საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:32 - 24 იანვარი 2024 hits 1089

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტრო თითქმის 2 თვეა „მთის ამბებს“ განზრახ არ აწვდის შემდეგ საჯარო ინფორმაციას: პროგრამის ფარგლებში რამდენი პირია დასაქმებული; საზოგადოებრივი სამუშაოების სრული ჩამონათვალი რეგიონებისა და ორგანიზაციების მიხედვით; 2022 წლის 1-ელი მარტიდან ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საზოგადოებრივი სამუშაოს რამდენი ვაკანსიის შესახებ დაარეგისტრირეს განცხადება; რამდენ პირთან გაფორმდა/შეწყდა სოციალური ხელშეკრულება და ა.შ.

სამინისტრომ არ განიხილა მედიაორგანიზაციის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარიც.

საქართველოს მთავრობამ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფ წევრს, რომელიც არ არის დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დასაქმებულს ყოველთვიურად უხდის დაახლოებით 300 ლარს. ამასთან, ბენეფიციარს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს აძლევს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით,

პროგრამის ფარგლებში მთავრობა ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ასაქმებს, რომლებსაც „სოციალურად დაუცველის“ სტატუსი აქვთ. ამ თემაზე „მთის ამბები“ ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს.

პროგრამის დაწყებიდან 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცა 34 227 სოციალურად დაუცველ პირს. ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 11 384 პირი, ხოლო არაფორმალური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 1860-მა პირმა.

სამინისტრო პროგრამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უმალავს საქართველოს პარლამენტის წევრებსაც, არადა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში