„გადაწყვეტილებამ, რომ ყანობში საბავშვო ბაღი გაიხსნება, ყველა ძალიან გაგვახარა. ის ადამიანებიც კი, ვისი შვილებიც ბაღის ასაკის არ არიან. აქ ხომ 4-5 კაცი მაინც დასაქმდება და ეს პატარა სოფლისთვის ცოტას არ ნიშნავს. ყველაზე მეტად, მგონი მე გამიხარდა ეს ამბავი. ადრეც იყო დაპირება, რომ მომავალ წელს გვექნებოდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ეს დაპირება რეალურია“, - ამბობს ფიქრია.
ის მოხევეა, აჩხოტიდან. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბარში მუშაობდა, იქვე დაოჯახდა. მისი მეუღლეც მოხევეა, ყანობელი ბესო კობიაშვილი. ახალგაზრდები ჯერ რუსთავში ცხოვრობდნენ, მაგრამ ბესო ყაზბეგში საზღვარზე მსახურობდა და გადაწყვიტეს, ხევში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.
„თითქოს ცოტა ხნით წამოვედით, მაგრამ შემოვრჩით. აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილებიც“, - ამბობს ფიქრია. პროფესიით ფსიქოლოგია, ილიას უნივერსიტეტი დაამთავრა. სტეფანწმინდაში სპეციალობით ვერ დასაქმდა.
„აქ დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ვმუშაობ. ეს საქმე ჩემ სპეციალობასთან ახლოს არის, მაგრამ ბევრი ტრენინგიც გავიარე. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური. მთელი ბავშვობა ვოცნებოდი მასწავლებლობაზე და ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს“, - ამბობს ფიქრია.
მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია სულ პატარაა, დედა მაინც ფიქრობს მარტში სამსახურში გასვლას. „ძალიან მინდა, ისეთი პირობები გვქონდეს, რომ მშვიდად შევძლო მუშაობა. ახლა, რაც მეოთხე შვილი მეყოლა, ახალი საფიქრალი გამიჩნდა, ვის დავუტოვო თოთო ბავშვი. უფროსებისთვის კი ძალიან მჭირდება საბავშვო ბაღი. უბაღობა ჩემი ოჯახისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ბესო მესაზღვრეა. საბედნიეროდ, სამსახურში ძალიან უწყობენ ხელს და მორგებული გრაფიკი აქვს, ხუთი დღე სახლშია და სამი დღე მუშაობს. როცა სახლშია, ბავშვები მასთან არიან“, - ამბობს ფიქრია.
უბაღობა მხოლოდ ფიქრიას ოჯახის პრობლემა როდია, სხვა ყანობელი დედებიც იგივეს ამბობენ. სოფელში საბავშვო ბაღი არც ყოფილა.
„როგორც ჩანს, ადრე არც იყო ამის საჭიროება, მაგრამ ახლა საბაღე ასაკის 12 ბავშვია, უფრო პატარებიც არიან და რამდენიმეს დაბადებასაც ველით. თითო ოჯახს სამი შვილი მაინც ჰყავს. ბაღის გახსნასაც დაგვპირდნენ და იმედია, გვექნება“, - გვითხრა ყანობში სტუმრობისას ახალგაზრდა მასწავლებელმა.
კიდევ რა სირთულეებია სოფლად? ან რა უიოლებთ ცხოვრებას?
„ყველაზე კარგი ის არის, რომ გაზი გვაქვს. თან ახლა უფასოდ მოგვეწოდება. ამით ძალიან გვეწყობა ხელი, გათბობის პრობლემა რომ არ გვაქვს. აქ ხომ ძალიან ცივი ზამთარი იცის.
უბაღობაზე ვსაუბრობდით, თუმცა უექიმობაც რთულია, თან, როდესაც ამდენი ბავშვია სოფელში. სასწრაფოს რომ ვიძახებთ, 15 წუთის მაგიერ, 1-2 საათში მოდის. ამასწინათ ბარბარე გამიხდა ცუდად, ალერგია მისცა და სანამ ექიმმა მოაღწია, ორი საათი მაინც გავიდა. კარგი იქნება, სოფელში იყოს ამბულატორია, ექიმი ან ექთანი მაინც.
ყანობში არ არის მაღაზია, რაიონში მივდივართ და იქ ვყიდულობთ ყველაფერს, მაგრამ რაღაც რომ დაგავიწყდეს, ისევ უკან უნდა წახვიდე.
ზოგადად უგზოობაც პრობლემაა, უტრანსპორტობაც. მითუმეტეს, ზამთარში. თოვლი რომ მოდის, გზა კი მალე იწმინდება, მაგრამ მაინც ჭირს ამოსვლა.
ვისაც მანქანა აქვს, მისთვის რთული არ არის გადაადგილება. ჩვენც, როცა გვჭირდება ყაზბეგში მივდივართ, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს მანქანა? ბევრი ოჯახი ცხოვრობს უმანქანოდ.
- როგორია თქვენი ერთი დღე?
- „ახლა, რაც ანასტასია დაიბადა, სახლიდან ნაკლებად გავდივარ. მანამდე, სულ ვჩქარობდი: ვიღვიძებ დილას ადრე, აუცილებლად ვამზადებ სამნაირ ფაფას, რადგან ყველას სხვადასხვა რამ უყვარს. ვაჭმევ, დავბან, ვამზადებ ბავშვებს. მერე უკვე საკუთარ თავს ვიწესრიგებ. 15 წუთი მყოფნის ჩემთვის, ხან ნაკლებიც უნდა ვიმყოფინო. მივდივარ სკოლაში, ვატარებ გაკვეთილებს, ვბრუნდები, ისევ ბავშვების ჭამა, დაძინება, სადილი, სახლში რა დალევს საქმეს. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ ბავშვებთან ერთად და ყველაფერი ჩვენი საკეთებელია“.
- რამდენ ხანს იქნებით სოფლად?
- „რთული საკითხია. თავიდანაც თითქოს ცოტა ხნით წამოვედით, მაგრამ ვიცი, რომ აქ ჯანმრთელები იზრდებიან ჩვენი შვილები: სუფთა ჰაერზე ცხოვრობენ, საქონელი გვყავს და ნატურალურ პროდუქტს ვაჭმევთ. თუმცა ბავშვების მომავალი მაფიქრებს? წესიერი განათლება ხომ უნდა მივცეთ შვილებს? სკოლის გარდა რამეზე ხომ უნდა ვატაროთ? ყაზბეგში კი არის კულტურის სახლი, მაგრამ ყოველთვის, მითუმეტეს ზამთარში, თოვლს რომ დადებს და მოყინავს, ძალიან რთულია კვირაში რამდენჯერმე ყაზბეგში სიარული... სპორტზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეებზე ტარება რომ დასჭირდებათ, მერე ალბათ ისევ ქალაქისკენ წამოვალთ“.