საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„არხვატს ტელეფონის იმედიღა იქნ, ამბავს გავიგაბთ, ხალის იქნების“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:17 - 17 აგვისტო 2019 hits 16633

„ვიყვენით აქავ უიმედოდ. ვფიქრობდ, რომ შეიძლების ეგ როგორც სხვა სხვაიას რო არას გაკეთდ, იმედ არაფრისა არ, ესეც არ იქნებოდ. მაგრამ რაკი ეგრე ხშირ დაიწყათ აქ სიარულ, თქვენ იმედ უფრ გვქონდ ჩვენ. სხვა არავინ მასულა აქ თქვენ გარდ მანამდ და არას უკითხ, როგორ ვიყავით. ნეტაი ადრ მასულიყავით არხვატს. მაისიდან ვარ მე მთაიასა. ვიდრ წამავიდოდ, წინა დღეს ვესაუბრ ლელას, მემრ აღარ. არაფერ ვიც. რასაც მეტყვიან როგორას, ბარიდან გადმასულებ, ეგ არ“.

ლელა სანდუა წიკლაურის შვილია, უკანასკნელი დიაცის ამღიდან. ლელა ემიგრაციაშია, სამუშაოდ იტალიაშია წასული და წიკლაურების დიდ ოჯახს იქიდან ეხმარება. დედა-შვილს 4 თვეა ერთმანეთის ხმა არ გაუგიათ: „გზა კი ბარემცო რო კარგიას, რომ გზაის და მაშინები მოძრაობენ, ჩემთვის ტელეფონ ყველაზე კარგ. გინდ მაშინამ იმოძრაოს, მე ვერ წავოლ აქედან იქით, იქიდან ვეღარ წამოვალ.

ტელეფონ სახლ რომ იქნების, როც გინდ გავიგაბ ჩემიანების ამბავს, ლხინს, ჭირს, რაც რამ იქნების. ჭირ კი ღმერთმა გვარიდას ყველას. ძმისშვილებიც იქ მყვან, შვილებიც, შვილიშვილებიც, ყველა იქ მყავ ბარში. ბალღებ რო აქედან ჩემ ხმა გაიგან, ანასტასიამა და თეონამ, დაგიჟდებიან. გიგი და ბორისაი მყავ აქ, მადიან, მიდიან, საზღვარზედ არიან“, - სანდუა ბებოს შრომა არც ახალგაზრდობაში დაუკლია. 77 წლის ასაკშიც რამდენიმე ძროხას უვლის - წველის, აყველებს, ხაჭოს ამზადებს, ცეცხლზე საჭმელს აკეთებს. შრომით დაღლილი ამღაში შემორჩენილი ერთადერთი ბანიანი სახლის კიბეზე ჩამოჯდება და მზეს ეფიცხება ხოლმე. არხოტში იშვიათად ჩასული მოლაშქრეებიდან ვინმე თუ ამღას მოხვდება და გამოელაპარაკება, უხარია ადამიანის ხმის გაგება, ბარის ამბების გაგება.

არხოტში გადასასვლელი სამანქანო გზა მხოლოდ სამი თვეა ღია, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, შუქიც ხშირად არ აქვთ - ზვიად გამსახურდიას დროს ახიელში აშენებული მცირე ჰესი მწყობრიდან მალ-მალე გამოდის. გზის გაჭრისას ჰესის წყალშემკრები უფრო დააზიანეს. მთიდან მოჭრილ მიწასა და ქვა-ღორღს პირდაპირ მდინარეში ყრიდნენ, წყალმა კი სათავე ნაგებობასა და მილებში შეიტანა. მესამე წელია არხოტის სოფლებში, ახიელსა და ამღაში ნათურა ბჟუტავს, ზამთარში კი ესეც სანატრელი უხდებათ. ჰესის აღდგენას ბევრჯერ დაპირდნენ. რამდენიმე კვირის წინაც, ეკონომიკის მინისტრმა პირობა დადო, რომ ჰესს წელს მიხედავენ, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს და არც ისმის. ამღასა და ახიელში მუდმივად მცხოვრები 4 ოჯახი ვერც უშუქოდ დარჩენილი სოფლების ელექტროფიცირების სახელმწიფო პროგრამაში მოხვდა, სადაც მზის ელექტროსისტემების მონტაჟი იგეგმება.

არხოტში არც ექიმი ჰყავთ, არც ექთანი - წელიწადში 9 თვის განმავლობაში ბართან კავშირის ერთადერთი საშუალება მესაზღვრეების რაცია და ვერტმფრენია. არხოტიონები 10-ზე მეტ შემთხვევას იხსენებენ, როცა ავადმყოფს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და დაიღუპა. ამღიდან ტერღას სასაზღვრო პუნქტამდე 8 კილომეტრია. ზამთარში, დიდთოვლობისას, ამ მანძილის გავლას რამდენიმე საათი სჭირდება. ღრუბლიან და ქარიან ამინდში თბილისიდან არხოტში ვერც ვერტმფრენი მიფრინავს, ზოგჯერ რამდენიმე დღეც. ბოლოს, ამ მძიმე პირობების გამო, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული დაიღუპა. 2014 წლის 2 იანვარს, ტერღადან ამღისკენ მიმავალ ახალგაზრდას ყინულზე ფეხი დაუცდა და მდინარე ასაში ჩავარდა. ერეკლე გაიყინა. ვიდრე მესაზღვრეებს გააგებინეს, მერე სანამ ექიმების გაგზავნის შესახებ მოთხოვნამ ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში ბიუროკრატია გაიკვლია, რამდენიმე საათის შემდეგ, არხოტში ვერტმფრენით ჩაყვანილ ექიმებს ერეკლე გარდაცვლილი დახვდათ.

„ახალგაზრდა ბიჭი იღუპებოდა და ექიმი არ იყო, არაფერი შეგვეძლო. უღელტეხილზე იმხელა თოვლია და ისე ცივა, ვერც მარხილით ან ხეებით შეკრული საკაცით გადაგვყავს ხოლმე ადამიანი“, - ამბობს შიო ოჩიაური.

შიო არხოტის მემატიანეცაა. იქ დაიბადა, გაიზარდა და არხოტი არასდროს მიუტოვებია. სამი რამის გამო დაიცალაო ეს ხეობა:„არ იყო გზა, არ იყო შუქი, არ იყო კავშირი. ზამთარში 7-8 კილომეტრი გვიწევდა გავლა მესაზღვრეებამდე, ავადმყოფი რომ გვყოლოდა, ეს მანძილი უნდა გაგვევლო, რომ იქიდან დავკავშირებოდით. ბევრი ისე გვეღუპებოდა, რომ ვერც იქ ვახერხებდით მისვლას. არც გზა იყო. ხელიდან გვეცლებოდა ხალხი. ახლა რომ მეკითხებით, რას შეცვლისო კავშირი არხოტში, სასწაულია, სასწაულზე სასწაული“.

ჭიმღა, ამღა და ახიელი - საქართველო-რუსეთის საზღვართან, არხოტის ხეობის სამივე სოფელს, ინტერნეტი უკვე მიეწოდება. უსადენო ინტერნეტი რამდენიმე დღეში ექნება ტერღას სასაზღვრო საგუშაგოსაც.

მთის ინტერნეტიზაციის პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, საქართველოს მთავრობის, ამერიკული ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებისა“ (ISOC) და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. ინტერნეტის მისაღებად არხოტის უღელტეხილზე ანძა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე დაიდგა, ე.წ. ზეთუკას მთაზე კი 2700 მეტრზე.

„არ სჯერა არავის არხოტიდან რომ ველაპარაკები. ყველას ჰგონია, რომ გადავედი უკვე ან გზაში ვარ. არადა, არხოტის ბირჟაზეც გვაქვს ინტერნეტი“, - ამბობს ხათუნა არაბული. ხათუნა დარწმუნებულია, რომ არხოტში კავშირის გაჩენა ხეობაში ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს: „მოდიოდნენ, იძახდნენ, კავშირი არ არის, აქ რა გვინდაო და არ ჩერდებოდნენ. ეგრევე უკან ბრუნდებოდნენ. აქედან 15 კილომეტრი უნდა გევლო, მთაზე ასულიყავი, რომ საიდანღაც ოჯახის წევრებს დაკავშირებოდი. ზამთარში საერთოდ ვერ ვუკავშირდებოდით. მეც არ მჯეროდა, რომ აქ კავშირი შეამოაღწევდა. დღეს დავიჯერე“.

წვიმაში, ნისლსა და ქარში დაუზარებლად, ანაზღაურების გარეშე მუშაობენ ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდები და მოხალისეები, რომ სექტემბრის ბოლომდე, ინტერნეტით ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის 76 სოფელი დაფარონ. აქედან, 20-ზე მეტ სოფელში სატელეფონო კავშირი არასდროს ყოფილა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში