საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშები ზვავს წერაქვებით ჭრიან, გამგებელი ბრიტანეთში ისვენებს

17:02 - 10 ივლისი 2017 hits 42417

თუშეთში ტურისტული სეზონის დასრულებამდე ორი თვე დარჩა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შიდა გზები ამ დრომდე არ გაუწმენდია. პირიქითის ხეობაში სოფელ გირევთან მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ. დართლოს გზაზე ადგილობრივებმა 5 მეტრიანი ზვავი ხელით და ბენზოხერხებით გაჭრეს. ჩანგრევაზეა შენაქო–დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი შვებულებაშია და დროს ბრიტანეთში ატარებს.

წელს თუშეთში ტურისტული სეზონი ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო. სეზონის გახსნა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზის გაწმენდაზეა დამოკიდებული. გზა აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის და დიდთოვლობის გამო 6–7 თვის განმავლობაში იკეტება. ამ პერიოდში თუშეთში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

გასულ წლებში გაწმენდითი სამუშაოები 15–20 მაისამდე სრულდებოდა. წელს, ზამთარში, აბანოს უღელტეხილს იქით, სოფელ ხისოსთან მოწყვეტილმა კლდოვანმა მასამ მდინარე ალაზანი ჩაკეტა, ტერიტორია დატბორა და დაახლოებით 300 მეტრზე გზა გაანადგურა. აღდგენითი სამუშაოების დაწყება გაჭიანურდა. საბოლოოდ, გზა ხელოვნური ყრილებით, დაგუბებულ მდინარეში გაიყვანეს. პირველი მანქანა თუშეთიდან 12 ივნისს გადმოვიდა. საავტომობილო მოძრაობის აღდგენამდე თუშები, რომლებსაც თუშეთში საოჯახო სასტუმროები ან მეურნეობა აქვთ, დატბორილ მდინარეში ნავებით გადაადგილდებოდნენ.

„იმ ადგილზე მეწყერი წელს პირველად არ ჩამოსულა. სამი წლის წინაც ჩამოვიდა და გზა თითქმის ათი დღით ჩაგვიკეტა. აგვისტოს შუაში დაგვიმთავრდა სეზონი იმიტომ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარი და სექტემბრის პირველი ორი კვირა ტურისტები ვეღარ მოდიოდნენ, გზის გახსნის შემდეგაც უარს ამბობდნენ წამოსვლაზე. მაშინვე იყვნენ სპეციალისტები ჩამოსულები, რაღაცეები დაიგეგმა, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი არ გაკეთდა. ზედაპირულად გაჭრეს ვიწრო გზა, რომელსაც ყოველდღე წმენდდნენ ჩამონაშალისგან. პერიოდულად ორი-სამი დღით იკეტებოდა ხოლმე გზა. ძალიან ცუდ დღეში იყო შარშანაც“, – ამბობს ბესო ელანიძე, რომელსაც დართლოში საოჯახო სასტუმრო და რესტორანი აქვს.

მისივე თქმით, საოჯახო სასტუმროებს შეკვეთები 20 მაისიდან ჰქონდათ მიღებული, უგზოობის გამო კი მისი გაუქმება მოუხდათ: „ახლა კი არის გზა გახსნილი, მაგრამ გავრცელებულმა ინფორმაციამ რომ იქ მეწყერია, მდინარეა დაგუბებული და ა.შ. ტურისტი მაინც დააფრთხო“.

ბესო ტურისტებს ტრანსპორტით თვითონაც ემსახურება. ის ყურადღებას თუშეთის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე გზის სივიწროვეზეც ამახვილებს.

„გუშინ მივდიოდი და ორი საბურავი გავჭერი. როცა შემხვედრი მანქანა მოდის,  ერთდროულად ორი მანქანის გავლა შეუძლებელია, გზა უნდა დაუთმო. გადადიხარ ტრაქტორის მიერ მიხვეტილ სიპ ქვებზე, რაც საბურავს ჭრის. გზა გაწმენდილიც კი არ არის ნორმალურად“.

- თუშეთის სოფლებში შიდა გზებზე რა მდგომარეობაა?

დართლოს გზაზე ზვავი ხელით, ბენზოხერხებით, წერაქვებით და ნიჩბებით გავჭერით. ოთხი დღე იმუშავა დაახლოებით თხუთმეტმა კაცმა, რომ ეს გზა გახსნილიყო, მანქანას რომ გაევლო. დანარჩენ გზებზე ჯერ ტრაქტორი არ წასულა.

სულ ეს პრობლემა გვაქვს. სეზონი რომ გახურდება, მერეღა იწყება ტენდერის გამოცხადება, მერეღა ვლინდება გამარჯვებული, მერეღა იწყება ამ გზების გაკეთება. არ დაადგა საშველი, რომ დროულად მოგვხედონ“.

თუშეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოვლა–შენახვა მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა. თუშეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და სოფლებში ტრაქტორი ჯერ არ ასულა.

პირიქითის ხეობაში სოფელ გირევამდე მისასვლელ გზაზე იმხელა ორმოებია, რომ მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ. გირევამდე მისასვლელად მდინარე ალაზანია გასავლელი, მდინარეზე ხიდი არ არის, წყალი ადიდებულია და გავლას მხოლოდ სატვირთო მანქანები ახერხებენ.

გომეწრის ხეობაში სამანქანო გზა ვერხოვნამდე მიდის, გზა რამდენიმე ადგილას წყლისგან არის დაზიანებული და გასაწმენდია. წოვათას სოფლები ეთელთა, ინდურთა, წარო და შავწყალა კი უხიდობის გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. იქ ზაფხულობით მხოლოდ მეცხვარეებიღა რჩებიან.

ჩანგრევაზეა ომალოდან შენაქო–დიკლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი. მდინარე ალაზანმა ხიდს ნაპირდამცავი გამოაცალა.

სატრანსპორტო მიმოსვლა რომ არ შეწყდეს და შენაქო–დიკლოს მხარე თუშეთის დანარჩენ ნაწილს არ მოწყდეს, ადგილობრივები ხიდის გამაგრებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. დიკლო სოფლებს ხუშეტს, ჭეროსა და ინწუხს ესაზღვრება. ჭერო და ინწუხი თუშეთის ძირძველი სოფლებია, თუმცა ახლა ორივე სოფელს რუსები აკონტროლებენ.

ხიდი რომ დაზიანებული იყო, ინფორმაცია და ფოტომასალა ხუთი თვის წინ, ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა, მაგრამ ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ამ დრომდე არ არსებობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, თუშეთის გზა ღია არ იყო და ხიდის რეაბილიტაციის პროექტს ვირტუალურად ვერ შეადგენდნენ.

არადა, ახმეტის გამგებელი, მისი მოადგილე, გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და სხვები თუშეთში 21 თებერვალსაც იმყოფებოდნენ. მათ მთაში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები გადასცეს. ეს პროდუქტები სულ 1250 ლარის იყო, მისი ვერტმფრენით გადატანისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 30 მარტიდან, ვიდრე თუშეთის გზა გაიხსნებოდა, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ახმეტიდან ომალოს მიმართულებით კვირაში ერთხელ სრულდებოდა უფასო ავიარეისები.

ახმეტის გამგებელთან ბექა ბაიდაურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. გამგეობაში გვითხრეს, რომ გამგებელი შვებულებაშია და დასასვენებლად ბრიტანეთში გაემგზავრა.

საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის ლიდერია. 2013 - 2017 წლებში მან 15-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და დაისვენა: აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვა. აქედან, ზოგიერთ ქვეყანაში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

საზღვარგარეთ გამგებლის მოგზაურობის აბსოლუტური უმრავლესობა ბიუჯეტიდან დაფინანსდა, დახარჯული თანხა კი ათეულობით ათასი ლარია. ოფიციალური ინფორმაციით, გამგებლის არცერთ ვიზიტს მუნიციპალიტეტისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

 

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში