საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

24 წლის გიორგი ჭინჭარაული - ხევსურეთში დაბრუნებული შატილიონი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:37 - 18 სექტემბერი 2018 hits 50168

22 წლის იყო, შატილში რომ დაბრუნდა. არც სახლი ჰქონდა, არც სარჩო-სანოვაგე ზამთრისთვის. ხევსურებმა გაუმართეს ხელი, ჭერიც მისცეს, საზრდოც და უკვე მესამე წელია პირიქითა ხევსურეთში ცხოვრობს.

ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ შატილიონი ვიყავი, აქ მქონდა საგვარეულო კოშკი, ძირი, ფესვები და ახლა ფესვებს დავუბრუნდიო, ამბობს.

„ორი წელი მეგობრის კოშკში ვცხოვრობდი. ხევსურები რომ სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, ალბათ, ყველამ იცის. როგორც ერთ-ერთი მობრუნებული შატილიონი, აქედან არავინ გამიშვებდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დავრჩენილიყავი და აქაურობას შევგუებოდი. ხელს მიწყობდნენ, მეხმარებოდნენ, ბინითაც, შეშითაც, პროდუქტითაც...“

გიორგი ჭინჭარაული სოფელ გამარჯვებაში გაიზარდა, თბილისთან ახლოს. 15 წლის იყო, ხევსურეთი პირველად რომ ნახა: „კოშკების დანახვა სასწაული იყო, უცხო სამყაროში გადმოვედი და ამ შეგრძნების გადმოცემა რომ შემეძლოს, პოეტი ვიქნებოდი“.

შატილში იმავე წელს დარჩა და სწავლა იქვე განაგრძო: „მშობლებმა ცოტა წინააღმდეგობა გამიწიეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და მეთერთმეტე კლასი შატილის სკოლა-პანსიონში დავხურე.

„ეგ წელი ყველაზე ბარაქიანი იყო შატილის სკოლისთვის. 19 ბავშვი მახსოვს. ყველაზე მეტი მოსწავლე ჩემს კლასში იყო - რვანი ვიყავით. იმის მერე სულ იკლებდა და იკლებდა. ახლა ოთხი თუ ხუთიღაა მთელს სკოლაში.“

მერე ისევ გამარჯვებაში დაბრუნდა. აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა. მშობლიურ ხევსურეთში ზაფხულობითღა ადიოდა.

სამი წლის წინაც ზაფხული იყო. მესამე კურსზე უნდა გადასულიყო, მაგრამ ხევსურეთში დარჩა.

იხსენებს, რომ თავიდან ცოტა გაუჭირდა მარტო ცხოვრება. თავის გადაწყვეტილებაზე ხშირად ფიქრობდა. უკან არ დაუხევია.

„რთულია აქ ცხოვრება. მითუმეტეს მაშინ, როცა არაფერი გაქვს. მე მემკვიდრეობით აქ არაფერი შემხვედრია. რაც მაქვს, ყველაფერი ჩემით. ნელ-ნელა აქაურ რიტმს ავყევი, აქაურობას მოვერგე და ახლა უკვე კოშკიც მაქვს და მიწებიც. კარგი ვქენი, რომ დავრჩი.“

მთის მკაცრ პირობებს შეეგუა, მაგრამ ზამთარში მაინც უჭირს. ოქტომბრიდან მაისამდე სამანქანო გზა იკეტება და პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროს წყდება. ექვსი ოჯახიღა რჩება შატილში. მთელი ზამთარი „შატილის უნამუსო ჰესის“ იმედად არიან.

„აქაურობამ იმუნიტეტი გამომიმუშავა, მაგრამ დისკომფორტი ხშირად მექმნება უშუქობის და უწყლობის გამო. შატილში ჰესი გვაქვს, მაგრამ ძველია და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზამთარში დენი ხშირად არ გვაქვს. წყალიც იყინება, მილები მიწის ზემოთაა და მოწესრიგებული არ არის. 21-ე საუკუნეში, ასეთ სოფელში, წყლის და დენის პრობლემა რომ გვაქვს, ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რამდენად გვიწყობს ხელს ხელისუფლება.“

სამი წლის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს: „ჩემს თანატოლს, გიგი ჭინჭარაულს ტყეში ხე დაეცა და მენჯის ძვლები დაიმტვრია, ფეხიც რამდენიმე ადგილას ჰქონდა მოტეხილი. სამი დღე გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. აქაური ექიმი ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. სამი დღის მერე მოფრინდა ვერტმფრენი და გადაიყვანეს თბილისში. საკაცეზე დააწვინეს და, დაახლოებით, 15 კილომეტრი თოვლში ფეხით ატარეს, ვერტმფრენისთვის მოსახერხებელ ადგილას რომ აეყვანათ. ჯიშიანი ბიჭი იყო, გადარჩა.“

ზამთარში შატილში სულ სამი ახალგაზრდა რჩება. გიორგი ასაკით ყველაზე პატარაა. წასვლას არ აპირებს, სამომავლო გეგმები აქვს - კოშკში საოჯახო სასტუმროს გახსნა სურს. საცხოვრებლად ერთი ოთახი უკვე მოაწყო. სახელმწიფო მიკროგრანტების კონკურსშიც მონაწილეობს და დაფინანსების შესახებ პასუხს მოუთმენლად ელის.

„ხევსურეთში ხალხის დაბრუნება აუცილებელია. საზღვარზე ვდგავართ. სოფლები სულ რომ დაიცალოს, ამ ტერიტორიებსაც დავკარგავთ. ელემენტარული პირობები რომ იყოს, სხვაგან გაზრდილ ხევსურს უგზოობის, უშუქობის, უწყლობის რომ არ ეშინოდეს, ბევრი წამოვიდოდა“.

ხევსურეთში სამსახურს ეძებს. რეინჯერობა სცადა, უარი უთხრეს.

დაუღალავად შრომობს. წელს, პირველად, მიწაც დაამუშავა. ზამთრისთვის კარტოფილი და გოგრა მოიყვანა. კარგი მოსავალი აქვს - დაუმუშავებელი მიწა იყო და ბარაქიანი წელი გამოდგაო.

ბანზე ვაშლის ჩირს აშრობს. ჩაისთვის კრაზანასა და თავშავას ყვავილების თაიგული უკვე გაახმო. ჟოლოს ჯემიც მზად აქვს. ცდილობს, რომ დაზამთრებამდე რამის გაკეთება კიდევ მოასწროს.

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში