საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ვამაგრებთ ერთმანეთს“ - შატილის სკოლის მასწავლებლები ჭიათურიდან და ჩხოროწყუდან

17:57 - 27 სექტემბერი 2017 hits 32552

პირიქითა ხევსურეთი. შატილის საჯარო სკოლა. 8 მასწავლებელი და 7 მოსწავლე. ნატა კობერიძე და ბექა ბელქანია (ჭიათურიდან და ჩხოროწყუდან) შატილის სკოლის მოსწავლეებს ისტორიას, გეოგრაფიას და შეთავსებით - ინგლისურს ასწავლიან. 

შატილში პროექტ „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მოხვდნენ - ნატა შარშან, ბექა კი 3 წლის წინ. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში პირიქითა ხევსურეთში ცხოვრობენ. ოჯახის წევრებთან შეხვედრას მხოლოდ საახალწლოდ, მოკლე არდადეგების დროს ახერხებენ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლათ - თოვლის გამო სამანქანო გზები იკეტება და ნოემბრიდან-მაისის ჩათვლით შატილის თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრება ბარში გაატარე, რთულია იცხოვრო მთაში, მოწყდე ოჯახს, შეეჩვიო სიტუაციას, შეითვისო ახალი წესები და ტრადიციები. თუმცა,  მკაცრი გარემოსა და კლიმატის მიუხედავად, ადამიანური ფაქტორი ყველაფერს წონის - მთელ სოფელში იმდენად მცირე მოსახლეა, რომ ფაქტობრივად ერთ პატარა ოჯახად ცხოვრობენ.

„ზამთარი აქ ძალიან რთულია. ელექტროენერგიის არქონის გამო შარშან ძალიან გაგვიჭირდა. უშუქობა სერიოზული პრობლემაა!“

მოსწავლეებთან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ. როგორც ამბობენ, აქაური ბავშვები უფრო ჩაკეტილები ჩანან, თუმცა, თუ მიგიღეს, გახსნილები და თავისუფლები არიან.

„უნდათ, რომ კლასში ჰყავდეთ ვინმე, ვინც გვერდით დაუჯდებათ. ამ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, რადგან როგორც კუთხე, ასევე სკოლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია - პრაქტიკულად სკოლა ამაგრებს აქ მოსახლეობას.“

მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ ბავშვებისთვის ხშირი „გასვლები“, თანატოლებთან, სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაც აუცილებელია.

„ექსკურსიაზე იყვნენ და მას შემდეგ სულ იმაზე საუბრობენ, ნეტა კიდევ იყოსო. უფრო მეტი კონტაქტი სჭირდებათ ბართან. ოქტომბრიდან-მაისამდე გზა ფაქტობრივად ჩაკეტილია და ოლიმპიადებზეც ვერ დადიან. შეიძლება ნატვრაა, მაგრამ კარგი იქნება ზამთარში ვერტმფრენებმა უფრო მეტი რეისი შეასრულონ, რომ ბავშვებმა მიმოსვლა შეძლონ.“

კითხვაზე - თუკი შატილს სკოლა ამაგრებს, თავად რა ამაგრებთ მთაში, ყველაზე თამამად პასუხობენ. შეეძლოთ სხვა კუთხე, სხვა მხარე აერჩიათ, მაგრამ ასე არ მოქცეულან. ფიქრობენ, რომ შატილში მათი ყოფნა აუცილებელია, რადგან ზოგს უჭირს ასეთ რისკზე წასვლა და თანაც, მასწავლებლების ხშირი ცვლა მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ასევე სწავლების ხარისხზეც - „ვამაგრებთ ერთმანეთს. გვიყვარს შატილი, ეგზოტიკა, მთა.“

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში