საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი პროექტები Mtisambebi.ge–ზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:24 - 12 სექტემბერი 2017 hits 7854

„მთა და ლიტერატურა“, „მთის კიდობანი“, „მთის ვიკი“, „ფერმერი მთიდან“ – 13 სექტემბრიდან mtisambebi.ge ახალ რუბრიკებსა და უფრო მრავალფეროვან მასალებს შემოგთავაზებთ.

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორედ საქართველოს მაღალმთიანეთში მცხოვრები ადამიანების გულისტკივილის, პრობლემების წარმოჩენა და ამ პრობლემების მოგვარების ხელშეწყობაა. სულ მალე იმ ადამიანებამდეც მივალთ, რომელთა გასაჭირის შესახებ თქვენთვის ჯერ არ გვიამბია.

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა რჩება. მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს, სადაც ისინი ჯერ კიდევ შემორჩნენ, სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ და სკოლამდე კილომეტრების გავლა ფეხით არ უნდა უხდებოდეთ. არც არაადამიანურ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ სკოლებთან არსებულ პანსიონებში.

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მუდმივ რუბრიკებზე: ქალი მთაში და მარტოკაცი. მთაში ქალის ტვირთსა და მარტოკაცის გაჭირვებაზე მოსაუბრე არაერთი გმირი თქვენ, ჩვენმა მკითხველმა, უკვე შეიყვარეთ. კიდევ არაერთ, თქვენთვის საინტერესო, აქამდე უცნობ ადამიანებს გაგაცნობთ.

უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ მთაში ეკონომიკის, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა–შენარჩუნების საკითხებს. თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, ხევიდან, ჯავახეთიდან, მთიანი აჭარიდან, რაჭა–ლეჩხუმიდან და სვანეთიდან ახალგაზრდა ფერმერების, მათი საქმიანობის, მიღწეული წარმატებებისა და პრობლემების შესახებ მოგიყვებით.

კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით ვიწყებთ ორ ახალ პროექტს:

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით,  ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის (FM 101.1 http://RadioWAY.ge/) მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

 Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამ ყველაფერთან ერთად, სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებით, აქტიურად განვაგრძობთ თანამშრომლობას თითოეულ თქვენგანთან. რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვისმენთ თქვენს შემოთავაზებებს.

წინ კი აქამდე უცნობი ადამიანები და ამბები გველის. ჩვენ ამბები მოგვაქვს მთიდან და ვმუშაობთ, რომ მალე ისეთ მაღალმთიან დასახლებებშიც წავიღოთ ამბები, სადაც არც ინტერნეტია, არც ტელეფონი და ხშირად ნახევარი წელი არც გზა.

Mtisambebi.ge საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საშუალებაა.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში