საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კლდეზვავი იქვე გაჩერდებოდა, წყლის დიდი რაოდენობა რომ არ დახვედროდა - ინტერვიუ ჰიდროლოგთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:31 - 10 აგვისტო 2023 hits 12989
ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი
ახალი ამბები
ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი

„შეიძლებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზი გაკეთდებოდა. როდესაც ამბობენ, რომ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ეს თავისთავად არასწორია. მსგავსი სტიქიური პროცესი რომ განვითარდეს, ამას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი. პირდაპირ კლდის ნაწილის მოწყვეტამ მსგავსი რაღაც გამოიწვია, არის არასწორი. გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხს არ სცემს მთავარ კითხვას, როგორ დაგროვდა იქ დიდი რაოდენობით წყალი ისე, რომ მდინარის დონეზე არსებითი ცვლილება არ მოუხდენია“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ჰიდროლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკა წითელაშვილი.

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე - Rockslide would have Stopped there if it wasn’t Met with Large Quantities of Water - Interview with Hydrologist

„დარწმუნებული ვარ, ამ სტიქიური პროცესის განვითარების დროს მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ხალხმა ვერ გაიგო, სად უნდა წასულიყო და შესაძლებელია იმ მიმართულებით წავიდნენ, სადაც ღვარცოფის ნაკადი გადაადგილდებოდა, ანუ თავქვე დაეშვნენ, რაც პირველი პრობლემაა. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მოძებნოს რაც შეიძლება შემაღლებული, მყარი ადგილი და შეიძლება გადარჩეს.

10 წუთი სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ადამიანთა მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა.

- ნიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც თქვა, მანამდე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, რომ მდინარე ბუბა და მისი ხეობა საშიშად არ მიიჩნეოდა. თქვენ გამოაქვეყნეთ ბუბას ხეობის 2005, 2018 და 2020 წლების სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვითარება უარესობისკენ არის შეცვლილი. 2017 წელს, ამავე ხეობაში ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ მაინც უნდა მოქცეულიყო თუ არა ბუბას ხეობა გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვირვების ქვეშ?

- 2005 წლის სატელიტური ფოტო აჩვენებს, რომ მდინარე არ იყო მსგავსად ღვარცოფული, რადგან კალაპოტში შეინიშნება ხეები, მეჩხერია, ახალი წამონაზარდია, მაგრამ შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარეში წყლის მაქსიმალური დონეების გავლას ადგილი არ ჰქონდა. უკვე 2018 წელს მდინარის კალაპოტი ფაქტობრივად გასუფთავებულია, გრუნტი ჩანს და ღვარცოფის გავლის ფაქტი აშკარაა. ასევე, 2018 წელთან შედარებით, 2020 წელსაც გაუარესებულია აღნიშნული სიტუაცია, რაც ნიშანია იმისა, რომ აქ რაღაც გეოდინამიკური პროცესები დაიძრა და გააქტიურდა.

სატელიტური ფოტოების მიხედვითაც კი, აღნიშნული მდინარე კონტროლზე უნდა აეყვანათ, რადგან აშკარაა ღვარცოფული პროცესების განვითარება.

ასევე, საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ რაჭა განსაკუთრებულად ღვარცოფული რეგიონია. ამიტომ უნდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. არამხოლოდ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სხვა დაინტერესებულ პირებსაც, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტს, რომელიც ამ ადგილის განვითარებაზე ზრუნავდა. რისკის ზონები უნდა განესაზღვრათ.

- გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მედია და სპეციალისტები შერჩევით მიიწვიეს, [„მთის ამბებისთვის“ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კითხვები დაგვესვა] თქვა, რომ „დაახლოებით ნახევარი მილიონი მ3 კლდეზვავური მასა მოწყდა ბუბას წყლის ხეობიდან, რომელიც გაშლილი იყო 1.5 ჰექტარზე, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო ამ მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით“. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ პროცესის ასე განვითარება?

- მსგავსი სტიქიური პროცესი რომ განვითარდეს, ამას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი.

მხოლოდ მოტეხილი მყინვარი ან მისი რაღაც ნაწილი, კლდეზვავი ან მყინვარული კლდეზვავი მაგას მოძრაობაში ვერ მოიყვანს. ის კლდეზვავი იქვე გაჩერდებოდა, მას რომ წყლის დიდი რაოდენობა არ დახვედროდა. ამიტომ, ეს არის პირველი კითხვა რაც გამიჩნდა და გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ამაზე პასუხი ვერ ვიპოვე.

როგორც თავად აღნიშნავენ, 5 მლნ მ3 იყო მასა, რომელიც დაიძრა და მოძრაობაში მოვიდა. ამ ოდენობის ინერტული მასის დაძვრას სულ მცირე 1 მლნ მ3 წყალი სჭირდება თხევად მდგომარეობაში.

- მინისტრის მოადგილემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას, წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია“, თუმცა იქვე დაამატა „სპეციალისტების მხრიდან გაკეთებულია გათვლები და მყინვარქვეშა ტბების გააქტიურება გამოიწვია, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს და საბოლოო ჯამში წარმოიშვა ის მასშტაბური ღვარცოფული პროცესი“. მინისტრის მოადგილეს თუ დავუჯერებთ, მყინვარის შიგნით, შესაძლოა, ჩვეულებრივ რეჟიმში, სულ მცირე რამდენიმედღიანი დაგუბების გარეშე იმდენი წყალი დაგროვებულიყო, რომ მდინარის 3 კილომეტრი სიგრძის, არცთუ ვიწრო ხეობაში, ყველაფერი რაც წინ დახვდა, კლდის ნამსხვრევები, ლოდები, ხეები, მოეგლიჯა და ქვემოთ წამოეღო?

- მარტივად რომ ვთქვათ, არა. ამ ყველაფერს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან სჭირდება დასაბუთება, რატომ ფიქრობენ ასე, რომ წყალი იქ თხევად მდგომარეობაში, თან მყინვარქვეშ დაგროვდა ისე, რომ მდინარის დონეზე ამას გავლენა არ ჰქონდა. ამის დასამტკიცებლად უნდა გამოაქვეყნონ შესაბამისი საბუთები, რომლის მიხედვითაც ამ დასკვნამდე მივიდნენ.

- შეუძლებელია ამდენი წყლის დაგუბება მყინვარის ქვეშ, რის დასაბუთებას ითხოვთ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან?

- თხევადი წყლის მასისგან მყინვარის განტვირთვის ზონა, ასე რომ ვთქვათ, არის მყინვარის ენის ფსკერი - წყალი ძირიდან გამოდის. იქ შეიძლება იყო რაღაც პატარ-პატარა ტბები, მაგრამ ეს იქნებოდა გულში, იმდენად ღრმად, რომ  მას ზემოდან რაღაც მექანიკური მოქმედებები ვერ დაძრავდა.

- შესაძლოა, რომ კლდეზვავის მასას, რომლის ჩამოშლასაც სააგენტო თუ სამინისტრო ასე ჯიუტად იმეორებს, გამოეწვია მყინვარის ენის ჩაკეტვა, რამაც შიგნით რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიწვია წყლის დაგროვება, რომელმაც საბოლოოდ გამოხეთქა და ყველაფერი წამოიღო.

- არა, არც ჩანს, რომ იქ რამე გაჩერდა.

პასუხს არ სცემენ მთავარ კითხვას, როგორ მოხვდა იქ წყალი [დიდი რაოდენობით] ისე, რომ მდინარის დონეზე არსებითი ცვლილება არ მოუხდენია.

მე ვეთანხმები გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომ იქ იყო წყალი. წყლის გარეშე ვერ დაიძვრებოდა ეს მასა, მაგრამ უნდა ახსნან, ეს წყალი რა მონაკვეთში დაგროვდა. ერთიანად ასე უცებ მყინვარი არ დნება, მას თავისი დრო აქვს, 5 წუთში 62 ჰექტარი მყინვარი ვერ დადნება. ხომ აბსურდია? წყალი არის ის, რამაც ეს ყველაფერი მოძრაობაში მოიყვანა. იქ უკვე მომზადებული იყო სიტუაცია, კლდეზვავი იყო უბრალოდ ბიძგი, რამაც ეს ყველაფერი წამოიღო.

პირდაპირ კლდის ნაწილის მოწყვეტამ მსგავსი რაღაც გამოიწვია, არის არასწორი, ღვარცოფში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი არის წყალი, დიდი ოდენობით, ერთიანად. მითუფრო მაშინ, როცა სტრუქტურულ ღვარცოფზე გვაქვს საუბარი.

ტურბულენტური ღვარცოფი არის ღვარცოფის ის ტიპი, როცა წყლის დიდმა ნაკადმა გზად აიტაცა მასალები. მაგალითად, 2017 წლის მოვლენა იყო კლასიკური ტურბულენტური ღვარცოფი, რომელმაც გზად წამოიღო ყველაფერი, რაც შეხვდა. ამ შემთხვევაში, ეს არის უფრო სტრუქტურულსა და ტურბულენტურს შორის გარდამავალი, რადგან, აუარება მასაა ჩამოტანილი, განსაკუთრებით ეს არის ნაშალი მასა, ქვიშა, ლაფის ფორმის მასა.

თვითონ ფართობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ჩამოშლილი კლდეზვავი რომ 0,5 მლნ მ3 იყო, როგორ დაითვალეს, გამჭოლი მზერით თუ რა მეთოდოლოგიით? არ აქვთ წარმოდგენილი დასაბუთება და ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ამ დასკვნებს აკეთებენ.

- ანუ, გარემოს ეროვნული სააგენტო გვთავაზობს დასკვნას, ოღონდ რას ეფუძნება, რა მეთოდოლოგიას, ეს არ ვიცით.

- დიახ, არ ასაჯაროებენ არაფერს ისეთს, რის მიხედვითაც მივიდნენ იმ დასკვნამდე. რაც არ უნდა ყოფილიყო გაშლილი 1.5 ჰექტარ ფართობზე, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ის 62 ჰექტარ ფართობზე გაშლილი მასის დაძვრას, თუ იქ წყალი არ იყო.

თავადაც ამბობენ, რომ მყინვარქვეშა ტბები იყო. ეს ტბა როგორ გაჩნდა, თუ იქ წყალი არ გროვდებოდა?!

არ ამბობენ მდინარე ბუბის წყლის თანამონაწილეობას თავად ჭანჭახის წყლის მასაში. ეს არის 10%, 20%, იქნებ, 50%. სატელიტურ სურათებს თუ დავხედავთ, ბუბის წყლის ხეობაში უფრო მეტი მყინვარია, ვიდრე თავად ჭანჭახის ხეობაში და შესაბამისად, თუ წვიმა არ არის ან სხვა რაიმე დამატებითი ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტორები, მხოლოდ მყინვარის დნობის პირობებში, შეიძლება გამოვიდეს, რომ ბუბისწყლის ხეობაში უფრო მეტი წყალი მოდიოდეს, ვიდრე ჭანჭახში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროგრაფიდანაც ჩანს წყლის დონის მონაცემები, რომელიც გრაფიკის სახით აქვთ ჩადებული თავის დასკვნაში.

გრაფიკიდან ჩანს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში წყლის მინიმალური დონე იყო 31 ივლისს. წყლის დონე რადიკალურად დაეცა 13-16 ივლისის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გადაბმული წვიმები იყო და ეს უკვე ეჭვს ბადებს, რატომ მოხდა ასეთი რამ.

16-19 ივლისის პერიოდშიც, წყლის დონე კიდევ დაეცა. ამიტომ, მათ უნდა წარმოადგინონ, რამდენად გამართულად მუშაობდა წყლის დონის მზომი. თუ ტექნიკურად გამართული იყო, მაშინ რამ გამოიწვია ის, რომ წვიმის მიუხედავად, კონკრეტულ რიცხვში მდინარეში წყლის დონე არ გაიზარდა, რა არის ამის ახსნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრაფიკის თანახმად, ტემპერატურა საკმაოდ გაიზარდა, მყინვარები ინტენსიურად დნება. ამავე პერიოდში დაფიქსირებულია დაახლოებით 10-15 მილიმეტრამდე ნალექი, რომელმაც რატომღაც ჰიდროგრაფზე ასახვა ვერ ჰპოვა. ძალიან მცირე მატება არის და აქ მიჩნდება ეჭვი - მეორე დღეს არის მდინარის ხარჯის რადიკალური ვარდნა. შეიძლება რაღაც მოხდა მყინვარზე, რამაც მყინვარიდან გამოსული ნაკადი შეაჩერა და მოსულმა ატმოსფერულმა ნალექმა ეს დააკომპენსირა. შესაბამისად, პიკი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო.

უნდა წარმოადგინონ იმავე პერიოდზე გასული წლების მონაცემები, ამავე მზომიდან, რათა შედარების შესაძლებლობა გვქონდეს.

მყინვარული მდინარეები ყველაზე დიდი რაოდენობით წყალს მაშინ გამოყოფენ, როდესაც დნობაა. დნობის პიკი კავკასიონზე არის ივლისი, აგვისტო და სექტემბრის პირველი ნახევარი.

ის რაც მოხდა, ეს არ არის სწრაფი, მყისიერი მოვლენა, ამას დრო სჭირდებოდა. ყველანაირი სტიქიური უბედურების განვითარებას სჭირდება წინასწარი მდგენელები.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით. პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და სხვა საჯარო პირები დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებებით თავს გვესხმიან „მთის ამბებს“, „მწვანე ალტერნატივას“, სეისმური მონიტორინგის ცენტრს, რომლებიც კითხვებს ვსვამთ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნიკა, იყო თუ არა პროგნოზირება შესაძლებელი?

- როდესაც ამბობენ, რომ პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ეს თავისთავად არასწორია.

როგორი ტიპის პროგნოზირებაა შეუძლებელი? გრძელვადიანი ყველა ვარიანტში შესაძლებელია ნებისმიერ მდინარეზე, ნებისმიერ ადგილას. მოკლევადიანი პროგნოზი შესაძლებელი იქნებოდა, თუ გრძელვადიანი უკვე გაკეთებული გვექნებოდა. გრძელვადიანი პროგნოზირება გვაძლევს პრევენციის მრავალ შესაძლებლობას. მათ შორის, ეს არის გადაუდებელი დახმარების მიმართულებით, შესაბამისი საევაკუაციო ადგილების მოწყობა მსგავს ტერიტორიებზე, რათა ადამიანმა იცოდეს, სტიქიური პროცესის განვითარების შემთხვევაში, სად წავიდეს, თავი სად გადაირჩინოს, დაბნევა რომ არ იყოს.

როდესაც ამბობენ, თითქოს პროგნოზირება არ შეიძლება და იქვე ხაზს უსვამენ, რომ კომუნისტებმა მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და დღეს მდინარემ თავისი გზა იპოვა, როგორც ჩანს, მათ იცოდნენ ეს და შესაბამისად, ასეთი პროცესები როდესაც ვითარდება, წინასწარ უნდა იყოს კარგად მომზადებული.

ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საექსპედიციო კვლევებიც. უნდა იყვნენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მყინვარებს ამოწმებენ, ყოველთვიურად თუ არა, ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით, ივლისიდან აგვისტოს შუალედში მაინც. მყინვარული საფარი ამ პერიოდშია ყველაზე მეტად მოწყვლადი და მაშინ მიმდინარეობს დნობა, მაშინ არის ინტენსიური დაწოლა მასზე. ამიტომ, პროგნოზირების პირველი და ასე რომ ვთქვათ საწყისი ეტაპი, არის გრძელვადიანი პროგნოზი. გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს ამის გამოცდილება. 2015-2016 წლებში მან მოამზადა მსგავსი ტიპის რისკის ზონები და დატბორვის არეალები კახეთის რეგიონში, რამდენიმე მდინარეზე და განსაკუთრებით ყვარელში, დურუჯზე იმიტომ, რომ ღვარცოფული მდინარეა. ყვარელში, საჯარო ადგილებში დღესაც არის გამოკრული სხვადასხვა სახის საინფორმაციო მანიშნებლები, რაც ადამიანებს უთითებს, სად შეიძლება თავი შეაფარონ და სად არის უფრო მაღალი შანსი რომ გადარჩნენ. ასეთი რაღაც უნდა გაკეთებულიყო შოვშიც, პირველივე დღეს, როდესაც ამ კურორტის ხელახლა განვითარება გადაწყდა, მითუმეტეს, თუ იცოდნენ, რომ კომუნისტებმა მდინარის კალაპოტი შეცვალეს. ე.ი. მათ არასწორად გააკეთეს თავიდანვე, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ეს ადგილი იყო საფრთხის შემცველი.

როცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მსგავსი მოდელირებები გააკეთა კახეთის მდინარეებზე, როგორც მახსოვს პოლონეთის საელჩოს საგრანტო მხარდაჭერა გვქონდა. მისი დასრულების შემდეგ რატომ არ გააგრძელა მსგავსი მოდელირებები სტიქიურად აქტიური სხვა მდინარეების ხეობებში, არ ვიცი. ტყუილად ჩატარდა ის ტრენინგები და გადამზადებები? არ არის აქ საუბარი დიდ მდინარეებზე, რომლებსაც „კლიმატის მწვანე ფონდის“ გრანტის ფარგლებში აკეთებენ. აუცილებელია იგივე გაკეთდეს პატარა მდინარეებზე, რადგან პროცესები აქ უფრო სწრაფად ვითარდება. თუ მდინარე რიონზე მსგავსი ზემოქმედების ასახვას დასჭირდებოდა ერთი საათი, პატარა მდინარის შემთხვევაში ეს იყო წუთების ამბავი. ამიტომ, როდესაც არის მსგავსი პროგნოზები, პირველივე ჯერზე უნდა გაკეთდეს პატარა და ისეთ მდინარეებზე, რომლებიც დასახლებულ პუნქტებს გაივლიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში