საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტია-თელავი, ამბროლაური-თელავი - 23 მილიონი შიდა ფრენების სუბსიდირებისათვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:21 - 06 აპრილი 2024 hits 1496

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23 მილიონ ლარს დახარჯავს შიდა ფრენების სუბსიდირებისათვის.

თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისზე სახელმწიფო ერთ ადგილს თითქმის 115 დოლარით დააფინანსებს. ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია 26560 ადგილის თანადაფინანსება. თითოეულ მგზავრს შეუძლია თან იქონიოს ბარგი არანაკლებ 15 კილოგრამის ოდენობით. ფრენა 40 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა შესრულდეს. აეროპორტების გაერთიანება ამ პირობებით ეძებს ავიაკომპანიას, ვინც შესაბამის მომსახურებას მიაწვდის. 8 მილიონიანი ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 7 მაისს სრულდება.

რაც შეეხება მეორე, 15 მილიონიან ტენდერს, აქ შიდა ფრენების თანადაფინანსება 11 მიმართულებაზე მოხდება.

თელავი-ბათუმის-თელავის, თბილისი-ამბროლაური-თბილისის, თბილისი-ქუთაისი-თბილისის, თელავი-ქუთაისი-თელავის, თელავი-ამბროლაური-თელავის, თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებით არანაკლებ 40 ადგილიანმა საჰაერო ხომალდებმა უნდა იფრინონ. მესტია-ბათუმი-მესტიის, მესტია-ქუთაისი-მესტიის, მესტია-თბილისი-მესტიის, მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებებზე არანაკლებ 15 ადგილიანმა. ერთი წლის განმავლობაში სულ დაგეგმილია 47760 ადგილის თანადაფინანსება.

თბილისი-თელავი-თბილისის მიმართულებით ფრენას მთავრობა 50 დოლარით დააფინანსებს, თელავი-ბათუმი-თელავს 129 დოლარით, თელავი-მესტია-თელავს 187 დოლარით.

ამ მიმართულებებზეც მგზავრს არანაკლებ 15 კილოგრამი ხელბარგის ატანის საშუალება ექნება. სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 7 მაისია. ფრენები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაიწყოს, გარდა თელავის აეროპორტიდან შესასრულებელი ავიარეისებისა. თელავის აეროპორტი ჯერ არ ოპერირებს. ახალი ტერმინალის პროექტირებაზე ტენდერი თებერვალში დასრულდა და ავიარეისები სავარაუდოდ, 2025 წლიდან შესრულდება.

ამ დროისთვის შიდა ფრენები სამი მიმართულებით გვაქვს. ნატახტარი-მესტიის ბილეთი 90 ლარი ღირს, ნატახტარი-ამბროლაური 50 ლარი, მესტია-ქუთაისიც 50 ლარი. ამ რეისებს ნატახტრის აეროპორტიდან ასრულებს კომპანია „აკ-ეარი“, რომელიც წლებია შიდა ავიაციაში მონოპოლისტია. ახალ ტენდერებში ნატახტრის აეროპორტი შეტანილი აღარ არის.

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთი 125 ლარი ღირდა. გასული წლის ბოლომდე ფრენებს „ჯორჯიან ვინგსი“ ასრულებდა.

სახელმწიფო შიდა ფრენებს 2014 წლიდან იმ მიზნით ასუბსიდირებს, რომ ავიაბილეთების ფასი ხელმისაწვდომი იყოს და შიდა ტურიზმი განვითარდეს.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი, თანამედროვე ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილია სვანეთშიც. „მესტიას სჭირდება უკეთესი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომ მეტი ტურისტი ეწვიოს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს. გამოყოფილია უკვე შიდა რესურსები, რომ 2025 წელს მესტიაშიც გვქონდეს განახლებული ინფრასტრუქტურა“, - თქვა მინისტრმა 3 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას.

მესტიაში თამარ მეფის სახელობის აერპორტი 2010 წელს გაიხსნა და მსოფლიოს ათი უჩვეულო დიზაინის მქონე ულამაზესი აეროპორტის სიაშია მოხვედრილი. სია ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-იმ შეადგინა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში