საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა შენიშვნები აქვს გარემოს დაცვის სამინისტროს „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან

21:02 - 18 აპრილი 2018 hits 11834

„ონის ჰესების კასკადის პროექტით გათვალისწინებული 231 244 კვ.მ. ფართობი ტყის ფონდია, დაგეგმილია 4212 ძირი ხის მოჭრა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ არის მითითებული ხეების ჭრის შედეგად მიყენებული უარყოფითი ზეგავლენა გარემოსა და დაცულ სახეობებზე. შეტბორვის ზონა აღწევს მდინარე რიონის ხეობის იმ ადგილამდე, რომელიც მეწყრული სხეულის დაბოლოებაა. მეწყერი აქტიურ დინამიკაშია. წყლის დონის ცვალებადობა და მდინარის რეჟიმის ცვლილება მეწყერს კიდევ უფრო გააქტიურებს. მაღალია საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკი, მითუფრო, რომ საპროექტო არეალში დაგეგმილია გვირაბების გაყვანა ბურღვა-აფეთქების მეთოდით“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება „ონი კასკადის“ დირექტორს ლაშა იორდანიშვილს, „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, 37 შენიშვნით, უკან დაუბრუნა.

სამინისტროს განცხადებით, პროექტით წარმოდგენილი 610 815 კვ.მ. ფართობიდან 231 244 კვ.მ. ფართობი მდებარეობს ტყის ფონდში, კერძოდ, ონის სატყეო უბნის უწერის, ონის, ბაჯიხევისა და სორის სატყეოებში. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობა საჭიროებს შეთანხმებას ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი კი სამინისტროში ექსპერტიზაზე წარდგენილი არ არის.

ასევე, საპროექტო ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ობიექტს. ამ შემთხვევაშიც საჭიროა შეთანხმება წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, ხოლო ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში ლიცენზიანტთან.

„ონი 1 ჰესის“ სათავე ნაგებობის მოწყობის ნახაზზე სქემატურად მოცემულია გადატანილი გზა, რომელიც გადატანილია მარცხენა მხარეს, თუმცა ამის შესახებ გზშ-ს ანგარიშში ინფორმაცია არ არის. სამინისტროს ინფორმაციით, ადგილის საველე დათვალიერებით გაირკვა, რომ არსებული გზის მარცხენა მხარე ძლიერ დამრეც-ფერდობიანია და ასევე მრავლადაა წიწვოვანი ხეები. იქ გზის გაყვანა გარემოზე ზემოქმედების მხრივ იქნება ძალიან მაღალი, ამიტომაც აუცილებელია ამ პროცესის დეტალური აღწერა შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების გათვალისწინებით.

სოფელ ლაგვანთას სიახლოვეს დაგეგმილია „ონი 1 ჰესის“ სადერივაციო გვირაბისთვის გვირაბგამყვანი მანქანის ასაწყობი მოედნისა და შტოლნის გაკეთება. კოორდინატების მიხედვით ახლოს მდებარე მოსახლე 100 მეტრითაც არაა დაცილებული. არ არის შესწავლილი ახლოს მყოფ მოსახლეობაზე ზემოქმედება და არც შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებებია დაგეგმილი.

ექსპერტიზაზე წარდგენილი არ არის „ონი 1“ და „ონი 2“ ჰესების წყალსაცავების დაზუსტებული მოცულობა და ფართობი.

„ონი-2 ჰესის“ განლაგების სიტუაციური სქემის მიხედვით, დამბის მოწყობა დაგეგმილია მდინარე ჯეჯორის და რიონის შესართავთან, სოფელ კომანდელის მიმდებარედ.

შეტბორვის ზონა აღწევს მდინარე რიონის ხეობის მარცხენა ფერდობის ძირამდე, რომელიც მეწყრული სხეულის დაბოლოებაა. ადგილზე საველე გასვლის შედეგად დადგინდა, რომ მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და დიდ პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. წყლის დონის ცვალებადობა და მდინარის ჰიდროდინამიკური რეჟიმის ცვლილება გამოიწვევს აღნიშნული მეწყრული სხეულის კიდევ უფრო გააქტიურებას.

სამინისტრო ითხოვს, რომ ექსპერტიზისთვის დეტალურად იყოს შეფასებული ყველა მეწყრული სხეული, გათვლილი იყოს შესაბამისი რისკები და დასახული იყოს ყველა შესაძლო შემარბილებელი ღონისძიება.

მდინარე რიონის მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ხურუთის ტერიტორიაზე, „ონი 2 ჰესის“ საპროექტო გვირაბის პორტალი გადის მეწყრული სხეულის მიმდებარედ. მეწყრული ზონა მოიცავს ონი-ამბროლაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთს. ანგარიშში განხილული არ არის გვირაბის მშენებლობის შესაძლო ზემოქმედება აღნიშნული მეწყრული ფერდობის მდგრადობაზე;

„ონი-2 ჰესის“ სადაწნეო გვირაბი გადის მდინარე რიონის მარჯვენა ფერდობზე, რომლის ამგები ქანები (თიხაფიქლები, ქვიშაქვები) ზედაპირზე ძლიერ გამოფიტული და დანაპრალიანებულია, რის გამოც ონი-ამბროლაურის ცენტრალური საავტომობილო გზის გასწვრივ გვხვდება აქტიური ქვათაცვენა/კლდეზვავის უბნები. გვირაბის გაყვანა დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით. ანგარიშში დასაბუთებული არ არის აფეთქებით გამოწვეული ტალღა გავრცელდება თუ არა ნაპრალოვან ზონაში და რა გავლენას მოახდენს ფერდობზე გრავიტაციული პროცესების გააქტიურებაზე და მიწისქვეშა წყლების რეჟიმის ცვლილებაზე;

სამინისტროს ცნობით, როგორც საველე დათვალიერების დროს გამოვლინდა, „ონი 1 ჰესის“ სათავე ნაგებობის მიმდებარედ დაფიქსირდა ღვარცოფული პროცესი, რომლის მიერ არსებული ღვარცოფამრიდი ნაგებობა და ცენტრალური გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. გზშ-ს ანგარიშში აღნიშნული პროცესის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული, შესაბამისად, არც შემარბილებელი ღონისძიებებია.

გზშ-ს ანგარიშში ასევე არ არის მოცემული ინფორმაცია გეოდინამიკური პროცესების შედეგად საპროექტო არეალში არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობის და გვირაბების გაყვანის შემდეგ მათზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, რადგან ჰესის მშენებლობის პროცესში მოხდება ცენტრალური საავტომობილო გზების გამოყენება და მშენებლობის ეტაპი გაგრძელდება 3.5 - 4 წლის განმავლობაში, გზშ-ს ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია მშენებლობის დასრულების შემდგომ აღნიშნული გზების პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენის შესახებ;

ასევე, ვინაიდან ჰესების სადაწნეო გვირაბების გაყვანა განხორციელდება ბურღვა-აფეთქების მეთოდით, აუცილებელია ანგარიშში განხილული იყოს მოსახლეობის, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და გეოდინამიკური პროცესების გათვალისწინებით, ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობისა და გრუნტის რხევების მონიტორინგის საკითხები;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში და მის მიმდებარედ, საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკი საკმაოდ მაღალია ონი-ამბროლაურის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან და სოფელ კომანდელთან მიმართებაში. შესაბამისად აღნიშნულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიენიჭოს ჰესის დაპროექტება-მშენებლობა-ექსპლუატიციის პერიოდში;

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, ფლორაზე ზემოქმედების ქვეთავში, აღნიშნულია რომ ჯამში მოიჭრება 4212 ძირი ხე. დოკუმენტში არ არის მოცემული ხეების ჭრის შედეგად მიყენებული ზემოქმედება ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე, ამ ზემოქმედების თავიდან აცილებაზე და საკომპენსაციო ღონისძიებებზე, მათ შორის ჰაბიტატის აღდგენის ღონისძიებებზე. არაფერია ნათქვამი მცენარეული ნარჩენის გატანის შესახებ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ხანძრებისა და მავნებელ დაავადებათა გავრცელების რისკი;

გზშ-ს ანგარიშში ასახული არ არის სათანადო კვლევაზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია, უშუალოდ პროექტის გავლენის ზონაში არსებულ ცხოველებზე შესაძლო ზემოქმედებაზე, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს „წითელ ნუსხით“ დაცულ სახეობებზე.

ბიოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების თავში განხილულია იქთიოფაუნაზე ზემოქმედება, თუმცა, ანგარიშიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი სახეობები ექცევა ზეწოლის ქვეშ.

გზშ-ს ანგარიშს არ ერთვის არც გზის გადატანასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ანგარიშში არ არის მითითებული საპროექტო ჰესების კასკადის მშენებლობა პარარელურად მოხდება თუ ცალ-ცალკე.

გაგზავნილი შენიშვნების გათვალისწინებით, კომპანიას „ონის კასკადი“, გზშ-ს შესწორებული ვარიანტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დრომდე არ წარუდგენია.

ონის ჰესების კასკადის შესახებ

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, კასკადური ტიპის პროექტი შედგება ორი ჰესისგან („ონი 1 ჰესი“ და „ონი 2 ჰესი“), რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 202 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 766.7 მლ.კვტ.სთ.

საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი  და გლოლა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ფერს“ შორის 2015 წლის 16 ივლისს გაფორმდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ შპს „ფერი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „რობინსი“ (Robbins Company). პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მილიონი აშშ დოლარია.

ს/ს „ონის კასკადი“ 2015 წლის 28 აპრილს არის რეგისტრირებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის წევრებიც არიან: იოსებ მჭედლიშვილი, კახაბერ შევარდნაძე, ლეონტინა გალდავა. კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია. იგივე პირია შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 % წილის მესაკუთრეც. აღნიშნული კომპანია პანკისში, ხადორის ხეობაში მესამე ჰესს აშენებს. ლაშა იორდანიშვილი შპს „ალაზანი ენერჯის“ გარდა წილებს ფლობს შემდეგ საწარმოებში: შპს „პერი“ – 75%; შპს „თენ“ – 70%; შპს „ყაზბეგი ჰესი“ – 66,67%; შპს „დარიალის ტერმინალი“ – 75%; შპს „სმარტვუდი“ – 40%; შპს „ჰიდროენერჯი“ - 50%;

ონის სოფლების - ნაკიეთის, ფარავნეშის, ნიგავზების და უწერის მოსახლეობა ონის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობამ შესაძლოა რეგიონს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

რაჭა მაღალი სეისმურობით გამოირჩევა. 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი რაჭა-ჯავის მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7 მაგნიტუდას შეადგენდა, 1989 წლის სპიტაკის მიწისძვრის სიმძლავრეს (6.9) აღემატებოდა, რეგიონში კი ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას წარმოადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის შიდა ქართლის რეგიონებში. უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადამიანი. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში