საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შსს არ ამბობს, რა გახდა ხადის ხეობაში მწყემსის მიერ ამერიკელების მოკვლის მიზეზი

15:44 - 09 ივლისი 2018 hits 3900

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხადის ხეობაში, ამერიკის მოქალაქის, 43 წლის რაიან სმიტის და მისი 4 წლის შვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მალხაზ კობაური, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მწყემსმა მამა-შვილი მოკლა, ქალმა გაქცევა სცადა, ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლორა სმიტი ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რაიან სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება. მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს. რაიან სმიტს მარნეულში ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. ამასთან, სმიტების ოჯახი ადგილობრივებს ინგლისური ენის შესასწავლად უფასო კურსებსაც სთავაზობდა. ისინი პროტესტანტები იყვნენ და ქადაგებდნენ კიდეც. სმიტების ოჯახს მარნეულში სექტას უწოდებდნენ და ადგილობრივი მუსლიმები უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ, თუმცა არასდროს არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

რაიან სმიტი ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად ლაშქრობდა. ხადის ხეობის მცხოვრებლების თქმით, ამერიკელებს კარავი სოფელ წკერესთან ახლოს ჰქონდათ გაშლილი. ისინი ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადის მცხოვრები არ არის.

„მაგ ბიჭმა წელს პირველად ამორეკა ხადაში საქონელი. ადრე ახალგორში დაჰყავდა, ქსანში უცხოვრია და წელს დეფაქტო საზღვარზე რუსებმა აღარ გაატარეს, ფული მოსთხოვეს. აქ ყველა ვიცნობდით, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან, საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია“, - უთხრა „მთის ამბებს“ ხადაში მცხოვრებმა ანზორ ბედოიძემ.

ხადის ხეობის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ქალის მიმართ ძალადობა გახდა, რასაც ქმარი შეეწინააღმდეგა.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკნის დასახლებაში ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში