საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

ჩემი ყველაზე ხანგრძლივი ლაშქრობისა და მთაში დაწყებული მეგობრობის ამბავი

15:15 - 01 ნოემბერი 2017 hits 6145

ცხრადღიან ლაშქრობაში მივდივარ. პანკისი-თუშეთი-ხევსურეთი-უკანაფშავი.

ვფიქრობ, რა ვიცი პანკისზე. მხოლოდ სატელევიზიო რეპორტაჟები მახსენდება და ვიძაბები. ვფიქრობ ზღაპრულ თუშეთზე და იმედგაცრუების მეშინია. ვფიქრობ მთებსა და უღელტეხილებზე და ჩემი ნატკენი მუხლი მახსენდება. ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც მთაში 9 დღე უნდა გავატარო და ჯერ არც კი ვიცნობ.

სექტემბრის ბოლოა და ასეთი სირთულის ლაშქრობისთვის ცოტა დაგვიანებულია. მეგობრები მაფრთხილებენ, რომ უღელტეხილებზე თოვლი იქნება, ღამე კი ყინვა.  ყველაფერს ვალაგებ, რაც კი თბილი მაქვს. ერთმა მეგობარმა ჩანთა მათხოვა, მეორემ -  ჯოხები, მესამემ -  „ბათინკი“. წინა დღეებში საძილე ტომარაც მაჩუქეს. ასე, შეკოწიწებული ინვენტარითა და აფორიაქებული გულით ველი გათენებას. ვერ ვიძინებ. 

მზადება

ზურგჩანთა მოვიკიდე და ისანში წავედი. ნანო უკვე მიცდიდა. ჩემი მეგობარია, ჩემსავით ლაშქრობადამოკიდებული და ამიტომ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ყველანი შევიკრიბეთ და დავიძარით. ჯგუფის უფროსი - გიორგი ნაზღაიძეა, მეუღლესთან ერთად.

წინასალაშქრო მომზადება პანკისის სოფელ დუისში უნდა გაგვევლო. ჯგუფი დიდი იყო: მთიულები, ქისტები, თუშები, ფშავლები, ხევსური და ჩემი სვანი ნანო.

საინტერესო ტრენინგი გამოდგა, ბევრი რამ გავიგეთ ლაშქრობის შესახებ, ერთმანეთი გავიცანით. ქვეცნობიერად, ერთი-მეორის შეფასება დავიწყეთ, ვინ როგორ შეძლებდა სიარულს, ვის რა გამოცდილება ჰქონდა. გვაერთიანებდა ის, რომ ყველანი მთაში ვიყავით გაზრდილები და რთულ მარშრუტებზე სიარულის უნარიც თანდაყოლილი გვქონდა. იმედი გაგვიმართლდა!

ტრენინგის შემდეგ, გიორგი თელავში წავიდა პროდუქტების შესაძენად. ღამის 1 საათზე დაბრუნდა, დილის 4-მდე კი საკვების განაწილებას მოვუნდით. ამის გამო, მესამე დღის გეგმა შეგვეცვალა.

თან მხოლოდ 5 დღის სამყოფი საკვები წავიღეთ, დანარჩენი კი თუშეთის სოფელ გირევში გავგზავნეთ, მესაზღვრეებთან, შესანახად. მე და ნანომ ორის ნაცვლად ერთი ადამიანის საგზალი ავიღეთ და იმასაც ვერ მოვერიეთ. რაც მთავარია, შოკოლადი და ჩირი გვქონდა ბლომად. 

გიორგიმ ტანსაცმელი გადაგვირჩია, თითქმის  ნახევარი დაგვატოვებინა. ყველაფერი ცალკ-ცალკე აწონა, რომ ზედმეტი არაფერი გვეტარებინა.

 

29 სექტმბერი - ტბათანა (ლაშქრობის პირველი დღე)

მე და ნანომ ჩანთები ავწონეთ, 16 კილო გამოვიდა, ბევრია - მაგრამ არა ჩვენთვის. ზოგიერთზე თითქმის ორჯერ დიდი ჩანთები გვაქვს, არც მონდომება და გამოცდილება გვაქვს სხვაზე ნაკლები.

ტბათანას მიმართულებით დღის მეორე ნახევარში დავიძარით. პირველი დღისთვის მარტივი გზა გვქონდა გასავლელი. საღამოს უკვე ტბათანას ქოხებში ვიყავით დაბანაკებულნი. ადგილები გავინაწილეთ, თბილი სამოსი ჩავიცვით და ჩაის დასალევად, კოცონის გარშემო შევიკრიბეთ.

ღამით ციოდა, ვინანე რომ კარავი არ გავშალე. სიცივის გამო დილით ტელეფონი გამორთული, პორტატული დამტენი კი ნახევრად დაცლილი დამხვდა.

მე და ნანომ გადავწყვიტეთ, რომ არცერთ ღამეს ქოხში აღარ გავათევდით.

 

30 სექტემბერი - რკინის მთა

გამთენიის 7 საათზე გავიღვიძეთ. ნისლი გაფანტულიყო და რკინის მთაც კარგად ჩანდა - ჩვენი მეორე დღის გეგმა.

ბიჭებს ცეცხლი უკვე დაენთოთ, ვისაუზმეთ და ღამით მოსული თოვლის მიუხედავად, გზას დავადექით.

მეორე დღე შედარებით რთული აღმოჩნდა. მთაზე ასულებს ლამაზი ხედების ნაცვლად ნისლი დაგვხვდა. პანკისელებმა მითხრეს, კარგ ამინდში რკინის მთიდან ჭაუხები და მყინვარწვერი მოჩანს, ქვემოთ კი ღრუბლების ზღვაო. გადავწყვიტე, მომავალ წელს, ზაფხულში და კარგ ამინდში კიდევ ამოვალ.

შუადღისას უკვე ბუნგალთგორასთან ვიყავით. გიორგიმ თქვა, დაღამებამდე ალაზნის სათავესთან უნდა ჩავიდეთო.

ცოტა დავისვენეთ, ვისადილეთ, ბიჭებმა ილოცეს და ისევ გზას გავუდექით.

საღამოს დაშვება დავიწყეთ. დაღმართზე მუხლმა თავი შემახსენა, თუმცა შევნიშნე, რომ თოვლის საფარი შეთხელდა, ქვემოთ უკვე დეკით დაფარული მთები მოჩანდა  და ვიცოდი, ჩასვლას მოვასწრებდი.

თითქოს არსაიდან გაჩნდნენო, ნისლიდან ცხენები გამოვიდნენ. მეცხვარეები იყვნენ. ბარში მიჰყავდათ ფარა - თოვლზე მწკრივებად შეფენილი 1400 სული ცხვარი.

შემგლისფერდა. გიორგიმ ფანრები ჩაგვართვევინა. დაღმართს სიცივე დაემატა და ჩემს მუხლს უკვე გაუჭირდა. ბეგიმ შემნიშნა, მოვიდა და მოულოდნელად ჩანთა მომხსნა. თავის ჩანთაზე ზემოდან შემოიდო და გზა განაგრძო, მე კი ჯერ ისევ გაოცებული ვიდექი და ვფიქრობდი, რა გააკეთა. მუხლმა შვება იგრძნო და სწრაფი ნაბიჯით გავყევი უკან. ბევრი თხოვნის მიუხედავად, ჩანთა გზის ბოლომდე მაინც არ დამიბრუნა.

საბანაკე ადგილი პატარა აღმოჩნდა, ამიტომ ჯგუფის ნაწილი ალაზნის მეორე მხარეს გადავიდა, ჩვენ კი დავრჩით. მე და ნანომ კარვის გაშლა დავიწყეთ, ბიჭები შეშაზე წავიდნენ. მალე ცეცხლიც აგიზგიზდა, დავიწყეთ სველი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაშრობა. დავლიეთ ყველაზე გემრიელი ჩაი და სასწაულად გემრიელი წვნიანიც მივირთვით. ამ დღეს მე და ნანო პანკისელებთან დავმეგობრდით, სამნი არიან: ბეგი, ოსმანი და ალი.

მუხლზე მალამო წავისვი და ელასტიური ბინტით შევიხვიე. დასაძინებლად მოვემზადეთ. ყველაზე გვიან ქისტები იძინებენ, თუმცა დილით 6 საათზე უკვე ცეცხლს გვახვედრებენ.

ოსმანი ღამით 5 ჭიქა ჩაის სვამს. დილითაც ამდენივეს.  

 

1 ოქტომბერი - საყორნეს უღელტეხილი

კარავმა გაამართლა, თბილად გვეძინა და დავრწმუნდით, რომ ქოხს ყოველთვის კარავში დაძინება სჯობს. ბიჭებმა საუზმე დაგვახვედრეს. კეთილები და მზრუნველები არიან, მუდამ ფიქრობენ ჩვენთვის რა გააკეთონ. 

წასასვლელად მოვემზადეთ, გიორგიმ  შესამოწმებლად ჩამოიარა, ვინმეს ქვის ქვეშ ნაგავი რომ არ გადაემალა. არ გაგიკვირდეთ, ასეთებიც ხდება.

გზას გავუდექით. გიორგიმ სტრატეგია შეცვალა - „სუსტი რგოლი“ წინ გადაიყვანა და გზა მისი ტემპით განვაგრძეთ. ამ მეთოდმა მომდევნო დღეებშიც გაამართლა.

მთელი დღე წვიმდა, საყორნეზე ასვლისას კი თოვდა. საყორნეს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს. ცუდი ამინდისა და ნისლის გამო, „ხედები არც აქ გვქონდა“. დავეშვით თუ არა, გულისცემა გამიხშირდა. ჩემი პირველი ნაბიჯი იყო თუშეთში, ვნატრობდი ნისლის გაქრობას, მან ხომ პანკისის სილამაზეც დამიმალა.

ყველაფერი ასე ამიხდეს! 200 მეტრით დავეშვით და მზის სხივი გამოჩნდა, ნისლი ნელ-ნელა გაიფანტა და თვალწინ ალაზნისთავი გადაიშალა - თუშეთის ალაზნის სათავე.

გამოჩნდა დიდი ოქროსფერი მთები, წვერზე თოვლით დაფარული, კალთებზე ცხვრებისგან თეთრად დაზოლილი და ძირებში ფერად-ფერადი ტყით აჭრელებული.

ჯერ მხოლოდ ეს ვნახე და ნანოს ვუთხარი: თუშეთი ერთადერთი კუთხეა, რომლის შექებისას ქართველებს არ გადაგვიჭარბებია-მეთქი.  

დასასვენებლად გავჩერდით და წავიხემსეთ. გზის გაგრძელება აღარ მინდა. ისეთი ხედია, დაბლა დაშვება არ შემიძლია. მინდა დიდხანს ვუყურო ზემოდან. დავიმახსოვრო თითოეული კადრი, ყოველი წამი.

თუმცა, დღის გეგმა შესასრულებელია, ამინდიც კარგი გვაქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ. ჩამოვედით ალაზნის პირას და გავყევით ჭალას, გავიარეთ მეცხვარის ქოხები და საღამოს, ერთ-ერთ ქოხთან ახლოს დავბანაკდით.

 

2 ოქტომბერი - ალისგორი

მარტივი მარშრუტი გვაქვს, ალაზნისთავის 15 კმ-იანი მონაკვეთის გავლა და ჩასვლა გომეწრის ხეობის პირველ სოფელში, ალისგორში. დიდი ალბათობით ალისგორში საოჯახო სასტუმრო დაგვხვდება და Wi-Fi კავშირი. მთელი გზა მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ, მეოთხე დღე იწურება და ოჯახს არ დავკავშირებივართ. დილიდან წვიმს, სწრაფი ნაბიჯით მივიწევთ წინ, როცა ვჩერდებით გვცივა.

გაგვიმართლა, ზეზვა ძია ადგილზე დაგვხვდა. სასტუმრო დაკეტილი ჰქონდა და ყველაფერი შენახული, თუმცა ჩვენ გამო ოთახებიც გააღო და საჭირო ნივთებიც გამოგვიტანა. დიდი ბედნიერებაა ლეიბი. სიხარულით ვალაგებდით საწოლზე და ზემოდან ჩვენს საძილე ტომრებს ვაფენდით.

მეორე კარგი ამბავი, ოჯახებთან დაკავშირება შევძელით და რაც მთავარია, გელასთან (გელა მთივლიშვილი, საინფორმაციო ცენტრების ქსელის ხელმძღვანელი) გავედით კონტაქტზე, რომელიც უკვე სასაზღვრო პოლიციის საშუალებით ცდილობდა ჩვენ მოძებნას.

აქვე, მესამე კარგი ამბავიც - გიორგიმ გვითხრა, რომ ერთი სრული დღე შეგვეძლო ალისგორში დაგვესვენა. ეს უკვე საღამოს ფოიერვერკი იყო.

ერთად მივუსხედით ვახშამს, შემწვარი კარტოფილი ყველაზე გემრიელი საჭმელი ყოფილა.

 

3 ოქტომბერი - ალისგორი (დასვენების დღე)

დილით ადრე არავინ გაგვაღვიძა, გამოვიძინეთ. მოგვიანებით ოსმანმა დააკაკუნა, ცხელი ყავა მოგვიტანა. ოქროა ეს ბიჭი. თავად 3 ჭიქა ჩაი მოესწრო. 6 საათიდან ფეხზეა.  

წინა საღამოს ვსაუბრობდით, როგორ მოუხდებოდა თოვლი სოფელს. დილით აგვიხდა. ასე, ერთ დღეში, აღმოვჩნდით შემოდგომიდან  ზამთარში.

თოვლმა გეგმა ვერ შეგვაცვლევინა. ნაყაიჩო უნდა გადავიაროთ, გირევში ჩავიდეთ და საკვების მარაგი შევივსოთ.

თუმცა, საერთო მარშრუტი მაინც შევცვალეთ. აწუნთის უღელტეხილზე დიდი თოვლია და ხევსურეთში ვეღარ გადავალთ, ლაშქრობა თუშეთში სრულდება.

საღამოს ისევ გათოვდა. 3 ოქტომბერი ღამდებოდა და ვუყურებდი როგორ ბარდნიდა მთის გვირილისხელა ფიფქებით. ტელეფონი გათიშული მქონდა და ვერაფერს ვიღებდი, ამიტომაც, ყოველი წამის დამახსოვრებას ვცდილობდი.

 

4 ოქტომბერი - ომალო ნაყაიჩოს ნაცვლად

ისევ თოვლიანი დილა გათენდა. ბარგი ჩავალაგეთ, მაგრამ უღელტეხილის გადავლას აღარ ვაპირებთ. ნანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, მთელი ღამე არ ეძინა. დილით გიორგის დაველაპარაკეთ, რადგან ხევსურეთში მაინც აღარ მივდიოდით, პირდაპირ ომალოში წასვლა გადავწყვიტეთ. მხოლოდ ნაყაიჩოს გამო, ნანოს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დავაყენეთ. თუმცა ვიცი, ხევსურეთში ჩასვლა რომ არ გადაგვეფიქრებინა, ნანო ძალას მოიკრებდა და გზიდან არ დაბრუნდებოდა.

გიორგი დაგვთანხმდა. გომეწრის ხეობის გასავლელად მოვემზადეთ. ომალომდე 22 კმ-ია. ბეგიმ, ოსმანმა და ალიმ რომ გაიგეს, მათაც ჩვენთან ერთად წამოსვლა გადაწყვიტეს. მე და ნანოს მეგობრების არჩევაში ყოველთვის გვიმართლებს.

ჯგუფს 2 დღით დავემშვიდობეთ. გიორგიმ და თიკომ, რაც კი საჭმელი დარჩა, ჩვენ გამოგვატანეს. ვივარაუდეთ, რომ მათ ჩამოსვლამდე გვეყოფოდა და დიდი ალბათობით, ომალოში მაღაზიაც დაგვხვდებოდა. გზას გავუდექით. მარტივია, მაგრამ შორი.

საოცარია გომეწრის ხეობა. მთის ფერდზე გადმოკიდებული სოფლებითა და კოშკებით. ყველაზე მეტად ბოჭორნას, ევროპის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე სოფლის ნახვამ გაგვახარა. მივიწევდით წინ და ტემპსაც ვუმატებდით. დაღამებამდე უნდა ჩავსულიყავით ომალოში. ქუეში შევედით. ბეგის აქ უნდოდა დაბანაკება, მაგრამ ომალომდე მხოლოდ 3 კილომეტრიღა რჩებოდა, ამიტომ გადავაფიქრებინე და გზა გავაგრძელეთ. მივხვდი, გაბრაზდა და აღარ მელაპარაკებოდა. ზემო ომალოში ავედით, საბანაკე ადგილი შევარჩიეთ. ბეგი შეშაზე წავიდა, ოსმანი და ალი წყალზე. მე და ნანომ კარვების გაშლა დავიწყეთ.

ცეცხლი აგიზგიზდა, ჩაიც ადუღდა. ცოტა რომ დავისვენეთ და ვივახშმეთ, ნერვებიც დაგვიმშვიდდა და ლაპარაკიც დავიწყეთ. ბეგიც შემირიგდა და შემდეგ გიორგის მოუყვა როგორ გავიტანე ჩემი, სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიყვანე. გიორგის მოეწონა ეს ამბავი.

5 ოქტომბერი - ომალო

ლაშქრობის განმავლობაში პირველად  გაგვაღვიძა მზემ. სასიამოვნო დილა იყო. გაბრწყინებული მზის ქვეშ 360 გრადუსიანი ხედი იშლებოდა. დასვენებული სხეულითა და გონებით კიდევ უფრო ნათლად აღვიქვით თუშეთის სილამაზე.

ზემო ომალოში 2-3 ადგილობრივი მცხოვრები დაგვხდა. მზის ელემენტზე ტელეფონების დამუხტვა შევძელით. შემდეგ ქვემო ომალოში ჩავედით, აქაც გაგვიმართლა და მაღაზია ღია დაგვხვდა. ნანოსთვის წამლებიც ვიშოვეთ და საჭმლის მარაგიც შევივსეთ.

ვისადილეთ და შემდეგ რამდენიმე ხელი ჯოკერიც ვითამაშეთ - წყლისა და შეშის მოტანაზე. თითქმის ყოველთვის ვაგებდი, მაგრამ წყალი და შეშა მაინც ბიჭებს მოჰქონდათ.

განსხვავებულად დაღამდა. მთვარის შუქზე ვარდისფრად შეღებილი თოვლიანი მთის მწვერვალები და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ტკაცუნა ცეცხლი და მხიარული საუბრები მეგობრებთან ერთად...

 

6 ოქტომბერი - დაბრუნება

დილით გიორგიმ დაგვირეკა. დართლოდან მანქანით მოდიოდნენ, თბილისში დაბრუნებას ვასწრებთო.

მათ მოსვლამდე ომალოს კესელოები დავათვალიერეთ და ბანაკიც ავშალეთ.

აბანოს უღელტეხილი წინა დღის გახსნილი იყო. გიორგი „კამაზის“ მძღოლს მოელაპარაკა, რომელმაც ის-ის იყო სამშენებლო მასალა დაცალა და ალვანში ბრუნდებოდა. მძღოლი დაგვთანხმდა, ღია ძარაზე დავსხედით და საქართველოში ყველაზე ექსტრემალურ გზას დავადექით.  უღელტეხილზე მზის ჩასვლისას ავედით, თოვლიანი იყო და ისეთი ლამაზი, რომ შიში დავძლიე, ფეხზე ავდექი და გადაღება დავიწყე. მანამდე ვიღებდი, ვიდრე ხელები არ გამეყინა.

 

გვიან საღამოს უკვე პანკისში ვიყავით. დამშვიდობების დროც დადგა.

მაგრამ ვიცი, მთაში დაწყებული მეგობრობა სხვაგვარად ძლიერია და აუცილებლად გრძელდება. ამ რწმენით, ნაკლებად გამიჭირდა დამშვიდობებაც.

სტატიაში გამოყენებულია თინათინ მუმლაძის ვიდეო

მანანა ქავთარაძე

„მთის ამბების“ მოქალაქე-რეპორტიორი, მოლაშქრე. პროფესიით ეკონომისტი. მოგზაურობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში