საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის გიდების 9 დღიანი ლაშქრობა - პანკისი-თუშეთი-ხევსურეთი-უკანაფშავი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:04 - 03 ოქტომბერი 2017 hits 23427

15 ახალგაზრდა პანკისიდან, თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან და მთიულეთიდან. მეოთხე დღეა გზაში არიან. სასწავლო ტური, რომლის ფარგლებშიც მათი საფეხმავლო გიდებად მომზადება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა დაგეგმილი, პანკისიდან თუშეთში, იქიდან კი ხევსურეთსა და უკანაფშავში ლაშქრობას ითვალისწინებს.

9 დღიან ლაშქრობამდე ჩატარდა თეორიული ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლებს, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტურისტულ რესურსებს, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ტურისტულ მარშრუტებზე და ა.შ.

ლაშქრობის გეგმა-გრაფიკი წინასწარ შეადგინეს. პირველ დღეს პანკისიდან ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის გავლით ტბათანაზე უნდა ასულიყვნენ და იქ დაბანაკებულიყვნენ. პირველი დღე ერთ-ერთი ყველაზე ძნელი იყო, ზღვის დონიდან 757 მეტრიდან 2800 მეტრზე ასვლა უწევდათ, ფეხით დაახლოებით 20 კილომეტრი უნდა გაევლოთ.

მეორე დღეს გზა ბორბალოს მთისკენ უნდა გაეგრძელებინათ. ამ მონაკვეთზე ბილიკი რუკაზე დატანილიც არ იყო და რამდენიმე ადგილას კლდეებია. გრაფიკის მიხედვით, მეორე დღის პროგრამა მინიმუმი, საბანაკე ადგილიდან ბორბალოს მთების გავლით ან ალტერნატიული გზით, საყორნოს უღელტეხილით, თუშეთის ალაზნის ხეობაში გადასვლა და იქ დაბანაკება იყო. ამ დღეს დაახლოებით 17-19 კილომეტრი იყო გასავლელი.

მესამე დღეს გეგმა თუშეთის ალაზნის ხეობის გავლას ითვალისწინებდა, დაახლოებით 20-25 კილომეტრს. წინა დღეების მარშრუტებისგან განსხვავებით, გზა მდინარეს მიუყვება. საღამოს სოფელ ალისგორში დაბანაკება იყო დაგეგმილი.

მეოთხე დღეს მონაწილეებს 3 დღე უნდა შეეჯამებინათ, გამოცდილება გაეზიარებინათ და ძალები აღედგინათ, მაგრამ გეგმა შეიცვალა. პანკისიდან ალისგორში მხოლოდ მეოთხე დღეს მიაღწიეს. უკვე ტბათანადან ბორბალოს მთების ჩათვლით თოვლი დახვდათ და მწვრთნელი მონაწილეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

ოთხი დღე კავშირზე არ იყვნენ. ტბათანას იქით ტელეფონი აღარ იჭერს, არც უღელტეხილებზე. შეთანხმებისამებრ, მეოთხე დღეს მათგან შეტყობინება უნდა მიგვეღო, რომ ალისგორში, დანიშნულების ადგილას იყვნენ.

დანიშნულების ადგილი ზეზვა ელიზბარიძის სახლია. ზეზვა ალისგორის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მკვიდრია. სატელეფონო კავშირი არც ალისგორშია. როცა დიდთოვლობის გამო სამანქანო გზა 6-7 თვით იკეტება, აღარავინ იცოდა ზეზვა როგორ იყო. ამერიკული ორგანიზაციის მხარდაჭერით, წელს, თუშეთის 30-მდე სოფელში Wi-Fi ინტერნეტი პირველად გახდა ხელმისაწვდომი. ახლა ვაიბერის, სკაიპის ან ფეისბუქის საშუალებით ზეზვასგან დარეკვა უკვე შესაძლებელია.

დაღამებამდე რომ არ გამოჩნდნენ, გირევში, მესაზღვრეებთან დაკავშირება გადავწყვიტე. დახმარება "კოდექსა ძიას" (ზურაბ მოურავიძე, ომალოს მკვიდრი, მესაზღვრე) ვთხოვე. მასთან საუბრის დროს ტელეფონის ეკრანზე გიორგი ნაზღაიძე გამოჩნდა. გიორგი მწვრთნელია, ვინც საფეხმავლო გიდებს წვრთნის. "კოდექსა ძიას" სასწრაფოდ დავემშვიდობე, გამოჩნდნენ მეთქი. ხაზზე ალისგორი იყო.

მარშრუტი რთულია თოვლის, წვიმისა და სიცივის გამო, მაგრამ მონაწილეები მონდომებულები და ყოჩაღები აღმოჩნდნენ, - მითხრა გიორგიმ. მხოლოდ ერთს ვეღარ გაუგრძელებია გზა. ალაზნისთავში, უსაფრთხო ადგილზე დაუბინავებიათ, ძმები აბულიძეების ბინაში. ორ დღეში ბარში გამოემგზავრება. ჩვენი მონაწილეები ერთი დღით, მეხუთე დღეს ალისგორში ჩერდებიან. მარტოკაცი ზეზვა მასპინძლობთ. თან ზეზვამ გულღია მასპინძლობა იცის.

წინ კიდევ 6 დღე აქვთ. მეექვსე დღეს ალისგორიდან ნაყაიჩოს უღელტეხილით გირევში უნდა გადავიდნენ. გირევის მეზობლად, ბასოში, იდიძეების საცხვრე ბინაში სამი ტომარა საკვები წინასწარ მაქვს გაგზავნილი, ტრისტან ნეკერაულს გავატანე იმ დილით, როცა ესენი პანკისიდან თუშეთისკენ დაიძრნენ. მწვრთნელის დავალებით, ზურგჩანთები 12, მაქსიმუმ 15 კილოგრამზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

ალისგორიდან გირევამდე გასავლელი მანძილი დაახლოებით 13 კილომეტრია, თუმცა  ვერტიკალში 1000 მეტრის აწევა უწევთ, ასევე ელოდებათ ციცაბო დაღმართი, რის შემდეგაც დართლო-გირევის სამანქანო გზაზე გავლენ. გირევში მესაზღვრეებთან წესით ტელეფონების დატენვაც უნდა შეძლონ. იქ, ადგილს საგანგებოდ თუ შეარჩევენ, გაჭირვებით შეიძლება დარეკონ, sms შეტყობინება კი იგზავნება და სკაიპით საუბარიც შესაძლებელია.

მეშვიდე დღეს გირევიდან აწუნთას საუღელტეხილო მონაკვეთს უნდა შეუდგნენ. ეს გზა არც ისე რთულია. ამ დღეს 17 კილომეტრის გავლაა დაგეგმილი. თუ ჯგუფი მხნედ იქნება, შესაძლოა გეგმას გადააჭარბონ, აწუნთაზე ავიდნენ და უკვე ხევსურეთის მხარეს დაბანაკდნენ.

მერვე დღეს აწუნთადან არჭილოში გადასვლაა დაგეგმილი. გასავლელი მანძილი დაახლოებით 13 კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი მარკირებული არ არის.

მეცხრე დღეს არჭილოდან უნდა დაიწყონ ორდღიანი მარშრუტი უკანაფშავში გადასასვლელად. ორი ვარიანტი აქვთ, პირველი - წავიდნენ გაუკვალავი მარშრუტით, რომელიც ქედებზე გადის და პირდაპირ უკანაფშავში ჩადის, ან ანდაქის უღელტეხილის გავლით (დიდი ბორბალოს დასავლეთით) რუკაზე დატანილი გზა აირჩიონ. ორივე შემთხვევაში ჯამურად 2 დღეში 20 კილომეტრის გავლა უწევთ რთულ რელიეფზე.

მეათე დღეს შუადღიდან - საღამოს ჩათვლით სოფელ უკანაფშავში ველოდებით.

წელს პანკისში უჩვეულოდ ბევრი ტურისტი იყო, ძირითადად უცხოელები. რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა მათ ხადორის და ქოჩადალას ხეობებში ამოგზაურებს ხოლმე. ეს მარშრუტები არ არის მონიშნული და არც ელექტრონულ რუკაზეა დატანილი. იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც ტურისტებს მომსახურებას უწევენ, ამ მიმართულებით მოკლევადიანი ტრენინგიც კი არ ჰქონდა არცერთს გავლილი. 

ამ პროექტის მიზანი პანკისში, თუშეთში, ფშავ–ხევსურეთსა და მთიულეთში ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრი" ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

მოკლევადიანი სასწავლო კურსის ორგანიზების გარდა, პანკისის ხეობაში რამდენიმე ბილიკი მოინიშნება და საინფორმაციო დაფებიც დაიდგმება. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო გამყოლები ლაშქრობისთვის აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვებიან.

ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ტურიზმის სფეროს სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის და ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, მალე, ახალი, სამენოვანი ვებგვერდი გაეშვება, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია პანკისში, თუშეთში, ფშავ–ხევსურეთსა და მთიულეთში არსებული და ახალი მარშრუტების, ტურების, გამყოლების, ისტორიულ–კულტურული ძეგლების, ფლორისა და ფაუნის, მომსახურების სერვისების შესახებ.

მთის ახალგაზრდების დამეგობრებაც ამ პროექტის მიზანია.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში