საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჯუთაში ადამიანი ცუდად რომ გახდეს, სიკვდილისთვისაა განწირული“

11:35 - 27 მარტი 2017 hits 16117

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუთა რამდენიმე თვეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მოსახლეობას ზამთრისთვის მომარაგებული წამლები და საკვები პროდუქტები გამოელია, შპს „საქართველოს სამხედრო გზა“ კი სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდას არ ჩქარობს.

ადგილობრივების თქმით, თოვლის მოსვლის შემდეგ ჯუთამდე მისასვლელი გზა მხოლოდ ერთხელ გაიწმინდა, ისიც გასული წლის ნოემბერში. გზაზე ახლაც რამდენიმე ზვავია ჩამოწოლილი, სამ ადგილზე კი გზა ჩანგრეულია.

„თუ ვინმე დაიღუპება, დიდი ხვეწნა-მუდარა გვჭირდება, რომ გზა გაწმინდონ. გზა კარკუჩადან ყვარის ხიდამდე მაინც რომ იწმინდებოდეს, ჩვენთვის ესეც დიდი შეღავათი იქნებოდა. სოფელში მარტო მოხუცებიღა ვართ. ცუდად რომ გახდეს რომელიმე ჩვენგანი, სამედიცინო პუნქტამდე ფეხით ვერ ჩავიყვანთ. ზამთრისთვის მომარაგებული პროდუქტები და წამლები გამოგველია. ვრეკავთ და ვითხოვთ, რომ გზა გაწმინდონ. ზვავსაშიშროება აღარ არის და გზის გაწმენდა უკვე შეიძლება, მაგრამ არავინ ჩანს. ჯუთამდე მოსასვლელი გზა ამ გზის მოვლაზე პასუხისმგებელი კომპანიის ან ხელისუფლების ინიციატივით არასოდეს გაწმენდილა,“ - უთხრა „მთის ამბებს“ ჯუთაში მცხოვრებმა ნოშრევან არაბულმა.

ჯუთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე და ყაზბეგიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 23 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ასაკოვანია.

ნოშრევან არაბული იხსენებს, რომ გაუწმენდავი გზა წლების წინ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც გახდა, ჯუთელებს ხშირად შეუძლოდ მყოფი თანასოფლელი ყაზბეგამდე „ლეჟანკითაც“ ჩაუყვანიათ, მაგრამ ახლა მოხუცდნენ და 20 კილომეტრის ფეხით გავლა აღარ შეუძლიათ: „2005 წელს ავადმყოფი ქალის საავადმყოფომდე მიყვანა ვერ მოასწრეს. მეწყერი იყო ჩამოწოლილი და გზის გავლამ დიდი დრო წაიღო. ძალიან ეცადნენ ექიმები, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. გზა რომ ყოფილიყო, არ დაიღუპებოდა. წლების წინ უგზოობის გამო მშობიარე ქალიც დაგვეღუპა. წელს განსაკუთრებულად მკაცრი ზამთარი იყო. დიდთოვლობის დროს გზაზე ხშირად ზვავები ჩამოდის. გზის გაწმენდასაც თავს სწორედ ზვავების გამო არიდებენ. ნახევარი წლის განმავლობაში სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რადგან აქ გზა არასოდეს იწმინდება. ჯუთაში ადამიანი ცუდად რომ გახდეს, სიკვდილისთვისაა განწირული.“

„სნო-ახალციხე-ჯუთის გზის მონაკვეთი შიდა სახელმწიფოებრივი გზაა, რომლის მოვლა-პატრონობა საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას - შპს „საქართველოს სამხედრო გზას“ ევალება. იქ გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ზვავსაშიშროების გამო ვერ იწყებენ გაწმენდას. როცა ზვავი ჩამოდის გზაზე, ვურეკავთ და ვეუბნებით, რომ გზა გაწმინდონ,“ - აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი.

„საქართველოს სამხედრო გზის“ დირექტორის გიორგი ფუტკარაძის განმარტებით, ჯუთამდე მისასვლელი გზის გაწმენდის ნებართვას კომპანიას გარემოს ეროვნული სააგენტო ზვავსაშიშროების გამო არ აძლევს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უგზოობის გამო ჯუთა ზამთრის ტურისტული პოტენციალის გამოყენებასაც ვერ ახერხებს. „ჯუთამდე გზა რომ მიდიოდეს, სოფელში ბევრი ტურისტი ზამთარშიც ავიდოდა. მირეკავენ, შეკვეთებიც მაქვს, მაგრამ უგზოობის გამო იქ ტურისტები ვერ აგვყავს. ადგილობრივებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ იქ ასული ტურისტია. მიუხედავად უგზოობისა, ჭაუხის მთები ტურისტებითვის იმდენად მიმზიდველია, რომ დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროსაც ადიან. ტურისტებს, რომლებიც მირეკავენ, ვეუბნები, რომ ახლა სასტუმრო დაკეტილია. როგორ უნდა ავიტანო იქ საკვები ან ის ნივთები, რაც სასტუმროსთვის მჭირდება? იქ რომ ცუდად გახდეს ვინმე, როგორ ჩამოვიყვანო? გზას ისეთ დროს წმენდენ ხოლმე, როცა თოვლი უკვე გამდნარია. ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება,“ - ამბობს სასტუმრო „მეხუთე სეზონის“ დირექტორი, გელა არაბული.

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში