საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ აწამებდა და ხვრეტდა რუსეთი ქართველებს აფხაზეთის ომში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:30 - 05 აპრილი 2022 hits 66335

მარიამიძე ანა, 19 წლის - 1992 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ გაგრაში, მამის თვალწინ, 13-მა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს; ქაჯაია ლერი - გაგრაში, რკინიგზის ქუჩაზე წამებით მოკლეს - თავი მოჰკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს; აბრამიშვილი გიორგი, 40 წლის - სოფელ ბზიფი, 1992 წლის სექტემბერში ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს; რაზმაძე პეტრე 59 წლის - 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლესთან ერთად - ორივეს თავი მოჰკვეთეს, ნათესავებს გვამების დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს; ჯოხაძე იზა - დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს; მამა ანდრია (ყურაშვილი) - 26 წლის, კამანის მონასტრის მღვდელმონაზონი, 1993 წლის 5 ივლისს კამანის მონასტერში დახვრიტეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში ომის დროს და ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის მიერ წამებით მოკლული და დახვრეტილი 4321 ადამიანის შესახებ აქვს ინფორმაცია აღწერილი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 268 ადამიანი.

მასალების მიხედვით, სეპარატისტები და ოკუპანტები მსხვერპლს ორმოს ამოთხრას აიძულებდნენ და მერე მასში ცოცხლად მარხავდნენ. ოჯახებს, ზოგჯერ, ადამიანთა დიდ ჯგუფს შენობებში, მათ შორის, საკუთარ სახლებში კეტავდნენ და ცოცხლად წვავდნენ. როგორც ცოცხალ, ისე დახოცილ ადამიანებს ბენზინს ასხამდნენ. დახვრეტის წინ ოკუპანტები ადამიანებს ხელებსა და ფეხებს, ცხვირს, ყურებს, ენას, მკერდს, სასქესო ორგანოებს აჭრიდნენ, თვალებს თხრიდნენ, ფრჩხილებსა და კბილებს აძრობდნენ. ტყვედ აყვანილ მამაკაცებს ჯერ აყურებინებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მათ დედებს, მეუღლეებს, ქალიშვილებს, დებს, მერე ყველას ერთად ფიზიკურად ანადგურებდნენ. ნათესავებსა და მეზობლებს დახვრეტილი ადამიანების დასაფლავების საშუალებას არ აძლევდნენ, რათა ცხედრები ძაღლებისა და ღორების საჯიჯგნი გამხდარიყო.

1993 წლის 10 ოქტომბერს, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურის მკვიდრს, იროდიონ ფიფიას გული ამოაჭრეს და ძაღლებს მიუგდეს. ხშირი იყო ეთნიკური წმენდისა და გენოციდის გავრცელებული ფორმები:

ლაბარტყავა შოთა ბაგრატის ძე - 70 წლის, სოხუმში, გაზის აპარატურის ქარხნის ეზოში დაინახა კაუჭზე ჩამოკიდებული ქართველი ახალგაზრდის გვამი, წარწერით „იყიდება ქართველის ხორცი“. შევიდა შენობაში, ააფეთქა ამის ჩამდენი ბოევიკები და თვითონაც მათთან ერთად დაიღუპა.

ხომასურიძე ვლადიმერ - 68 წლის, დახვრიტეს და საკუთარი ეზოს ჭაში ჩააგდეს.

ოკუპანტები და სეპარატისტები არც მძიმე ავადმყოფებს ინდობდნენ, რომლებსაც პირდაპირ საწოლში კლავდნენ. საკუთარ სახლებში ცოცხლად დაწვეს 103 წლის დურუ ტაბაღუა (სოფ. ოტობაია, გალის რ-ნი), 96 წლის მარინე გოგუა (სოფ. ლინდავა, სოხუმის რ-ნი), 90 წლის ლუშა ცაავა (სოფ. შრომა, სოხუმის რ-ნი) და მრავალი სხვა.

აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი უმეტესად ქართველები გახდნენ, მაგრამ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა, მათთან ერთად, ასობით სხვა ეროვნების წარმომადგენელიც დახოცეს. მათ ქართველთა გადარჩენის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. 1993 წლის ნოემბერში სოფ. ოდიშში (სოხუმის რ-ნი) ჯერ დახვრიტეს და მერე მის სახლში შეფარებულ 13 მეზობელ ქართველთან ერთად დაწვეს ბერძენი მერი ანასტასიადი. დახვრეტილთა შორის, გარდა ბერძნებისა, არიან აფხაზები, რუსები, სომხები, ებრაელები, უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მისი მთავრობის წევრები რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი, ქ. სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მათი თანმხლები პირები. არც სასულიერო პირებს ინდობდნენ.

  • ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, გაგრა, ოქტომბრის ქ. № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში, მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.
  • ბჟალავა ომარ - გაგრის მილიციის თანამშრომელი, 1992 წლის 2 ნოემბერს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლისა და შვილების თვალწინ.
  • გოროზია ლავრენტი - გაგრის რაიონი, წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად - ორივეს თავი მოჰკვეთეს.
  • ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული - 70 წლის, გაგრა, წერეთლის ქ. № 11ა, წამებით მოკლეს - გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
  • კაჭარავა ღუღუნი - 50 წლის, გაგრა, წერეთლის ქ. 1992 წლის 2 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.
  • კობახიძე ანზორ - 55 წლის, გაგრა, წერეთლის ქ. 1992 წლის 10 ოქტომბერს წამებით მოკლეს - თავი მოჰკვეთეს.
  • კუპრეიშვილი დავით მალაქიას ძე - 75 წლის, გაგრა, ფოთის ქ. წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე ზინასთან ერთად.
  • კუცია-წულეისკირი ლუბა - 81 წლის, გაგრა, წერეთლის ქ. № 38, 1994 წლის ნოემბერში დახვრიტეს მეუღლე ამბაკო წულეისკირთან ერთად.
  • ლოლუა ლუბა აქვსენტის ასული - 66 წლის, გაგრა, რუსთაველის ქ. წამებით მოკლეს და თამარ ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.
  • ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული - 83 წლის, გაგრა, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს - ავტომობილის დაჯახებით.
  • ქალდანი მურთაზ მუშნის ძე - 32 წლის, გაგრა, ლაკობას ქ. 1992 წლის 9 ოქტომბერს დახვრიტეს და დაწვეს მშობლების სახლში სოფელ ოთხარაში.
  • შუშანია გოვენი - 45 წლის, გაგრა, წერეთლის ქ. № 61/55, დახვრიტეს, გვამი გადააგდეს სანაგვე ყუთში.
  • უცნობი ქალი - ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.
  • აშხარავა გრიგოლ - სოფელი ბზიფი, აფხაზი, მოკლეს ქართველებისადმი თანაგრძნობის გამო.
  • ჩაჩბა ემზარ - სოფელი ბზიფი, აფხაზი, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს იმის გამო, რომ უნდოდა შეყვარებული ქართველი გოგოს, მარიამ ჩოფლიანის დამარხვა.
  • ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული - გაგრის რაიონი, სოფელი ბზიფი, მეგობრობის ქუჩა ქ. № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.
  • ხვისტანი გივი (გიუშა) - საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს ნათესავ ხვისტანთან ერთად.
  • შარია ზაურ არსენის ძე - 53 წლის, დაბა ბიჭვინთა, 1993 წელს წამებით მოკლეს - მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.
  • მოგელაძე პარმენ - 85 წლის, დაბა ბიჭვინთა, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.
  • მიქაძე აბესალომ გერონტის ძე - 70 წლის, სოფელი კოლხიდა, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალები.
  • სანიკიძე გულადი - 29 წლის, სოფელი კოლხიდა, მოკლეს წამებით - დათხარეს თავლები, გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი.
  • ფიფია ნიკოლოზ - 15 წლის, სოფელი კოლხიდა, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.
  • ჭელიძე თამაზ - 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.
  • ხვადაგიანი ანგელინა პეტრეს ასული - 52 წლის, სოფელი კოლხიდა, წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი.
  • შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე - 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.
  • ბენდიანიშვილი მზია - 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გაუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს
  • საბანაძე უშანგი ზინობის ძე - 1993 წლის 23 თებერვალს წამებით მოკლეს - გაუტეხეს თავი და დაუმტვრიეს ქვედა კიდურები.
  • ძიძიგური ბოჩია - 60 წლის, შოლოხოვის ქ., № 19, 1992 წელს დახვრიტეს ძმა ჭიჭიკოსთან ერთად და გვამები ღორებს მიუგდეს.
  • ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე - 64 წლის, ჭავჭავაძის ქ. 1992 წელს წამებით მოკლეს - თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს.
  • ბზიკაძე ჯემალ - 1994 წელს წამებით მოკლეს დასთან ერთად - ორივეს ყელი გამოჭრეს.
  • პეტრიაშვილი ალექსანდრე ალექსის ძე - 52 წლის, 1992 წლის 17 სექტემბერს წამებით მოკლეს - ცოცხლად დამარხეს ნაგავსაყრელზე.
  • ჭანტურია ელენე - 64 წლის, გუდაუთა, ფრუნზეს ქ., 1998 წლის 20 აგვისტოს წამებით მოკლეს მეუღლე სოლომონ სანიკიძესთან ერთად - გააშიშვლეს, დაახრჩვეს და გვამები ნაგავსაყრელზე გადააგდეს.
  • ჭილაია იგორ ბორისის ძე - 1993 წელს მოკლეს სასტიკი წამების შემდეგ - მოაჭრეს თავი და ხელები.
  • კვაბზირიძე ნიკოლოზ - 67 წლის, წამებით მოკლეს - მიაბეს ტრაქტორს და ათრიეს ვიდრე არ მოკვდა;
  • გელენიძე ნუგზარ გრიგოლის ძე - 40 წლის, 1993 წლის 24 ივლისს მოკლეს ავთანდილ გამსახურდიასთან ერთად ქართულ ენაზე საუბრის გამო.
  • ჩალაძე ვალერიან - 56 წლის, 1993 წლის გაზაფხულზე სასტიკი წამების შემდეგ მოკლეს - თანასოფლელებისა და ნათესავების თვალწინ ბრიტვით დაუსერეს თვალები და თავი.
  • თორია ავთანდილ გუის ძე - 22 წლის, ორჯონიკიძის ქ., № 38, 1993 წლის თებერვალში სასტიკი წამების შემდეგ მოკლეს რუხაია-შმულოვიჩის ოჯახის წევრებთან ერთად. დამარხეს მეზობლებმა რუხაია-შმულოვიჩის ეზოში. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ეზო და სახლი რუსეთის არმიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაიკავა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელშეწყობით. მათ ამოთხარეს გვამები და ზღვაში გადაყარეს.
  • გაბრავა ლამზირა პატიკოს ასული - 26 წლის - ძიძარიას ქ. № 2, მე-10 ჩიხი, 1993 წლის 26 სექტემბერს დედა ნათელა თოფურიასთან, ზინაიდა ქირიასთან და 6 მეზობელთან ერთად (ზინაიდა ქირიას სახლის სარდაფში) დახვრიტეს, გვამები დაწვეს.
  • მზია - 23 წლის, სოხუმი, გოთუას ქ. სომხური ბატალიონის ბოევიკებმა გაუპატიურეს და მიაგდეს გონწასული, თვითონ კი შეუდგნენ ქეიფს. გონზე მოსულმა გოგონამ ხელთ იგდო ბოევიკების ავტომატი და შვიდი მებრძოლიდან 3 მოკლა, 4 კი დაჭრა. მზია გადამალეს, მაგრამ ის გასცა მეზობელმა და ჩააბარა მებრძოლებს, რომლებმაც წამების (გააუპატიურეს, მოაჭრეს თითები, ყურები) შემდეგ დახვრიტეს.
  • ნაროუშვილი ალექსანდრე - 60 წლის, სოხუმი, ბაგრატიონის ქ., № 103, გული გაუსკდა, როდესაც სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს მისი 14 წლის ქალიშვილი შორენა.
  • ყალიჩავა ჭიჭიკო იაკობის - 65 წლის, ცოცხლად ამოაძვრეს კბილები, შემდეგ დახვრიტეს.
  • ხოშტარია შუქური - 60 წლის, სოხუმი, ქარხნის ქ., წამებით მოკლეს, ცხედარი დააგდეს ქუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღე ღორები ჭამდნენ.
  • გაჩეჩილაძე თინათინ - 54 წლის, 1993 წლის ოქტომბერში გააუპატიურეს და წამებით მოკლეს - მოჰკვეთეს მკერდი და ხელები.
  • სულაკაძე მარიამ - 87 წლის, წამებით მოკლეს - მიაბეს საწოლზე, წაუკიდეს ცეცხლი და ცოცხლად დაწვეს.
  • ფარცვანია ნათელა - წამებით მოკლეს მეუღლე შალვასთან ერთად, მავთულხლართით გადაუკრეს ხელები და ფეხები და ორივე ცოცხლად დაწვეს.
  • კალანდია-ფიფია გული - 60 წლის, 1993 წლის 31 ოქტომბერს ს. წებელდაში მოკლეს წამებით მეუღლე იროდიონ ფიფიასთან, 15 წლის შვილ დავითთან, ნათესავებთან გარნილე, ნუცა, ლამარა სამუშიებთან და ალექსანდრე ზარქუასთან ერთად.
  • მჭედლიძე ნინა - 52 წლის, მედდა, ტყვარჩელი, ორჯონიკიძეს ქ., № 62, 1993 წლის 18 აპრილს (აღდგომის დღეს) ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ და ეთერისთან ერთად ცოცხლად დაწვეს.
  • ჯონჯუა ევგენია ძიკას ასული - 70 წლის, 1993 წლის 30 სექტემბერს საკუთარ სახლთან ნათესავებთან ერთად წამებით მოკლეს - ტანკით გასრისეს.
  • წურწუმია ჟუჟუნა შალვას ასული - 55 წლის, 1993 წლის 3 ნოემბერს მეუღლის თვალწინ გააუპატიურეს და ცოცხლად დაწვეს.

2022 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი სრულდება. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველი ემსხვერპლა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია. 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ათი ათასზე მეტი ქართველი მოკლა. აფხაზეთი იძულებით 350 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ აღიარა.

სტატია ინგლისურ ენაზე:

A brief history of Russians torturing and killing Georgians during the War in Abkhazia

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში