საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლატლიიშდ - სვანი ქალების საწარმო უძველესი ტრადიციების შესანარჩუნებლად

20:51 - 27 ივნისი 2021 hits 24682
ფოტოზე - მადონა წერედიანი
ბიზნესი
ფოტოზე - მადონა წერედიანი

„სვანური მარილი იმდენად მოთხოვნადია და ისე გაამარტივეს მისი დამზადება, მარტო სახელიღა შემორჩა მისგან. ასევეა სვანური ქუდიც - ლატალის თემში, რომელიც 10 სოფელს მოიცავს, მხოლოდ ერთი ადამიანია, სვანურ ქუდს რომ აკეთებს. ძირითადად თბილისიდან შემოაქვთ და აქ ყიდიან, მიმსგავსებულიც კი არ არის სვანურ ქუდთან. გაქრობისთვის არის განწირული სვანური საპნის დამზადების ტრადიციაც. სულ შეგვტკიოდა გული, მაგრამ ამ წუხილების გადაწყვეტა მოქმედებაში ვერ მოგვყავდა. კორონავირუსის პანდემიის დროს მოვიცალეთ ერთმანეთისთვის, სასაუბროდ და იდეების განსახორციელებლად“, - „ლატლიიშდ“ ასე ჰქვია მადონას, ნანოს, თამთას, ნინოს და მზიანას მიერ, სვანეთის სოფელ ლატალში დაფუძნებულ სოციალურ საწარმოს, რომელმაც მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მადონა, ნანო და მზიანა ლატალის საჯარო სკოლის სერტიფიცირებული მასწავლებლები არიან. თამთა ერთ-ერთი ორგანიზაციის ბუღალტერია, ნინო სოფელში მერის წარმომადგენლის თანაშემწე.

პანდემიამდე მადონა მესტიის ცენტრში მდებარე რესტორან „ლილეში“ მენეჯერადაც მუშაობდა. „ლილე“ ქართველ და უცხოელ ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა - გემრიელი სვანური კერძებით, ცოცხალი მუსიკითა და კარგი მომსახურებით.

„რესტორანში ადგილი არ გვყოფნიდა იმდენი სტუმარი გვყავდა. ამ პატარა ობიექტში 20 ადამიანი ვიყავით დასაქმებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შეზღუდვები რომ დაწესდა, საზღვრები ჩაიკეტა, მგზავრობა აიკრძალა და ა.შ, რესტორანი გატანის სერვისზე გადავიდა. შეკვეთა ისე შემცირდა, ზოგჯერ საერთოდ არ გვქონდა. ოციდან ორი ადამიანი დარჩა სამუშაოდ, მზარეულები“,- ამბობს მადონა.

პანდემიამ ბევრი ქალი დატოვა უმუშევრად. ლატალში მცხოვრები ქალებიც ძირითადად მესტიაში სასტუმროებსა და რესტორნებში მზარეულებად ან დამლაგებლებად მუშაობდნენ.

სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში ათასზე მეტი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, 300-მდე საოჯახო სასტუმრო ერთი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო.

„ძალიან ბევრი დაუსაქმებელი ქალი რუტინულად ცხოვრობს, რაც მათ საზოგადოებრივ პროცესებს კიდევ უფრო აშორებს. ნაკლებად თავდაჯერებულები ხდებიან. სვანეთში არ არსებობდა საწარმო, სადაც ქალები ისწავლიდნენ ხელსაქმეს, რომელიც იკარგება, დასაქმდებოდნენ და ისეთ ტრადიციულ პროდუქციას შექმნიდნენ, სხვაგან დამზადებულისთვის კონკურენცია რომ გაეწია ხარისხით“, - მადონას თქმით, სვანი ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოს მიზანი სწორედ ესაა - სვანეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციული ტექნოლოგიების, გამოცდილების შენარჩუნება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მცხოვრები ქალების ჩართულობა.

სვანური ქუდისა და სვანური მარილის დამზადების ტრადიციულ მეთოდს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლიდან აქვს. წელს, აპრილში, ძეგლად აღიარეს სვანური საპნის დამზადების ტრადიციაც. ძეგლის სტატუსის მინიჭებით სახელმწიფომ განაცხადა, რომ ამ საზოგადოებრივ გამოცდილებას დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება.

სწორედ ამ პერიოდში, ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, ზემო სვანეთში ეკონომიკური განვითარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ორგანიზაციამ „ლატლიიშდ“ 35 ათასი ლარის ოდენობით გრანტი მოიგო. სოციალურ საწარმოს ლატალში სამუშაო ფართი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ დაუთმო.

სვანური მარილისა და ქუდის დასამზადებლად საწარმო ნედლეულს ადგილზევე იძენს, ნატურალური საპნისთვის საჭირო ხის ნარჩენებსაც გადამამუშავებელ საამქროებში აგროვებენ, რასაც მანამდე მეწარმეები ყრიდნენ.

სვანეთში საპონს უძველესი დროიდან ამზადებდნენ და მას როგორც გასარეცხად, ისე დასაბანად იყენებდნენ. სვანური საპნის დასამზადებლად საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი. თავდაპირველად აგროვებენ დიდი რაოდენობით წიფლის ხის ნამწვისგან მიღებულ ნაცარს, მოათავსებენ გოდორში ან ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ პერიოდულად თბილ წყალს ასხამენ. ნაცარი წყლით იჟღენთება და ჩამონაწური წყალი ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდება, რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოჰყვება. ამ ნაცრიან წყალს ჰერამი ჰქვია, მას მათეთრებლადაც იყენებენ. შემდეგ ჰერამს ქვაბში ასხამენ და ცეცხლზე შემოდგამენ, დიდხანს ადუღებენ, ვიდრე არ განახევრდება და სქელი მასა არ დარჩება. ამის შემდეგ უმატებენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას. თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს. ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, ვიდრე მასა ცომივით სქელი არ გახდება. შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე თბილს გადმოაგდებენ და პირსახოცში შეახვევენ, რის შემდეგაც ტკეპნიან, ამაგრებენ და გამოსაშრობად ფიცრის ნაჭერზე აწყობენ. ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება. ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევადი საქმეა. ხშირად რამდენიმე ოჯახი საპონს ერთად ხარშავდა, საქმე რომ გაეადვილებინათ. ამჟამად, სვანეთში, სახლის პირობებში საპონს იშვიათად ამზადებენ იმ ოჯახებში, სადაც უფროსი ასაკის ქალები ცხოვრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ასე მომზადებული საპონი ქერტლისა და თმის ცვენის საწინააღმდეგო და დეზინფექციის უებარი საშუალებაა.

„ლატლიიშდ“ ხელსაქმის შესწავლის საშუალებას მესტიის 17-ვე თემში მცხოვრებ ქალებს აძლევს. მეტიც, იმის გამო, რომ ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს, საწარმო ხელსაქმის შესწავლის მსურველებს გადაადგილებაში შეძლებისდაგვარად საკუთარი ავტომობილით დაეხმარება.

როგორც კი სოციალური საწარმო პროდუქტის გაყიდვას დაიწყებს და შემოსავალი გაუჩნდებათ, აპირებენ მოსახლეობისგან ძველი ტანსაცმელი ჩაიბარონ და ძველებური მეთოდით ხალიჩები შეკერონ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში