საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გარემოს ეროვნული სააგენტო შოვის სტიქიურ უბედურებაზე საჯარო ინფორმაციას ასაიდუმლოებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:32 - 16 აგვისტო 2023 hits 5250
ფოტოზე - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
ახალი ამბები
ფოტოზე - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი გარემოს ეროვნული სააგენტო „მთის ამბებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ცხედარი, 7 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. ინფორმაციის დაბლოკვის გამო, „მთის ამბები“ გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის სტიქიის შესახებ პირველადი შეფასება 6 აგვისტოს გამოაქვეყნა. დასკვნა ხელისუფლებას მთლიანად არიდებს პასუხისმგებლობას.

7 აგვისტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით.

9 აგვისტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენციის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურიდან არ აცნობეს „მთის ამბებს“, რომელიც შოვის ტრაგედიას პირველივე დღიდან სიღრმისეულად აშუქებს.

ბრიფინგზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს სატელიტური მონაცემები აჩვენა და თქვა:

„მონაცემები, რომელიც ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან, ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე არანაირ შეგუბებას, წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონია. ჩვენი სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ჩვენ გვქონდა წყლის დონის მზომი სადგურიდან მიღებული ინფორმაცია, სადაც არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება. ეს იყო ძალიან მყისიერი, ასე ვთქვათ, კლდეზვავური მასის ჩამოშლა. ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში უმოკლეს ვადებში. ასეთი სტიქიური მოვლენების დროს, საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან; რამდენიმე მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს. როდესაც ვსაუბრობთ ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, წინსწრებით პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“.

„მთის ამბებმა“ 10 აგვისტოს გარემოს ეროვნული სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, საქმისწარმოების მასალები [სტიქიური პროცესების და მათი გამოწვევის შესაძლო მიზეზების, სტიქიური უბედურების შემდეგ მასზე დაკვირვების ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა (გადაღებული შვეულმფრენიდან და დრონებით); საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული სატელიტური გამოსახულებები და სააგენტოში მიღებული, დამუშავებული, შექმნილი, გაგზავნილი - დაცული ყველა სხვა მასალა], რასაც დაეყრდნო შოვის სტიქიური უბედურების შესახებ მომზადებული პირველადი დასკვნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის და მისი პირველი მოადგილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და შეფასებები.

კანონმდებლობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოეწოდებინა „მთის ამბებისთვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ საჯარო ინფორმაციის შეგროვებას მეტი დრო სჭირდებოდა, წერილობით მაშინვე ეცნობებინა 10 დღიანი ვადის შესაძლო გამოყენების თაობაზე. სააგენტომ „მთის ამბებს“ არც საჯარო ინფორმაცია მოაწოდა და არც წერილობით უცნობებია, 10 დღიანი ვადის საჭიროების შესახებ.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები „მთის ამბების“ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ეს არ არის კანონის დარღვევისა და „მთის ამბებისთვის“ საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის პირველი და ერთადერთი შემთხვევა. „მთის ამბებს“ სააგენტოსთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს - ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების შედეგად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე, რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის შესახებ საქმის მასალების არგადმოცემის გამო.

გარემოს ეროვნული სააგენტო „მთის ამბებს“ ასევე არ აძლევს გეოლოგიურ ბიულეტენს - საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებისა და 2023 წლისთვის პროგნოზის შესახებ.

ამ დოკუმენტს სააგენტო თავის ვებგვერდზე უნდა აქვეყნებდეს, რასაც ასევე არ აკეთებს. სააგენტომ გეოლოგიური ბიულეტენი არ გადასცა არც გარემოსდაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“, რომელსაც ორ თვეზე მეტია სახელმწიფო ორგანოსთან ამის გამო დავა აქვს.

აღსანიშნავია, რომ შოვში, სტიქიური უბედურების მეოთხე დღიდან, მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, პოლიცია „მთის ამბების“ ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში აღარ უშვებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში