საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კეთილგონიერი ავაზაკის ეპარქია - სპეციალური რეპორტაჟი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:40 - 18 სექტემბერი 2023 hits 12065

ძამის ხეობა სასულიერო პირებს შორის კრიმინალური გარჩევების მთავარ ადგილადაა ქცეული. რუის-ურბნისის ეპარქიაში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილ პირებს იფარებენ, მათ შორის, შეიფარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილიც. ეს მონასტრები მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის დაქვემდებარებაშია. მისი კურთხევით, ხეობაში მილიონობით კვადრატული მეტრის ნაკვეთებს მღვდლები ეპატრონებიან, შევიწროებული ადგილობრივი მცხოვრებლები კი იქაურობას ტოვებენ.

„იცით, იყო შემთხვევა, რომ ბიძაშვილთან ერთად წავედი მაყვალზე. გზა ამებნა და იმათ იმაში მოვხვდი, აი, ეკლესიის, მღვდლების სამეფო იმეებში. რა ვიცი, როგორც ეძახიან... მერე დაიძახეს, ეშმაკი მოდისო, ეშმაკი. ე.ი. ეშმაკს ეძახდნენ აჭარლებს. და რომ მივედი ახლოს, ფუი ეშმაკსო, ფუი ეშმაკს. მე ვუთხარი, რომ ვისზე იძახით ეშმაკს, რომ გვლანძღავთ მეთქი?! წავიკამათეთ, ძალიან მაგრად“, - სასულიერო პირების მხრიდან აჭარელი ეკომიგრანტების შევიწროების ფაქტს იხსენებს სოფელ გვერძინეთის მკვიდრი, მარიამ სხულუხია.

ამაზე ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ღიად ილაპარაკა: „აჭარლებიც გაგვექცნენ სამწუხაროდ. ძალიან ცოტანი დაგვრჩნენ. სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, ძამის ხეობა სავსეა მონასტრებითა და ეკლესიებით“.

რა ხდება ძამის ხეობაში? - ეს კითხვა წლებია ისმის და დღემდე პასუხგაუცემელი რჩებოდა.

„იქ არ ხდება ისეთი რამ, რაც უნდა ხდებოდეს ეკლესიაში, რაც უნდა ხდებოდეს მონასტრებში, რაც უნდა ხდებოდეს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაში“, - ამბობს გოჩა ბარნოვი, თეოლოგი.

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კი მიიჩნევს, რომ იობ აქიაშვილი „ემზადება“.

„ის რაღაცნაირად ცდილობს, დაიმარქაფოს, ანუ მოამზადოს არმია - ცოცხალი ძალა. ძამის ხეობაში მცხოვრები ბერები კონკურენციას გაუწევენ „აისაფის“ პროგრამას, ანუ წვრთნის და შეიარაღების პროგრამას, ნებისმიერი იარაღის ხმარებაში“, - გვეუბნება თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილი.

 

რისთვის ემზადება მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი?

ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი პატრიარქის თანასოფლელია - სნო, ყაზბეგი. მიტროპოლიტ იობის საეკლესიო ცხოვრება, ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოდან, სიონის საკათედრო ტაძარში სტიქაროსნობით იწყება. აქიაშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ გადის იერარქიულ საფეხურებს და უკვე 1989 წლის ზაფხულში, მისიონერად მიემგზავრება აჭარაში.

„90-იან წლებში, როდესაც ის ბათუმში მოქმედი მიტროპოლიტი იყო, საკმაოდ დიდი ფულის, ფინანსების მფლობელი იყო და საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაც სინოდში. ისე რომ იობ აქიაშვილი და მისი სამღვდელოება ძალიან თავისუფლად მოქმედებდნენ ბათუმში და მათ ჰქონდათ უამრავი ბიზნესი და შემოსავალი იმიტომ, რომ ბათუმი საპორტო ქალაქია და ბუნებრივია, მას ექნებოდა მჭიდრო კავშირები პორტის სხვადასხვა ბიზნესთან. შემდგომ ისე მოხდა, რომ ის პატრიარქის ძმისშვილმა, დიმიტრიმ ჩაანაცვლა და იობი რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი აღმოჩნდა“, - გვიყვება თეოლოგი, გოჩა ბარნოვი.

1989 წლის 19 აპრილს, აჭარაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა, ხულოში, სოფელ წაბლანაში 23 ადამიანი იმსხვერპლა. საშიში გახდა სხვა ადგილებში ცხოვრებაც, რის გამოც ადგილობრივები ეკომიგრანტებად იქცნენ. მაშინ არაერთი აჭარელი ძამის ხეობაში ჩაასახლეს. სოფელი გვერძინეთი სტიქიით დაზარალებულთა მთავარ სამოსახლოდ იქცა.

„მაშინ მღვდლები არ იყვნენ. საერთოდ არ იყვნენ. იყო სიწყნარე, ძალიან კარგი სიმშვიდე, სიმხიარულე. კარგი ახალგაზრდობა იყო. მოკლედ, სხვანაირი იყო“, - იხსენებს მარიამ სხულუხია, გვერძინეთის მკვიდრი.

2021 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში, ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის და ყინწვისის „კეთილგონიერი ავაზაკის“ სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ საბა ჟღენტის საუბარია აღწერილი. აქიაშვილი აცხადებს, რომ ძამის ხეობას „ათონის მთის“ მსგავსი რელიგიური დატვირთვა აქვს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ხეობაში საერთოდ უნდა აკრძალოს მიწების კერძო პირებზე გასხვისება:

„თავის დროზე, მისი უწმინდესობა იმყოფებოდა ძამის ხეობაში. დაცლილი იყო მაშინ ძამის ხეობა. ფაქტიურად, სოფელი გვერძინეთიც დაცლილი იყო, მოეწონა ძალიან და გააკეთა წერილი, რომ საპატრიარქოსთვის გადაეცათ მთლიანად ძამის ხეობა. მაგრამ, ეს იმდროინდელმა მთავრობამ არ გააკეთა, უარი უთხრა. მერე ავდექით, ჩვენ, ეპარქიამ შევიძინეთ ეს ტერიტორიები და იმ ადგილებზე დღეს მონასტრებია გაშენებული. ეკლესიის მიწა იგივე ერის მიწა არის“, - ამბობს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი.

არა, ეს მიწა არათუ ერის, არამედ ეპარქიისაც კი არ არის. ამის განხილვა მხოლოდ რამდენიმე მღვდელმსახურის მაგალითზეც შესაძლებელია.

  • ქარელის წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი სტეფანე (გიორგი) კორინთელი. მის პირად საკუთრებაშია 7 959 314 კვ.მ საძოვრები, სათიბები, სამეურნეო თუ სხვა სახის (უძრავი) ქონება.
  • „კეთილგონიერი ავაზაკის“ სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი - 1 000 000 კვ.მ. ქარელი, შვანოს მთა.
  • ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის კობა კობაიძის მფლობელობაშია სოფელ ქიმანაანთკარში, გვერძინეთსა და ელბაქიანთკარში არსებული 124 034 კვ.მ. ფართობის მიწები.
  • არქიმანდრიტი ნეოფიტე დაშნიანი - 9 823 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, იმავე ეპარქიაში.

საჯარო რეესტრში, რუის-ურბნისის ეპარქიის კიდევ არაერთი სამღვდელო პირის საკუთრებაში არსებული ქონება იძებნება.

- მთის ამბები: „რატომ არის, რომ თქვენს ეპარქიაში მღვდელ-მონაზვნები პირად საკუთრებაში ფლობენ მილიონობით კვადრატული მეტრი ფართობის მიწებს?“

- მეუფე იობი: „ეგ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არ არის ეგრე.“

მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტს სახელობითად ჩამოვუთვალეთ, ვინ და რამდენ მიწას ფლობს ძამის ხეობაში და რომ ეს დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან გვაქვს ამოღებული, მღვდელმთავარმა პასუხი შეცვალა.

მეუფე იობი: „რატომ ხდება და იმიტომ, რომ ე.ი. არ გვაძლევს მთავრობა... ჩვენ თხოვნით შევედით, რომ მოეცა მონასტრებისთვის. ეს ფაქტობრივად მონასტრების არის. ჩათვალეთ რომ მონასტრის ტერიტორიებია.“

მეუფე იობს კითხვა ძამის ხეობის მკვიდრებზეც დავუსვით.

მეუფე იობი: „პირიქით, მათგან ვართ შევიწროებული. სიმინდი დავთესეთ, სიმინდი განადგურდა. მათ არ უნდათ, რომ მწყემსონ საქონელი. ძროხები რომ მწყემსონ, ეს არ უნდათ. უნდათ, რომ თავისუფლად იაროს საქონელმა.“

ამ საუბრისას კავშირი გაწყდა და მიტროპოლიტის ტელეფონი გამოირთო. გვინდოდა, დამატებით გვეკითხა ეპარქიაში არსებულ კრიმინალურ საკითხებზე. რამდენიმე საათის შემდეგ მეუფის ტელეფონით უცნობმა პირმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ მომავალი სამი დღე ის ისარგებლებდა მიტროპოლიტის ტელეფონით და იობ აქიაშვილი ვეღარ შეძლებდა ჩვენთან საუბარს.

„როდესაც ეკლესია მოინდომებს ტერიტორიების დაკანონებას, შენობებთან ერთად, მიმართავენ ხოლმე ისტორიულ დოკუმენტებს.

რომელიღაც ისტორიულ დოკუმენტში, მაგალითად, ბექა აღბუღას სამართალში, ან რუის-ურბნისის კრებასთან დაკავშირებულ აქტებში, ნათქვამია, რომ ესა თუ ის მონასტერი ფლობდა ამდენ და ამდენ ტერიტორიას, ანდა ამა და ამ მეფემ, ფეოდალმა შესწირა ერთ დროს ესა და ეს მამული. აი, ამ მამულს ეკლესიის დღევანდელი წარმომადგენლები აცხადებენ თავიანთ საკუთრებად.

საძოვრები, ტყეები, რითაც გლეხები სარგებლობდნენ, გადავიდა ეკლესიის ხელში“ - სასულიერო პირების მიერ მიწების დაპატრონების სქემას აღწერს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ნუგზარ პაპუაშვილი.

ამიტომაც, ერთხელ უკვე მიგრირებულ აჭარლებს, საკუთარ ქვეყანაში ხელმეორე მიგრაცია მოუწიათ.

„საქონელი ჰყავდათ, მაგრამ სად ეძოვებინათ, აღარ იცოდნენ. ეკლესია ყრიდა საერთოდ. საძოვრებზე აღარ უშვებდნენ. საერთოდ ყველა ჩაუკეტეს“, - სოფელ გვერძინეთში მარიამ სხულუხიას მსგავსად თავისუფალ საუბარს თითქმის ვერავინ ბედავს.

ერთ-ერთი ვინც ამაზე ღიად საუბარი გაბედა, ქარელის ვიცე-მერი იყო.

- ნუგზარ დაბრუნდაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი: აი, მანდ მოხდა ეგრე.

- ჟურნალისტი: რას ნიშნავს შეავიწროვეს, როგორ შეავიწროვეს, რელიგური ნიშნით?

- ნუგზარ დაბრუნდაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი: ხო რა. და არამარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ, დავამთავრებ ამ თემაზე ლაპარაკს.

„ქართლის სტუდიისთვის“ მიცემული ამ ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე დღეში, ნუგზარ დაბრუნდაშვილი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა, მიზეზი ღიად ვერ დაასახელა.

მეუფე იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი: „თვითონ წავიდა სამსახურიდან, არავის არ გაუთავისუფლებია“.

 

ძამის ხეობა - შავი ვანდეა

სუსი-დან გამოჟონილ ფაილებში, მე-3 ტექნიკურ-ოპერატიული დანაყოფის მოხსენებაში ვკითხულობთ: „დანაყოფის მუშაობის შედეგად დაფიქსირებულ იქნა ი. აქიაშვილის მიერ, მონასტრებში, ძებნილ პირთა შეფარების ფაქტები. ი. აქიაშვილს  მარტივად უყალიბდება დადებითი შეხედულებები ყოფილი პატიმრების მიმართ, რომლებსაც მცირე დროში ანიჭებს სასულიერო ხარისხებს, არ ითვალისწინებს რა მათ წარსულს და ცხოვრების წესს. მისი რეკომენდაციით სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა მღვდელმონოზონმა დიონისე კოხრეიძემ. ხსენებული პირი სასჯელს იხდიდა შს თანამშრომლის მკვლელობის გამო. განთავისუფლდა ე.წ. ბრასლეტებით. დააკავეს 2012 წელს, მანამდე წლების განმავლობაში, მიუხედავად გამოცხადებული ძებნისა, იმალებოდა ი. აქიაშვილის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მონასტერში.

„ციხიდან შეწყალებული თუ ციხეს აცილებული პირები, მაქსიმალურად გახდნენ ეკლესია მონასტრების ბინადრები, რამაც გამოიწვია კრიმინალური მენტალიტეტი. განსხვავებული აზრის გამო, ჩვენ ტელევიზიით ვნახეთ, ერთმა არქიმანდრიტმა, მეორე არქიმანდრიტს, ვერ გაიყვეს მიწა და მოხდა ორი სხვადასხვა მონასტრის პირველი პირების დაპირისპირება“, - იხსენებს თეოლოგი ლევან ტატურაშვილი.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა კობა კობაიძემ არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ავტომატის ჯერით დაცხრილა. ჟღენტი მსუბუქი ჭრილობით სიკვდილს გადაურჩა. მძიმე ბრალდების მიუხედავად, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობდა, სახელმწიფომ კობაიძე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა და ააცილა 7-დან 15 წლამდე გარანტირებულ პატიმრობას.

2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყინწვისის მონასტერთან სპეცოპერაცია ჩაატარა და მათივე განცხადებით შეიარაღებული დაჯგუფება აიყვანეს. ამ ჯგუფთან პირდაპირ კავშირზე იყო და ხელმძღვანელობდა რუსეთში მყოფი ყოფილი შს მინისტრი თემურ ხაჩიშვილი. სამინისტროს ინფორმაციით დაჯგუფებას „შეიარაღებული მხარდაჭერა“ უნდა აღმოეჩინა 26 მაისს რუსთაველზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დაშლისას.

გოჩა ბარნოვი, თეოლოგი: „აი, მაგალითად 2011-ში სერიოზული სკანდალები იყო ამ ეპარქიასთან დაკავშირებით. ყინწვისში პირდაპირ საწყობი იყო იარაღის.“

მაშინდელი პრესა იუწყებოდა, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული 30-მდე ადამიანიდან, 5 სასულიერო პირი იყო, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს.

გოჩა ბარნოვი, თეოლოგი: „ეს ყველაფერი ხდება შენს ეპარქიაში, შენს მონასტრებში და შენ როგორც მღვდელმთავარს არანაირი რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ გაქვს“.

თუმცა, სულ მალე, მიტროპოლიტმა რეაგირება ნამდვილად მოახდინა, ოღონდ არა რელიგიური, არამედ - პოლიტიკური. 2012 წელი, მიტროპოლიტი იობი საპარლემენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე ამბიონიდან აცხადებს: „თუ მომავალი არჩევნების შემდეგ ისევ ეს ხელისუფლება დარჩება, საქართველო აღარ იარსებებს.

ლევან ტატურაშვილი, თეოლოგი: „ეგ იობი გახლავთ ის მღვდელმთავარი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა დღევანდელი ხელისუფლების მოსვლაში“.

[2022 წლის ოქტომბერში, გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული 12 პოლიტპატიმარი გამართლდა].

ვინ არის იობ აქიაშვილი?

ვლადი ნარსია, თეოლოგი: „იობ აქიაშვილი არის ეპისკოპოსი, რომელიც ითვლება, ალბათ, ყველაზე ძველ კადრად, თუ შეიძლება ასე ითქვას“.

გოჩა ბარნოვი, თეოლოგი: „აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე ვინმე გამხდარიყო მღვდელმთავარი 90-იან წლებში“.

ვლადი ნარსია, თეოლოგი: „ეს არის უფრო მეტი რუსეთი საქართველოში. ასეთი დაჯგუფებები, ასეთი სასულიერო პირები, თუ ეპარქია, თუ ეპისკოპოსი, საფრთხეს წარმოადგენს ამ თვალსაზრისით“.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს მიტროპოლიტის ინტერვიუს აგვისტოს ომზე:

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი: „მეუფე იობთან ინტერვიუსას, ჟურნალისტი მას ეკითხება თუ როგორ ინტერპრეტირებს ის საქართველოს და რუსეთის ომს და ის ამბობს, რომ ბომბები რომლებიც ცვიოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს იყო სულიერი მუხრუჭები, რომელმაც საქართველო დაიცვა გახრწნილ ევროპაში შესვლისაგან“.

მეუფე იობს არანაკლებ მძიმე განცხადება აქვს გაკეთებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებზე: „მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ უფალმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა აბორტის ცოდვების გამო! დიახ, აბორტის!  აბორტი უდიდესი ცოდვაა.“ - თქვა ეპისკოპოსმა.

ლევან ტატურაშვილი, თეოლოგი: „უმძიმესი ზნეობრივი მდგომარეობა აქვს ძამის ხეობას. ყველა ტიპის ცოდვა, რომელიც ეკლესიისთვის არაბუნებრივი და მიუღებელია, ძამის ხეობაში გავრცელებულია ძალიან ფართო სახით. ვხედავთ, რა რეფლექსიები აქვს ეკლესიას ლისის ტბაზე, 5 ივლისს და ა.შ. დასდევენ საერო ადამიანებს, როდესაც საეკლესიო სივრცეში, მონასტრებში, ფაქტობრივად, ქორწინებაში ჰყავთ ბერები ბერებთან და ამაზე არ აქვთ იერარქებს რეაგირება!

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი: „ექსპერიმენტულ ტერიტორიად აირჩია ეს ძამის ხეობა, რომელიც სურს, რომ საბოლოოდ გადაკეტოს ქალებისთვის, ათონის მთის მაგალითზე და ასე ვთქვათ, არ იყოს შესაძლებელი, იქ მოხვდეს ნებისმიერი მსურველი“.

ხეობაში მოგზაურობისას თვალსაჩინოა, რომ იქაურობა საერო პირებისგან იცლება. სოფლებში აქა-იქ თუ არიან შემორჩენილნი არასასულიერო მცხოვრებნი.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი: „ის ემზადება თავისი გადამწყვეტი ნაბიჯისათვის“.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი: „რასაც ის აკეთებს, მთელი ეს სტრატეგია,

მთელი ცოცხალი არმიის შექმნა, სრული შეიარაღებით, ბერების სახელმწიფოს შექმნა და ა.შ. მიუთითებს ამაზე, კი. და აქვს მას ეს ამბიცია [პატრიარქობის], ეს უნდა ითქვას გულწრფელად“.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი: „პატრიარქის არჩევის დროს, იობმა ზუსტად იცის, რომ ღვთისმეტყველება ნაკლებად გამოადგება. იმიტომ, რომ ეს არ იქნება საღვთისმეტყველო დებატები და დისკუსია მომავალი საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრესთან დაკავშირებით. იცის, რომ ეს იქნება კრიმინალური გარჩევა. და ამ კრიმინალური გარჩევისთვის ის ემზადება“.

ავტორები: დავით თამაზაშვილი, ლაშა ჭონქაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში