საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვაჟა-ფშაველას მოხსენება მთაში სკოლების პრობლემების შესახებ

16:42 - 14 სექტემბერი 2017 hits 15976

მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას:

პატივცემულ გამგეობას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენში მეტად მცირეა სასოფლო სკოლების რიცხვი, ამ სკოლებსაც სული აქვთ შეხუთული რა გარემოებისაგან, ამას განმარტება აღარ ესაჭიროება. ზოგ ადგილას ისე გაჭირდა საქმე, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, საქმე გაუჭირეს, სკოლების დაკეტას ამჯობინებენ იმათ ქონას. გამგეობას, ვგონებ, ამაზე ყურადღება ექნება მიქცეული და ეცოდინება ეს კარგად.

თუ პირუთვნელად ვიტყვით, ჩვენი ეხლანდელი სკოლები, არ ვიტყვი წერა-კითხვას, ანა-ბანის მეტს არაფერს ასწავლიან; დანარჩენი კანტი-კუნტად მიღებული ცოდნა მალე ჰქრება, რაკი სკოლას თავს ანებებენ მოსწავლენი და შეებმიან ცხოვრების უღელში. რიცხვი ამ ანა-ბანის მცოდნეთა ფრიად მცირეა, რომ სკოლები ცოტა მოდის ჩვენის სოფლების რიცხვზე, ასს სოფელზე ერთი სკოლა და, მაშასადამე, რიცხვიც ამ სკოლებში ნასწავლთა, შედარებით საზოგადოდ მცხოვრებთა რიცხვთან, უსათუოდ ნაკლები უნდა იყოს.

მაშასადამე, ჩვენი სასოფლო სკოლა ვერ სწვდება თავის დანიშნულებას: რაც შეიძლება მომეტებულს ასწავლოს წერა-კითხვა: სოფლები, სადაც ახლო-ახლო მდებარეობენ იქ კიდევ არაფერი უშავს, რა ქნან მთის მცხოვრებთა, რომელნიც დაქსაქსულად ცხოვრობენ? როგორ გზავნონ თავიანთი შვილები ოცისა და ოცდაათი ვერსის მანძილზე?

ერთი სახსარი ამ გაჭირვებისაგან თავის ხსნისა არის შეცვლა ეხლანდელის სკოლის წესისა, მთა ადგილებში მაინც, თუ ბარად არა, მიზნის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა გამგეობა იქონიებს მოძრავ სკოლებს. ამ სახით საქმის შეცვლამ არ უნდა შეაშინოს, რადგანაც სხვა ქვეყნების მაგალითმა უნდა გაგვამხნეოს, მით უმეტეს, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო სხვა მდგომარეობაში, სხვა პირობებშია მომწყვდეული და ამის მეტი სახსარი სკოლების თავის ხსნისა სხვა აღარ დაგვრჩენია.

გამგეობა თუ კეთილ-ინებებს და შეიწყნარებს ამ აზრს, შეიძლება სხვა სკოლები ჯერჯერობით დასტოვონ ისე, როგორც არიან და სცადოს ამისთანა მოძრავი სკოლა ჯერჯერობით ფშავში.

ეს ოცი წელია ფშავის ხევმა (არაგვისა და ივრის ხეობა) აღარ იცის, რა არის სკოლა და მასწავლებელი, თუმცა ფშავლები დიდი მოყვარულნი არიან სწავლისა. საქართველოს არც ერთ კუთხეში არა გვგონია მოიპოებოდეს იმდენი მცოდნე წერა-კითხვისა, რამდენიც აქ. საუბედუროდ, „წიგნის“ სწავლას მხოლოდ მამაკაცნი მისდევენ, დედაკაცებს კი სრულიად არ მოსწონთ წერა-კითხვის სწავლა. იშვიათი შემთხვევაა, ფშავში იპოვოთ წერა-კითხვის მცოდნე მანდილოსანი. ფშავში რომ გაიმართოს ერთი მოძრავი სკოლა, თუ ხეირიანი მასწავლებელი ექნა, გაუწევს ექვსი სკოლის სამსახურს.

მასწავლებელი ამოირჩევს რვა დიდ სოფელს, რომლებსაც გარშემო წვრილი სოფლები ახვევია: თითო სოფელში მასწავლებელს სამოცზე ნაკლები ქალი და ვაჟი არ ეყოლება და ამათ გაუნაწილებს ერთის წლის დროს ან შრომას.

წლის თავზე, თუ ივარგა მასწავლებელმა, ეყოლება იმას „ანა-ბანას“ მცოდნე ოთხასზე მეტი მოწაფე. სხვა რომელი სკოლა შესძლებს ამას ერთი მასწავლებლის მეოხებით?

ვიმედობ, გამგეობა ამ ამბავს უყურადღებოდ არ დასტოვებს.

11 დეკემბერი, 1893 წელი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში