საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ლექსო ამოგთქომ ოხერო“ – თავისუფლების მოუხელთებელი პარტიზანი

15:39 - 24 იანვარი 2019 hits 27586

წინა დღეს, დილით სალომეს შეუვლის, ლექსებით სავსე ტყავის აბგას გადასცემს და დაუბარებს, გაღმით, კაწალხევში ვანო ხორნაულთან გადაიტანე, ის შეინახავსო, შენ დაგეცემიან და აგაწიოკებენო. თავად იცის რას ამბობს და რას აკეთებს. გრძნობს, რომ დიდი დღე არ უწერია და ყველაზე ძვირფას განძს საიმედო ხელში ტოვებს. ეჭვი არ ეპარება, რომ ვანო ხორნაული სიცოცხლეს უფრო დათმობს, ვიდრე მის ლექსებს.

სალომე უფრო ფრთხილია. იცის ძმის დანატოვარი მისივე სიცოცხლეზე ძვირფასი რომაა და შიშობს, 19 წლის ღლაპი ამ ტვირთს როგორ გაუძლებსო, თუმცა მაინც ასრულებს დანაპირებს და აბგას ვანო ხორნაულს გადასცემს.

იმ ღამით, ხელაშვილი ძმობილების სახლში თავისი დაბადების დღის შესახვედრად შეიპარება და ჩეკის მიერ წინასწარდაწერილი სცენარით, მეგობრების ღალატით და ტყვიით, 1925 წლის 25 იანვარს, 25 წლისა, საკუთარ დაბადების დღეზე, საკუთარ სიკვდილს ხვდება...

სალომე, რამდენიმე კვირაში, დუშეთის მილიციის ეზოდან, ხალხის დასაშინებლად დაუმარხავად მიგდებულ ძმის ნეშტს მოიპარავს და ჩუმად, ქურდულად მიაბარებს მიწას ჩარგლის სასაფლაოზე, ასევე ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით.

ათწლეულების მანძილზე, კაწალხევის ტყეში, საიმედო ადგილას ინახავს ხორნაული მეგობრის დანატოვარს, საკუთარი და მისი ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად. 60-იან წლებში, ღია ტერორის შეწყვეტის შემდეგ, გაბედავს და გადასცემს ხელაშვილის მარგალიტებით სავსე აბგას პოეტის ქალიშვილს.

ასე გადარჩება პოეტის 260-ლექსი და პირადი წერილები განადგურებას. ამ ხელნაწერების მიხედვით დღეს უკვე პოეტის 3 კრებულია გამოცემული. 2-3 ამდენი კი მისი ავტორის დევნაში, მდევარის შიშით დაიკარგა და დაიწვა. ვინ დათვლის დაკარგული ლექსების რაოდენობას! ვინ იცის რამდენი შედევრი იყო მათ შორის, ვინ იცის რამდენ მარგალიტს ეკიდა ცეცხლი ყაყიტაშვილების ბუხარში, როცა სახლის პატრონმა, სიკვდილის შიშით, ხორნაულის აბგაზე არანაკლები მოცულობის, მეგობრის მიერ მიბარებული ლექსების დასტა ცეცხლში შეაგდო!

თუმცა, მის ზოგიერთ ლექსს ხელნაწერების აბგაში ტყვეობა არ გამოუვლია, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც პოეტმა თავისუფლებისა და სიცოცხლის პერიოდში შექმნა, თავად იმღერა ფანდურზე და ხალხიც აამღერა. მათ ერთი თავისებურება აქვთ, ისინი თავიანთი ავტორივით მეომარი გმირები გამოდგნენ!

ხელაშვილის დევნისა და მკვლელობის შემდეგ, მისი ლექსები, როგორც თავისუფლების მოუხელთებელი პარტიზანები, აგრძელებდნენ ნავარდს ფანდურიდან ფანდურზე, გულიდან გულში, გონებიდან გონებაში და ავრცელებდნენ ამბავს მათი ღალატით მოკლული ავტორის შესახებ, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცა.

ისინი, თითქოს ჩურჩულით ყვებოდნენ მათი შემქმნელის გასაოცარი გმირობის ისტორიებს და წარმოუდგენელი მარწუხების ათწლეულებში, აცოცხლებენ და ინარჩუნებენ საქართველოს თავისუფლების იდეას!

„ლექსო ამოგთქომ ოხერო“ ხელაშვილის მეომარი ლექსების მეთაურია!

მას წელს 100 წელი შეუსრულდა.

ის 1919 წელს, 19 წლის მიხა ხელაშვილმა წინასწარმეტყველებასავით ამოთქვა და შემქნელის სახელის გაქვეყნებისთვის ბრძოლა უანდერძა. მანაც, როგორც ცოცხალმა ეს ნატვრა შეუსრულა, იმღერა და ამღერა საქართველო. ის პოეზიის ქართული საგანძურის ერთ-ერთი მარგალიტია, თუმცა პოეტის თაყვანისმცემლებისთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ლექსი.

არავინ იცის ხელაშვილის ლექსი უფრო ძვირფასია მისი მოტრფიალე ქართველებისთვის თუ მისი გმირობა. ალბათ ვერც დავატოლებთ ერთმანეთს, პოეტის სიტყვა უფრო მეტად გაზრდის თაობების პოეტურ სულს თუ მისი გმირობის თავბრუდამხვევი ისტორიები დაეხმარებათ მათ შეინარჩუნონ თავისუფლების არდათმობის მუხტი სამომავლო ბრძოლებში...

ხელაშვილი იყო პოეტი, რომლის ცალკე აღებული ერთი ლექსი, ცალკე აღებული ერთი პოეტის სიცოცხლედ და პოეტობად ღირდა. მას ასეთი ლექსი ჰქონდა მრავალი.

ხელაშვილი იყო გმირი, რომლის ცალკე აღებული ერთი საბრძოლო თავგადასავალი, ცალკე აღებული ერთი გმირის ცხოვრებად და გმირის ტიტულად ღირდა და მას თავის საბრძოლო ისტორიაში ასეთი გმირული ეპიზოდები ჰქონდა მრავალი!

ხელაშვილმა ბოლშევიკების ოკუპაციის ომში შექმნა ხალხის წინააღმდეგობის ისტორია და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაშინ!  

ბოლშევიკები მოდიოდნენ გაცხადებული მიზნებით კლასობრივი მტრის გასანადგურებლად და მაშინდელი აჯანყების დამგეგმავებისთვის, თუნდაც შეფიცულთა რაზმის მეთაურებისთვის, ეს იყო არა მხოლოდ ღირებულებითი, არამედ პოზიციური ომი. მეორე მხრივ, ბოლშევიკები შემოდიოდნენ განცხადებებით, კლასობრივი მოძმეების, თითქოსდა ხალხის დასახმარებლად და საკეთილდღეოდ, ბევრმა ეს იდეა მიიღო და ურდოს შეეგუა. ხალხის წიაღიდან გამოსული ხელაშვილისთვის კი ეს ომი იყო ღირებულებითი არჩევანი. ამ არჩევანით მან დადო თავისუფლების დაკარგვის საშიშროების წინაშე, ნაციის გენეტიკური წინაღმდეგობის განსხეულებული მაგალითი!

მოგვიანებით, ათწლეულების შემდეგ, კოლაუ ნადირაძე დაწერს ქართველი ხალხის თვითგვემის სევდას და საყვედურს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ხალხის დუმილის გამო:

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“

ეს საყვედური არ იქნება მტკივნეული, როცა ხელაშვილს გავიხსენებთ!

ხელაშვილმა ხალხის არშეგუებისა და თავგანწირვის ფაქტი შექმნა, ხელაშვილმა მოწმინდა დუმილის ჩრდილი მთელ საქართველოს...

...1923 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ხელაშვილი მოსახერხებელ ადგილას ჩაუჯდება ფშავის არაგვის ხეობაში შემოსულ, უფრო ზუსტად, შემოტყუებულ თიანეთის მაზრის უფროსს, სურგულაძეს და მის რაზმს. ეს ის სურგულაძეა ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის დაკავება და სასიკვდილო ბრალის წაყენება რომ ითავა. სწორედ მისი ბრალის მიხედვით დახვრიტეს ლევანი 23 წლის თებერვალში. სისხლის გუბეები დააყენა სურგულაძემ არაგვის ხეობაში, თავიანთი სახლების კარებზე ხვრეტდა ხალხს!

ამბობენ ხელაშვილის ყვირილი ტყეს ძრავდაო. „იქედან მოუარეთ ბიჭებო, აქეთ არ გაასწრონ, მისდიეთ და არ დაინდოთო“... და ამისთანები. ანუ მარტო არ ვარ, მთელი რაზმი ვართო. ისე კი უდრიდა თავად ერთ რაზმს!

... 50-იან წლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის კომენდანტი, ვინმე ვალოდია კარგიშვილი, ერთ ფშაველ სტუდენტს პოეზიაზე გამოელაპარაკა და სიტყვა ხელაშვილზე ჩამოუგდო. სტუდენტმა იცის, რომ კომენდანტი დამსახურებული ბოლშევიკია, სწორედ ამისთვის ინახავენ კომენდანტის თბილ ადგილას. ფშაველი თავიდან ცოტა შეფიქრიანდება ამის გამო, მერე კი თამამად ეტყვის, კი მისი ბევრი ლექსი ვიციო!

...ხოო, გააქნევს თავს კარგიშვილი, „მეც იქ ვიყავი სურგულაძე რომ მოკლაო. დაღამებამდე ხიდის ქვეშ ვიმალებოდით ისეთი ცეცხლი დაგვაყარაო, მხოლოდ ღამეში გამოვძვერით და გამოვიყვანეთ მიცვალებულიო... არადა რას წარმოვიდგენდით, თურმე მარტო ყოფილაო!“

25 იანვარს, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით 1925 წელს, 25 წლის სახალხო გმირისა და პოეტის, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და მკვლელობის დღის აღსანიშნავად. ბევრი ლექსი ითქმება, ბევრი სიტყვა, ბევრი სიმღერა და სადღეგრძელო. გავიხსენებთ საბრძოლო თავგადასავლებს, სხვა გმირებსაც, მაგრამ ჩარგლის თოვლიან გზებზე, ყველა ჩვენგანის გონებისა და გულის მეგზური იქნება10 მცნებასავით აუცილებელი, ნაცნობი და მუდმივად ვერშესრულებული ვალდებულების რითმებად ჩამოყრილი სევდა...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს სევდა ჩემთვის მარტო დედის კი არა, დედა ქვეყნის და თუნდაც დედამიწის საყვედურიცაა...

„დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,

იმით გვტანჯავს უფალი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა“

ლელა რაზიკაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში