საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„სახელმწიფო მოწყვლადია ბუნებრივი კატასტროფების მიმართ“

13:14 - 29 სექტემბერი 2017 hits 8032

რა იწვევს მეწყერს და როგორ უნდა დავიცვათ თავი სტიქიის დროს? რა უნდა გაკეთდეს რისკების შეფასებისა და კატასტროფების პრევენციისთვის? რა როლი აქვს სახელმწიფოს? ამ და სხვა საკითხებზე Mtisambebi.ge დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს - თეა გოდოლაძეს ესაუბრა.  

ბუნებრივი კატასტროფები დამახასიათებელია საქართველოსთვის. ჩვენს ტერიტორიას ახასიათებს მეწყრული პროცესები, წყალდიდობები, მიწისძვრები. უამრავი ბუნებრივი მოვლენა, რომელიც კატასტროფულად მთავრდება გარემოსა და ადამიანისთვის. დედამიწის არსებობისთვის ეს კანონზომიერი პროცესია, მაგრამ ჩვენთვის საფრთხისა და ზიანის მომტანია.

წინ ვერ აღვუდგებით ვერც მიწისძვრას, ვერც ვულკანს, ვერც წყალდიდობას და ა.შ. ამიტომაც, სამოსახლოდ ვარჩევთ ისეთ ტერიტორიას, რომელიც ასე თუ ისე ნაკლებად მოწყვლადია მსგავსი ბუნებრივი კატასტროფებისადმი. ხოლო თუკი მოწყვლადია, ადეკვატურად ვეგუებით ბუნებას, ვაშენებთ ისეთ სახლებს, რომ ჩვენთვის სტიქია ნაკლებ საზიანო იყოს.

„საქართველო მოწყვლადია მეწყრული პროცესებისადმი. მთაგორიანი ქვეყანა გვაქვს, საქართველოს მთათა სისტემა, კავკასია, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მთათა სისტემაა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ის მუდმივად განიცდის აღზევებას, დანაოჭებას. შესაბამისად, ასეთი სისტემები ეროზირებადია, ეროზიული პროცესები კი ერთ-ერთი ხელშემწყობი მოვლენაა მეწყრული პროცესებისთვის. მეწყერს ძირითადად იწვევს ჭარბი ნალექი, რაც ხდება კიდეც პროცესის დაძვრის მთავარი მიზეზი და ძლიერი მიწისძვრა.“

თეა გოდოლაძის განმარტებით, მეწყრული პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითარდება. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი კი მთიანი აჭარაა, სადაც მყარი გრუნტი ფაქტობრივად არ გვხვდება, შესაბამისად, მთებზე შეფენილი სოფლების უმეტესობა მოძრავ გრუნტებზეა გაშენებული - „მთიანი აჭარა დასახლებული რეგიონია და მათთვის ეს მტკივნეული პროცესია.“

მისივე თქმით, მოსახლეობას სჭირდება წინასწარი შეტყობინების სისტემები. ამ მიმართულებით კი, როგორც სახელწმიფო, ახლა „ვიდგამთ ფეხს“. პრევენციული ღონისძიბების ნაწილში მთავარია ცოდნა, ტექნოლოგიები, სწორი საკადრო პოლიტიკა და ინფორმაციის გავრცელების ტექნოლოგია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ წინასწარ იყოს ინფორმირებული. აუცილებელია, რომ ბავშვებს სკოლის მერხიდან ავუხსნათ, თქვენ ცხოვრობთ ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი სტიქია შეიძლება მოხდეს.“

თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ დღეს სახელმწიფო მოწყვლადია ბუნებრივი კატასტროფების მიმართ და თუ არ შექმნა ძლიერი მონიტორინგის სისტემები, არ განვითარდა საკადრო პოლიტიკა და განათლების სისტემა, მომავალში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვექმნას.

„თოფმა და ომმა შეიძლება დღეს მოგვკლას, მაგრამ სტიქიამ შეიძლება თაობა შეიწიროს 30 წლის შემდეგ!“

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში