საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლევან ბერძენიშვილი ► „ადამიანთა სევდა“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

19:03 - 09 ნოემბერი 2017 hits 32958

გოდერძი ჩოხელის - „ადამიანთა სევდამ“ თავის დროზე ფურორი მოახდინა ქართულ ლიტერატურაში. გოდერძი ჩოხელმა ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან დაგვიტოვა, სწორედ ეს ნაწარმოებია.

ეს არის ნაწარმოები, რომელმაც ძალიან ღრმად შემოიყვანა ქართულ სინამდვილეში მთა და ამ ჩვენი უზარმაზარი მთის ერთი პატარა ნაწილი. და აი, ჩვენ ვხედავთ ქართული ლიტერატურისთვის მანამდე უცნობი - გუდამაყრელების ექსპოზიციას. ეს ექსპოზიცია იმდენად უცნაურია, რომ შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს.

„ადამიანთა სევდა“ უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია. ქართულ ლიტერატურაში მსგავსი არაფერი არსებობს, თანაც ეს ფორმა ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო მაშინ! წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ლიტერატურის პროცესის დროს გაჩნდა ასეთი „უცნაურობა“. საერთოდ, გოდერძი ჩოხელი აფეთქებული ნიჭიერება იყო, გამორჩეულზე გამორჩეული, სრულიად უცნაური მოვლენა, მართლა მთის კაცი, თავადაც გულუბრყვილო, გუდამაყრელი, ნამდვილი ჩოხელი.

ჩვენს ლიტერატურაში ყოველთვის არსებობდა „ვაჟა-ფშაველას შანსი“, ანუ ყოველთვის არსებობდა ფოლკლორი, მთა და შანსი, რომ ხელახლა დაბადებულიყო ლიტერატურა. აი, გოდერძი ჩოხელი ხელახლა დაბადებული ლიტერატურაა.

დასასრულ, ისღა დაგვრჩენია გავიხსენოთ, თუ როგორი მინაწერით სრულდება ეს შესანიშნავი მოკლე რომანი:

„გუდამაყრელ მოლაშქრეთა ფილოსოფიის რვეულში ვნახე ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც მარტო ორი კითხვა და ორი პასუხი წერია, არც გვარია, არც სახელი, არც იმ სოფლის დასახელება, სადაც ეს არის ჩაწერილი, შუაში ვერსად ჩავსვი და ისევ ბოლოსთვის შემოვინახე:

- რა არის სიცოცხლე?

- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

- სიკვდილი?

- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში