საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვინ იყო და როგორ ირჩევდნენ ძველად „მახვშის“ (მამასახლისს) სვანეთში

14:46 - 23 ოქტომბერი 2017 hits 36427

ძველი „მახვშიობა“ (მამასახლისობა) თავისუფალ სვანეთში შესწყდა მხოლოდ 1869 წელს, როდესაც პირველად დაწესდა მთავრობისგან ეხლანდელი მამასახლისობა.

ვინ იყო ეს ადრინდელი „მახვში“, რა მნიშვნელობისა და უფლებათა მექონი?

სიტყვა „მახვში“, სვანურად ჰნიშნავს უფროსს, მეუფროსეს, თითქმის იმავე მამასახლისს. იგი იყო სასოფლო ყრილობის თავსმჯდომარე და ამ გვარად მისი როლი ბევრად წააგავს როლს რესპუბლიკის პრეზიდენტისას, რასაკვირველია, განსხვავებით.

მახვშის ირჩევდნენ უვადოდ და თუ იგი კარგი გამოდგებოდა, ეს თანამდებობა შერჩებოდა მას ღრმა სიბერემდის. უვარგისს მახვშს კი ფიცხლავ გამოსცვლიდნენ ხოლმე ყოველს ჟამს, თუნდა წლამდინაც.

მახვშის არჩევანში მონაწილეობის ულება ჰქონდა მინიჭებული ყველას, ვინც კი სრულ-წლოვანი იყო, ასე რომ ერთის ოჯახიდამ 30 სრულ-წლოვანიც რომ ყოფილიყვნენ, ყველას შეეძლო დასწრებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევანში. შესანიშნავი ის არის, რომ ქალებსაც მინიჭებული ჰქონდათ ეს უფლება.

სრულ-წლოვანს მანდილოსანს რომლისამე მეკომურისას იგივე ხმა ჰქონდა, როგორც ქუდოსანს. მაგრამ, საზოგადოდ, მანდილოსანთა რიცხვი ყოველთვის ნაკლები იყო მამაკაცზე არჩევანის დროს.

მახვში უნდა ყოფილიყო ხანში შესული კაცი, მაგრამ მამაცი, გამოდცილი, პატიოსანი, გონიერი და საზოგადოების ერთგული. აღრჩევა მახვშისა მოხდებოდა ყოველთვის ერთს აღნიშნულს ადგილს, რომელსაც სხვა-და-სხვა საზოგადოებაში სხვა-და-სხვა სახელს უწოდებენ. ერთი „ლალხორ“, მეორე „სვიფ“ (?) და მესამე „სახევ“ (სადადიანო სვანეთში). ეს სახელები ჰნიშნავენ საჯარო ადგილს, „agora” - ბერძნულად და „Forum” რომაულად რომ ჰქვია. ამ სარბიელ ადგილზედ საზოგადოება ერთბაშად თავს მოიყრიდა, რაკი საჭირო იქნებოდა ახალის მახვშის არჩევა. აქვე იკრიბებოდა საზოგადოება ყოველთვის, როცა ყრილობის შესახები რამ საქმე იქმნებოდა.

ჯერ მივიდოდა ერთი რომელიმე წევრი საზოგადოებისა, დაუკრავდა ბუკს ხალხის შესატყობინებლად. მაშინვე ყველანი შეიმოსებოდნენ საგარეო და სადღესასწაულო ტანისამოსით და შეიარაღებულნი წარემართებოდნენ დანიშნულს ადგილს . აქვე წარსდგებოდა სამახვშიო პირი, რომელიც ხალხს ჯერ უწინდელის მახვშის სიცოცხლეშივე ჰყავს ნაგულვები სამერმისო მახვშის მოადგილედ. ასე რომ მახვში დიდის ხნითვე აღრჩეულია წინასწარ და თუ ახლა ხალხმა თავი მოიყარა, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ საჯაროდ ჩააბაროს მას ეს თანამდებობა.

ვისიც რიგი იყო მოსვლისა, ყველანი მოგროვილნი არიან, ყველას მხიარულება ეტყობა, ბაასი და ხსენებაა პატივისდებით უწინდელის შესანიშნავის მახვშიებისა. ბოლოს ხალხი შეჯგუფდება და წინ წამოაყენებს სამახვშიო კანდიდატს. ხალხი და მახვში კარგა ხანს ერთმანეთს უყურებენ თითქო ახლა შინჯვენ ერთმანეთსაო. ამ დროს ყრილობიდამ გამოვა რომელიმე კარგი ენა-მეტყველი პირი და ეტყვის შესხმას სამახვშიოს. ეს შესხმა აქ ითარგმნება ისე, როგორც გადმომცეს პირ-და-პირ დამსწრე მოხუცთა.

„კარგო ესავ! (სახელია) ევა-ადამიდამ („ივა-ადამუნ ღო“) დაწყებული კაის მხრით, პატივით და ქებით ხსენებულ არიან შენნი წინაპარნი და ამირიდგან შენც შეიქმნები. უცხო არ არის თემისთვის ამგვარი პატივი და დიდება ჯარისაგან (პუბლიკისგან). ეს ასეა და ტყუილის თქმაც ცუდია, რომ არ მოგახსენოთ, რომ დღეს შენ დიდს პატივსა გდებთ: შენ ერთს ჩვენთაგანს გხდით ჩვენს უფროსად და რამდენადაც დიდია ჩვენი შენდამი პატივის-ცემა, იმდენად ასი-ათას-ჯერ მომეტებული უნდა იყოს შენი ჩვენდამო სიყვარული და თავ-განწირული ერთგულება. დღეის ამას იქით შენ ჩვენი მამა ხარ და ჩვენ შენი შვილები. შენ იცი და შენმა კაი-კაცობამ, თუ როგორ შეასრულებ ამ შენს მოვალეობას და ჩვენს მონდობილობას, მახვშიობას, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ მოგეცით და სხვ.“

შემდეგ ეს ორატორი ახსენებს მახვშის უწინდელს სახელოვანს მახვშიებს არა თუ იმ საზოგადოებისას, არამედ მთელის სვანეთისას და ბოლოს სთხოვს ღმერთს, რომ ამ ახალს მახვშის დაემსახუროს იგეთივე სახელი, როგორიც იმ სახელოვან მახვშიებს დაუმსახურნიათ, - იმ მახვშიებს, რომელთა დროს საზოგადოებანი კეთილ-დღეობაში ყოფილან.

„ბევრს ნეტავის გვეტყვიან შენ („ობა ნატილას ჯექვნინეხ“) - მიუბრუნდება ორატორი ისევ მახვშის - თუ ყოველივე ისე მტკიცედ აღასრულე, როგორც ჩვენი რიგი და წესი მოითხოვს!“

დასასრულ, ორატორი ქუდ-მოხდილი დაიჩოქებს და აღავლენს ვედრებას ღვთისადმი:

„დიდება შენდა მაღალო ღმერთო! გევერდრებით და შეგვივედრე: თუ ოდესმე სვანეთის ხეობაში მახვშის აღრჩევა კეთილი და ბედნიერი ყოფილიყოს, მეორედაც ეს ჩვენი მახვშის აღრჩევა კეთილი და ბედნიერი გახადე, ამენ!“
 „ამენ“ ერთობილის ხმით შებღავლებს ერი დიდი და პატარა, ქალი თუ კაცი.

ამაზედ მახვში ჯერ მადლობას მოახსენებს ჯარს და შემდეგ დაიწყებს ხმამაღლივ ლოცვას:

„დიდება შენდა კაცისა გამჩენელო ღმერთო, გეხვეწები და შეისმინე ჩემი ვედრება; სახვედრელს მიმახვედრე; შეცდომას ამაცილე; ჭკუა-გონება მომეც; ყოველგვარს კეთილ საქმეში მწე და მფარველი მეყავ; ქაჯ-ეშმაკი ამაშორე; შემაძლებინე ღირსეული სამსახური საზოგადოებისადმი; ნუ ჩამაგდებ მე და ჩემს შვილსა და მომავალს ამოუღებელ სირცხვილში, მომეც ძალი და ღონე, რომ სიკვდიმდე გავატარო მახვშიობა პატიოსნად, საზოგადოების საკეთილ-დღეოდ და ჩემდა სასიქადულოდ და სხვ.“

ამით თავდება მახვშის აღრჩევის ცერემონიალი. ხალხი დაიშლება, და მახვშიც, შემოსილი უფლებითა და პატიოსნებით, შეუდგება საქმეს.

ყოვლად შეუძლებელი იყო, რომ მახვშის არჩევა უკანონო ყოფილიყო, რადგან არავის შეეძლო ვინმე გაენდო და ვისთვისმე ეთქო, რომ მას ჰსურს მახვშიობა, ან ამის გულისთვის ქრთამი რამ გაეღო და მომხრეები ეშოვნა. მახვში თავისთავად დაგულვებული იყო მით, რომ მას მიუძღოდა რომელიმე ღვაწლი ხალხის წინაშე და ზემოთ თქმულნი სათნოებანი, რომლითაც ის სხვებს აღემატებოდა.

მახვშის არავითარი ჯამაგირი არ ეძლეოდა. ყოველს სასყიდელზედ უფრო მაღლა აყენებდა იგი და ხალხიც ამდენს მისდამი ყურადღბას მთელი საზოგადოებისას. ამით სახელი მისი მათებურად უკვდავი ჰხდებოდა შთამომავლობაში და ეს იყო მისი ჯილდო.

მახვშის ბევრ-ნაირი მოვალეობა აწვა კისერზე. იმის უფლება თითქმის შემოუფარგვლელი იყო. ის ერეოდა ყოველ საქმეში, რასაც ცხოვრების მიმდინარეობა მოიანდა. საქმე, - სასულიერო ყოფილიყო, თუ სახორციელო, სისხლის სამართალი თუ სამოქალაქო, ყველაში პირველი ადგილი ეჭირა, მაგრამ ისე კი რომ ყრილობის გადწყვეტილების მორჩილი უნდა ყოფილიყო.

საზოგადოდ, საქმეს მახვში ყრილობის დაუკითხავად და მისგან ნების დაურთველად არაოდეს არ იკისრებდა და არ ითავებდა, და თუ ზოგჯერ ითავებდა რასმე, მხოლოდ მაშინ, როცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეში საზოგადო ინტერესები მტკიცედ დაცულ არიან და საზოგადოებაც ამ შემთხვევაში წუნს არ სდებდა მახვშის ნამოქმედარს. ყოველ საზოგადო საქმეში მახვში ჯერ დაეკითხებოდა გამოცდილ და სარწმუნო კაცებს და მათებურად დადგენილს მოსაზრებას და გადაწყვეტილებას იგი წარუდგენდა საზოგადო ყრილობას. მოახსენებდა რა საზოგადო ყრილობას საქმის გარემოებას, მახვში წარმოსთქვამდა თავის შეხედულობასაც და დადგენილობას. თუ ეს ყრილობას მოეწონებოდა, ბევრის აწონ-დაწონის შემდეგ, დაამტკიცებდა, თუ არა და დადგენილობას შესცვლიდა ან მთლად, ან რავდენადმე.

მახვშის ჰქონდა უფლება, რომ სახალხო ხანგრძლივის დღესასწაულობის დროს, როცა ხალხში მთვრალობისა გამო ჩეხა-კვლა და სხვა უწესობა ხშირად ხდებოდა, - მაშინ ყველასთვის იარაღი აეყარა. აჰყრიდა და დღესასწაულის გათავების შემდეგ ყველას კუთვნილებისამებრ დაუბრუნდა.

როგორც საზოგადო საქმეებში, ისე კერძო შემთხვევაში მახვშის პირველი ადგილი ეჭირა. მის საღვთო და ზნეობითს მოვალეობას შეადგენდა: დაცვა მყუდროებისა და მშვიდობიანობისა საზოგადოების წევრთა შორის. აგრეთვე მორიგების ჩამოგდება მოჩხუბართა და მოძულეთა შორის. მახვშის განსაკუთრებით ბევრი საცადი ჰმართებდა მაშინ, როცა რწმუნებულს მისდამი საზოგადოებაში გვართა ბრძოლა მოხდებოდა და როდესაც ორ თემს შორის „სისხლი ჰსდუღდა“, როგორც თვითონ სვანები იტყვიან, ამ დროს მახვში დღე და ღამ იმათ ოჯახებში დადიოდა. მახვში ცდილობდა რჩევით და შეგნებით მშვიდობიანობა ჩამოეგდო. მაგრამ თუ ამით ვერას გახდებოდა, მაშინ უფრო ენერგიულ საშუალებასაც მიჰმართავდა: მოიწვევდა საზოგადოებას, რომელიც ძალით შეაჩერებდა მოჩხუბრებს. ძნელად თუ ოდესმე ვერ გასჭრიდა მახვშის საცადი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოჩხუბარი და მისი ურჩი თემი დაიმსახურებდა არათუ მის სამდურავს და რისხვას, არამედ მთელის საზოგადოებისას. რაკი მოჩხუბრებს მორიგებაზე დაიყოლიებდნენ, მაშინვე აირჩევდნენ მედიატორებს, რომელთ თავსმჯდომარედ ისევ იგივე მახვში იყო.

ყოველს კერძო საქმეში და ოჯახში მახვშის ისე მიუწვდებოდა ხელი, როგორც საზოგადო საქმეებში. გაყრის დროს მამა-შვილთა, ძმათა და ცოლ-ქმართა შორის ამბოხის დროს პირველი მზრუნველი ისევ მახვში იყო. დანარჩენს მოვალეობას მახვშისას, როგორც სამსაჯულო საქმეების წარმოებაში და მსაჯულთ შედგენილობაში მერეც მოგწერთ და ამიტომ აქ თავს ვანებებ.

რითი უხდიდა საზოგადოება მახვშის ამ გვარს უანგარო სამსახურს? - უხდიდა არა ნივთიერს ჯილდოთი, არა ჯამაგირით, არამედ ერთად-ერთის პატივდებით და დაფასებით. ერთი ესა, რომ მახვში ხელთ-უხლები კაცი იყო, რადგანაც ჩვეულებითი მართლიერება მას არ აძლევდა ნებას, რომ ვისმე ხელით შეხებოდა, ანუ გაელახა, ანუ დაეტყვევებინა. მეორე ესა, რომ საზოგადოება უთმობდა მახვშის პირველს საპატიო ადგილს ყოველგან და ყველასთან და ესე ყოველი ხალხის აზრით უღრმესი და უდიდესი პატივისცემა იყო, ვინემ ნივთიერად დაჯილდოება. მახვშიც ამ აზრისა იყო. მხოლოდ ათასში ერთხელ ხალხი მუშაობაში თუ მიეშველებოდა თავის მახვშის, რომელიც საზოგადო საქმეების გამო მუდამ მომცდარი იყო თავისს კერძო საქმეს. ხალხის საყვარელის მახვშების სახელი ისეთივე დაუვიწყარნი არიან დღესაც სვანეთში, როგორც სხვა ქვეყნებში სხვა-და-სხვა მათი გმირები. ამაში დარწმუნდება ყოველი ცნობის-მოყვარე გარეშე კაცი, თუ ის მათს ცხოვრებას დააკვირდება; ვერ შენიშნავს მხოლოდ მორბედი მოგზაური და ენის უცოდნელი.

(სვანი. გაზეთი „ივერია“, #4, 1886 წელი)

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში