საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის თავდასხმები „მთის ამბებზე“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:33 - 14 სექტემბერი 2023 hits 2283

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აგრძელებს „მთის ამბების“ წინააღმდეგ კამპანიას და აგრესიულ რიტორიკას. ის დღესაც დაესხა თავს გამოცემის რედაქტორს გელა მთივლიშვილს და მას „თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა.

„ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში ვნახეთ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, რომელიც ტყუილის გავრცელებით პანიკას თესდა მოსახლეობაში“, - თქვა პაპუაშვილმა 14 სექტემბერს მედიასთან და „მთის ამბები“ „ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ჟურნალისტიკის“ მაგალითად დაასახელა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, „მთის ამბების“ რედაქტორს „სამარცხვინო კაცი“ უწოდა მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია. ...ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს“, - აღნიშნა კობახიძემ.

პაპუაშვილი და კობახიძე „მთის ამბებს“ შოვის ტრაგედიის კრიტიკულად გაშუქების გამო დაუპირისპირდნენ. სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაცია, ღვარცოფში ჩარჩენილი ადამიანების ფოტოები და მონათხრობი, რომ გადასარჩენად ვერტმფრენით გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდათ, პირველად „მთის ამბებმა“ გაავრცელა. გამოცემა მომხდარს აქტიურად აშუქებდა შემთხვევის ადგილიდან, რაც „ქართული ოცნების“ წევრებს არ მოსწონდათ და ჟურნალისტს იქვე ემუქრებოდნენ. მალევე ხელისუფლებამ შოვში შესვლა ჯერ „მთის ამბების“ ჟურნალისტებს შეუზღუდა, მერე კი ყველა მედიას. „მთის ამბებთან“ ინტერვიუებში არაერთმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. შოვში მდინარე ბუბას ხეობიდან მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.

„მთის ამბების“ რედაქტორი, გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ რედაქცია არ აპირებს პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას, თუმცა პაპუაშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის.

„შოვის სტიქიურ უბედურებაზე, პირველივე დღიდან და მერეც, საზოგადოებას ვაწვდიდით მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას.

ახლაც ვმუშაობთ საგამოძიებო ფილმზე. სახელმწიფო უწყებებისგან მრავალი ხელშეშლის მიუხედავად - შოვში არშეშვება; საჯარო ინფორმაციის დაბლოკვა; რესპონდენტების გაფრთხილება/დაშინება, რომ არ შეგვხვდნენ, უარი გვითხრან ინტერვიუზე; მუქარები, ფილმზე მუშაობას უახლოეს დღეებში დავასრულებთ. ეს იქნება ჩვენი პასუხი“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „მთის ამბებს“ თავს ტრაგედიის პირველივე დღეებში დაესხნენ. პაპუაშვილმა „მთის ამბებთან“ ერთად საბოტაჟში დაადანაშაულა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე და „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი ნინო გუჯარაიძე, რომლებმაც შოვის სტიქიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა ეჭვქვეშ დააყენეს.

„როდესაც საქმე გვაქვს ბუნებრივ კატასტროფასთან და კრიზისულ მომენტებზე, როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, აქ რა თქმა უნდა სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ - „მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“, მათი დონორების მიმართ, უცხოელი დონორები არიან.

ჩვენ ბევრი სამძიმარი მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს სამძიმარი კარგია, მაგრამ როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ საბოტაჟს უწყობენ, კრიზისულ მომენტში ცდილობენ, რომ პანიკა დათესონ, დეზორიენტაცია საზოგადოების, ეს რა ქცევაა ან რისი დაფინანსებაა საერთოდ.

არ ვიცი, ვინ არიან ახლა ამ ორგანიზაციების დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოვუწოდებ, რომ ჩახედონ რას აფინანსებენ და რა არის. ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ? როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიანად პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, რომელსაც სხვა დროს კიდევ შეიძლება რაღაცნაირად ვუმკლავდებოდეთ და ნაკლებად ემოციურიც ვიყოთ ამის მიმართ, შეჩვეულიც ვართ, მაგრამ ამ დროს, როცა ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი და კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვა არის, ამ დროს როდესაც ხდება ზურგში დანის ჩაცემა, აი, ასეთი მედიასაშუალებების მხრიდან და ასეთი ენჯეოების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების და მოვუწოდებ მათ, რომ ამაზე დაფიქრდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ „მთის ამბების“ რედაქტორს „არაკაცი“ უწოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოს უწოდებს ბოლო პერიოდის შემთხვევებს. პარლამენტის თავმჯდომარეს დამოუკიდებელმა ონლაინგამოცემამ OC Media უარი უთხრა მოსაზრების გამოქვეყნებაზე, რის შემდეგაც პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს  მიმართა. გამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს უარის ობიექტური მიზეზები განუმარტა, თუმცა პაპუაშვილი შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია.

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო „რუსული კანონის“ მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე „რუსული კანონის“ სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.

თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს“, - მედიის ადვოკატირების კოალიციამ მოუწოდა მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში