საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას ითვალისწინებს მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:56 - 11 დეკემბერი 2018 hits 11950

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგია წარადგინა. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობისა და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა. ასევე, მთაში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები. განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები.

მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისთვის. პრემიერის თქმით,

2019 წელს, მთის ყველა უშუქო სოფელში დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, ხოლო 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიან დასახლებას ექნება მობილური კავშირი და ინტერნეტი.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში.

სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მთაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის. ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება ხარისხიანი ზოგადი და პროფესიული განათლება, აშენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი და მოხდება სკოლის მოსწავლეების სკოლამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსება; დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება შობადობის წახალისების კიდევ უფრო მასშტაბური მექანიზმები;

მთაში ახალგაზრდების ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით 2019 წელს შემუშავდება და დაინერგება სპეციალური პროგრამები.

სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მთის დასახლებებში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. დაგეგმილია მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა; მოხდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებების განვითარება; გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა.

„ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვავს და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ - კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ის კატასტროფები, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტების გაკეთება. ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, რაც გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებას, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შევამციროთ.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ ზოგად თეზისებს არ მოიცავს. მასში გაწერილია ისეთი კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, წალკის, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი საწარმოების მშენებლობა; ყაზბეგში თაფლის წარმოების ხელშეწყობა, ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება; მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, ტრადიციული ხის ნაკეთობების წარმოების ხელშეწყობა, ტყის ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ენერგოეფექტური ბრიკეტების და პალეტების წარმოება.

ტურიზმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საქართველოში მთაში ტურიზმი იყოს ოთხივე სეზონზე, შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისეთი კონკრეტული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, თუშეთში ციხე-სოფელ ძველი დიკლოს აღდგენა, ფარავნის ტბის სათავე ნაგებობის მოწყობა, მესტიისა და უშგულის განახლება, ონში ახალი მუზეუმის მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება მთის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამა იქნება ადეკვატური მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა მსგავსი სასწავლო პროგრამებისა და უპასუხებს მთის საჭიროებებს.

პრემიერი უკვე განხორციელებულ პროექტებსაც შეეხო: „დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  აშენდა 2 კმ-იანი საავტომობილო გვირაბი, რომლის მასშტაბის გვირაბი საქართველოში 50-იანი წლების შემდეგ არ აშენებულა. დარიალის ხეობაში ბოლო წლებში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, ამ გვირაბის მშენებლობით კი დარიალის ხეობაში გადაადგილება გახდა უსაფრთხო. დამთავრდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი თითქმის 6 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა. გერგეტის სამება ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

გარდა იმისა, რომ რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზებს, იგეგმება ასევე მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა. ეს ისეთი მნიშვნელობის გზებია, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების მშენებლობა“.

2019 წლიდან დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გაგრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი. მომავალ წელს დასრულდება აგრეთვე მუცოს აღდგენისა პროექტიც.

მთის სტრატეგიის ფარგლებში უკვე შემუშავდა პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და შერჩეულია 30 მოხალისე, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე პირველად დახმარებას აღმოუჩენენ მთის მოსახლეობას.

„გპირდებით, რომ ჩვენ მივყვებით ამ სტრატეგიას და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ მთის განვითარება შეუქცევადი იყოს. მთა არათუ არ უნდა დაცარიელდეს, არამედ პირიქით, საცხოვრებლად უნდა გახდეს მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიკურად მიმზიდველი.

მე მახსოვს, როდესაც ჩვენ მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა, რომ ეს პროექტი იქნებოდა წყალში გადაყრილი ფული, რომ ამით ჩვენ ვერ მოვუტანდით კონკრეტულ შედეგს ჩვენს მთის მოსახლეობას და .. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარნენ მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები და დაგვეხმარა ორი სახელმწიფო - შვეიცარია და ავსტრია, რომელიც ჩემი შეხედულებით, არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს მთა, როგორც ყველაზე დიდი სიმდიდრე ეკონომიკის ასაყვავებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, რეალიზაცია გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ქართულ მთას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა მთის კვირეული, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს, 16 ივლისის კვირაში გაიმართება.

მთის კანონით გათვალისწინებული დახმარებების გასაცემად, ახალდაბადებულ ბავშვებზე უკვე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო დანამატისთვის - 61 მილიონი, სოციალურ პაკეტზე დანამატის სახით 8 მილიონი ლარი, სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით - გამოიყო 9 მილიონი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი. დაახლოებით 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდმა უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1 730 დასახლებას აქვს მინიჭებული.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში