საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

10 ადგილი მთაში, რომელიც გვიან შემოდგომაზე უნდა ნახო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:19 - 20 ნოემბერი 2017 hits 43852
ბატეთის ტბა, ძამას ხეობა
მოგზაურის დღიური
ბატეთის ტბა, ძამას ხეობა

სვანეთი ყოველთვის კარგი იდეაა, ახლანდელ სეზონს კი თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს - შეიძლება დაიძინო შემოდგომით და გაიღვიძო ზამთარში. მხოლოდ აქ იტევს ერთი პეიზაჟი კოშკებს, ოქროსფერ ტყეებსა და დათოვლილ მწვერვალებს - შემოდგომისა და ზამთრის ერთდროულად თბილ და სუსხიან შეხვედრას.

დასარჩენად ადგილის პოვნაც არ გაგიჭირდებათ. მესტია საოჯახო სასტუმროების სიმრავლით და დაბალი ფასით გამოირჩევა. ერთი ღამის გათევა საშუალოდ 20-25 ლარი ღირს. თუ გრძელი გზა გაფერხებთ, გამოსავალი თვითმფრინავია. ნატახტარიდან მესტიაში გადაფრენა 65 ლარი დაგიჯდებათ. წლის განმავლობაში 4-ჯერ მაინც ვსტუმრობ სვანეთს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი და წარუშლელი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები. ამიტომაც გირჩევთ, თუ გაქვთ თავისუფალი 3 დღე, გაემგზავრეთ სვანეთში - კუბდარი და ღვინო ამ შესანიშნავ ხედს განსაკუთრებით უხდება.

2. გუდამაყრის ხეობა

თუ განტვირთვისთვის მხოლოდ ერთი თავისუფალი დღე გაქვთ, გუდამაყარს გირჩევთ. თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე საოცარ გარემოში აღმოჩნდებით. აყევით ხეობას ბოლომდე, ესტუმრეთ სოფელ ჩოხს, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელს.

ხეობა ამ პერიოდში თითქმის დაცლილია, თუმცა რამდენიმე სოფელში ადგილობრივები მაინც დაგხვდებიან. მათგან შეგიძლიათ ნატურალური პროდუქტებიც შეიძინოთ და შინ სოფლის ნობათით დაბრუნდეთ. პირადი გამოცდილებით გეტყვით, განსაკუთრებით გემრიელი თაფლი აქვთ. დაბრუნებისას სოფელ მაქართაშიც შეიარეთ და მოინახულეთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სადაც მუდამ მომღიმარი მამა თეოფანე დაგხვდებათ.

გუდამაყარი. ფოტო © მწვანე ზებრა

3. თრუსოს ხეობა

მე-20 საუკუნის ბოლომდე ხეობაში ერთად ცხოვრობდნენ ეთნიკური ქართველები და ოსები. ამ თანაცხოვრების კვალი იქ ყველგან დაგხვდებათ: შემორჩენილ კოშკებში, ნასახლარებსა თუ საყდრებში.

ხეობის ბოლომდე სანახავად, სპეციალური საშვის აღება დაგჭირდებათ თბილისში, სასაზღვრო პოლიციაში. არ შეუშინდეთ! აიღეთ საშვი და გაუდექით გზას ყაზბეგისკენ. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ, სოფელ კობს მიადგებით. ხელმარცხნივ თრუსოს ხეობის უზარმაზარი ხედი გადაიშლება. ფეხით გასავლელი მანძილი საშუალო სირთულისაა. მოინახულეთ სოფლები: ზაქათგორი, კეტრისი, ოქროყანა, აბანო, ისტორიული ტაძრები და კოშკები, დატკბით მყინვარწვერის ხედით და მშფოთვარე თერგის ხმაურით. მერწმუნეთ, მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. და ერთიც, არ წამოხვიდეთ ვიდრე ამასაც არ ნახავთ - ჩემი აზრით, ხეობის მთავარი ხიბლი გაშლილ მდელოზე ოქროსფრად გაწოლილი ტრავერტინებია.

 4. ხადას ხეობა

საუკეთესო არჩევანი ერთდღიანი ლაშქრობისთვის. ხადაში მოსახვედრად, შეგიძლიათ, დილის 9 საათზე დიდუბის ავტოსადგურიდან გუდაურის მიკროავტობუსს დაემგზავროთ. საათნახევარში უკვე სოფელ ქვეშეთში იქნებით, აქედან იწყება 60 კოშკოვანი ხადას ხეობა. მარშრუტი მარტივი სირთულისაა, გზად მთებზე შეფენილ სოფლებსა და კოშკებსაც ნახავთ. მალევე შეგხვდებათ მინერალური წყალი ვეძა, დააგემოვნეთ, სასარგებლო და გემრიელია.

ხადას მარცხნივ კურორტი გუდაური ესაზღვრება, მარჯვნივ კი ასევე მშვენიერი სონჩოს ხეობა. უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული წკერე ხეობის ბოლო სოფელია. აქედან პირდაპირ ჩანს მთიულეთის ქედი და ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია. თქვენი სტუმრობით სოფელში ამ დროისთვის დარჩენილ 3 მოსახლესაც გაახარებთ. ანიჩკა ბებო თავის ფარდაგებს დაგათვალიერებინებთ. თუ მასთან სტუმრობას გადაწყვეტთ, იქნებ საქსოვი ძაფები წაუღოთ. გრძელი ზამთრის გადატანაში დაეხმარება.

5. რაჭა

სვანეთივით ყველა სეზონზე საუკეთესოა, თუმცა თუ პალიტრაში არსებული და არარსებული ყველა ფერის ერთდროულად ნახვა გსურთ, შემოდგომა იდეალური დროა. 

შაბათ-კვირაც გეყოფაც, თუ პარასკევ საღამოს არ დაკარგავთ. გზის შემოკლებაც შეიძლება - ნატახტარიდან 40 ლარად გადაფრინდებით ამბროლაურში. შაორის წყალსაცავი ამ პერიოდში ულამაზესია. რაჭაში შეგიძლიათ დატკბეთ ბუნებით, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და თან ისეთ ისტორიულ ძეგლებს გაეცნოთ, როგორიც ნიკორწმინდა და ბარაკონია. არ დაგავიწყეთ ბარაკონის უკან ჭალაზე ჩასვლა და რიონისა და ლუხუნის შესართავთან რაჭის ერისთავების „მინდა ციხის“ ნახვა. ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ფეხს დადგამთ რაჭაში, შინ მხოლოდ მისი ხელმეორედ ნახვის სურვილს წამოიღებთ.

6. ჯუთა

სნოს ხეობის ეს პატარა, მთებში ჩაკარგული სოფელი, ტურისტებისთვის არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტია.

სოფლის მთავარი ხიბლი ჭაუხის კლდოვანი მთათა სისტემაა. სოფლამდე მისასვლელად მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდებათ. გზა გვიან შემოდგომამდე ღიაა და მხოლოდ თოვლის მოსვლის შემდეგ იკეტება. სოფელში რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კემპინგ ბანაკია, სადაც კომფორტულად დასვენება და ხევის სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. სოფლიდან 3 კილომეტრშია ჯუთას ტბა და ჩანჩქერი. გირჩევთ ფეხით მოიაროთ ჯუთა და თუ მეტი ექსტრიმი გსურთ - ცხენით.

ჯუთა, ჭაუხები. ფოტო © თამო გოკაძე

7. ატენის ხეობა

ვისაც მაღალი მთა და სიცივე აშინებს, შიდა ქართლში მდებარე პატარა მთიან ხეობას უნდა ესტუმროს. ატენი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით. ხეობაში სალაშქროდ ყველაზე პოპულარული მიმართულება დანახვისის წმინდა გიორგის მე-12 საუკუნის ტაძარია, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს.

მარშრუტი საშუალო სირთულისაა, თუმცა როდესაც მთიდან 360° იანი პანორამა გადაგეშლებათ წინ, მიხვდებით რომ ამ 4 კილომეტრის გავლა ნამდვილად ღირდა. თუ ლაშქრობას ვერ ახერხებთ ან არ აპირებთ მაინცდამაინც მაღლიდან გადმოხედოთ გორს, ცხინვალსა და თამარაშენს, მაშინ უბრალოდ აუყევით ხეობას სოფელ ბოშუმამდე, გზად მოინახულეთ ატენის სიონი და უძველესი სოფლები.

8. ძამას ხეობა 

მარტივი სირთულის ლაშქრობისთვის ერთ-ერთი კარგი იდეაა, ხეობა მთლიანად ტყიანია. შუაგულში მოქცეული ბატეთის ტბა ამ პერიოდში განსაკუთრებით ლამაზია. ტბას გარშემო ტყე აკრავს. ფერადი ხეების ანარეკლი კამკამა წყლის ზედაპირზე ორმაგად მშვენიერს ხდის გარემოს, ადგილს კი სიმყუდროვესა და სიმშვიდეს მატებს.

თუ ძამას ხეობაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ სარკინეთი, შატბერდი, ორთუბანი. საქართველოში ბევრი შთამბეჭდავი ხეობაა, თუმცა მათ შორის ძამას ხეობა ნამდვილად გამორჩეულია თავისი ისტორიული ძეგლებით. ერთდღიანი ტურით სარგებლობაც შეიძლება. ასეთი ტურები ხეობაში ხშირად ეწყობა, რისთვისაც დაახლოებით 20 ლარი დაგჭირდებათ.

9. რკონი

საშემოდგომო გასვლების ერთ-ერთი ფავორიტია. მის პოპულარობას ტურისტებში შესაძლოა ყველაზე მეტად მაინც გასაოცარი სილამაზის ტყე განაპირობებს, თუმცა თუ წასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ რკონის ისტორიული კომპლექსი აუცილებლად სანახავი ძეგლების სიაშია. მასში ეკლესიებთან და სამლოცველოებთან ერთად შედის მე-12 საუკუნის თამარის ხიდი, რომელიც დღესაც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.  

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს ადგილი ველოტურების სიმრავლითაც გამოირჩევა. თუ ამ ყველაფრის ნახვის სურვილთან ერთად ველომოყვარულიც ხართ, რკონი ნამდვილად თქვენთვისაა.

თამარის ხიდი, რკონი. ფოტო © მწვანე ზებრა


10. შუაფხო / უკანაფშავი

ორი კვირის წინ პირველად ვიყავი უკანაფშავში და ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას ხეობის ხელუხლებელი ბუნება, პატარა ლამაზი სოფლები, აჭრელებული ტყეები და ხმაურიანი არაგვი. შეარჩიეთ მზიანი დღე, გაემგზავრეთ შუაფხოში და აჰყევით ხეობას სადამდეც შეძლებთ.

თბილისიდან შუაფხომდე ორსაათნახევარია. შუაფხოში გზა არც ზამთარში იკეტება, ამიტომ ნებისმიერ ერთ თავისუფალ დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ხეობას. გაითვალისწინეთ, რომ გზა გრუნტიანია და მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდებათ.

და ბოლოს, ყველგან სადაც ზამთრისპირის შესახვედრად წახვალთ, აუცილებლად შეხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს, ამ ადგილების უნიკალურობის მთავარი მიზეზი სწორედ ადამიანები არიან.

მანანა ქავთარაძე

„მთის ამბების“ მოქალაქე-რეპორტიორი, მოლაშქრე. პროფესიით ეკონომისტი. მოგზაურობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში