საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენის გადასარჩენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

15:16 - 02 დეკემბერი 2018 hits 14786

თუშეთის წოვათის ხეობის თუშების სასაუბრო ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა. თუშების სათემო საბჭოს მონაცემებით, ამ ენაზე სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები რამდენიმე ათეული ადამიანიღა საუბრობს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ისტორიკოსები, ენათმეცნიერები, თუშების სათემო საბჭოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ზემო ალვნის საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, გადაწყდა, რომ ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფი 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე შეიქმნება.

სამუშაო ჯგუფი დაგეგმავს, პირველ ეტაპზე რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. ასევე, შეიქმნება და გამოიცემა წოვათის თუშების სასაუბრო ენის აუდიო-ვიზუალური ლექსიკონი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება სამუშაო ჯგუფს დეკემბრის ბოლომდე წარუდგენს დოკუმენტს, როგორ შეძლებენ ზემო ალვნის საბავშვო ბაღში ენის სწავლებას.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ზემო ალვნის საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძეც ესწრებოდა. მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველ ეტაპზე სკოლაში ენის სწავლების წრე გაიხსნება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, მერია, შესაძლებლობების ფარგლებში, ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

თუშების სათემო საბჭოს თავმჯდომარე ლევან დურმიშხანიძე ინიციატივით გამოვიდა, 2019 წლის ზაფხულში, თუშეთის სოფელ ტბათანაში ენის სასწავლო საზაფხულო ბანაკი მოეწყოს 7-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. სამუშაო ჯგუფის წევრები სასწავლო ბანაკის ორგანიზებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებაზეც იმუშავებენ.

გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენის გადარჩენისა და მხარდაჭერის მიზნით შეხვედრა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ გაიმართა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაზე მუშაობს.

შენიშვნა: სამეცნიერო ლიტერატურაში ენა მოხსენიებულია როგორც წოვათუშური, თუმცა თუშების სათემო საბჭო, რომელიც წოვათის ხეობის თუშების სათემო ორგანიზაციაა, ენას თუშურს უწოდებს და ენათმეცნიერებისგანაც ითხოვს, თუშური ენის სახელით მოიხსენიონ. ამ თემაზე „მთის ამბები“ ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში