საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორც მთავრობა იქცევა, ეს ავტორიტარული მმართველობის მოდელია - ქორიძე შოვის ტრაგედიაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:32 - 16 აგვისტო 2023 hits 3350

„მთავრობა თავისი კომუნიკაციით ახლა საზოგადოებას ბრძოლას უცხადებს და არწმუნებს, რომ თქვენ არავინ აზრზე არა ხართ და რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად და გეყოფათ. ეს არის სრულყოფილი, დამუშავებული მოდელი, როგორ იქცევა ავტორიტარული მმართველობა. ხელისუფლება ახლა ცდილობს, ის თემები წამოჭრას და იმ თემებზე გამოიწვიოს მეტი დისკუსია, რომელიც დაღლის საზოგადოებას“, - ამბობს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

„ფაქტია, ბიჭი იყო სტიქიის ზონაში, ახლა გარეთ არის, ფოტო და ვიდეომასალები არსებობს, როგორ გამოვიდა ის გარეთ. სტიქიური უბედურებიდან 13 დღე გავიდა და ხელისუფლებამ დაიწყო იმის ჩამოყალიბება, საზოგადოებას აუხსნას, ერთი მხრივ, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში, საკუთარი ვერსია შექმნას და მეორე, საზოგადოებას მიაწოდოს ასევე საკუთარი ვერსია, როგორ კარგად და სწორად მოიქცა ხელისუფლება იმ დღეს და შემდეგ დღეებში, ვიდრე კიდევ შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ამ ვერსიების ჩამოყალიბებისთვის

მთავრობას დრო დასჭირდა, დასჭირდა საინფორმაციო სივრცის შეზღუდვა, სტიქიის ზონის ჩაკეტვა. ჩვენ არ ვიცით, იქ, დღეს რა ტიპის სამუშაოებს ატარებს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ამ სიტუაციიდან ყველაზე მინიმალური ზიანით გამოძვრეს.

რა თქმა უნდა, მასზეა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა.

ხელისუფლება ცდილობს, ახლა აჩვენოს, რომ 3 და 4 აგვისტოს, შემდეგ დღეებშიც, შოვში მისი ქმედებები იყო სწორი და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება, თუ ის სამთავრობო ხედვას რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ან საერთო კონტექსტს ურღვევთ, იქ მთავრობა პროაქტიულად გადმოდის შეტევაზე და ცდილობს, ეს საინფორმაციო ნაკადი შეაჩეროს ან დაიწყოს უხეში ფორმებით მითითება, რომ რასაც ის ამბობს, ის არის მართალი და სხვა ყველაფერი არის მცდარი. ამიტომაც სჭირდება ირაკლი კობახიძეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სტიქიის ზონაში მოყოლილი კონკრეტული ადამიანების ისტორიები, რომლებიც ცოცხალნი გადარჩნენ, არადამაჯერებელია, მოგონილია. ამას ემსახურება შს მინისტრის 14 აგვისტოს განცხადება, რომ ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და არ იყო საჭირო, პილოტებს გაერისკათ. თითქოს, ხელისუფლება იმდენად კარგად მართავდა სიტუაციას, ზედმეტ რისკებს ვერ გააჩენდა, ისედაც კარგად ხედავდნენ და აკონტროლებდნენ რა მასშტაბის იყო ეს სტიქიური უბედურება. მთავრობა ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რაც იქ მოხდა, ეს იყო შეუქცევადი და უფრო უკეთესად ვერაფერს გააკეთებდნენ.

დღეს მთავრობის მთავარი საზრუნავია უფრო დამაჯერებლად გამოჩნდეს მისი საქციელი და ყველაზე ნაკლები ბრალეულობა მიიწეროს ამ სიტუაციაში, ამდენ ადამიანურ ტრაგედიაში.

- შეძლებს მთავრობა ამას?

- ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების გონიერებაზე. იმაზე, რამდენად სწორად აფასებს საზოგადოება ამ ცნობებს, კრიტიკული აზროვნების უნარი რამდენად მძაფრი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს განაპირობებს ზუსტად იმას, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციური ხედვა გაიმარჯვებს თუ არა. ფაქტია, მთავრობა ახლა საზოგადოებას ბრძოლას უცხადებს თავისი კომუნიკაციით და არწმუნებს, რომ თქვენ არავინ აზრზე არა ხართ და რაც გავაკეთეთ, გავაკეთეთ სწორად და გეყოფათ. ეს არის სრულყოფილი, დამუშავებული მოდელი, როგორ იქცევა ავტორიტარული მმართველობა. ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არ უშვებს კონტრკითხვებს, არ უშვებს დისკუსიას, არ უშვებს განსხვავებულ აზრებს, განსხვავებულ ინფორმაციებს. ამბობს, რომ აი, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება და უნდა დაიჯეროთ და თუ არ დაიჯერებთ, მე დაგაჯერებთ. ეს მიდგომა აქვს დღეს მთავრობას. ამიტომაც ცდილობს, ასეთი, უცერემონიო განცხადებები აკეთოს, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება ბავშვი ამ სტიქიური უბედურების ზონაში იყოს და ის გადარჩეს; ან დავუშვათ, ვიღაც ცდილობს ამ ღვარცოფთან ბრძოლას და როგორ ახერხებს იქიდან გამოსვლას ან აზრი აქვს თუ არა უკვე ტალახში ჩაფლული ადამიანების გადარჩენაზე რესურსების დახარჯვას. მთავრობა ცდილობს გადაფაროს, რომ არასწორად მართა ვითარება.

როგორ შეძლებს, ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ადეკვატურ რეაქციაზე. თუ საზოგადოებამ დაიჯერა ეს და უთხრა მთავრობას, რომ კი, რაც შენ გააკეთე, სწორად გააკეთე და მეტი კითხვა არა მაქვს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების უმწიფარი დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ და ბევრ შემთხვევაშიც, ჩვენ ამის გამო ვზარალობთ ხოლმე. დააკვირდით, ერთი პერიოდი, ერთი დეკადა ხელისუფლებამ გადააგორა იმით, რომ ნელ-ნელა თითქოს მიავიწყდა, გლოვის რეჟიმში დატოვა საზოგადოება და მეორე ეტაპზე, შეტევაზე გადავიდა. ახალი ფრონტი 14 აგვისტოს შს მინისტრმა გახსნა, ადამიანმა, რომლის მიმართაც, საჯარო მოხელეთა შორის ყველაზე მეტი კითხვა ისმის. მთელი 10 დღის განმავლობაში, უწყება, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება ყველა გადაუდებელი სამსახური, რომელიც უნდა იყოს ჩართული ამ სტიქიური უბედურების ლიკვიდაციაში, დარჩა მინისტრის პოლიტიკური მმართველობის გარეშე.

- დამაჯერებელია თქვენთვის ვახტანგ გომელაურის განცხადება, რომ მან 10 დღის განმავლობაში ვერ შეძლო სტიქიური უბედურების ზონაში ჩასვლა, რადგან მამა მძიმედ ავად ჰყავს, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ და ის თავზე ადგა მას.

- არადამაჯერებელია, მეტი დოკუმენტირება სჭირდება. მან უნდა წარმოადგინოს ყველა დოკუმენტი საზოგადოების წინაშე. მესმის, საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან პერსონალურ ინფორმაციას, რადგან მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი, მაგრამ საჯარო ინტერესი იმდენად მაღალია, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც, იმ კლინიკაზეც, სადაც ის იმყოფებოდა და იმყოფება ამჟამად.

რატომ არ იყო შესაძლებელი 10 დღის განმავლობაში მას დაეტოვებინა მამა და მე-11 დღეს როგორ შეძლო მან ეს?

ყველა სამთავრობო ჩანაწერი საზოგადოებამ უნდა მიიღოს, როგორ, რა ფორმით მოახერხა ეს მივლინება თუ შვებულება მინისტრმა და იყო თუ არა ამის შესახებ სრულყოფილად ინფორმირებული საქართველოს მთავრობა. სატელევიზიო ინტერვიუსას ნათქვამი ფრაზით არ უნდა დაკმაყოფილდეს არც მედია და არც საზოგადოება, მეტი დამაჯერებლობა სჭირდება ამ კომენტარს. ისე იყო მოწოდება, თითქოს საზოგადოებას ემოციურად უნდა მიეღო, აბა, რა ექნა, საკუთარ მამას, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, თავზე ადგა. რაკი თავად მინისტრმა გახადა ეს საჯარო პროცესის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება და ეს ინფორმაცია საზოგადოებამ უნდა მიიღოს.

- რატომ არის ხელისუფლება დაჟინებული მტკიცების პროცესში, რომ თითქოს არ შეგვეძლო ამ ტრაგედიის თავიდან არიდება, სულ მცირე, მსხვერპლის რაოდენობის შემცირება. მმართველი პარტია უშვებს, რომ შოვის ტრაგედიამ, შესაძლოა, მის მიმართ ნდობაზე, რეიტინგზე, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს?

- პირველ რიგში ამის მიზეზი არის მსხვერპლი. საზოგადოების პირველი ბუნებრივი რეაქციაა, მიაქციოს ყურადღება იმას, ამ დროს მთავრობა რამდენად სწორად მოიქცა და მისი სწორად მოქცევის შემთხვევაში, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მსხვერპლის შემცირება ან საერთოდ რომ არ ყოფილიყო.

ყველაზე მეტად ზუსტად ამისი ეშინია მთავრობას, თუ ეს კითხვები, ეს მოსაზრებები, ეს დისკუსია იქნება საგნობრივი და წარმოაჩენს იმას, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მთავრობას არასწორი გარემოს დაცვის პოლიტიკა ჰქონდა.

საქართველოში ბევრი ასეთი ზონა რომ გვაქვს, ამაზე მთავრობას უნდა ემუშავა, წინასწარი შეტყობინების სისტემები უნდა გაემართა, ამაზე ფული უნდა დაეხარჯა, სპეციალისტები მოეწვია და ჩვენი ტიპის ლანდშაფტის მქონე ქვეყნებში მოქალაქეები მეტად უნდა ვყოფილიყავით დაცულები.

- მიაქციეთ ყურადღება შს მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც მან თქვა, რომ რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი ვართ და ბუნებრივი კატასტროფები წამების თემაა [წამებში ხდება].

- გასაგებია, არავინ ეუბნება მთავრობას, რომ კავკასიონის ქედი დააშოროს ქვეყანას. კავკასიონის ქედი არის ამ ქვეყნის ტერიტორია, ამ ქვეყნის მშვენება და ძალიან დიდი სიმდიდრე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ დაიცვა შენი მოსახლეობა ისეთი პრევენციული ღონისძიებებით, როგორც იცავენ შვეიცარიაში, იტალიაში, მთათა იმ სისტემებში, რომელშიც ევროპული ქვეყნები ცხოვრობენ. სტიქიური პროცესებისგან, რა თქმა უნდა, არავინ არის დაცული.

მთარობას არავინ ეუბნება, რომ ღვარცოფი გააჩეროს, მაგრამ როცა ღვარცოფი მოდის, შენ რამდენი წუთით ადრე შეგიძლია ამაზე ინფორმაცია მიიღო, ეს ხომ შეგიძლია?!

რამდენი წუთი შეიძლება დაგჭირდეს იმისათვის, რომ ადამიანების ევაკუაცია მოახდინო. მთავრობის მიმართ კითხვის ნიშნები სწორედაც ამ პრევენციულ ღონისძიებებზეა, მაგრამ, დააკვირდით, ხელისუფლება იმიტომ გადადის სხვა ფრონტზე, რომ პრევენციული ღონისძიებებისა და სამაშველო სამსახურების ორგანიზებული მუშაობის სწორი დაგეგმვის თემები არ გააქტიურდეს. ეს არის ზუსტად ის ორი თემა, რომელშიც მთავრობამ არა მარტო ჩემი შეფასებით, არამედ ობიეტურადაც რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ შოვის სტიქიური უბედურების დროს გამოცდა ვერ ჩააბარა. ახლა ცდილობს, ის თემები წამოჭრას და იმ თემებზე გამოიწვიოს მეტი დისკუსია საზოგადოებაში, სადაც მას წასაგები არა აქვს არაფერი და მეტიც, დაღლის საზოგადოებას ამ თემებზე დისკუსიით.

დღეს დისკუსია საზოგადოებაში სწორედ იმ საკითხებზე უნდა გაიმართოს, რაც არის აქტუალური და მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მთავრობის რეპუტაციას, მის პოლიტიკას დიდ ზიანს მიაყენებს. ამიტომაც სამთავრობო კომუნიკაციის ახალი ეტაპი არის ის, რომ აქეთ გადავიდეს შეტევაზე და მაგალითად, ეჭვის ქვეშ დააყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც ობიექტურად მოხდა და ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. მადლობა ღმერთს, რომ ის ადამიანები გადარჩნენ და ახლა კითხვის ნიშანი დავსვათ, როგორ გადარჩნენ აბა ისინი? ისე გადარჩნენ, როგორც მათ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, თორემ მათ გადარჩენაში სამაშველო სამსახურის როლი იყო მინიმალური, თითქმის არ იყო. ეს არის დღეს საკვანძო მომენტი.

მთავრობა ახლა თუ მთლიანად ამ პოლიტიკით, ამ დისკუსიებით გააჯერებს საჯარო სივრცეს, მორიგ ჯერზე შეეცდება ჩვენი საზოგადოების დეზორიენტირებას.

რა არის პრობლემური იმაში, მთავრობამ აღიაროს, რომ შეცდა. შეიძლება, ის ფიქრობს, რომ შეუმცდარია და მისი შეცდომის აღიარება დღეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ არჩევნებში დაზარალდეს ამის გამო, მაგრამ სხვანაირადაც შევხედოთ, როდესაც მთავრობა გულწრფელად იქცევა, შეიძლება, ეს უფრო მისაღები იყოს საზოგადოებისთვის. ახლა ჩვენ ვართ მოცემულობის წინაშე, რომ მთავრობა ბევრ შემთხვევაში არ ამბობს სიმართლეს და უმეტეს შემთხვევაში ცდილობს, სხვა მიმართულებით გადავიდეს შეტევაზე და ამით კიდევ ერთხელ დრო მოიგოს.

3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში