი და მორაგბე უტა წიკლაური ახლა 32 წლისაა და 500-მდე ცხვარი ჰყავს.

განვითარებას ცდილობს. მეცხვარეობა თითქოს უნდა განვითარებულიყო კიდეც - ბოლო რამდენიმე წელია, რაც ქართული ცხვარი აქტიურად გადის ექსპორტზე არაბულ ქვეყნებში. ცხვრის ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 250 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა დარგის განვითარების ნაცვლად, ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მთაში ცხვარი მცირდება.

„პირველ რიგში მუშახელის პრობლემაა. გაზარმაცებულია ხალხი. შრომა აღარ უნდათ. ურჩევნიათ, რომ ვიღაცას ხელებში უყურონ, ვიდრე საქმე აკეთონ. გარკვეულწილად უსაქმურობას ხელი შეუწყო სოციალურმა დახმარებამ.

არ ვამბობ, რომ სოციალური დახმარება აბსოლუტურად მოსახსნელია, თუმცა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც უქმად ყოფნას და სოციალური დახმარების მიღებას ირჩევენ, ვიდრე მუშაობა დაიწყონ, იშრომონ და მათ შორის დახმარებაზე მეტი შემოსავალი ჰქონდეთ. კი, რთულია მეცხვარეობა, ფიზიკურად ვერ უძლებენ ამ შრომას. დღე და ღამე გარეთ ხარ. მაგრამ საქმიანი ხალხი ყველგან ჭირს. ჩვენთან მუშახელის დეფიციტის გამო ხალხი ცხვარს იშორებს, ყიდის იმიტომ, რომ აღარ შეუძლიათ, ვერ ვითარდები თუ დამხმარეები არ გყავს.

ამ სფეროში ბოლო წლებში ძირითადად აზერბაიჯანელები ვითარდებიან, მთელი ოჯახი უვლის ცხვარს, დიდიც და პატარაც. ხშირად იქვე ცხოვრობენ, ფერმებში. თუშებშიც კი, რომლებიც ოდითგანვე მეცხვარეობასა და მომთაბარეობას ეწეოდნენ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ საგრძნობლად შემცირებულია ეს საქმიანობა. უფრო ტურისტულ ბიზნესში ჩართვას ცდილობენ.

- უტა, მეცხვარეებს საძოვრებთან დაკავშირებითაც გქონდათ პრობლემები. როგორც ვიცით, ბევრგან მთები იჯარითაა გაცემული და ნორმატიულ ფასთან შედარებით, კერძო პირები საძოვრით სარგებლობის გადასახადს მნიშვნელოვნად ზრდიან. ახლა რა სიტუაციაა ამ კუთხით?

- იჯარასთან დაკავშირებით ისევ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ფაქტობრივად, საძოვრების იჯარით გაცემა შეჩერებულია. იჯარები ისეთ პირებს აქვთ, ვისაც თავის დროზე კომპიუტერთან მეტი წვდომა ჰქონდათ და ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. ამ ადამიანებმა წლების წინ აიღეს ეს მიწები და დღეს, კონკრეტულ მიწაზე ცხვრის ძოვების გადასახადი 2 ლარი რომ უნდა ღირდეს, ქირაში დაახლოებით 10-15 ლარის გადახდა გვიწევს. ხშირ შემთხვევაში იჯარები ვადაგასულიც კი არის, მაგრამ არ ხდება ამ იჯარის გაუქმება, რომ იმ ხალხს გადაეცეს, ვინც მეცხვარეობაშია და ამ საქმეს განავითარებს, ბიუჯეტში თანხასაც შეიტანს. ეს საკითხი ძალიან პრობლემური და მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის. ამას დროზე თუ არ მიეხედა ხელისუფლების მხრიდან, მოგვიწევს ცხვარი კიდევ უფრო შევამციროთ. სადაც იჯარას ვადა აქვს გასული, იმ მიწაზე ცხვარი რომ შევიყვანოთ, ძველი მოსარგებლეები ისევ ეპატრონებიან და ფიზიკურ წინააღმდეგობას გვიწევენ.

- ცხვრის გადასარაკ ტრასებს რაც შეეხება, რომლის არარსებობის გამო ხშირად ცხვარს სამანქანო გზებზე მიერეკებიან, მაგალითად, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, კახეთში, აქ გვაქვს რამე წინსვლა?

- მეცხვარეებსა და მესაქონლეებს ტრადიციულად ჰქონდათ გადასარეკი ტრასები. მაგრამ, დღეისათვის ამ ტრასების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან გადაფარვაშია, რაც ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის. ვერ ხერხდება ტრასების დარეგისტრირება.

არის ადგილები, სადაც ცხვრის და საქონლის გადარეკვა პირდაპირ საავტომობილო გზაზე გვიწევს. გასულ წელს, ორი თუ სამი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ფარაში სატვირთო შემოვარდა, რამდენიმე ასეული სული გაწყვიტა. ამ დროს მეცხვარე ხომ ზარალდება და თან ჩვენ გვეკისრება დაზიანებული მანქანის მეპატრონისთვის ზიანის ანაზღაურება.

ტრასები აუცილებელია, რომ მშვიდად მოვახერხოთ ბარიდან მთაში ასვლა და მთიდან ბარში ჩამოსვლა.

- მატყლს ისევ ყრით თუ შეიცვალა რამე და რეალიზაციას ახერხებთ?

- როგორც კი ცხვრის ფასი იმატებს, ეგრევე ყველაფერი გვიძვირდება.

ერთი სული ცხვრის გაპარსვა დაახლოებით 1.70-1.80 თეთრი ჯდება. მატყლის ჩასაბარებელი ფასი კი 30 თეთრია. მთიდან ჩამოტანაც არ გვიღირს. იქვე ვტოვებთ ან ვწვავთ.

ერთი საწარმოა ალვანში, ხალიჩებს აწარმოებს. ის იბარებს მატყლს, მაგრამ იმდენად მცირეა ზომით, ვერაფერს ცვლის.

მეცხვარეთა ასოციაციას ქართული ცხვრის მატყლი კვლევისთვის ავსტრიაში გვაქვს გაგზავნილი. დაახლოებით 15 000 ევრო გვჭირდება, რომ სრულყოფილი კვლევა ჩატარდეს და რეკომენდაციები შემუშავდეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება ჩვენი უხეში მატყლის გამოყენება. დონორსაც ვეძებთ კვლევის ხარჯების დასაფარად.

- სახელმწიფო არ გეხმარებათ?

- უშუალოდ მატყლის კვლევის ნაწილში სახელმწიფო ჩართული არ არის, თუმცა რასაც ჰქვია სავაქცინაციო ცენტრები, 6 ცენტრი უკვე ააშენეს და მეშვიდეს მშენებლობა ახლა მიმდინარეობს სოფელ ბულაჩაურში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მცხეთა-მთიანეთში მომთაბარე მეცხვარეებისთვის. როდესაც ცხვარი მთაში მიდის, აუცილებლად უნდა განიბანოს ვაქცინით, რომ დაავადება არ აიტანოს და შესაბამისად, მთიდან რომ ჩამოდის, მაშინაც იგივე უნდა მოხდეს. ამჟამად ვაქცინა აბსოლუტურად უფასოა, ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რაც შეეხება ვეტერინარებს, ფაქტობრივად ჩვენს სფეროში ვეტექიმები არ არიან. ჩვენ გვიწევს ხოლმე დაავადებულ ცხვართან ვაქცინით მუშაობა. ამ კუთხით ძალიან დიდ პრობლემას და დეფიციტს განვიცდით. ფიზიკურად არ არიან ვეტექიმები.

- ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტის გარდა, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეცხვარეობა განვითარდეს? მითუფრო, რომ არაბულ ქვეყნებში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა არის და ფასიც გაზრდილია.

- ჩვენი ცხვარი ძირითადად ექსპორტზე გადის. ადრე 120-დან 150 ლარამდე ღირდა - როცა აქ იყიდებოდა, ახლა 220-დან 250 ლარამდეა. მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება შეგვიძლია. რაც დღეს საქართველოში გასაყიდი ცხვარია, ექსპორტის პერიოდი რომ იწყება, დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში ცხვრის დეფიციტი გვაქვს. ცხვარი არ არის მომგებიანი იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ბატკნის რეალიზაციას ვახდენთ. თუ ჩვენ მატყლსაც გავყიდით, ყველსაც ვაწარმოებთ, აუცილებლად დაფასდება ეს საქმე. ისევ მუშახელის დეფიციტთან მივდივართ. არც თანამედროვე ტექნიკა გვაქვს, საწველი აპარატი, მინისაწარმო. ახლა ყველაფერი სურსათის სტანდარტების დაცვით უნდა გაკეთდეს. ამისთვის რესურსები აღარ გვყოფნის.

- სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია ახორციელებს კოოპერატივების პროგრამას, მათ შორის მეცხვარეებსაც შეგეძლოთ გაერთიანება, კოოპერატივის შექმნა. სახელმწიფო კოოპერატივებს სამუშაოდ აუცილებელ ტექნიკას გადასცემდა. რატომ არ ისარგებლეთ ამ პროგრამით?

- ორი წლის წინ იყო შემოთავაზება, რომ დაახლოებით 2000 სულამდე უნდა მომხდარიყო გაერთიანება და ამ შემთხვევაში გადმოგვცემდნენ საწველ დანადგარებს და სხვა ტექნიკას, რომლითაც ყველს ვაწარმოებდით. ფიზიკურად შეუძლებელია იმიტომ, რომ რაოდენობა იმდენად დიდია, ასე ვერ გავერთიანდებით, ვერ დავდგებით ერთ მთაზე რამდენიმე მეცხვარე და ვერ მოვახერხებთ. ჩვენიდან იყო წინადადება, რომ რაოდენობა შემცირებულიყო. შემცირდა კიდეც, დაახლოებით 1000 სულზე ჩამოიყვანეს, მაგრამ მაინც ვერ გავერთიანდით.

- რატომ ვერ გაერთიანდით საერთო იდეის გარშემო?

- ალბათ ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ასეთი მხარდაჭერა. დაახლოებით 500-700 სულზე უნდა ჩამოვიდეს, რომ ეს საქმიანობა განვითარდეს. ლაპარაკი კი შეგვიძლია, მაგრამ მიწები არ გვაქვს, ისეთი ადგილები, სადაც 5, 7 ან 10 მეცხვარე გაერთიანდება 2000 სული ცხვრით.

ავტორები: ბექა ჯაყელი, ლევან ონიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში