საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

23:41 - 23 თებერვალი 2017 hits 106470

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები 21 თებერვალს გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა.

ახმეტის გამგეობამ თუშეთში მცხოვრები პირების, ასევე 16 წლამდე ასაკის უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სასურსათო პაკეტების შესყიდვის მიზნით ტენდერი 2016 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ პირთან - დიმიტრი გურაბანიძესთან 2 742 ლარზე გაფორმდა, ხოლო გამგეობამ პროდუქტები 2016 წლის 28 დეკემბერს შეიძინა.

აღნიშნული თანხით თითოეულ ბენეფიციარზე უნდა მომხდარიყო შემდეგი სახეობისა და ოდენობის პროდუქტების შეძენა: 3,5 კგ შაქრის ფხვნილი, 5 კგ მაკარონი, 1 კგ კარამელი, ზეთი, 1,5 კგ შოკოლადი, 1 კგ ორცხობილა, 100 გრამი ნალექიანი და 100 გრამი უნალექო ყავა.

პროდუქტები თუშეთში 2017 წლის 21 თებერვალს ვერტმფრენის საშუალებით გადაიტანეს. ფრენისთვის შპს „ავიაკომპანია თუშეთს“ (ს/ნ 208193925) 25 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაუხადეს.

25 ადამიანისთვის დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან 20-ჯერ მეტი თანხა - 25 500 ლარი დაიხარჯა.

თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პროდუქტების გადაცემის "მიზეზით" ვერტმფრენით იმოგზაურეს ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა. ამ „მისიაში“ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე გიორგი აბელაშვილიც მონაწილეობდნენ. მათ თან ახლდნენ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი.

იმავე ვერტმფრენში იმყოფებოდა რამდენიმე კერძო პირიც - ადგილობრივი მეწარმე ზურაბ ბაბულაიძე (შპს „ტექნოვინის“ დირექტორი), მისი მეგობარი რატი კოჭლამაზაშვილი და სხვები. რატი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ის და ზურაბ ბაბულაიძე თუშეთში ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. "ინტერნეტის ანძების განთავსების ადგილების ფოტომასალა უნდა მოგვეპოვებინა, რათა მიწის ნაკვეთების გამოყოფა დაჩქარდეს, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი დროულად დასრულდეს", - აღნიშნავს რატი კოჭლამაზაშვილი, თუშეთის განვითარების ფონდის წარმომადგენელი.

თუშეთში სტუმრად ჩასულმა ჩინოვნიკებმა გულუხვად მოილხინეს. 

2011 წლიდან მოყოლებული, ახმეტის საკრებულო ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს სოციალურ პროგრამას და ამ პროგრამის ბიუჯეტს. პროგრამის „სამიზნე ჯგუფებს“ შორის არიან თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრები პირებიც. ფაქტობრივად 25 ბენეფიციარია, თითოეული მათგანისთვის 50 ლარიანი სასურსათო პაკეტია გამოყოფილი. იგი წელიწადში ორჯერ გაიცემა - სააღდგომოდ და საახალწლოდ. 25 ბენეფიციარზე წელიწადში 2500 ლარის ღირებულების სურსათის გაცემა ხდება. 

„მთის ამბების“ ინფორმაციით, პროდუქტების გადაცემას ტრადიციულად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და მათ მიერ დაპატიჟებული მაღალი რანგის თანამდებობის პირები ახდენენ, ხოლო სასურსათო პაკეტების თუშეთში გადატანა უგზოობის გამო ვერტმფრენის მეშვეობით ხდება. ვერტმფრენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ყოველწლიურად ტენდერის გზით ხორციელდება, რომელშიც მუდმივად ერთი და იგივე სუბიექტი - შპს „ავიაკომპანია თუშეთი“ იმარჯვებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა სპეციალური კვლევა – „ჰაერში დაფერფლილი ბიუჯეტი“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თუშეთის მოსახლეობისათვის სულ მიწოდებულ იქნა 7500 ლარის ღირებულების პროდუქტები, რომელთა ტრანსპორტირებისთვის 100 099 ლარი, ანუ დაახლოებით 13,5-ჯერ მეტი დაიხარჯა.

ვისელი ბაკურიძე, თუშეთის მკვიდრი: „ერთხელ წავიქეცი, ხერხემლის მალები დამიზიანდა. ვერ ჩამოვედი ბარში, იმდენი თანხა მე არ მქონდა, რომ ვერტმფრენი დამექირავებინა. მითხრეს, რეისი არ გვაქვსო. მერე მობრძანდნენ თვითონ, საქეიფოდ, იქეიფეს, ექიმიც მოუყვანიათ, მაგრამ არც მოვიდნენ საკითხავად, როგორ ხარო. არაფერი არ იკითხეს. იქეიფეს და წავიდნენ“.

ბესო იდოიძე, თუშეთის მკვიდრი: „ნამდვილად ისეთ ფუფუნებაში არ ცხოვრობს ქვეყანა, რომ ამდენი თანხა იხარჯებოდეს. ვერტმფრენის ხარჯი გადაანაწილონ სასურსათო პაკეტებზე და ამით დაგვეხმარონ, ან თანხა ჩაგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ვიყიდით. უაზრო ხარჯვაა ეგ, გაფრინდი-გამოფრინდი და ამდენი ათასები წავიდეს“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ორ პირს, სოფელ ომალოს მკვიდრს, 66 წლის გელა სისაურსა და კვავლოში მცხოვრებ 41 წლის კარლო ქუჯაიძეს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. კარლო ქუჯაიძეს ათ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელის და ფეხის თითები ჰქონდა მოყინული, გელა სისაურს კი მუხლების ღრმა დაჟეჟილობა და ნაფლეთოვანი ჭრილობები. თუშეთის ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე აცხადებდა, რომ პაციენტები სტაციონარში გადაყვანას საჭიროებდნენ. პაციენტების გადმოყვანა სხვადასხვა მიზეზით გაჭიანურდა. გელა სისაური სტაციონარში მხოლოდ მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც ტკივილებისგან თვითმკვლელობა სცადა.

ის გარემოება, რომ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის რამდენიმე კილოგრამი შაქრის ფხვნილის, მაკარონისა და  200 გრამამდე ყავის გადაცემის აქცია მოსახლეობის მატერიალურ უზრუნველყოფას არ ემსახურება და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადაცემული პროდუქტების მიზერული ოდენობიდანაც ჩანს და მისი გადაცემის ვადაც იგივეს ადასტურებს - „საახალწლო საჩუქრებად“ სახელდებული საკვები პროდუქტი ადრესატამდე თითქმის 2 თვის დაგვიანებით აღწევს.

ამ თემაზე: 

გელა სამხარაული – თუშეთში ფრენისთვის გამოყოფილი თანხა სხვანაირად უნდა განაწილდეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში